ირაკლი მაისურაძე: ანთალიური შეკრება დიდად წაგვადგება

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპმა" თურქულ შეკრებაზე ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი ირაკლი მაისურაძე დაიმატა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ირაკლი ბელარუსში თამაშობდა, საქართველოდან ადრეულ ასაკში წავიდა და მისი ფეხბურთი მხოლოდ ბავშვთა სპეციალისტებს ახსოვდათ.

სწორედ ამის წყალობით დაბრუნდა საქართველოში: გაიხსენეს, "ოლიმპის" შეკრებაზე წაიყვანეს, სადაც მოულოდნელად თავი კარგად წარმოაჩინა და სამი ბურთი გაიტანა. შედეგად რუსთავულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მას "ვიტებსკში" კიევის "დინამოსა" და ბელარუსის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ვალენტინ ხაცკევიჩი ავარჯიშებდა და ერთ-ერთ ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა:"ჩემი აზრით, 20 წლის მაისურაძე ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. ვფიქრობ,
ბელარუსში ბევრი ახალგაზრდა არაა მსგავსი სათამაშო ინტელექტის და ტექნიკის მფლობელი."

ვინ არის, როგორ მოხვდა რუსთავულ კლუბში და რა გადახდომია? ამის შესახებ "ოლიმპის" ახალწვეულის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 35-ე საფეხბურთო სკოლაში გავიზარდე და რამდენიმე მწვრთნელთან ვვარჯიშობდი. შემდეგ "ზესტაფონი 2"-ში ამიყვანეს, მაგრამ იქიდან მალე წამოვედი, 2008 წლის 1 აგვისტოს კი "მტზ-რიპოსთან" კონტრაქტი გავაფორმე. სამწუხაროდ, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ეს ის დროა, როდესაც კლუბის მეპატრონე რომანოვი ლიტვაში, შოტლანდიასა და ბელარუსში თავისი გუნდების შენახვას ვერ ახერხებდა, უცხოეთში უხელფასოდ ჯდომა შეუძლებელი იყო და კონტრაქტი გავწყვიტე. 2009 წლის 24 თებერვალს კონტრაქტი "ვიტებსკთან" გავაფორმე და ერთი წელი ვითამაშე. სამწუხაროდ, 2010 წლის თებერვალში იქაურობის დატოვებაც მომიხდა.

- რატომ?
- დამაიმედეს, რომ ბევრად უკეთეს კლუბში გადამიყვანდნენ. კლუბთან 1+1 კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ გაშვება ვთხოვე, აღარ გამიგრძელეს და გამიშვეს. თუმა აღმოჩნდა, რომ შეპირებულ კლუბებში არავინ მელოდა და გასინჯვაზეც ვერ ჩავედი. ასე დავრჩი უგუნდოდ, "ვიტებსკთან" კონტრაქტი გაწყდა და სხვაგანაც ვერ გადავედი.

არადა, გასინჯვა ისეთ გუნდებში შემომთავაზეს, ბელარუსის შემდეგ გრანდებად ჩანდნენ: ნალჩიკის "სპარტაკი", "კრილია სოვეტოვი", სხვა გუნდებიც ახსენეს. ბელარუსის ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში ფეხბურთელებს ხშირად იწვევენ, ბევრს ტოვებენ და მეც იმედი მქონდა. მაგრამ გამოუცდელობის გამო შეცდომა დავუშვი.

- 2010 წელს შენი გვარი არც ერთ ცნობარში არ იყო, არსად გითამაშია?
- გასული წლის ბოლო თვეები მოსკოვის პირველობაზე ვთამაშობდი, მაგრამ იმ გუნდების სახელები არაფერს გეტყვით. ცხადია, ჩემს თამაშებზეც არაფერი გეცოდინებოდათ. ასეთ ტურნირში იმიტომ ვთამაშობდი, სულ რომ არ გავჩერებლიყავი, ფორმა შემენარჩუნებინა.

- როდესაც მწვრთნელი თორნიკე მაისურაძე ფეხბურთელ მაისურაძეს იწვევს, ცხადია, ჩნდება კითხვა, ნათესავები ხომ არ ხართ?
- არა, ნათესავები არ ვართ, თორნიკე 35-ე სკოლაში გავიცანი, სადაც ის და მამამისი, ზურაბ მაისურაძე ბავშვებს ავარჯიშებდნენ. ახლოს არც ვიცნობდი. უფრო კარგად გუბაზ დოლიძე მიცნობდა, რომელიც მაშინ 35-ე სკოლაში მუშაობდა. ასე რომ, ნათესაობა არაფერ შუაშია.

- საქართველოში იმიტომ დაბრუნდი, რომ უგუნდობას ისევ აქ თამაში სჯობდა?
- უცხოეთის ძლიერ გუნდში მოხვედრაზე ოცნებას, რა თქმა უნდა, აქ რეალური წინადადება და თამაში მერჩივნა. ზამთარშიც იყო შემოთავაზებები - რიგის "სკონტო", ბელარუსისა და სლოვაკეთის კლუბები გელოდებიან და თუ წახვალო, მაგრამ ბელარუსში ისეთი გამოცდილება მივიღე, რეალური წინადადების გარდა, არაფრის გაგება არ მსურდა.

ამ დროს "ოლიმპში" გაიგეს, უგუნდოდ რომ ვიყავი და გასასინჯად მიმიწვიეს. რუსთაველებმა კონკრეტული წინადადება შემომთავაზეს. ცდას და ლოდინს აქ ვარჯიშიც სჯობდა. კონკრეტული და სტაბილური ვარიანტი ყოველთვის უკეთესია.

- ბელორუსში თავიდან კარგად დაიწყე, მაგრამ შემდეგ იშვიათად ჩნდებოდი.
- თავიდან მართლა ყველაფერი კარგად იყო, ჩემზე წერდნენ და თავს ურიგოდ არ ვრძნობდი, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, იქ ვერ ავეწყვე. ერთი ხანობა დუბლებშიც ვთამაშობდი, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამიცდა.

- როგორც ვიცით, შემტევი ნახევარმცველი ხარ.
- ბევრ გუნდში არ ვყოფილვარ, მაგრამ "ზეტაფონი 2"-ში, "მტზ-რიპოში", "ვიტებსკში" ბევრ პოზიციაზე მითამაშია, მარცხენა თუ მარჯვენა ფლანგის ნახევარმცველად, ცენტრში საყრდენად და პლეიმეიკერად.

- "ოლიმპში" რა პოზიციაზე გათამაშებენ?
- რუსთაველებიც ყველგან მაკვიდრებოდნენ, ფლანგზეც და ცენტრშიც. ეტყობა, მწვრთნელს სურდა გაეგო, სად უფრო სასარგებლო ვიქნებოდი და მიხარია, რომ ამიყვანა. თავიდანვე მკითხა, რომელ პოზიციაზე თამაშობო და ვუთხარი, ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე-მეთქი.

- ანთალიურ შეკრებაზე რას გვეტყვი?
- საკმაოდ კარგ გუნდებს შევხვდით და, დარწმუნებული ვარ, ეს საკონტროლო მატჩები და მომზადება ძალიან წაგვადგება. მომეწონა "ოლიმპის" ფეხბურთი, გუნდი სწორად თამაშობს და, რაც მთავარია, ბიჭებში საბრძოლო განწყობაა. მაგალითს მოვიყვან: შვეიცარიულ "სერვეტთან" 1:2-ს ვაგებდით. საკონტროლო შეხვედრაა და წაგება ტრაგედია არ იქნებოდა, მაგრამ ბიჭებს მოგების იმხელა ჟინი და სურვილი აღმოაჩნდათ, მეორე ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ. შემდეგ მატჩებშიც ასე მოხდა. როცა გუნდი შეკრებაზე ასეთი მონდომებულია, მჯერა, ჩემპიონატსაც კარგად ჩაატარებს.

- შვეიცარიელი ოლდრიხ შვაბის ვარჯიშებზე რას იტყვი?
- ძალიან მძიმე დატვირთვები გვქონდა, ისეთი, ბელარუსში რომ მინახავს, საქართველოში კი, მეეჭვება, რომელიმე გუნდი ასე ემზადებოდეს. მაგრამ არსებობს აზრიანი და უაზრო დატვირთვები, ჩვენ კი აზრიანად გვავარჯიშებდნენ. ზოგიერთი მწვრთნელი გუნდს იპოდრომზე ხუთ წრეს რომ არბენინებს, ამას დიდი სარგებლობა არ მოაქვს. შვაბი და მაისურაძე კი თურქეთში საინტერესოდ გვავარჯიშებდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად საათობით ვიტვირთებოდით, არ გამოვფიტულვართ და კარგი განწყობა გვქონდა. თითოეულ ვარჯიშს კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. უმთავრესად, ყურადღება ერთი-ერთზე ორთაბრძოლებსა და პრესინგზე იყო გამახვილებული. მაისურაძე საინტერესო მწვრთნელი აღმოჩდა, გვეუბნებოდა, პრესინგი იმიტომ გვჭირდება, მოწინააღმდეგეს საფიქრალი დრო არ უნდა დავუტოვოთო.

- უცხოეთში წასული ფეხბურთელები ახალ კლუბებს და ლიგებს აქებენ. რეალურად ბელარუსის უმაღლესი ლიგა ჩვენზე უკეთესია?
- "ოლიმპსა" და ბელარუსულ კლუბებს ვადარებ და, დამიჯერეთ, ბელარუსები საფეხბურთო ნიჭით ჩვენს მოთამაშეებს ვერ შეედრებიან. აქ ბევრად ნიჭიერი, ტექნიკური და აზრიანი ბიჭები არიან, მაგრამ მათ კარგი პირობები აქვთ, ფეხბურთელებს კარგად ზრდიან, ჩვენებს კი ასეთი პირობები არ გააჩნიათ და შესაძლებლობებს ვერ ავლენენ.

პირობების გარდა, ბელარუსში ძალიან კარგი მოედნებია და გაიზრდებიან, აბა, რა იქნება. ყველაზე ღარიბ გუნდებსაც ჩვენზე უკეთესი მოედნები აქვთ. არადა, მიკვირს, იქ ბევრად უფრო მძიმე კლიმატია, მაგრამ მოედნები ზამთარშიც კარგად გამოიყურება. ჩვენთან ბალახის მოვლა ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ მაინც არ გვივარგა. სულ მაინტერესებდა, რატომ? ალბათ, იქ სტადიონებს უკეთ უვლიან და მეტი დაინტერესებაა. არადა, გული მწყდება, ფეხბურთელს დიდ ხელფასზე მეტად კარგი მოედანი სჭირდება. ამიტომ არის, ძალიან ძნელია აქაურ სტადიონებზე სწრაფი ფეხბურთის თამაში.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული