შეგახსენებთ, რომ 3 იანვრიდან "დინამო" ადგილზე ემზადებოდა და თბილისში 5 საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. 23 იანვრამდე, ანუ ვიდრე გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრებოდა, "დინამოში" ორ ათეულამდე პოტენციური ახალწვეულიც გასინჯეს, მაგრამ იმათგან ერთეულებმა თუ შეძლეს მთავარი მწვრთნელისათვის, კახა კაჭარავასთვის თავის მოწონება.
სელექციის პროცესი თურქეთშიც გაგრძელდა - "დინამომ" ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა (ნალჩიკის "სპარტაკთან", "სევასტოპოლთან", "ვოლინთან", "ოსიეკთან", "ზარიასთან") და ამ შეხვედრებში ცხრა უცხოელი ფეხბურთელიც გაისინჯა. ამათგან,
"დინამო" სამშობლოში პარასკევს, გვიან საღამოს დაბრუნდა და გუშინდელი დღიდან დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში განაახლა. თუმცა, არასრული შემადგენლობით: გიორგი ლორია და ლევან კაკუბავა საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ჩვენს უპირველეს გუნდთან ერთად 9 თებერვლის მატჩისთვის (სომხეთის ნაკრებთან) ემზადებიან. ახლა კი კახა კაჭარავასთან ინტერვიუც გვინდა შემოგთავაზოთ, - "დინამოს" მთავარ მწვრთნელთან საუბრის მთავარი თემა კი, რაღა თქმა უნდა, გუნდის თურქული შეკრების შეფასება იყო.
- მთლიანობაში, გუნდის მომზადების დონით კმაყოფილი ვარ და თურქულ შეკრებასაც დადებით შეფასებას მივცემდი. რაც მთავარია, თბილისში დაწყებული მოსამზადებელი პერიოდი თურქეთშიც ნაყოფიერად გავაგრძელეთ: უკვე ნათლად გამოჩნდა, თუ რომელ ფეხბურთელებს დავეყრდნობით ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე.
- წინა რამდენიმე უცხოური შეკრებისგან განსხვავებით, "დინამოს" ამჯერად ძლიერი სპარინგ-პარტნიორები ჰყავდა - რუსეთის, ხორვატიისა და უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდების სახით.
- სამწუხაროდ, ადრე გერმანიაში რომ მივემგზავრებოდით-ხოლმე, იქაც დიდი სურვილი გვქონდა, საკონტროლო მატჩები ძლიერ მეტოქეებთან გვეთამაშა; თუმცა, იმ მომენტისათვის იქაური გრანდები სხვაგან ემზადებოდნენ და ამიტომაც გვიწევდა რეგიონალური ლიგის გუნდებთან პაექრობა. თორემ, პირადად მუდამ იმის მომხრე ვარ, მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ვითამაშოთ.
- თბილისური შეკრების მსგავსად, თურქეთშიც არაერთი პოტენციური ახალწვეული გასინჯეთ; დავიჯეროთ, თქვენი მოთხოვნები არც ერთმა მათგანმა არ დააკმაყოფილა?
- სელექცია საკმაოდ რთული და, ამასთან, საფრთხილო პროცესია; ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და არც ის იყო შემთხვევითი, როცა ძლიერ სპარინგ-პარტნიორებთან გვინდოდა პოტენციური ახალწვეულების გამოცდა. გეთანხმებით, მართლაც ათამდე უცხოელი გავსინჯეთ და არ არის გამორიცხული, იმათგან ორ-სამ ფეხბურთელთან უახლოეს დღეებში კონტრაქტებიც გავაფორმოთ.
- გვარებს ვერ გვეტყვით?
- ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ...
- კოლესნიკი, ჰაჯიბულიჩი, იოქსიმოვიჩი, გეგიჩი, ცვეტკოვიჩი, ჰომოლა, კარალიჩი, გლელე, იოვანოვიჩი - აი, ეს უცხოელები ისინჯებოდნენ "დინამოში" თურქულ შეკრებაზე. ამათგან, ყველაზე მეტი, სამი მატჩი ჩეხმა ცენტრალურმა მცველმა ჰომოლამ ჩაატარა...
- ფაქტობრივად, ჩვენი ერთ-ერთი ახალწვეულის ვინაობა "გამოიცანით": საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და წლების განმავლობაში ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. ორი დღეც მოიცადეთ და ჰომოლასთან ერთად იმ ფეხბურთელის ვინაობასაც გაიგებთ, თურქულ შეკრებაზე "დინამოში" რომ ისინჯებოდა.
- პირველი მატჩი ნალჩიკის "სპარტაკთან" მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარეთ, აი, მომდევნო კი, "სევასტოპოლთან", მოედანზე ერთიანად "გადასხვაფერებული" "დინამო "გამოვიდა.
- მიუხედავად მარცხისა, ვერ ვიტყვი, რომ ნალჩიკის "სპარტაკთან" ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვიყავი, - რაც უნდა იყოს, რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს ვხვდებოდით. "სევასტოპოლთან" კი იმის საშუალებაც მომეცა, გარკვეული ფეხბურთელები დამესვენებინა (ისინი, ვისაც ძირითადის წევრებად მოვიაზრებ) და უახლოეს რეზერვთან ერთად ექვსი-შვიდი პოტენციური უცხოელი ახალწვეულიც "საქმეში" მენახა.
- ისე, არ დავმალავთ და ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად ახალწვეულთა გამოჩენას თავდასხმის ხაზში ველოდით - დიმიტრი ტატანაშვილისა და ორი პერსპექტიული ქართველი ჭაბუკის გარდა, "დინამოს" ხომ ამ რგოლში სხვა არავინ ჰყავს.
- გარწმუნებთ, რომ ისე როგორც სხვა რგოლებში, თავდასხმაშიც საკმარისზე მეტი რესურსი გაგვაჩნია. აი, ახლაც, ძალიან მალე თბილისში ახალი ფორვარდი უნდა დაგვემატოს - მაღალი დონის ფეხბურთელია და რუსულ პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
- ვინაობას არც ამ შემთხვევაში დააკონკრეტებთ?
- ერთ ახალწვეულზე, ფაქტობრივად, პასუხი უკვე გაგეცით; აი, რაც შეეხება ამ ფორვარდს და თურქულ შეკრებაზე ჩვენთან ერთად მყოფ კიდევ ერთ უცხოელს, მაქსიმუმ, ამ კვირის ბოლომდე უკვე "დინამოსთან" ერთად იქნებიან.
- ესე იგი, ჩავთვალოთ, რომ მეორე ეტაპის დაწყებამდე "დინამოში" სამი ახალი ფეხბურთელი უნდა გამოჩნდეს?
- მოდი, ასე "დავაზუსტებ": თურქულ შეკრებაზე ჩვენთან ვინც ისინჯებოდა, იმათგან, სავარაუდოდ სამს დავიმატებთ; ამათ გარდა, კიდევ ორი ახალი ფეხბურთელითაც გვინდა გაძლიერება. აქვე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ის მწარე რეალობაც მინდა ვუთხრა, რომ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ესა თუ ის უცხოელი მოთამაშე მოგვწონებია, მაგრამ თავად ფეხბურთელს არ მოსურვებია საქართველოს ჩემპიონატში თამაში.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უცხოეთში მოასპარეზე ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის "დინამოში" გადმოყვანაც გსურდათ.
- სამწუხაროდ, ვისაც შევთავაზეთ, თითქმის ყველამ აქ დაბრუნებაზე უარი განაცხადა; კიდევ ვიმეორებ, მართლაც გვქონდა რეალური ინტერესი რამდენიმე უცხოელ თუ ჩვენს თანამემამულე ფეხბურთელთან, ფინანსურ პირობებსაც ვერ დაგვიწუნებდნენ, მაგრამ მაინც თავს იკავებენ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობისგან.
- ახლა, "ძველ გვარდიაზეც" გკითხავთ: თბილისური შეკრების დროს გიორგი ლორიასა და რობერტინიოს არც ერთი საკონტროლო მატჩი არ ჩაუტარებიათ. თურქეთში როგორი შთაბეჭდილება დატოვეს?
- თურქულ შეკრებაზე ლორიამ ხუთივე შეხვედრა მშვენივრად ჩაატარა; იგივეს ვიტყოდი რობერტინიოზეც, რომელსაც, მართალია ბევრი გაუცდა, მაგრამ ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში და მჯერა, რომ გადამწყვეტ ეტაპზე "დინამოს" დიდ დახმარებას გაუწევს.
- უცხოელებზე ვსაუბრობდით და "დინამოს" ქართველი ახალწვეულებიც ვახსენოთ.
- შოთა კაშიამ, დიმიტრი ტატანაშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა, თორნიკე ზარქუამ, გიორგი ციმაკურიძემ - ისე როგორც თბილისური შეკრების დროს, ხუთივე ახალწვეულმა თურქეთშიც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. საერთოდაც, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის უმთავრესი იყო, ეს შეკრება ტრავმების გარეშე დაგვესრულებინა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა - ერთადერთი, შეკრების პირველ დღეებში ლევან კაკუბავამ ვერ ივარჯიშა ოთხი დღე, თორემ დანარჩენი ყველა მწყობრში იყო.
- კვირის ბოლომდე ახალწვეულებს ველოდებითო, ბრძანეთ; ესე იგი, ბოლო წლებისგან განსხვავებით, "დინამოს" ძირითადში მოსახვედრად არნახულ კონკურენციას უნდა ველოდოთ?
- ნებისმიერი მწვრთნელისათვის ფუფუნებაზე მეტია ისეთი სიტუაცია, როცა გუნდში ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა ჰყავს; სამწუხაროდ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ "დინამოში" ბოლო დროს, 22-ს ნაცვლად, 13-14 ფეხბურთელი თუ იყო, ძირითადი შემადგენლობის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდა. ახლა კი, სიტუაცია აშკარად სასიკეთოდ იცვლება, - მით უფრო, უცხოელი ფეხბურთელების დამატების შემდეგ.
- პოტენციური კი არა, უკვე რეალური ახალწვეულების გვარებს ჯერჯერობით არ ახმოვანებთ, იქნებ, იმათი ამპლუები მაინც გვითხრათ?
- ამა თუ იმ ფეხბურთელთან ვიდრე კონტრაქტი არ გაფორმდება, მანამდე არ მსურს დაკონკრეტება; რაც შეეხება ამპლუებს, რა თქმა უნდა, იდეალური სიტუაციაა, როცა ნებისმიერ პოზიციაზე ერთმანეთზე უკეთესი ორი-სამი ფეხბურთელი გეყოლება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ "დინამოში" მეტ-ნაკლებად პრობლემატური სამი პოზიცია იყო და წეღან რომ უცხოელი ფეხბურთელები ჩამოთვალეთ, სწორედაც კონკრეტული რგოლების გაძლიერებისათვის ვსინჯავდით, - ანუ, თურქეთში, ძირითადად ცენტრალურ მცველებს, ცენტრალურ ნახევარმცველებსა და ფორვარდებს ვაკვირდებოდით.
- "დინამოს" ბოლო სპარინგ-შეხვედრას (უკრაინულ "ზარიასთან") საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო.
- რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კანდიდატებს საკონტროლო მატჩებშიც აკვირდება, - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "დინამოს" დანარჩენი ფეხბურთელებისათვისაც დამატებითი სტიმული იყო. სხვათა შორის, თემური თურქეთში შეკრებაზე მყოფი სხვა გუნდების შეხვედრებსაც ესწრებოდა - იმ მატჩებს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები ღებულობდნენ მონაწილეობას.
- კვირაზე ნაკლები რჩება მეორე ეტაპის განახლებამდე და საწყის ტურში თუ აუტსაიდერ "სპარტაკს" ხვდებით, მერე ზედიზედ ორი ურთულესი მატჩი გელოდებათ: "ზესტაფონთან" და "ოლიმპთან".
- ჩვენ ჯერ "სპარტაკთან" მატჩისათვის ვემზადებით, თანაც, სრული სერიოზულობით; მომდევნო შეხვედრებზე კი მხოლოდ ამის მერე ვიფიქრებთ. ისე, არ არის გამორიცხული, რომ უკვე "სპარტაკთან" მატჩში "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულმაც ითამაშოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.