გუშინ რუსთაველები საქართველოში დაბრუნდნენ და გუნდის მთავარ მწვრთნელ თორნიკე მაისურაძეს ინტერვიუ ჩამოვართვით.
- შეკრების დაგეგმვა და იქ დასახული ამოცანების განხორციელება გამოცდილი მწვრთნელებსაც უჭირთ.
- მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ჩემი პირველი შეკრება იყო. დაიწერა, რომ ბუმბერაზები არ დაუმარცხებიათო, მაგრამ ხელწამოსაკრავი მოწინააღმდეგეებიც არ გვყოლია. "ვილმა" ჩვენამდე 3:1 დაამარცხა "გრასჰოპერი", 4:0 კი მოუგო "სერვეტს", რომელსაც შემდეგ
- შეკრებით კმაყოფილი დარჩით?
- "ზალცბურგთან" ჩაშლილმა შეხვედრამ გეგმები აგვირია, თუმცა შეკრებამ წარმატებით ჩაიარა და დავრწმუნდი, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია. გუნდი შეთამაშდა, ბიჭებმა გამოცდილება მიიღეს და სასტარტო შემადგენლობის ბირთვი გამოიკვეთა. თუმცა გარანტირებული ადგილი არავის აქვს.
- "ოლიმპის" შვეიცარიელ ფიზმომზადების მწვრთნელ ოლდრიხ შვაბს ქართველი ბავშვები ძალიან მოსწონს. თუმცა 65 წლის ასაკში უცხო ქვეყანაში წასვლა მაინც რთულია.
- მისი მოტივაცია ქართველ ბიჭებთან მუშაობა იყო. გუნდში მიწვევამდე საქართველოს რომ ესტუმრა, გაოცებული იყო, უნიჭიერესი ბავშვები გყავთო და შეთავაზებაზე დაგვთანხმდა. შვაბი მეც ძალიან დამეხმარა და გუნდსაც. საინტერესო რამ თქვა: ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, ამ გუნდით შვეიცარიის ჩემპიონატში ხუთეულში მოხვედრა თავისუფლად შეიძლებაო. თუმცა ნაკლზეც მიგვითითა, სათამაშო დისციპლინაში მოიკოჭლებთო.
- და არა ფიზმომზადებაში?
- ამ შეკრების შემდეგ ფიზმომზადებას ჩვენს ნაკლად ნაღდად ვერ ჩავთვლი... შვაბი სწორედ ფიზმომზადებისთვის მოვიწვიეთ, ჩვენთან მაისამდე არ დარჩება, მაგრამ ხშირად ჩამოვა და შვეიცარიიდანაც აქტიურად დაგვეხმარება.
- გაგვიკვირდა, სიდეში დღეში სამჯერ რომ ვარჯიშობდით. ასე ფეხბურთელებს ლობანოვსკი და მაგათი თუ ქანცავდნენ.
- სამიდან ორი ვარჯიში მინდორზე იყო, ერთიც დარბაზში, ტანვარჯიშსა და გამძლეობაზე. დღეში 5-6-საათიანი ვარჯიში გამოგვდიოდა.
- საათნახევრიან ვარჯიშებს მიჩვეულ ფეხბურთელებს ამხელა დატვირთვის ატანა არ გაუჭირდათ?
- გაძლეს, ანუ შეუძლიათ. მართლაც არანორმალური დატვირთვები იყო, თუმცა შვაბმა სახალისო ვარჯიშები შეარჩია და ამით ბიჭებს საქმე გაუადვილა. ეს ვარჯიშები ჩემპიონატის მსვლელობისას უკეთეს შედეგს მოგცემს. თანაც კვება და აღდგენები ხელს გვიწყობდა.
- ნიჭიერი, მაგრამ გულშემატკივრებისთვის უცნობი მოთამაშეები შეარჩიეთ.
- ჩვენი სურვილიც ეს არის, დიდი ფეხბურთში ახალგაზრდა, უცნობ ბიჭებს გავუხსნათ გზა - ასეთია ჩემი და კლუბის პრეზიდენტის ხედვა. ნიჭიერები კი მრავლად არიან. ლეგიონერების ჩამოყვანა ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოშიც მოიძებნებიან ისეთივე დონის ფეხბურთელები და სათამაშო კლასს აიმაღლებენ. ჯობს, ქართველებმა ითამაშონ და არა მესამეხარისხოვანმა ლეგიონერებმა.
ახლების ასაყვანად რუსთავში ექვსდღიანი შერჩევები მოვაწყვეთ. 50-მდე ფეხბურთელს დავაკვირდით და საბოლოოდ შვიდი დავიტოვეთ: "სამტრედიადან" ცენტრალური ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე, ამავე გუნდის დუბლებიდან - ჰავბეკი ზურაბ ქურდობაძე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია. თუ ბოლომდე დაიხარჯა, შეუძლია, "ოლიმპის" ერთ-ერთი ლიდერიც გახდეს.
თელაველია მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილი, რომელსაც ცენტრში თამაშიც შეუძლია. რეგიონული ლიგიდან დავიმატეთ რუსთაველი გიორგი გორდეზიანი, აგრეთვე ლევან სეთურიძე, ბელარუსიდან - ირაკლი მაისურაძე, თავდამსხმელი თორნიკე ბახტაძე კი - ფინური კლუბიდან. "სამტრედიადან" ილია პავლიაშვილიც მოვიწვიეთ, მაგრამ უკრაინაში გასასინჯად წავიდა.
აქ მხოლოდ ირაკლი მაისურაძე ვერ გავსინჯეთ, რომლიც ბელარუსში თამაშობდა და შეკრებამდე ორი დღით ადრე შემოგვიერთდა. სიდეს სასტუმროში ადგილები დაჯავშნული გვქონდა და ვერ მიგვყავდა. ამ დროს ლაშა ჯაფარიძე ნალჩიკის "სპარტაკში" სინჯებზე მიიწვიეს და ერთი ადგილი გათავისუფლდა. მაისურაძემ ვარჯიშზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, წავიყვანეთ და არ შევმცდარვართ, ძალიან კარგი ფეხბურთელი გამოდგა. მიმაჩნია, რომ ჩვენს თურქულ გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანა.
- დამატებულებში ბეგლარიშვილი არ გიხსენებიათ.
- მისი საკითხი ბოლომდე ვერ გადაწყდა, ახლა ესტონელთა თანხმობას ველით.
- ჯაფარიძე ნალჩიკის "სპარტაკში" დარჩა?
- ეს ჯერ არ ვიცით. თუ არ დაიტოვებენ, ჩვენ დაგვიბრუნდება.
- ჭანტურიასა და ბერიაშვილის გარდა, კლუბი ვინ დატოვა?
- სხვა ყველა დარჩა.
- შეკრება დასრულდა, ფეხბურთელების დამატებას აღარ აპირებთ?
- ერთზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ შეთანხმებულა და დაკონკრეტებას მოვერიდები. სომხეთიდან, "ულისიდან" შოთა ჯიქიას ჩამოყვანაც გვსურდა, მას შეკრებაზე ველოდით, მაგრამ კლუბმა არ გამოუშვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"