ფეხბურთის გულშემატკივარს შევახსენებთ, თურქულ შეკრებაზე "დინამოს" სხვა უკრაინული მეტოქეებისგან ("ვოლნი", "სევასტოპოლი") განსხვავებით, ლუგანსკის (ყოფილი ვოროშილოვგრადის) "ზარია" ბევრად უფრო სახელოვანი გუნდია; სხვა თუ არაფერი, 1972 წელს ეს გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1974 და 1975 წლებში საბჭოთა კავშირის თასის ფინალშიც იასპარეზა. თუმცა პერიფერიული გუნდის ეს წარმატებული პერიოდი მალე დასრულდა და გუნდიც ჯერ საკავშირო უმაღლესსა და პირველ ლიგას შორის "მოგზაურობდა", მერე იგივე
ეგ კი არა, ხუთი სეზონის განმავლობაში "ზარია" მეორე ლიგაშიც გამოდიოდა და მხოლოდ 2006 წლიდან დაუბრუნდა უკრაინის უმაღლეს ლიგას. სხვათა შორის, "ზარიაში" სხვადასხვა დროს რამდენიმე ქართველ ფეხბურთელსაც უასპარეზია, ერთ-ერთი კი სულაც რამდენიმე ხნის წინ დაიმატეს: "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი შემტევი ჯაბა ლიპარტია ამიერიდან ლუგანსკელთა გუნდის ღირსებას დაიცავს. სწორედ ლიპარტია გახლდათ კიდეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუშინდელ შეხვედრაში და იმის მშვენიერი შანსიც ჰქონდა, რომ "დინამოს" კარში გოლი გაეტანა: 24-ე წუთზე "ზარიამ" პენალტის უფლება მოიპოვა, მაგრამ ლუგანსკელთა გუნდის ქართველი ლეგიონერის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია! პირველი ტაიმის მე-40 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა: ედნილსონის პასის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი "ზარიას" მეკარე იური მარტიშჩუკთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.
შესვენების შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ თავისი გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა: ახალგაზრდა ქართველებთან ერთად მოედანზე პოტენციური უცხოელი ახალწვეულებიც შემოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ბენინის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველი ჯონ გლელე წინა სპარინგ-მატჩშიც (ხორვატულ "ოსიეკთან") გამოჩნდა, სამაგიეროდ დინამოელთა შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა 27 წლის სერბმა ფორვარდმა მილან იოვანოვიჩმა, სამშობლოში ბელგრადის "რადის" ღირსებას რომ იცავდა, ბოლოს კი ყაზახურ "თარაზში" ასპარეზობდა.
სამწუხაროდ, "დინამომ" ვერ შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და 71-ე წუთზე კუთხურის შემდეგ საკიჩმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა; 85-ე წუთზე კი "დინამოს" მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ჯაბა ლიპარტიას წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვიეს და ჩვენი გუნდის კარში ამ შეხვედრაში უკვე მეორე პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა ამჯერად ალექსეი პოლიანსკიმ ითავა და ზუსტიც გახლდათ - 2:1 "ზარიას" სასარგებლოდ.
თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო; "დინამომ" კი თავისი უკანასკნელი სპარინგ-შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ლორია-კაკუბავა (61. ციმაკურიძე), თომაშვილი (55. გლელე), ჰომოლა, მაროვიჩი - ედნილსონი, კვეკვესკირი (79. ჯიღაური) - შ. კაშია (84. ქანთარია), კოშკაძე (69. ფირცხალავა), რობერტინიო (55. თექთურმანიძე) - ტატანაშვილი (59. იოვანოვიჩი).
.