გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოში" ხალისი დაბრუნდა

AutoSharing Option
"საბურთალოს" წარუმატებლობის მიუხედავად, გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა მეორე წრე თავად შედეგიანად დაიწყო და ხუთ შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.

19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა განსაკუთრებულად XX ტურში გამოიჩინა თავი: "საბურთალომ" ნავსი სწორედ მისი დახმარებით გატეხა - ლანჩხუთის "გურიასთან" მოგებულ (4:2) შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა უმაღლეს ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

შემთხვევითი არ იყო, რომ "ლელომ" ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, სულ კი მიმდინარე სეზონში - მეექვსედ.

"ლელოსთან" კომენტარში ხარაიშვილი ამბობს, რომ
ეს გამარჯვება "საბურთალოს" მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება:

"ზედიზედ სამი ისეთი თამაში წავაგეთ, მიზეზს ვერ ვპოულობ. ქულებიც დავკარგეთ და ბევრი გოლიც გავუშვით. ეს ძნელი გადასატანი იყო, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს. მთავარია, ჩავარდნას თავი სწრაფად დააღწიო.

მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და "გურია" დავამარცხეთ. ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა - როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სატურნირო თვალსაზრისით. გუნდში ხალისი დაბრუნდა, რაც "საბურთალოს" ძალიან სჭირდებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"