ოთარ მარცვალაძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ორდაბასიში" გააგრძელებს. ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გუნდში გადავიდა სათამაშოდ გოგიტა გოგუა, ვინც მანამდე ყაზახეთშივე "ირტიშის" ღირსებას იცავდა და უმოკლეს დროში ჩამოყალიბდა ამ გუნდის ლიდერად, თუმცა ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი "ორდაბასის" წინადადება მიიღო და პავლოდარელები ტრანსფერს წინ ვერ აღუდგნენ...
რაც შეეხება მარცვალაძეს, ის 31 წლისაა. თავისი კარიერის განმავლობაში მას არაერთ გუნდში უთამაშია. გვახსოვს
გასულ სეზონში მარცვალაძის გარეშე "დილას" წარმოდგენა ძალიან რთული იყო. სწორედ ის გახლდათ გორელთა ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და არაერთი საგოლე შეტევის სულისჩამდგმელი.
გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ მარცვალაძის ტრანსფერს დღეს უნდა დაესვას ბეჭედი...
"დილადან" წავიდა ირაკლი ძარიაც. ჩვენმა ყაზახმა კოლეგებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ძარია პავლოდარის "ირტიშშია" სინჯებზე და უახლოეს მომავალში გაირკვევა, დარჩება თუ არა ის გუნდში.
ძარია 27 წლისაა. სხვადასხვა დროს მას ფოთის "კოლხეთში", "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია. საქართველოს ეროვნულ გუნდში ძარიამ 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. და ერთიც - მაშინ, როცა ლამის ყველა ქართველმა ფეხბურთელმა მოიარა შორეული თუ ახლო საზღვარგარეთი, ქვეყნის ნაკრებში ნათამაშებ ძარიას პირველად ეძლევა შანსი, ლეგიონერთა სიაში ჩაეწეროს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"