საქმე ისაა, რომ პროფლიგა იჯარის თანხას ვერ იხდიდა და ორიოდე დღის წინ შენობის დაცლა მოსთხოვეს. ასე რომ, ორგანიზაცია, ფაქტობრივად, აღარც არსებობს.
ლიგამ ვერც სპონსორები იშოვა, ეროვნული ჩემპიონატიც ფეხბურთის ფედერაციამ გადაიბარა, უფუნქციოდ დარჩენილი თანამშრომლები სამსახურში არ დადიან და, ფაქტობრივად, ორგანიზაციის არსებობამაც აზრი დაკარგა.
მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ძველი ფორმაციის პროფლიგა გარდაიცვალა. არადა, ლიგამ ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა.
2004 წელს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგებისა და ეროვნული თასის გათამაშების ჩატარების უფლება ლიგას მიანიჭა.
ქართული ფეხბურთისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და ეროვნულ თასს პირველად გამოუჩნდა სპონსორები, აღდგა საქართველოს სუპერთასის გათამაშება, მიმზიდველი გახდა ეროვნული თასის ფინალური და სუპერთასის მატჩები.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელების, ფეხბურთელების, ჟურნალისტებისა და პროექტების დასაფასებლად იმართებოდა სეზონის შემაჯამებელი საღამო-კონცერტი "დია" და გამოჩნდა, რომ ქართველებმაც ვისწავლეთ პროექტების ~ლამაზად შეფუთვა".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას ემსახურებოდა კომპიუტერული თამაში "ჩემი ფეხბურთი".
ყურადღება ექცეოდა საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, 2005-06 წლების სეზონში ყველა გუნდში ამუშავდა პრესსამსახური, რადგან ამის აუცილებლობა დებულებაში ჩაიწერა. ჟურნალისტებისთვის სასიამოვნო იყო, რომ ლიგა მასმედიის ინტერესებს ითვალისწინებდა.
უმაღლესი ლიგის გუნდების ანალოგიით, ჭაბუკთა სამი ლიგა დაარსდა, რომელთაც უეფას სოლიდარობის ფონდი აფინანსდა.
მართალია, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სასურველ დონეს არ მიახლოვებია, იყო პრეტენზიები ჩემპიონატისა და თასის პრემიების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მიმართულება იყო სწორი.
ეს ყოველივე იმისთვის კეთდებოდა, ფეხბურთი ბიზნესად რომ გადაქცეულიყო. მანამდე ხომ ასე არ იყო და ეროვნული ფეხბურთის გასათანამედროვებლად სიახლეები აუცილებელიც იყო.
რუსეთის აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი არია. პროფლიგას ხელმძღვანელის შეცვლამაც ვერ უშველა, რადგან ქვეყანაში ფეხბურთისთვის თანხების მოძიება ერთობ გაჭირდა.
2010 წლის დეკემბერს ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება დაავალა. ლიგას კი შენობიდან მალე გამოასახლებენ და, ჯერ უცნობია, იარსებებს თუ არა მომავალშიც ეს ორგანიზაცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"