რა დააშავა "სამტრედიამ"?

AutoSharing Option
სტატია გულშემატკივრის გამოხმაურებამ განაპირობა. "ლელოს" გუშინდელ ნომერში "სამტრედიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. მან კლუბში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა და ასეთი რამაც თქვა: ფეხბურთელებთან ტაქტიკა-სტრატეგიაზე როგორ მესაუბრა, როდესაც მათთვის საჭმელი გულშემატკივრებს მოჰქონდათო.

ინტერვიუს სამტრედიელი გულშემატკივარი ფორუმზე გამოეხმაურა:

"მე, როგორც რიგით გულშემატკივარს, კითხვა მებადება: თუ სხვა რაიონისთვის შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გუნდის დაფინანსება, რატომ არის ეს აკრძალული სამტრედიაში? პირველ ლიგაში მოასპარეზე ჩვენი მეზობელი რაიონის გუნდს 125 000 ლარი ჩაურიცხეს, რატომ არ შეიძლება ამდენივეთი სამტრედიის გუნდიც დაფინანსდეს? ჩვენ უმაღლესში ვართ, ისინი კი
პირველ ლიგაში, ჩვენ გვეუბნებიან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება არ შეიძლებაო, იქ ეს შესაძლებელია. ჟურნალისტებო, გთხოვთ, გაარკვიოთ, რატომ ხდება ასე? თუ ყველაფერი ზემოთ არის გადაწყვეტილი, რომ "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში უკვე ზედმეტია?"


კითხვა აქტუალურია და ზოგადად სისტემას ეხება, რომელიც ქართული ფეხბურთის აქილევსის ქუსლად არის ქცეული, თანაც აბსოლუტურად სამართლიანი კითხვაა, ერთ რაიონში რომ აფინანსებენ გუნდს (რაც საჭირო და აუცილებელია), იგივე რატომ იკრძალება მეორე რაიონში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამტრედიაც და ხონიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედის.

რა თქმა უნდა, ზოგადად, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, სახელმწიფო სტრუქტურა კლუბებს რომ არ აფინანსებდეს და მათ კერძო მეპატრონეები ჰყავდეთ. ასეა: ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ყველა განვითარებულ ქვეყანაში. საპირისპირო მაგალითი აღმოსავლეთ ევროპაშია, სადაც კლუბებს, უმთავრესად, სახელმწიფო აფინანსებს.

მაგრამ დასავლეთ ევროპაშიც აფინანსებენ კლუბებს ადგილობრივი მმართველობები, ანუ სახელმწიფო სტრუქტურები, თუმცა არც ისე ხელგაშლილად. მიზანი ყველა ქალაქში, დაბასა თუ სოფელში საფეხბურთო კლუბის შენარჩუნება და მოთამაშეთა გაზრდაა. საფრანგეთის მეოთხე ლიგის კლუბში მწვრთნელად მუშაობს ვეფხია გვენცაძე, რომლის თქმითაც, ამ მეოთხელიგელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 300 ათასი ევროთი აფინანსებს.

სახელმწიფოს მოსახლეობის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია და ის აუცილებლად უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება სოციალური პროექტებია, ფეხბურთი კი იმდენად პოპულარული სახეობაა, სწორედ სოციალურ პროექტად უფრო მიიჩნევა, ვიდრე მხოლოდ სპორტულად. კრიმინალურ გარემოს, ნარკომანიასა და სხვა უბედურებებს ახალგაზრდობამ ამ სოციალურ პროექტებში მონაწილეობითაც შეიძლება დააღწიოს თავი.

საქართველო ძველი, მაგრამ თავიდან ასაშენებელი ქვეყნაა და, ცხადია, ბევრი მიმართულებით მიდგომა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. იმერული ამბებიდან კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, ან სამტრედიის რაიონის მმართველებს არ უყვართ ფეხბურთი და ამიტომ არ აფინანსებენ, ან მათ კლუბის დაფინანსება აუკრძალეს.

კლუბის დაფინანსება რომ სურთ, ეს დანამდვილებით ვიცით, მაგრამ ვინ უკრძალავს და რატომ? ან უკრძალავს კი? ჩვენ ამ საქმეში სიმართლეს ვერ დავადგენთ, სისტემის ჩამოყალიბება კი მსგავს კითხვებს ავტომატურად მოხსნის. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ყველასთვის სავალდებული წესი, ან ასე, ან ისე. მერე ყველა რაიონისა თუ სოფლის ბიუჯეტში საჭირო გახდება სოციალურ პროექტად მიჩნეული საფეხბურთო კლუბის დაფინანსება, ან ყველას ეცოდინება, რომ ასეთი გადაწყვეტილება აკრძალულია.

ჯერ ჩვენში კერძო ბიზნესი იმ დონეზე არ არის განვითარებული, ნამეტი თანხა ფეხბურთში დააბანდოს და თუ კლუბებს სახელმწიფო არ შეინახავს, ასე ფეხბურთი მოკვდება.

ალტერნატივაც არსებობს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება: ორიოდე დღის წინ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა კლუბის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 11 ათასი ლარი შეაგროვეს, ეს კი, ცხადია, მეორე ეტაპზე კლუბის შესანახად არასაკმარისია. რუმინეთში კი კურიოზული ამბავი წლების წინ მოხდა: საყვარელი კლუბის დასახმარებლად ერთ-ერთმა ფერმერმა 12 ტონა ღორის ხორცი გაყიდა და დაბალი ლიგის კლუბს საკმაოდ სოლიდური თანხით შეეწია. ასეთ დახმარებაზე უარს სამტერდიაშიც არ იტყოდნენ, მაგრამ ღორის და ქათმის გრიპებმა საქონელი და ფრინველი გაწყვიტა, სისტემას კი ვერანაირი ვირუსი ვერ დაამარცხებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობას გიხდით , ასეთი ვრცელი სტატიის გაკეთებისთვის , თქვენ ჩვენი სათქმელი თქვით, ჩვენ ტკივილი გადმოეცით, კარგი იქნება სხვებიც თუ მოგბაძავთ, ნამდვილად მისაბაძები ბრძანდებით, კიდევ გიხდით დიდ მადლობას
samtredieli
17:28 05-02-2011
0
მადლობა ბატონ მერაბს მე ამ კაცს ვაპასებ ზაან და მაგრად რატომ?იმიტომ რო იცის სად რა ხდება და როგორ,ამ ქალაქსჰი პეგბურტი გვიყვარს და ვიგაცეებს უნდა რო ზედმეტი ტვირთი თავიდან აიცილონ ეგ ყვლაპერიხო ჩვენი ტკივილია ჩვენ გვიყვარს პეგბურტი და გვინდა რო არ მოკლან ამ ქალაქში ყოველივე
fc samtredia
22:53 05-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული