უჩა სოსიაშვილი: ამ დროისთვის, თითქმის არცერთ ფეხბურთელს აქვს "დილასთან" კონტრაქტი

AutoSharing Option
სულ მალე გორის "დილას" ევროპალიგაზე მოუწევს თამაში. არადა, ამ დროისთვის შიდაქართლელთა ფინანსური მდგომარეობა იდეალურისგან ძალიან შორსაა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა "დილა" წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას თუნდაც ევროთასებისთვის...

ამასობაში, გორელებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმეს. გუშინ "დილამ" მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძეზე" ევროპალიგის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ კლუბს, "სამტრედიას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", გორელები აზერბაიჯანულ "გაბალასთან" მოსინჯავენ ძალებს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებენ, 23-ში კი, იქვე, სომხურ "შირაქს" დაუხვდებიან. "სამტრედიის" მსგავსად, ევროპალიგაზე "გაბალა" და "შირაქიც" ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ეს ის "გაბალაა", შარშან თბილისის "დინამო" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რომ დაითხოვა, მერე კი თავად ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე "დილა" განთესილთა შორისაა, რაც იმის წინაპირობაა, რომ გორელებს შედარებით იოლი მოწინააღმდეგე შეხვდებათ.

რა ხდება ამჟამად "დილაში"? ჩვენთვის საინტერესო კითხვებს "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა უპასუხა:

"ახალი სეზონისთვის მომზადება უკვე დავიწყეთ. დაიგეგმა საინტერესო და სასარგებლო ამხანაგური მატჩები. მალე ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადავალთ. მოკლედ, ვემზადებით ევროპალიგისა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებისთვის...

სხვა კლუბების მხრიდან "დილას" ბევრ ფეხბურთელზე არის დიდი მოთხოვნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც ევროთასებისთვის შენარჩუნდეს გუნდის ძირითადი ბირთვი. ამ დროისთვის, თითქმის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს კლუბთან კონტრაქტი.

სულ მალე უეფაში უნდა გადავაგზავნოთ იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ევროთასებზე "დილას" ღირსებას დაიცავენ. ასე რომ, ძალიან მოკლე ხანში გვიწევს სიტუაციის მოგვარება, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ...

არის კითხვები ფალავანდიშვილზე - დარჩება თუ არა ის გუნდში. ვერ ვიტყოდი, რომ მისი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. მასთანაც სალაპარაკოა და სხვებთანაც. 15 ივნისს უკვე ოფიციალურად გვეცოდინება ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც დატოვებენ "დილას". ასევე - ისიც, თუ ვინ შეავსებს ჩვენს გუნდს.

სწორედ ამ დღეს უნდა ვაცნობოთ უეფას ის შემადგენლობა, რომლითაც "დილა" ევროთასებზე ითამაშებს...

შეკრების დროს ერთ-ერთი მთავარი ისაა, თუ რამდენად ძლიერ გუნდებს შეხვდები. ჩვენ შეკრების ფარგლებში ვითამაშებთ "გაბალასთან", "შირაქთან"... ეს გუნდები ევროპალიგაზეც ითამაშებენ. ასევე ძალიან კარგი სპარინგ-პარტნიორია "ვიტ ჯორჯია". მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი კარგი ამხანაგური მატჩების ორგანიზებისთვის. ეს ძალიან დიდი პლუსია ჩვენთვის...

რაც შეეხება ევროპალიგაზე ჩვენს ამოცანას, ამ ეტაპზე ჩვენთვის პროგრამა-მინიმუმიცა და მაქსიმუმიც ერთი ეტაპის გავლა იქნება, მაგრამ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილა-ს წარმატეტები
გაქვთ პოტენციალი და უნდა გახვიდეთ ევროპალიგის ჯგუფურზე!
აბა მიაწექით ბიჭებო!
jango
19:41 14-06-2016
0
და ვინ უშლიდათ კონტრაქტების გაფორმებას? ეხლა მაინც არის ყველა კლუბი თანაბარ პირობებში.

საერთოდ, ევროთასებისთვის ერთი შემადგენლობის შერჩევა და მერე ჩემპიონატში სხვა შემადგენლობით დარჩენა ყველაზე დიდი შეცდომაა, რასაც ჩვენი კლუბები უშვებენ.
Kote
20:09 14-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული