- სატრანსფერო პერიოდში "საბურთალომ" საკადრო რყევები თავიდან აიცილა. არადა, გაძლიერება არავის აწყენდა...
- რეალურად, ჩვენ მხოლოდ რატი ცაცკრიალაშვილი დავიმატეთ. ის ძალიან კვალიფიციური ახალგაზრდა მოთამაშეა და ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ჯერ ისეთი მიზნები არ გვაქვს, რომ მისი მიღწევა გაგვიჭირდეს და სერიოზული გაძლიერება დაგვჭირდეს.
ახლა, თქვენ მიერ ნახსენები
- გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. იქნებ, გაგვარკვიოთ, მეორე წრეშიც თქვენთან იქნება თუ სხვაგან გადავა?
- ხარაიშვილი შეკრებაზე ჩვენთან ერთად წამოვიდა. მასთან დაკავშირებით ეს ხმები შემთხვევით არ გავრცელებულა, დაინტერესება მართლაც არის. მიმაჩნია, რომ გიორგი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელად ყალიბდება და ამაში სპეციალისტები და მედიაც გვეთანხმება. წლეულს ის დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს და ხალხიც ნელ-ნელა ამჩნევს ამას.
თუ მისი ტრანსფერი ამ სეზონშივე არ მოხერხდა, ძლიერ გუნდში ხვალ თუ ზეგ მაინც მოხვდება. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მისთვის აჯობებს, ეს სეზონი უმაღლეს ლიგაში ჩაამთავროს. თუ საერთაშორისო გამოცდილებას ახალგაზრდულ ნაკრებში მიიღებს, ეს უცხოეთში წასასვლელად ძალიან წაადგება და უფრო თავდაჯერებულიც წავა. მაგრამ ვამბობ - ეს ფეხბურთელი დღესაც მზადაა უცხოეთში სათამაშოდ.
- მეორე წრეში "საბურთალო" რა მიზანს ისახავს?
- ჩვენ ისეთი კლუბი ვართ, რომელიც ნახევარ სეზონს არ გეგმავს. მიზანს წინასწარ ვისახავთ - სამი წლის წინათ, კლუბის ხელმძღვანელობა დაჯდა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ახლა სწორედ ამ გეგმას მივყვებით. ისე, ერთი წლით წინ ვართ - უმაღლეს ლიგაში შედარებით ადრე გადმოვედით. ეს ერთი სეზონი ლიგასთან ადაპტაციისთვის გვჭირდება, უფრო მაღალ მოთხოვნებს რომ შევეგუოთ...
სიმართლე გითხრათ, გვეგონა, რომ ადაპტაციისთვის უფრო რთული გზის გავლა დაგვჭირდებოდა. მაგრამ პირველივე სეზონში ამოცანას უფრო ადვილად გავუმკლავდით, ვიდრე წარმოგვედგინა. ახლა გამოცდილებას ვიღებთ, დახვეწის პროცესშია გუნდიც და მოთამაშეებიც, რადგან უმაღლეს ლიგას შეგუება სჭირდება. იყო თამაშები, რომელშიც, დიდი უპირატესობის მიუხედავად, ვერ გავიმარჯვეთ - ერთადერთი, ამაში თუ დაგვაღალატა გამოუცდელობამ. დანარჩენ თამაშებში კი დავინახე, რომ უმაღლესი ლიგისთვის მზად ვიყავით. მიმაჩნია, რომ შემდეგ სეზონში ბევრად უფრო მაღალი საფეხურებისთვის ვიბრძოლებთ.
ჩვენ ევროპის თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ გვეჩქარება. მთავარია, ამ ყველაფრისთვის საფუძველი ჩაყრილი გვქონდეს. ნაჩქარევი არაფერი ვარგა.
- ხართ თუ არა ევროპისთვის მზად, ამის კრიტერიუმად რა გამოდგება?
- მჯერა, რომ "საბურთალო" მიზანს მიაღწევს და ევროპის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტპზე გავა. და ისე არ გავა, რომ ეს ერთხელ მოხდეს და მეტჯერ - არა. როცა გუნდი ამ დონეზე გაძლიერდება, მერე სულ ამ მიზნისთვის იბრძოლებს.
- ამაში დარწმუნებული რატომ ხართ?
- იმიტომ, რომ "საბურთალოს" ამის რესურსი აქვს. ბავშვობიდანვე, ფეხბურთელებს მაღალი მიზნებისთვის ვზრდით. ისეთი აკადემია გვაქვს, რომ ყოველთვის ძლიერ ცვლას ველოდებით.
ჩვენს კლუბში კარგი ის არის, რომ სპონტანურად არ ვმუშაობთ და ხელმძღვანელობამ იცის, რას აკეთებს და რომ დარგული ხე ნაყოფს გამოიღებს. როგორც მწვრთნელები არ ვმუშაობთ სპონტანურად, ასევე გუნდების მენეჯერებიც - მათ ყველაფერი კარგად აქვთ გათვლილი. ტრაბახის გარეშე ვამბობ, რომ კლუბს ძალიან კარგი მენეჯმენტი ჰყავს და ეს ბევრჯერ გამოჩნდა.
- დიდ მიზნებზე ფიქრი კარგია, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, თქვენნაირი ამბიციის მქონე კლუბს უკეთესი სტადიონი სჭირდება. "ბენდელას" არენა კი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. "საბურთალოს" მიმართ ეს შენიშვნა საფუძვლიანია.
- გეთანხმებით, საფუძვლიანი შენიშვნაა და ამას ვიღებთ. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ უმაღლესში გადასვლას ასე ადრეულად არ ვგეგმავდით. ნახავთ, რომ შემდეგი წლიდან ინფრასტრუქტურა შეიცვლება, კარგი სავარჯიშო ბაზაც გვექნება და სტადიონიც. მაგრამ ამაზე მეტს ახლა არაფერს ვიტყვი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"