თუმცა, მეორე ეტაპიდან საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი უჩვეულოდ "სტაბილური" იქნება: ზემოთნახსენები საწყისი ტურის გარდა, ყველა სხვა დანარჩენი ტური ერთ დღეს ჩატარდება. ჩემპიონატის დასკვნითი ორი ტური ერთი და იგივე დროს და ერთ დღეს რომ უნდა გაიმართოს, ამას დიდი ხანია
კარგია თუ ცუდი მსგავსი პრეცედენტი? სხვისი რა მოგახსენოთ და, ჩვენი აზრით, უფრო დადებით მოვლენასთან გვაქვს საქმე, ვიდრე - უარყოფითთან: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ შემთხვევაში, ვერც ერთი გუნდის ხელმძღვანელი ვერ დაიჩივლებს, მეტოქეებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ვიმყოფებითო; აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ მომხდარა, როც ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენლისგან მოგვისმენია: კონკრეტული მატჩის მზადებისთვის მოწინააღმდეგეს, ჩვენთან შედარებით, ერთი ან ორი დღით მეტი ჰქონია და ამიტომ, ჩვენც არ გვაწყენდა შეხვედრის უფრო გვიან გადატანაო.
ამას გარდა, ათივე გუნდის მწვრთნელებსაც უნდა აწყობდეთ ასეთი "სტაბილური" კალენდარი: საწვრთნელ პროცესს ახლა ბევრად უფრო საფუძვლიანად და, რაც მთავარია, "სტაბილურ გარემოში" დაგეგმავენ. თუმცა, მეორე ეტაპზე კალენდრის მართლაც დახვეწამ, შესაძლოა, გარკვეული უკუეფექტიც გამოიწვიოს: სანაკრებო მატჩებისა და სათასო დაპირისპირებების გამო, ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს, ცოტა არ იყოს, შემჭიდროვებულ გრაფიკში მოუწევთ ასპარეზობა; ანუ, ჩემპიონატის შეხვედრები, ფაქტობრივად, ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს უნდა ჩატარდეს. ჰოდა, როგორ გგონიათ, გაუძლებენ კი საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები თავიანთთვის "მიუჩვველ", ევროპაში კი "ჩვეულებრივად" მიჩნეულ გრაფიკს?..
ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გულშემატკივრებს საკმარისზე მეტ ინტრიგას გვპირდება; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოქროს მედლებისათვის ხომ უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი, - თანაც, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სამ გუნდს რეალურად შეუძლია ტიტულის მოპოვება; ნურც სიურპრიზებს გამოვრიცხავთ, და იმასაც, რომ შესაძლოა, ზოგიერთი გუნდის ქომაგისათვის ეს სიურპიზი სასიამოვნო აღმოჩნდეს, ზოგისთვის კი - უსიამოვნო.
არანაკლებ ინტრიგას ველოდებით ცხრილის ქვედა ნაწილშიც; შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი ლიგიდან "ავტომატურად" 2 გუნდი ვარდება, ბოლოდან მესამეადგილოსანს კი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად "პლეი-ოფის" შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
დღესდღეობით კი სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაციაა, რომ ათიდან, სულ მცირე შვიდ გუნდს "მძიმე" ფინიში რომ ელოდება. რა თქმა უნდა, ამ შვიდიდან ერთი-ორი გუნდის დაქვეითება, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენლადაც მიგვაჩნია, მაგრამ ამ ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც საკმარისზე მეტი იყო სენსაცია და ვფიქრობთ, გაზაფხულზეც არაერთხელ ვნახავთ. ოღონდ, ისიც ვისურვოთ, XXII ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპის მატჩების უმრავლესობამ პატიოსანი თამაშის პრინციპით რომ ჩაიაროს; იმის იმედადაც ვიყოთ, ჩემპიონატში მონაწილე ათი გუნდი ორ-სამგუნდიან "ბლოკად" თუ "კოალიციად" რომ არ გადაიქცევა, თორემ თუ ადრინდელივით მრავლად იქნება უნიჭოდ დადგმული "საფეხბურთო სპექტაკლები", ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე აღარც უნდა ვიფიქროთ.
''ზესტაფონი''
ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპს ცხრილის სათავეში მყოფი "ზესტაფონი" არცთუ ერთგვაროვან "ხასიათზე" ხვდება; გია გეგუჩაძის გუნდმა ნაყოფიერი ზამთრის შეკრება გაიარა და ესპანეთიდანაც (სადაც პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობდა) სულ ახლახან დაბრუნდა. თუმცა, იმავე ესპანურ შეკრებაზე გუნდში, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სასიამოვნო ფაქტი მოხდა: სამშობლოში ვადაზე ადრე (და, რაც მთავარია, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ) გამომგზავრება მოუხდათ "ზესტაფონის" გამორჩეულ ფეხბურთელებს, გიორგი ხიდეშელსა და ნიკოლოზ გელაშვილს; ჩემპიონატის ლიდერი მეორე ეტაპს, კონკურენტებისგან განსხვავებით ყველაზე გვიან იწყებს და, ალბათ, ორშაბათამდე გარკვეული იქნება კიდეც, თუ რა ბედი ელით გუნდის ორ, უდავო ლიდერს; ახალი რა უნდა ვთქვათ: ხიდეშელი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გამოცდილ მოთამაშედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ და ჩვენი აზრით, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც უნდა ჰქონდეს პრეტენზია; გელაშვილი კი არამხოლოდ თავისი გუნდის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი და ბომბარდირია და ამ შემთხვევაში, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ გუნდში.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს "ზესტაფონში" მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. გუნდმა იჯარით რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გაასხვისა, ძირითად შემადგენლობაში რომ ვერ ხვდებოდა; რაც შეეხება მატებას, ამჯერად გუნდში მხოლოდ ორი პოტენციური ახალწვეულია: ხორვატი მცველი გრუიცა და გამოცდილი უნივერსალი ზურაბ მენთეშაშვილი. ფაქტია რომ ამ უკანასკნელის დამატებით "ზესტაფონი" სერიოზულად გაძლიერდება და თავად მენთეშაშვილსაც საკმარისზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს: ეროვნულ ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულ ნახევარმცველს, წესითა და რიგით, საქართველოს ნაკრებში ერთ დროს "დაჯავშნული" ადგილის კვლავაც დაბრუნება რომ ენდომება, ფაქტია. ისე, "ზესტაფონისთვის" თებერვალში ჩასატარებელ ოთხივე მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება: გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქეები უშუალო კონკურენტები ("ოლიმპი", "დინამი"), ევროტურნირების საგზურის კანდიდატი ("ტორპედო") და საკმაოდ მოძლიერებული და ამბიციური "სპარტაკი" იქნებიან.
''ოლიმპი''
ჩემპიონი რომ ტიტულის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება; ყოველ შემთხვევაში, რუსთავის კლუბის ხელმძღვანელობას რომ კვლავაც ამბიციური მიზნები აქვს, "ოლიმპის" უცხოურ შეკრებაზე ყოფნის ფაქტიც მოწმობს. ჰო, მსგავსი რამ ამ კლუბის ექვსწლიან ისტორიაში ხომ მხოლოდ ერთხელ იყო, როცა დსთ-ის თასის წინ გუნდი ყირიმში ემზადებოდა; ახლა კი "ოლიმპმა", როგორც ამბიციურ გუნდს ეკადრება, შეკრება ანთალიაში გაიარა და ისიც აღსანიშნავი ფაქტია, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის, თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით რუსთაველებმა ხუთივე საკონტროლო მატჩი (ხუთივე - უცხოურ კლუბთან) მოიგეს.
ეს ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი "ოლიმპის" ისტორიაში სხვა მხრივაც არის განსაკუთრებული: აქამდე ხომ ყველა "მიჩვეული" ვიყავით ყოველ ექვს თვეში გუნდში მომხდარ რადიკალურ ცვლილებებს; არადა, მართლაც უცნაური სიტუაცია იყო-ხოლმე: ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მოასპარეზე შემადგენლობიდან 15-16 ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდს მიაშურებდა, მათ ნაცვლად კი გუნდში ამავე რაოდენობის ახალწვეული მოდიოდა. თუმცა, უფრო მეტად "უცნაური" ის იყო, ასეთი "ტრადიციული" საკადრო ცვლილებები გუნდის შედეგზე უარყოფითად რომ არ ისახებოდა. აი, ამჟამად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი აღარაფერი მომხდარა: "ოლიმპიდან" მხოლოდ ვეტერანი მეკარე გრიგოლ ჭანტურია და თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი წავიდნენ, პოტენციურ ახალწვეულთა უმრავლესობაც ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდაა (ერთადერთი, ვინც მეტ-ნაკლებად გამოცდილი ფეხბურთელია, "სამტრედიის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე გახლავთ).
ამჟამად, "ოლიმპი" ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება და "ზესტაფონს" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება; თანაც, ჩემპიონობისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტის მსგავსად "ოლიმპსაც" საკმაოდ რთული თებერვალი ელოდება - თორნიკე მაისურაძის გუნდს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ოთხი ურთულესი მატჩი ელოდება ("ვიტ ჯორჯიასთან", "ტორპედოსთან", "დინამოსთან", "ზესტაფონთან")...
''დინამო''
ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ყველაზე დიდ ინტერესს "დინამოში" მიმდინარე პროცესები იწვევდა და, ერთი შეხედვით, ეს ფაქტი მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპი ახალი დასრულებული იყო, საფეხბურთო საზოგადოებამ "დინამოს" ახალი პოტენციური მეპატრონის ვინაობა რომ გაიგო - რომან ფიფიას გამოჩენამ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ქომაგთა შორის, უპირველესად, უკეთესი მომავლის იმედი დააბრუნა. საერთოდაც, ამ ბოლო ორ თვეში "დინამოში" სწორედაც რომ დაბრუნების ტენდენცია შეინიშნებოდა: კლუბშიც და გუნდშიც ამჟამად არაერთი ყოფილი დინამოელია. ეგ კი არა, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ: მთავარ მწვრთნელად კვლავაც კახა კაჭარავა იმუშავებს, მის ასისტენტად - ზაურ სვანაძე, დუბლების თავკაცად - რამაზ მუმლაძე. კლუბში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნენ მურთაზ შელია და მიხეილ ჯიშკარიანი, ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც "დინამოს" მაისურით იასპარეზებს შოთა კაშია, უფრო დიდი შესვენების შემდეგ ისევ ეროვნულ ჩემპიონატში ვიხილავთ დიმიტრი ტატანაშვილს და ასე შემდეგ.
საერთოდაც, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტად "დინამომ" იაქტიურა და ზუგდიდის "ბაიადან" ორი პერსპექტიული ახალგაზრდის (ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ზარქუა) გარდა, ერთდროულად რამდენიმე უცხოელითაც გაძლიერდა. მარკო მაროვიჩი, ირჟი ჰომოლა, სემირ ჰაჯიბულიჩი, პეტარ იელიჩი, ბორუტ სემლერი - ამ უცხოელებიდან ყველას თუ არა, ერთი-ორს მაინც გუნდის ლიდერობაზე პრეტენზიაც უნდა ჰქონდეს; ისე როგორც "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულს, წლების განმავლობაში რუსეთში მოასპარეზე ახალგაზრდა უნივერსალს, ზურაბ არზიანს. აი, დანაკლისს რაც შეეხება, არა გვგონია, დონალდ ჯუისის ტრანსფერზე დაყენებას გუნდი დაესუსტებინოს, თუმცა "დინამოს" ერთგული ქომაგები მათე ვაწაძესა და დავით მუჯირს რომ მოისაკლისებენ, ფაქტია.
როცა გუნდში (გნებავთ, კლუბში) ასეთი მასშტაბური ცვლილებები ხდება, იმ გუნდისგან რაღაც "განსაკუთრებულს" რომ უნდა ელოდოს ყველა, ბუნებრივიც არის; მით უფრო, რომ ამჯერად გუნდის სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს "გარეშე ფაქტორებზე" სალაპარაკო აღარაფერი უნდა ჰქონდეთ. ანუ, "დინამო" რომ ჩემპიონობისათვის იბრძოლებს, ყველასათვის ცხადია, მაგრამ გუნდის უამრავი ახალწვეული ერთმანეთში რამდენად მალე გამონახავს საერთო ენას, ეს უკვე სხვა საკითხია.
''ვიტ ჯორჯია''
ათგუნდიანი ჩემპიონატის ხიბლი ისიც არის, როცა გადამწყვეტი ეტაპის წინ მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდს მედლებისათვის ბრძოლის ნაცვლად უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე ფიქრი მოუწევს. "ვიტ ჯორჯიაზე" მოგახსენებთ, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქართულ კლუბზე, ამ ჩემპიონატში ბევრად მოკრძალებული მიზნები რომ ექნება. თავად განსაჯეთ: მერაბ კოჭლაშვილის გუნდი ხომ მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით არის დაშორებული სახიფათო ზონას! თუმცა, ქულათა მწირი მარაგის მიუხედავად, მაინც არა გვგონია, "ვეტერინარებს" მეორე ეტაპის ბოლოსკენ გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწიოთ.
არადა, ვერავინ იტყვის, ზამთრის პაუზის დროს გუნდი გაძლიერდაო, - უფრო პირიქით არის, რადგანაც ძალიან დიდი ალბათობით რუსეთში გააგრძელებენ კარიერას "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში შემორჩენილი ორი გამოცდილი ფეხბურთელი (დავით ლომაია, ირაკლი კლიმიაშვილი); რაც შეეხება "ვეტერინართა" უპირობო ლიდერს, ჯაბა ლიპარტიას, ამ შემთხვევაში კი ყველაფერი გარკვეულია: საქართველოს XXII ჩემპიონატის პირველი ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ამიერიდან უკრაინული გუნდის, ლუგანსკის "ზარიას" ღირსებას დაიცავს. ყოველივე ზემოთქმული კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე მერაბ კოჭლაშვილს ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ეყოლება; თუმცა, "ვეტერინართა" ძირითად ბირთვს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა და, აქედან გამომდინარე, ძნელადაც წარმოგვიდგენია, გუნდს პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე რომ დაემუქროს. მით უფრო, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ჯერ თბილისში გაიარა შეკრება, შემდეგ კი მზადება თურქეთში გააგრძელა. ნაყოფიერი შეკრება კი გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა: ჩემპიონატის გარდა "ვიტ ჯორჯია" ხომ თასზეც აგრძელებს ასპარეზობას და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. არადა, ევროტურნირებზე მოსახვედრად, "ვეტერინარებს" სწორედ თასზე წარმატებული თამაში მოეთხოვებათ, თანაც, თასის მოქმედ მფლობელს ნახევარფინალში მეტოქედ პირველი ლიგის წარმომადგენელი "გაგრა" ეყოლება, მაგრამ რანგთა შორის სხვაობის მიუხედავად, ამ წყვილში ფავორიტობას ვერც ერთ გუნდს მივანიჭებთ.
''ბაია''
ჩემპიონატის დაწყების წინ ზუგდიდურ კლუბში ისეთი ცვლილებები მოხდა, ბევრმა (მათ შორის, ჩვენც) მიიჩნია, რომ "ბაიას" თავისუფლად შეეძლო მედლებისათვის ებრძოლა. თუმცა, სეზონის სტარტიდან ბევრი დრო არ იყო გასული, როცა "ბაიას" ფინანსური კრიზისი "გახმოვანდა". ყოველივე ამან კი ის გამოიწვია, რომ გუნდის გამოცდილ ახალწვეულთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (ალექსანდრე გოგობერიშვილი, გიორგი მეგრელაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ხიდეშელი, გელა ხუბუა, ლადო ახალაია) "ბაია" დატოვა და ზუგდიდელთა მთავარ მწვრთნელს, ელგუჯა ქომეთიანს მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები პლუს ერთი-ორი ვეტერანი მოთამაშე (როინ ონიანი, ლევან აკობია) შემორჩა.
სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისი პირველი ეტაპის ბოლომდე გაგრძელდა და არც ახლაა დამაიმედებელი სიტუაცია. მით უფრო, რომ "ბაია" კიდევ უფრო დასუსტდა: ლევან აკობიამ კვლავაც სომხეთში არჩია კარიერის გაგრძელება, გუნდის ორი პერსპექტიული ფეხბურთელი (თორნიკე ზარქუა, ნიკა კვეკვესკირი) თბილისის "დინამომ" მიიწვია, ახალგაზრდა შემტევი ლუკა გუგუჩია კი ქუთაისის "ტორპედოში" იასპარეზებს. ასეთი სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, მაინც გვგონია, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ გუნდებს შორის "ბაიას" მცირედი უპირატესობა ექნება; ასეთი ოპტიმიზის საფუძველს კი ზუგდიდურ გუნდში დარჩენილი ფეხბურთელების კვალიფიკაცია გვაძლევს, - "ბაიას" შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე საინტერესოდ რომ მიგვაჩნია.
იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია ზუგდიდურ გუნდს ბედის ანაბარა არ მიატოვებს და "ბაიას" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ზღაპრულ თუ არა, ელემენტარულ პირობებს მაინც შეუქმნის. არადა შესუსტებული და ერთიანად გაახალგაზრდავებული შემადგენლობით მოასპარეზე "ბაიამ" პირველ ეტაპზე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა და დარწმუნებულები ვართ, მსგავსი სენსაციები მეორე ეტაპისათვისაც ექნება "შემონახული".
''ტორპედო''
ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაზე დიდ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" დაბრუნება იწვევდა. დაიწყო პირველი ეტაპი და სეზონის ლამის მთავარი... იმედგაცრუებაც სწორედ "ტორპედოსთან" ასოცირდებოდა: ფინანსურად წელში გამართული და კვალიფიციური მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ქუთაისური გუნდი ტურიდან-ტურამდე ცხრილის ფსკერისკენ ეშვებოდა. რაღა თქმა უნდა, ასეთი წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი გუნდის ახალწვეულთა ერთმანეთთან შეუთამაშებლობა იყო.
მოკლედ, დროის ფაქტორი "ტორპედოსთვის" ერთობ აქტუალური გამოდგა და ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, "ლოდინი" არ უყვართ, - მოკლედ, სამწვრთნელო ცვლილებამაც არ დაახანა და გამარჯვებებიც "წამოვიდა"! იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპის ბოლოსკენ "ტორპედომ" სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია, არავის ეპარებოდა ეჭვი გუნდში სერიოზული ცვლილებების მოხდენაში. ბოლოს და ბოლოს, კლუბის ამბიციური ხელმძღვანელობა ნამდვილად ვერ შეეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ყველანაირი პირობაშექმნილი "ტორპედო" მხოლოდ მოკრძალებული მიზნებით დაკმაყოფილებულიყო. ამიტომაც, გუნდმა მეტად და მეტად აქტიური სატრანსფერო კამპანია აწარმოა და, ფაქტობრივად, მასშტაბურობით მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩა. ოღონდ, ძველი და პრინციპული მეტოქისაგან განსხვავებით, ქუთათურებმა მხოლოდ ადგილობრივი "ბაზარი" აითვისეს და საკმაოდ კვალიფიციური კადრებიც დაიმატეს.
ეგ კი არა, ამჟამად, ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ ქუთაისელთა დებიუტანტ მწვრთნელს, გია გიგატაძეს (პირველ ეტაპზე მხოლოდ დადებითი კუთხით რომ წარმოჩინდა) ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს. ეს კი იმის წინაპირობას იძლევა, რომ მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, "ტორპედოს" მედლებისათვის ბრძოლაც რეალურად ხელეწიფება; თუმცა, ქუთაისში უკვე დღესვე... 19 აპრილის მოლოდინში არიან: საქართველოს თასის ნახევარფინალში "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" მონაწილეობით ხომ "დიდი იმერული დერბი" გველოდება!
''სიონი''
ზედიზედ მეხუთე სეზონია, ბოლნისური კლუბი ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ გუნდად რომ შეიძლება მივიჩნიოთ; ანუ, "სიონის" საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდს, თითქოსდა მოტივაცია დაეკარგაო: არც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდა და არც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, სეზონი არ გავიდოდა გუნდს ერთ-ორი სიურპრიზი არ შემოეთავაზებინა: თავისზე ბევრად ძლიერ გუნდს გაამწარებდა და ამ დროს, თავისზე ბევრად სუსტებთან ქულებს ანიავებდა.
თითქმის იგივე "სურათი" ვიხილეთ პირველ ეტაპზეც, როცა დებიუტანტი მწვთნელის, გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ჩემპიონობის ფავორიტები "დინამო" და "ოლიმპი" ბოლნისიდან უქულოდ გამოუშვა! სამაგიეროდ, ისეთი მატჩების გახსენებაც შეგვიძლია, "სიონს" აშკარად უკეთ რომ მართებდა თამაში, თუმცა ის კი ფაქტია, რომ გუნდში არსებული რესურსის გათვალისწინებით, ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ დანაკლისად უნდა მივიჩნიოთ ვლადიმერ უგრეხელიძის, მურმან ქურასბედიანის, ლაშა ჭელიძისა და რევაზ გოცირიძის გუნდიდან წასვლა; თუმცა, შევსებაც არანაკლებ სოლიდურია და "სიონის" ყველა ახალწვეულსაც გამოცდილება თუ ოსტატობა არ დაეწუნება: ალექსანდრე გოგობერიშვილს, რევაზ ჯიქიას, ირაკლი ჩირიკაშვილს, ნიკა კვასხვაძეს; გარკვეულ ინტერესს იწვევს "სიონის" შემადგენლობაში ორი ახალი სახის გამოჩენაც: გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ქუცურუა წლების წინ პერსპექტიულ ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო, დიდი დრო გაუცდათ და ახლა ბოლნისურ გუნდში შეეცდებიან საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას. ერთ-ერთი ძველ-ახალი ამბავი ბოლნისური კლუბიდან კი, ალბათ ყველამ იცის: მეორე ეტაპისათვის გუნდს ადგილობრივი ფეხბურთის მართლაც კოლორიტი გიორგი ყიფშიძე წარუძღვება, ვისაც თავკაცობას ყოველთვის გუნდის ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნისას სთავაზობდნენ.
''კოლხეთი''
"ტორპედოს" მსგავსად ჩემპიონატის დაწყების წინ არანაკლებ გვიხაროდა კიდევ ერთი ტრადიციული გუნდის ელიტაში დაბრუნება - ფოთის "კოლხეთის" აღზევებას ვგულისხმობთ, თანაც ბესიკ შეროზიას გუნდმა ეს დაწინაურება სპორტული პრინციპებით მოახერხა და არა გეოგრაფიული თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ოპტიმისტური განწყობა ჩემპიონატის მსვლელობისასაც გაგრძელდა - "კოლხეთი" იყო ერთადერთი გუნდი, სეზონის პირველი თვე დაუმარცხებლად რომ ჩაატარა!
ეგ კი არა, ფოთელთა გუნდი ასევე ერთადერთი იყო, აგვისტოს თვეში საკუთარ კარში გოლი რომ არ ჰქონად გაშვებული და როცა "კოლხეთის" ამბიციებზე ვსაუბრობდით, ვერაფრით წარმოვიდგენდით, თუ რა სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კლუბს. თუმცა, "სერიოზული პრობლემები" კიდევ რბილად ნათქვამია: მეორე წრიდან მოყოლებული "კოლხეთი", ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით ასპარეზობდა და ყოველივე ეს რომ გუნდის ასპარეზობაზე ნეგატიურად აისახებოდა, სატურნირო ცხრილიც მოწმობს. მოკლედ, "კოლხეთი" თამაშს-თამაშზე აგებდა და კიდევ კარგი, სეზონის დასაწყისში გუნდმა გარკვეული რაოდენობის ქულები დააგროვა, თორემ გამოკვეთილი აუტსაიდერობა არ ასცდებოდა.
ჯერ კიდევ პირველი ეტაპის მსვლელობისას გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა (დათა სიჭინავა, ვლადიმერ ჯოჯუა, ოლეგ გველესიანი, მიხეილ მახვილაძე, ალექსანდრე ინწკირველი, დავით ციცხვაია, გიორგი სილაგავა, რევაზ ჯიქია, გიზო შენგელია) დატოვეს; თუმცა, ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ამათგან ორი გამოცდილი მოთამაშის (მახვილაძე, ინწკირველი) დაბრუნება მოხერხდა; რაც მთავარია, გუნდში დარჩა მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია და რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ახალწვეულის დახმარებით "კოლხეთს" მეორე ეტაპზე ერთადერთი მიზანი ექნება - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
''სამტრედია''
მეორე სეზონია რაც "სამტრედია" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში გუნდი პატარ-პატარა კი არა, ბევრად უფრო მასშტაბური სენსაციებით ანებივრებდა თავის ერთგულ გულშემატკივარს; სხვანაირად ვერც იქნებოდა: სამტრედიაში ნებისმიერი მატჩის დროს ხომ სტადიონზე ანშლაგი გარანტირებული იყო და მოდი ამის მერე მონდომებულად არ ითამაშო! ასე იყო წინა სეზონშიც და იგივე გაგრძელდა ამ ჩემპიონატშიც, როცა უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, "სამტრედიამ" რამდენიმე მართლაც შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა (და არა მხოლოდ ჩემპიონატის ფავორიტებთან). არადა, როგორია, როცა უხელფასო და უპრემიო ფეხბურთელი მოედანზე გადის და თავისზე ბევრად უზრუნველყოფილ და უპრობლემო (გნებავთ, სახელიანსაც) მეტოქეს ამარცხებს, თანაც იცის, რომ მდგომარეობა არც ხვალ და არც ზეგ არ გამოსწორდება.
აი, ასეთ "საფეხბურთო" სიტუაციაში უხდებოდა მუშაობა პირველ ეტაპზე უკვე პერსპექტიულ სპეციალისტად მიჩნეულ ახალგაზრდა მწვრთნელს, გელა სანაიას, ვინც, სამწუხაროდ, ზამთრის პაუზის დაწყებამდე გუნდს დაემშვიდობა. არა, გუნდი არც დაშლილა და შეძლებისდაგვარად ვისაც ევალება ყველაფერს აკეთებენ კიდეც, მაგრამ, ზემოთქმულის არ იყოს, უხელფასო და უპრემიო ფეხბურთლ(ებ)ს როგორ უნდა მოთხოვო ყველა მატჩში მაქსიმალური მოტივაციით ასპარეზობა? თანაც, მთავარი მწვრთნელის მსგავსად გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც (ლაშა ქებაძე, ლევან ბაკურაძე, ვაკო ტყემალაძე, ლაშა ძაგანია, დავით კირკიტაძე) წავიდა და "სამტრედიის" ახალ თავკაცს, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტს ლევან ანჯაფარიძეს სერიოზულზე-სერიოზული საფიქრალი ექნება კვალიფიციური ფეხბურთელებით გუნდი რომ დააკომპლექტოს.
რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, კვლავაც მშობლიური გუნდის ღირსებას რომ დაიცავს პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი შოთა ჩომახიძე, მაგრამ გუნდის მთავარი მიზნის მისაღწევად იქნება კი ეს საკმარისი?
''სპარტაკი''
აი, ამ შემთხვევაში კი, მართლაც პარადოქსულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ჩემპიონატის სტარტამდეც ვვარაუდობდით, რომ "სპარტაკის" პროგრამა-მაქსიმუმიცა და მინიმუმიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა. ასეც მოხდა: პირველი ეტაპის შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე სწორედ "სპარტაკი" იმყოფება, მაგრამ ზემოთნახსენები პარადოქსული სიტუაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ უძლიერესთა შორის ადგილი შენარჩუნების ყველაზე საუკეთესო შანსი სწორედ ამჟამინდელ ბოლოადგილოსანს აქვს!
ასეთი ოპტიმისტური დასკვნის გაკეთების საფუძველს კი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს გუნდის გაუმჯობესებული თამაშიც გვაძლევს: ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით "სპარტაკმა" საჭიროზე-საჭირო ქულების მოგროვებაც დაიწყო და თავიდან თუ ყველა განწირულ გუნდად მიიჩნევდა, ამჟამად სულ სხვაგვარი სიტუაციაა. თანაც, საქმე მხოლოდ კონკურენტებთან სამქულიან ჩამორჩენაში არ არის: "სპარტაკს" არც ფინანსური პრობლემები აწუხებს, ზამთრის მოსამზადებელი პერიოდიც ნაყოფიერად ჩაატარა და, რაც მთავარია, ისეთი ფეხბურთელებიც ჰყავს, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება რომ არ უნდა გაუჭირდეს. რა თქმა უნდა, გამოცდილი შოთა კაშიას წასვლა გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია, მაგრამ შევსებაც არანაკლებ სოლიდურია, მით უფრო რომ ვლადიმერ უგრეხელიძეს, მურმან ქურასბედიანს, ზვიად მეტრეველსა და გიორგი მამუჩიშვილს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება აქვთ.
"სპარტაკის" დადებით მხარეებზე ვსაუბრობთ და გუნდის ორი ლიდერიც უნდა ვახსენოთ: გამოცდილზე- გამოცდილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი და ნიჭიერი გამთამაშებელი ვალერი ბოლქვაძე; სწორედ ამ ორი ფეხბურთელის ოსტატობაზეც დიდად არის დამოკიდებული "სპარტაკის" წარმატებული ასპარეზობა ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.