"ტორპედომ" "მერანს" მეორედაც მოუგო

AutoSharing Option
გუშინ ქუთაისის "ტორპედო" პირველი ლიგის ლიდერ მარტვილის "მერანს" საკუთარ ბაზაზე ამხანაგურად ეთამაშა. დეკემბერში, როდესაც მოსამზადებელ ეტაპს იწყებდნენ, გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და მაშინ ქუთაისელებმა 3:0 გაიმარჯვეს.

ეს მატჩიც მათი უპირატესობით დაიწყო: სახიფათო მომენტები შექმნეს გიორგი სეთურიძემ, თენგიზ ჩიკვილაძემ, ლევან ბაკურაძემ. მასპინძლებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს: თორნიკე თარხნიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ ვერ დაიმორჩილა, ვახტანგ კვარაცხელიამ კი დამატებაზე გაიტანა.

"ტორპედო" მეორე ტაიმშიც უტევდა. 62-ე წუთზე ლუკა გუგუჩიამ ახლო მანძილიდან დაარტყა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ყველას ისევ მასპინძელთა ნახევარმცველმა დაასწრო და ანგარიში გაზარდა
- 2:0.

65-ე წუთზე ტორპედოელები დაცვაში შეცდნენ და "მერანის" ფორვარდმა სხვაობა შეამცირა - 2:1.

ამის შემდეგ მთავარმა არბიტრმა კამათისთვის ჩიკვილაძე მოედნიდან გააძევა, მაგრამ მასპინძლებს მისი შეცვლის უფლება მისცა, "ტორპედოს" თავკაცმა გია გიგატაძემ კი მოედანზე თემურ ფარულავა შეიყვანა.

მატჩი ასეც დასრულდა - ქუთაისელებმა 2:1 მოიგეს. მეორე ეტაპამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს "ტორპედო" დღეს საკუთარ ბაზაზე ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" გამართავს.

"ტორპედო": მიგინეიშვილი - ფოფხაძე (46. გუგუჩია), ს. თოდუა, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე (75. ფარულავა) - სეთურიძე (70. გურული), ქებაძე (46. ნ. მაისურაძე), ბაკურაძე (46. მეგრელაძე), თარხნიშვილი (55. გიგაური), დათუნაიშვილი (56. გ. ჩხეტიანი) - ვ. კვარაცხელია (46. გოცირიძე).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული