"დინამოში" მატებაა

AutoSharing Option
თურქული შეკრებიდან ჩამოსული თბილისის "დინამო" მეორე ეტაპისათვის მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს, თანაც, დღე არ გავა, ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში "მატება" არ იყოს. სხვათა შორის, სამი დღის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ "პირობა მოგვცა", ჩემპიონატის განახლებამდე გუნდში არაერთ ახალ სახეს ნახავთო და ასეც არის.

მაგალითად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ "დინამოში" გააგრძელებს კარიერას 24 წლის სერბი ნახევარმცველი სემირ ჰაჯიბულიჩი, ვინც ჯერ სამშობლოში ასპარეზობდა, ბოლო ორი წელი კი ალბანურ გუნდებში თამაშობდა. ჰაჯიბულიჩი უკვე თბილისშია და "დინამოსთან" ერთად ვარჯიშობს, დღეს კი
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 30 წლის ჩეხს, ირჟი ჰომოლას ელოდებიან. ტანმაღალი ცენტრალური მცველი წლების განმავლობაში ჩეხეთის წამყვან კლუბებში ("სპარტა", "იაბლონეცი") ასპარეზობდა, ერთი სეზონი თურქეთის უმაღლეს ლიგაშიც აქვს ნათამაშები და ასეთი გამოცდილი უკანახაზელის დამატება "დინამოს" უთუოდ გააძლიერებს.

სხვათა შორის, ჰომოლამ და ჰაჯიბულიჩმა "დინამოსთან" ერთად თურქული შეკრება გაიარეს და რამდენიმე საკონტროლო მატჩიც ჩაატარეს; ანუ, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ამ ფეხბურთელთა შესაძლებლობაში უკვე დარწმუნებულია და კონტრაქტების გაფორმებაც, ფაქტობრივად, დროის ამბავია; "დინამოს" კიდევ ერთი საინტერესო შენაძენი უნდა იყოს 24 წლის პეტარ იელიჩი, ვინც კარიერა ბოსნიურ "მოდრიჩში" დაიწყო, გარკვეული პერიოდი გერმანიაში გაატარა, 2007-10 წლებში ბელგრადის ოფკ-ში თამაშობდა, ბოლოს კი (შარშანდელი სეზონი) რუსეთის პირველ ლიგაში, კერძოდ, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ასპარეზობდა. ტანმაღალი ფორვარდის (იელიჩის სიმაღლეა - 1,87 მ) მიმართ "დინამო" რომ დიდ ინტერესს იჩენდა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თურქული შეკრების დროს კახა კაჭარავა "ვოლგას" საკონტროლო მატჩს დაესწრო. ფაქტია, რომ იელიჩმა კაჭარავას თავი მოაწონა და ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ სერბული წარმოშობის ეს ბოსნიელი ფორვარდი, დიდი ალბათობით, "დინამოში" გააგრძელებს თავის კარიერას.

გუშინ კი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული გამოჩნდა: სლოვენიელი ნახევარმცველი ბორუტ სემლერი. "დინამოს" სხვა ახალწვეულებისგან განსხვავებით, სემლერი ფიზიკური აღნაგობით ვერ დაიტრაბახებს (სიმაღლე - 1,70 მ), თუმცა 25 წლის სლოვენიელ ნახევარმცველს არცთუ ურიგო ბიოგრაფია აქვს: პირველი კლუბი მიუნხენის "ბაიერნის" მოყვარულთა გუნდი იყო, საიდანაც ხორვატულ "ვარტექსში" გადავიდა. ამის შემდეგ ორი სეზონი სლოვენიის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა: ჯერ - "დომჟალეში", მერე - "დრავაში". იელიჩის მსგავსად, წინა სეზონი სემლერმაც რუსეთის პირველ ლიგაში გაატარა და სარანსკის "მორდოვიას" წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 2004-07 წლებში სემლერი სლოვენიის ნაკრებშიც ასპარეზობდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

უცხოელების გარდა, "დინამოში" ქართველი ახალწვეულიც არის: პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სამშობლოში გააგრძელებს კარიერას 23 წლის ნიჭიერი უნივერსალი ზურაბ არზიანი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არზიანი საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელადაც უნდა მივიჩნიოთ; თანაც, ნახევარდაცვისა და შეტევის სხვადასხვა პოზიციებზე ერთნაირი წარმატებით მოასპარეზე არზიანმა ეს გამოცდილება რუსულ პრემიერლიგაში მიიღო, როცა "სატურნის", "რუბინისა" და "ანჟის" ღირსებას იცავდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზურაბ არზიანის მამა, მალხაზ არზიანი გასული საუკუნის 80-90-იანი წლების "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "დინამოსთან" ერთად ვარჯიშობს ლევან ხმალაძე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას არ ვფლობთ. დაბოლოს, დავძენთ, რომ "დინამოში" სელექციის პროცესი კვლავაც გრძელდება და "სატრანსფერო ფანჯრის" დახურვამდე, არ არის გამორიცხული სხვა სიახლეების შესახებაც რომ შევიტყოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული