რუსთავი-მიკა 1:1 - სასარგებლო სპარინგი ლეგენდებთან ერთად

AutoSharing Option
ფოტოზე: სერგეი იურანი და ხორენ ოგანესიანი
პირველი ლიგის გათამაშებაში მეორე წრე 21 თებერვალს იწყება, მანამდე კი გუნდების უმრავლესობა საკონტროლო მატჩებს ატარებს და ასე ემზადება სეზონის განახლებისათვის.

ამ ცოტა ხნის წინათ "ლელო" უკვე წერდა "რუსთავის" ამბიციურ გეგმებზე და შარშან ზაფხულში დაარსებული გუნდის სატრანსფერო სიახლეებზე. ადგილობრივი სპეციალისტის, გიორგი მიშველიძის დამოძღვრილი "რუსთავი" კვლავაც მშობლიურ ქალაქში აგრძელებს მზადებას. თანაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რუსთავის საფეხბურთო გუნდს უკვე იმის "ფუფუნებაც" გაუჩნდა, რომ შეკრება ადგილზე, "ფოლადის" სტადიონზე გაიაროს.

მოკლედ, ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ ვერავინ იტყვის: რუსთავის
გუნდს პატრონი არავინ ჰყავსო! უფრო პირიქით არის: კლუბის დირექტორი ბადრი მაჭავარიანი და სპორტული დირექტორი ლევან სილაგაძე ყველაფერს აკეთებენ, "რუსთავის" მწვრთნელ-ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში რომ შეხვდნენ სეზონის განახლებას. ისიც აღსანიშნავი ფაქტია, რომ გუნდის ბედ-იღბალზე სერიოზულად ფიქრობენ ქალაქის ხელმძღვანელებიც: აი, ახლაც, "რუსთავის" ბოლო საკონტროლო მატჩს რუსთავის ორივე ვიცე-მერი (ნოდარ შეროზია, ლაშა ლობჯანიძე) დაესწრო, ისე,  როგორც ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი ბაჩო ხაჩიძე.

ეს საკონტროლო მატჩი კი "რუსთავის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის მეტად და მეტად სასარგებლო სპარინგი იყო: საქართველოს პირველი ლიგის გუნდი სომხეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, "მიკას" (ერევანი) დაუპირისპირდა.

სომხეთის ჩემპიონატის მეორე წრისათვის მოსამზადებლად "მიკამ" თბილისი არჩია და ბოლო ორი სპარინგი რუსთავში ჩაატარა (ჯერ - "სიონთან", მერე - "რუსთავთან").

თუმცა, ჩვენი მეზობლები მალე ისევ გვესტუმრებიან, მზადების მეორე ეტაპსაც თბილისში გაივლიან და თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ 16 თებერვალს "რუსთავმა" კვლავაც უნდა უმასპინძლოს "მიკას". გუნდს, რომლის შემადგენლობის 90 პროცენტსაც რუსი თუ უკრაინელი ლეგიონერები შეადგენენ, ხოლო მთავარ მწვრთნელად სულ ახლახან დაინიშნა კიევის "დინამოს", მოსკოვის "სპარტაკის", პორტუგალიური გრანდების ("ბენფიკა", "პორტო") და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ცენტრფორვარდი სერგეი იურანი.

თუმცა, ჩვენს მეზობლებს კიდევ უფრო ტიტულიანი პრეზიდენტი ჰყავთ: სომხური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ხორენ ოგანესიანი, რომელსაც "ფოლადის" სტადიონის ვიპ-ლოჟაში გვერდს უმშვენებდა კიდევ ერთი ცოცხალი ლეგენდა - ალექსანდრე ჩივაძე!

...უშუალოდ საკონტროლო მატჩს კი რაც შეეხება, გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა: შესვენებამდე "რუსთავი" დომინირებდა და სტუმართა კარსაც არაერთხელ დაემუქრა. ერთობ აქტიურობდნენ მასპინძელთა 18-19 წლის ბიჭები: ბაჩანა მიქელაძე, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი გოცაძე, ავთანდილ გუჯაბიძე...

თუმცა გოლი გუნდის ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელებმა "შექმნეს" - ზვიად მეტრეველი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან წესების დარღვევით შეაჩერეს, "სტანდარტული" კი მართლაც ოსტატურად შეასრულა დავით იმედაშვილმა. პირველ ტაიმში "მიკას" ერთ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ "რუსთავის" ახალწვეულმა მეკარემ მიხეილ ძიძიგურმა საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა თავკაცმა თითქმის მთლიანად შეცვალა თავისი გუნდის შემადგენლობა. ამასობაში "მიკას" ლეგიონერებიც საგრძნობლად გააქტიურდნენ და სტუმრებმა მატჩის მიწურულს, ერთობ თვალსასეიროდ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანეს.

1:1 - ასე დასრულდა რუსთაველთათვის სასარგებლო სპარინგი. მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ძიძიგური - გ. გოცაძე (ბერაძე), ბერუაშვილი (კამლაძე), იმედაშვილი, მინდორაშვილი (სილაგაძე) - გუჯაბიძე (ჩიკვაიძე), მიქელაძე (ჯიოშვილი) - ციცქიშვილი (ბ. გოცაძე), მაჭავარიანი, სიჭინავა (შენგელია) - მეტრეველი (შენგელიძე).

ამ კვირაში "რუსთავი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს სხვა ქვეყნის გუნდთან - 12 თებერვალს აზერბაიჯანულ "თურანს" (თაუზი) უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"