უმაღლესი ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXV ტური ისტორიას ჩაბარდა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი პირველობის დონე იმატებს. ეგაა, ფინიში ახლოვდება და დაძაბულობაც პიკს აღწევს...

დედა შვილს არ აიყვანდაო...
ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ტურს ვნებათაღელვა არ დაჰკლებია. ჯერ იყო და, "ლოკომოტივი"-"მერანის" მატჩის ბოლოს მოხდა არასასიამოვნო დაპირისპირება, მერე კი ვნებები დუღდა ზესტაფონში ("საპოვნელა"-"ზუგდიდი"), სადაც მსაჯებს ფიზიკურად შეეხნენ...

ზესტაფონში ისეთი ამბები დატრიალდა, დედა შვილს არ აიყვანდაო, თვითმხილველები ამბობენ.

"საპოვნელას" შემტევმა გიორგი ბიბილეიშვილმა, ორი წელი რომ გაუცდა ტრავმის გამო, შესანიშნავი ფლანგური რეიდი განახორციელა. ფირზე ისე ჩანს, რომ ბიბილეიშვილი
წესების დარღვევით შეაჩერეს ზუგდიდელთა საჯარიმოში. არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა კი 11-მეტრიანი არ დანიშნა...

"ზუგდიდის" პირველივე კონტრშეტევას უკვე თერჯოლელთა კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა. მერე კი "დავით აბაშიძეზე" მოხდა ის, რაც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ეს ჩვენი საქმე ნაკლებადაა - ყველაფერში დისციპლინარები გაერკვევიან.

საქართველოს ახალი ჩემპიონის გამოვლენა გადაიდო. "ჩიხურამ" არსებობის ისტორიაში მეორედ მოუგო (იგულისხმება მხოლოდ ჩემპიონატი) თბილისის "დინამოს"...

ლიდერის მდევარმა "სამტრედიამ" კი ერთხელაც გამოავლინა უტეხი ხასიათი და ბოლო წუთებზე სასწაულად შემოატრიალა თამაში "ცხინვალთან" საშინაო მატჩში. მე-15 გოლი შეაგდო ბუდუ ზივზივაძემ, ვინც დღესდღეობით მართლაც შესანიშნავ ფორმაშია...

კარგია, რომ არ გამართლდა...
"შუქურა"-"დილას" ქობულეთურ მატჩს თან არაერთი არასასიამოვნო ვარაუდი ახლდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვება გორელებს დარჩებოდათ, რომელთაც მეტოქეზე მეტად სჭირდებოდათ 3 ქულა.

მავანს ამგვარი ვარაუდის საფუძველს, ალბათ, ის აძლევდა, რომ გუნდებს შორის ძალიან "ახლო" ურთიერთობაა. "დილას" პირველ წრეში რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავდა განათხოვრებული "შუქურაში". ისინი ახლა ისევ გორული კლუბის ღირსებას იცავენ...

საბედნიეროდ, ვარაუდი არ გამართლდა - იყო ბრძოლა და ნაკლებად მოტივირებული "შუქურას" 3 ქულა. "დილას" კი ჯერაც ვერ მოვიხსენიებთ საქართველოს ექსჩემპიონად, რადგან ჩემპიონობის მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ შემორჩა, თუმცა იქ ახლა ამაზე არავინ ფიქრობს. მთავარია, "დილამ" მესამე ადგილი შეინარჩუნოს, რაც ევროპალიგაზე მოხვედრის გარანტიაა - აი, ეს არის ახლა გორელთა მთავარი მიზანი.

აქვე ვთქვათ, რომ ამ მატჩის გმირი "შუქურას" 23 წლის ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე (მის შესაძლო თურქულ ტრანსფერზე მე-5 გვერდზე წაიკითხავთ) გახდა. მას უდავოდ კარგი სეზონი აქვს.
"დილა" კი მშვიდად ვერაფრით იქნება, რადგან უჩა სოსიაშვილის გუნდს ზურგსუკან კონკურენტების - "ჩიხურასა" და "სიონის" "სუნთქვა" ესმის.

დუბლები
ისე მოხდა, რომ ჰეთ-თრიკს ამ ტურშიც ვერ ვეღირსეთ. საერთოდ, რაც ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, დაფიქსირდა მხოლოდ ერთი ჰეთ-თრიკი, რომელიც "საბურთალოს" ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა.

სამაგიეროდ, ვნახეთ დუბლები და უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ფეხბურთელმა კარიერაში პირველად გაიტანა ორი გოლი მოწინააღმდეგის კარში: 24 წლის ევგენი მოროზენკომ ("გურია"), 19 წლის გურამ გოშთელიანმა ("საბურთალო"), 24 წლის გიორგი ბუხაიძემ ("საპოვნელა") და 26 წლის ლევან წურწუმიამ ("ზუგდიდი").

სერიები: "ცხინვალი" ერთადერთია...
ახლა ვილაპარაკოთ როგორც უიღბლო, ისე იღბლიან სერიებზე. უიღბლოთი დავიწყოთ. მართლაც რთული ასახსნელია, რა სჭირს ბათუმის "დინამოს". აჭარელთა კრიზისს მხოლოდ მოჭარბებული ტრავმებით თუ ავხსნით.

ტური არ გავა, ახალი მწვრთნელი არ გამოჩნდეს ასპარეზზე. ახლაც ასე იყო: "სიონი" არმაზ ჯელაძემ გაიყვანა სათამაშოდ, ბათუმის "დინამო" კი - ლევან ხომერიკმა. ზღვისპირელთა შედეგებზე მთავარი მწვრთნელის შეცვლა ჯერ არ ასახულა. აჭარლებმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგეს.

უიღბლო სერია აქვს "ცხინვალსაც". აი, ამის ახსნა კი უფრო იოლია. გუნდს ფინანსურად ძალიან უჭირს და საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკა კაჭარავა აღარ ჰყავს. კახა კაჭარავას გუნდი მეორე წრეში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვების სიტკბო არ უგრძვნია.

აღმავლობის გზაზე დგას "საბურთალო". მას შემდეგ, რაც გუნდის სათავეში პაბლო ფრანკო მარტინი მივიდა, ამ ახალგაზრდულ კრებულს თამაში არ წაუგია. ეს სერია უკვე 6 მატჩს მოიცავს. არ შეიძლება, "ხეტაფეს" ყოფილ დამრიგებელს მუშაობა არ შეუქო. აქვე შევნიშნოთ, რომ ფოთის "კოლხეთთან" მოპოვებული გამარჯვება (5:0) სარეკორდო იყო ამ გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში.

საბურთალოელები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ეს გვახარებს, ამ გუნდის შემადგენლობაში ხომ საქართველოს ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების არაერთი ფეხბურთელი თამაშობს...

დებიუტანტები
ტური რამდენიმე ფეხბურთელისთვის დაუვიწყარი იქნება. სწორედ გასულ უქმეებზე ჰქონდათ დებიუტი გურამ სირაბიძეს ("დინამო", ბთ), ალეკო გამყრელიძეს ("დილა"), ილია შენგელიასა და ნიკოლოზ გაბრიჭიძეს (ორივე - "ცხინვალი").

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით იღბლიანი დებიუტი გაბრიჭიძეს გამოუვიდა, ვინც "ცხინვალს" გოლითაც შეეწია. რა ვუყოთ, რომ ამ გოლმა სამტრედიიდან თუნდაც ქულის წამოსაღებად არ იკმარა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"