თემურ ღონღაძე "ოლიმპიდან" წავიდა

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპის" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა თემურ ღონღაძემ კლუბი დატოვა. ჩვენთვის ეს მაშინ გახდა ცხადი, როდესაც "ოლიმპმა" თსუ-სთან საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. რუსთაველებმა ორი შემადგენლობით ითამაშეს, 25 წლის მცველი კი მოედანზე არ გამოჩენილა. ცხადია, ამან კითხვები დაბადა, მაგრამ მაშინ ღონღაძის უთამაშებლობა ტრავმით ახსნეს.

გუნდიდან ღონღაძის წასვლა გუშინ რუსთაველთა პრესატაშე შოთა შერმადინმა დაგვიდასტურა.

"თემურ ღონღაძის წასვლას გიდასტურებთ. მას დღეს კლუბმა გათავისუფლების ფურცელი მისცა და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. გეტყვით, მიზეზსაც: ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრეს, თორნიკე მაისურაძემ უთხრა, რომ ძირითადში ადგილს ვერ
შეჰპირდებოდა. მაშინ ფეხბურთელმა გათავისუფლების ფურცელი და კონტრაქტის გაწვეტა ითხოვა. კლუბს მისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია, ხელშეკრულება გაბათილდა და მას წარმატებებს ვუსურვებთ" - გვითხრა შერმადინმა.

"თბილისის "დინამო" ან ბოლნისის "სიონი" - დაზუსტებული ინფორმაციით, ღონღაძე კარიერას ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთში გააგრძელებს. ექს-ოლიმპელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და "ოლიმპიდან" წამოსვლასა და ახალ გუნდზე მისი კომენტარი ვერ მოვისმინეთ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ღონღაძე მარჯვენა მცველია, თამაშობდა "ბორჯომში", "ვიტ ჯორჯიაში", ახალციხის "მესხეთში", "ოლიმპში", ზაქათალის "სიმურგში", საიდანაც "ოლიმპში" დაბრუნდა. უთამაშია საქართველოს 17-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული