"სამტრედიამ" დინამოელი ვერ დაიმატა

AutoSharing Option
ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს "სამტრედია". კლუბში ყველა შეგუებულია იმ აზრს, რომ წლეულს სერიოზულად არ დააფინანსებენ და, ფაქტობრივად, განწირულები არიან.
თუმცა მთავარი მწვრთნელი ლევან ანჯაფარიძე და გუნდში დარჩენილი ფეხბურთელები ბედთან შეგუებას არ აპირებენ, მაგრამ გუნდს ხეირიანი ფეხბურთელების დამატება უჭირს.

ანჯაფარიძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას თბილისის "დინამოდან" ცენტრალური ნახევარმცველის, ლევან გავაშელიშვილის მიწვევით აპირებდნენ.

"წინასწარი მოლაპარაკებაც დავიწყეთ, მაგრამ უფულო გუნდში ვინ წამოვა? ამის გამო გავაშელიშვილი ფოთის "კოლხეთმა" დაიმატა, რადგან მათ ფული იშოვეს და მეტ-ნაკლებად გაძლიერდნენ. ასევე იყო მდივნიშვილის შემთხვევაშიც, ისიც "კოლხეთში" ითამაშებს, ისევე როგორც
ჩვენი ყოფილი მეკარე ძაგანია და თავდამსხმელი კვერენჩხილაძე. ჩვენ კი საჭირო მოთამაშეებს ვერ ვიმატებთ. არადა, ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღეა დარჩენილი და არ ვიცი, ადგილის შენარჩუნებას როგორ შევძლებთ", - ამბობს ანჯაფარიძე.

სიახლე ისაა, რომ "ზესტაფონმა" "სამტრედიას" იჯარით ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ცხადაია დაუთმო, რომელიც დიდ ფეხბურთში "გაგრადან" გამოჩნდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

შაბათს "სამტრედიამ" საკონტროლო შეხვედრა გრიგოლეთში გამართა პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "გაგრასთან" და 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში არ უთამაშია "სამტრედიას" კაპიტან შოთა ჩომახიძეს. ანჯაფარიძის თქმით, მისი მიზანი ახალწვეულებზე დაკვირვება იყო და ჩომახიძე ამიტომ დაასვენა.

მე-14 წუთზე ანგარიში სამტრედიელთა ნახევარმცველმა ლევან კირკიტაძემ გახსნა, რომელიც ქუთაისის "ტორპედოდან" დეკემბერში გაუშვეს. ასე რომ, იმერულმა კლუბებმა კირკიტაძეები გაცვალეს - დეკემბერშივე ქუთაისელებმა "სამტრედიას" შემტევი ნახევარმცველი დავით კირკიტაძე გადაიყვანეს.

მეორე ტაიმში "გაგრამ" ანგარიში გაათანაბრა: 65-ე წუთზე თავი გამოიჩინა გუნდში ახლახან ჩარიცხულმა ახალგაზრდა დათა ჯანაშიამ. გადამწყვეტი ბურთი კი მე-80 წუთზე "გაგრაში" გასინჯვაზე მყოფმა ნიგერიელმა ჯონ ჯერემიამ გაიტანა და პირველლიგელებმა 2:1 მოიგეს.

საინტერესოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა "გაგრა" 5-3-2 სქემით, ანუ ხუთი მცველით ათამაშა. აქვე გეტყვით, რომ "გაგრაში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე ისინჯება. გუნდი ურეკში 8 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო ორი დღის შემდეგ მეორე შეკრებას ბათუმში დაიწყებს.

"გაგრამ" მანამდე ამხანაგურად ბათუმის "დინამოსთან" ითამაშა და ეს მატჩი 0:0 დასრულდა.


სამტრედია 1:2 გაგრა
გოლები: 0:1 კირკიტაძე (14), 1:1 ჯანაშია (65), 2:1 ჯერემია (80).
"სამტრედია": ჯინჭარაძე - კუპრეიშვილი, გოგია, ხუმარაშვილი, თ. შალიკაშვილი - კირკიტაძე, მიქაბერიძე, ცხადაია, დანელია, ბურჯანაძე - ალავერდაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: მინაშვილი, კირთაძე, ჩხიკვაძე, ბოხუა, გაგნიძე.
"გაგრა": მაღრაძე - ჯანაშია, კალანდაძე, კურულაშვილი, გიგაური, გედენიძე - ნემსაძე, ქართველიშვილი, ჯოხაძე - გრძელიძე, სადიკი.
შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, ჯერემია, ხოჯაშვილი.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული