ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან სტუმრად რომ ფრედ ითამაშებ, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი და ვფიქრობთ, არც ჩვენი არჩევანი იქნებოდა ვინმესთვის მოულოდნელი: XIX ტურის საუკეთესო მწვრთნელად "სპარტაკის" თავკაცი ბადრი კვარაცხელია მივიჩნიეთ! სხვათა შორის, კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკმა"
პირველი ეტაპის ბოლომდე დიდი დრო არ იყო დარჩენილი, "სპარტაკი" უიმედო აუტსაიდერად რომ მიიჩნეოდა; თუმცა, ახლა ამას ვერავინ იტყვის: უშუალო კონკურენტებთან ჩამორჩენაც მინიმუმამდეა დაყვანილი და მეორე წრიდან მოყოლებული, "სპარტაკმა" არაერთი ფავორიტიც გაამწარა. კიდევ ერთი საინტერსო დეტალი: ბოლო ხუთ შეხვედრაში "სპარტაკმა" 10 ქულა მოაგროვა: უმაღლეს ლიგაში ასეთივე შედეგი "დინამოს" აქვს, უკეთესი კი მხოლოდ "ოლიმპსა" და "ზესტაფონს".
მოკლედ, გუნდის პროგრესი აშკარაა და არც ის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი სეზონის დარჩენილ ნაწილს ოპტიმისტურად რომ უცქერს. თუმცა, სჯობს დანარჩენი ბადრი კვარაცხელიასთან ინტერვიუში შეიტყოთ, ვისაც გუშინ ვესაუბრეთ.
- "ტურის მწვრთნელად" ჩვენმა გაზეთმა პირველად დაგასახელათ; ეცნობით ხოლმე "ლელოს" ნომინაციებს?
- არა მხოლოდ ნომინაციებს, არამედ, საერთოდ, სპორტულ პრესას ყურადღებით ვეცნობი. "ტურის მწვრთნელად" დასახელება კი, არ დაგიმალავთ და ჩემთვის საამაყოა.
- "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" "სპარტაკის" ოთხი ფეხბურთელი შევიყვანეთ: გრიშიკაშვილი, მგელაძე, ბოიომო, მეტრეველი. როგორ ფიქრობთ, ჩვენი მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილება იყო?
- მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, გნებავთ 17 წლის ბიჭების, კაკაშვილისა და ჯიშკრიანის ასპარეზობით, - ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ უშიშრად რომ გამოიყურებოდნენ. თუმცა, თქვენ მიერ ნახსენებმა ოთხივე ფეხბურთელმა მართლაც გამორჩეულად ითამაშა და დიდი როლი შეასრულა ასეთ მოწინააღმდეგესთან ქულის მოპოვებაში.
- ზვიად მეტრეველმა პირველი ეტაპი "დინამოში" ჩაატარა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციითაც ითამაშებდა.
- განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდაო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა კიდევ რომ მოუმატებს, ფაქტია. აი, "დინამოსთან" ხომ შთამბეჭდავად ითამაშა, მჯერა, რომ უფრო მეტიც შეუძლია; ეგ კი არა, ასე თუ გააგრძელა, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც უნდა ჰქონდეს პრეტენზია. კიდევ ვიმეორებ: ცალკეული მოთამაშეების გამოყოფა არ მინდა: ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელმა მწვრთნელის დავალებები პირნათლად შეასრულა და ყოველივე ეს შედეგზეც აისახა.
- ამ სეზონში "დინამოს" უკვე ოთხი ქულა დააკარგვინეთ, როგორც ჩანს, მეტოქის ფაქტორი თქვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დამთრგუნველად არ მოქმედებს...
- რა თქმა უნდა, გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვა შესაძლოა ყოფილიყო: ასეთი ტრადიციის მქონე გუნდია, ამხელა სტადიონზე გამოდიხარ, მაგრამ "დინამოსთან" თამაშამდე ვგრძნობდი, რომ ამ მხრივ პრობლემები არ შეგვექმნებოდა. ქულებს რაც შეეხება, ჩვენ საკუთარი მარაგის გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ და არა იმაზე, მეტოქეებმა რამდენი დაკარგეს.
- ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მეორე ეტაპის დაწყებამდე "დინამო" საგრძნობლად გაძლიერდა და ქართველებთან ერთად რამდენიმე უცხოელი ახალწვეულიც დაიმატა.
- როცა გუნდში ბევრი ახალწვეულია, შეთამაშებისათვის გარკვეული დროა საჭირო. თუმცა, ერთი მატჩიდანაც გამოჩნდა, რომ ხაჯიბულიჩიც და ჰომოლაც მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. ჰომოლას შეფასებაში, შესაძლოა, თქვენს კოლეგებს განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ჩეხ მცველს კლასიც ნათლად ეტყობოდა და ისიც, რომ წლების განმავლობაში ევროპაში თამაშობდა. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება "დინამოსთან" მიღწეული ფრით კმაყოფილი არ ვიყო.
- მეორე ტაიმი "დინამომ" უჩვეულოდ სუსტად ჩაატარა, "სპარტაკს" კი გოლის გატანის თითქმის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა...
- აი, ის გოლი რომ გაგვეტანა უკვე მართლაც სენსაცია იქნებოდა. რა თქმა უნდა, "დინამოს" ფაქტორი ბევრს ნიშნავს, მაგრამ მერწმუნეთ: ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ არაერთ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქომაგებს, მით უფრო, როცა საკადრო პრობლემები აღარ გვექნება და ნებისმიერ მატჩში ოპტიმალური შემადგენლობით ვიასპარეზებთ.
- ზემოთ, ფსიქოლოგიური ფაქტორი ვახსენეთ და ცხრილის ბოლო ადგილზე ყოფნა არ გთრგუნავთ?
- "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად ახალი დანიშნული ვიყავი, თქვენთან ინტერვიუში საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება რომ გავაკეთე. კარგად მახსოვს, ბევრი მეუბნებოდა, განწირულ გუნდში მუშაობას რატომ დათანხმდიო; არადა, "სპარტაკის" გადარჩენის იმედი რომ არ მქონოდა, გუნდში არც მოვიდოდი. ახლა კი, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება, ხუთი ტურის მერე... VI-VII ადგილზეც შესაძლოა აღმოვჩნდეთ.
- მომდევნო ხუთი მატჩიდან სამი უშუალო კონკურენტებთან გაქვთ, ორი კი... ჩემპიონობის ფავორიტებთან - "ზესტაფონთან" და "ოლიმპთან"...
- "ზესტაფონს" ქულა ერთხელ უკვე წავართვით, "ოლიმპს" თამაშის განმავლობაში ორჯერ ვუგებდით და ბოლოს, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ; მოკლედ, არც ერთი გუნდის არ გვეშინია და ამას გარდა, ჩვენი კონკურენტებიც ხომ დაკარგავენ ქულებს; გადახედეთ სატურნირო ცხრილს: IV ადგილზე მყოფი "ბაია" ამჯერად 8 ქულით კი გვისწრებს, მაგრამ ერთ თვეში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.
- თქვენზე ბევრად ამბიციური მიზნების მქონე გუნდებისგან განსხვავებით, "სპარტაკის" ძირითადში მოსახვედრად სერიოზული კონკურენციაა.
- გუნდში 24 ფეხბურთელი მყავს და ამათგან 11 საუკეთესოს არჩევა მომიწევს. რა თქმა უნდა, ასეთი კონკურენცია მისასალმებელია და ფეხბურთელებიც ბევრად უფრო კონცენტრირებულნი იქნებიან. თანაც, უკვე მომავალი მატჩისათვის, შესაძლოა, ახალი სახეებიც გამოჩნდნენ ჩვენს გუნდში: "დინამოდან" იჯარით გადმოსულებს, გიორგი მამუჩიშვილს, გიორგი ოთარაშვილსა და ზვიად ქანთარიას ვგულისხმობ.
- კიდევ ერთ დინამოელზე, ირაკლი ლეკვთაძის "სპარტაკში" გადმოსვლაზეც იყო საუბარი.
- ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით ჩვენ კლუბსა და "დინამოს" შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ეს სწრაფი გარემარბიც "სპარტაკში" გადმოვიდეს.
- "დინამოსთან" მატჩში "სპარტაკს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, - უპირველეს ყოვლისა, თეიმურაზ შონიასა და ვალერი ბოლქვაძის არყოფნას ვგულისხმობთ.
- შონია ხვალიდან უკვე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს, არადა ყველას მოეხსენება, თუ როგორი საკვანძო ფიგურაა ჩვენი გუნდისათვის. დისკვალიფიკაცია მოიხადა და გვიბრუნდება "სპარტაკის" კიდევ ერთი ლიდერი ვალერი ბოლქვაძე, რომლის თამაშზეც დიდად არის დამოკიდებული ჩვენი გუნდის წარმატება-წარუმატებლობა. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, სხვა ტრავმირებულიც გვყავს, მაგრამ, მიხარია, რომ მათ ნაცვლად მოასპარეზე 17-18 წლის ბიჭებმა ღირსეულად გაართვეს თავი საკუთარ მოვალეობებს.
- ბოლქვაძეზე ცალკე გვინდა გკითხოთ: ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭიერებაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, თუმცა, ალბათ, დროა, რომ საკუთარი ემოციების მოთოკვაც ისწავლოს...
- ბოლქვაძის შესაძლებლობების შეფასებაში გეთანხმებით - ისეთი ფეხბურთელია, საკუთარი ოსტატობით კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. იმისიც მჯერა, რომ სწორ დასკვნებს გამოიტანს და საკუთარ ნიჭს გუნდის ინტერესებს მოახმარს. არადა, დღესაც დარწმუნებული ვარ: ბოლქვაძეს რომ ეთამაშა, თასიდან არ გამოვარდებოდით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"