ზურაბ არზიანი - ნაკრებში გამოძახების დროს რუსებისგან პრობლემები მექმნებოდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგელ მახაჩყალის "ანჟიდან" თბილისის "დინამომ" ახალგაზრდა ზურაბ არზიანი დაიმატა. რუსეთიდან საქართველოში ფეხბურთელები იშვიათად ბრუნდებიან. ამ ნაბიჯს ზურაც არ გადადგამდა, მაგრამ მახაჩყალის "ანჟიდან" წამოსულს უცნაური ამბები რომ არ გადახდენოდა.

როგორ მოხვდა "დინამოში", რატომ აღარ სურდა მახაჩყალაში ცხოვრება და სხვა საინტერესო ამბებს არზიანის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რუსეთიდან საქართველოში შენი ასაკის ფეხბურთელი საკუთარი ნებით არ ბრუნდება.
- იყო მიზეზები, რის გამოც წამოვედი. "ანჟის" მერე გასინჯვაზე კრასნოდარის "ყუბანში" მოუმზადებელი წავედი. თუმცა საკონტროლო შეხვედრაში მთავარ მწვრთნელ დან პეტრესკუს მოვეწონე და ჩემი დატოვება სურდა. პრობლემა
ის იყო, რომ კლუბიდან უნდა გაეშვა ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ერთ-ერთი ფეხბურთელი. პეტრესკუმ კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი შეკრებაზე წაყვანა და მისი გაშვება მოსთხოვა, მაგრამ კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი წინააღმდეგი წავიდა. ცოტა უცნაური ამბავი კი იყო.

"ყუბანის" ამ შეხვედრას ჰაიფას "მაქაბის" ერთ-ერთი მენეჯერი ესწრებოდა, რომელმაც ისრაელში მიმიწვია და არც დავფიქრებულვარ. ისე ვიცოდი, რომ ისრაელში ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ წასვლის წინა დღეს მითხრეს, რომ გასინჯვაზე მივდიოდი. ისრაელში სეზონი დაწყებულია, ყველა ფორმაშია, მე კი მოუმზადებელი გამოვცხადდი. მწვრთნელს გამზადებული ფეხბურთელი სჭირდება, სანამ მოგამზადებთ, დრო გავა, ჩვენ კი ლოდინის უფლება არ გვაქვსო და ვერც გავამტყუნებდი. გადაწყვეტილი არაფერი იყო, არც მიცნობდნენ, ერთადერთი, სელეციონერმა მნახა და მოვეწონე, მაგრამ გამოვიდა, რომ ტყუილუბრალოდ და ძალიან ცუდ დროს წავედი.

- პირველ ლიგაშიც არავინ გიწვევდა?
- საინტერესო ვარიანტი კი იყო, მაგრამ მენეჯერს დავუჯერე. ჩემთვის ამ ასაკში პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში მოხვედრა ძნელი იქნება და თბილისის "დინამოში" თამაში ვამჯობინე. მამაჩემი აქ თამაშობდა და ეს სახელი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმე და მერე ვნახოთ.

- ასე ხანმოკლე კონტრაქტი რატომ გააფორმე?
- უბრალოდ, ასე ვამჯობინეთ.

- როგორია პირველი შთაბეჭდილებები "დინამოზე"?
- გამიკვირდა და გამიხარდა, ძალიან კარგი პირობები რომ აქვს. მე რაც გავიგე, სერიოზული გუნდის ჩამოყალიბებას აპირებენ. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს კლუბს ამბიცია გაუჩნდა, არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც რაიმეს მიაღწიოს.

- "ანჟიში" სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არც გქონდა.
- სამწუხაროდ, გაჯი გაჯიევმა მხოლოდ ბოლოს მათამაშა, შემადგენლობაში სულ ხუთჯერ დამაყენა, ექვსჯერ კი შეცვლაზე შემიყვანა. მოსკოვის "დინამოსთან", "ზენიტთან" ვითამაშე, მაგრამ დავშავდი, ისევ ფორმიდან ამოვვარდი და ამასობაში სეზონიც დასრულდა.

წამოსვლამდე გაჯიევთან გულახდილად ვილაპარაკე და მითხრა, შევცდი, დროულად ვერ მივხვდით, რა ფეხბურთელი იყავი, როგორ შეიძლებოდა შენი გამოყენებაო. ჩემი ბრალიც არის, ძალიან მონდომებულიც არ ვყოფილვარ.

- რატომ?
- "ანჟიდან" ომარ თეთრაძე რომ წავიდა, ყურები ჩამოვყარე, მეგონა, ახალი მწვრთნელი ამითვალწუნებდა ან გამიშვებდა. ასეთი განწყობით გულიანად საქმის კეთება და ვარჯიში გამიჭირდა. თუმცა ბოლოს გაჯიევმა მითხრა, კლუბი თუ ვერ ნახე, იცოდე, ყოველთვის დაგელოდებიო.

- რუსეთის პრემიერლიგის კლუბში დარჩენა შეგეძლო და საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდი?
- მესმის, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაღესტანში ოთხი წელია ვთამაშობ და მეხუთე სეზონზე გაჩერება მეტისმეტი იქნებოდა, გარემოს და კლუბის შეცვლა ჰაერივით მჭირდებოდა.

- როგორც ვიცი, დაღესტანში ფეხბურთელები სამთავრობო სპეცდასახლებებში ცხოვრობდით და გარეთ არ გადიოდით. დარჩენა ამის გამოც აღარ გსურდა?
- ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. ფეხბურთელის ცხოვრება მხოლოდ მოედანი და ვარჯიში არ არის. დროის სატარებლად მახაჩყალაში არავინ ჩავსულვართ, მაგრამ ქალაქში ხომ უნდა გახვიდე, დაისვენო, ზოგჯერ გაერთო... ეს საჭიროც არის. ჩვენი დასახლება კი ქალაქგარეთ იყო, მახაჩყალაში იშვიათად გავდიოდით და ასე ოთხი წელი ძნელი გასაძლები იყო, მოსაბეზრებელიც კი. თავად გუნდის ხელმძღვანელობაც ხვდებოდა, რომ გარემოს შეცვლა აუცილებელი იყო და თვეში სამჯერ ღონისძიებებს აწყობდნენ.

- რუსულ მედიას თუ ვერწმუნებით, დაღესტანში საკმაოდ რთული ვითარებაა. ალბათ, ესეც ცუდად მოქმედებდა.
- რა თქმა უნდა, ასე იყო. "ანჟის"ფული აქვს და ძალიან კარგი ფეხბურთელების ჩაყვანაც სურთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი გარემო ბევრს აფრთხობს და უარსაც ამიტომ ამბობენ.

- შენი აზრით, საქართველოდან უფრო ადვილია რუსეთის პრემიერლიგაში მოხვედრა, თუ მათი პირველი ლიგიდან?
- ვფიქრობ, აქედან, რადგან "დინამოს" სახელი ჯერაც ჭრის. მჯერა, ამ ექვს თვეში ფორმას აღვიდგენ, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება და ჩემით რუსეთის პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდებიან.

- როგორც ვიცი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ერთხელაც არ გითამაშია.
- ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრჯერ გამომიძახეს, რამენსკოეს "სატურნში" თამაშის დროსაც კი, მაგრამ კლუბში პრობლემები შემექმნა.

- კონკრეტულად?
- რუსეთში 13 წლის წავედი და ამ ქვეყნის მოქალაქე გავხდი. იყო ნიუანსები, რომლის თქმაც არ მინდა. ზოგადად ვიტყვი: "სატურნში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ფაქსი რომ მიიღეს, არზიანი ნაკრების შეკრებაზე გამოუშვითო, ყველას გაუკვირდა, რუსეთში ხარ გაზრდილი და საქართველოს ნაკრებში რატომ გიწვევენო. დაიწყეს ჩემი პასპორტის შემოწმება. მერე ყაზანის "რუბინში" გადავედი და იქაც გამომიძახეს, მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმაც გაიოცა, არ იციან, რუსეთის მოქალაქე რომ ხარო? გოჩა ტყებუჩავამ და კობა ჟორჟიკაშვილმა სულ ხუთჯერ გამომიძახეს, მაგრამ გუნდი არც მიშვებდა და პასუხს არც ჩვენს ფედერაციას სცემდა. ეს აქ გაურკვევლობას იწვევდა. რეალურად ნაკრებში თამაში მსურდა, მაგრამ ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებოდი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული