პეტარ ელიჩი - "დინამოს" ახალი იმედი

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ჩემპიონატის პირველი ეტაპი (გნებავთ, უკანასკნელი შეხვედრაც "სპარტაკთან") არასტაბილურად რომ ჩაატარა, სხვა მიზეზებთან ერთად, გუნდის წინახაზელთა ნაკლებად შედეგიანი თამაშიც იყო.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამას ობიექტური წინაპირობაც ჰქონდა: ხშირი ტრავმიანობის გამო მხოლოდ 8 მატჩის ჩატარება მოუწია გუნდის წამყვან ფორვარდს მათე ვაწაძეს, ახალწვეულს ზვიად მეტრეველს მხოლოდ სათასო შეხვედრებში გაჰქონდა გოლები, ხოლო ახალგაზრდებს, ზვიად ქანთარიასა და ირაკლი სიხარულიძეს ეპიზოდურად (ისიც, ძირითადად შეცვლებზე) უწევდათ თამაში.

თუმცა, მხოლოდ თავდამსხმელებსაც ნუ დავაბრალებთ "დინამოს" დაბალ შედეგიანობას - ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი 19 შეხვედრაში რომ 24 გოლს
გაიტანს, ვფიქრობთ, მოსაწონი მაჩვენებელი არ უნდა ეწოდოს. სხვათა შორის, ამ ეტაპისათვის "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირები ოთხ-ოთხი გოლით დავით მუჯირი, ირაკლი ლეკვთაძე და ლევან ხმალაძე არიან. ამ სამეულიდან არც ერთია ფორვარდი, თანაც მუჯირი ამჟამად იაპონიაში აპირებს კარიერის გაგრძელებას, ლეკვთაძე, სავარაუდოდ, იჯარის წესით ცხინვალის "სპარტაკში" გადავა და მხოლოდ ხმალაძეღა (ამპლუით - მარცხენა მცველი) რჩება გუნდში.

ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "დინამომ" 10 საკონტროლო მატჩი ჩაატარა, არაერთი ფეხბურთელიც ისინჯებოდა ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში და მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ფორვარდებიც იყვნენ. სამწუხაროდ, ახალზელანდიელმა კრის ბრაიტმა, ბრაზილიელმა ტიაგო დე პაულამ, ბოსნიელმა ვლადიმირ კარალიჩმა და სერბმა მილან იოვანოვიჩმა "დინამოს" სამწვრთნელო შტაბს თავი ვერაფრით მოაწონეს; ეგ კი არა, მეორე ეტაპის დაწყებამდე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას განკარგულებაში, ფაქტობრივად, ერთადერთი კვალიფიციური თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი იყო. ამ უკანასკნელის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგვპარვია: ბოლოს და ბოლოს, "ამერის" შემადგენლობაში ტატანაშვილის არაერთი შთამბეჭდავი თამაშიც კარგად გვახსოვს; თუმცა, ამ ფართო დიაპაზონის ფორვარდსაც, ისე როგორც დინამოელთა დანარჩენ ახალწვეულებს, ახალ თანაგუნდელებთან შეთამაშებისათვის გარკვეული დრო სჭირდება.

ეგაც რომ არ იყოს, ამბიციური მიზნების მქონე "დინამო" სეზონის ბოლომდე, ფაქტობრივად, ერთადერთი თავდამსხმელის იმედად ნამდვილად ვერ იქნებოდა და აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურიც იყო კიდევ ერთი ფორვარდის გამოჩენა. თანაც, 24 წლის პეტარ ელიჩი "დინამოში" ყოველგვარი სინჯების გარეშე ჩაირიცხა - ყოველივე ეს კი, ამ ფორვარდის შესაძლებლობებზე მეტყველებს.

ელიჩი უკვე კვირაზე მეტია თბილისშია და ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს; 11 თებერვალს "დინამოს" სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს და, ალბათ, ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, როცა სწორედ ელიჩს ერგო ერთობ პრესტიჟული, 10-ნომრიანი მაისურა. იმ დღესვე შევიტყვეთ, რომ ელიჩი იჯარის წესით "დინამოში" ექვსი თვის განმავლობაში იასპარეზებდა, თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მეორე ეტაპის საწყის ტურში ამ თავდამსხმელის "დინამოს" განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა და, ვინ იცის, ელიჩს რომ ეთამაშა, "სპარტაკთან" შეხვედრა, შესაძლოა, სხვა შედეგითაც დასრულებულიყო. აი, გუშინ კი, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სეზონის ბოლომდე ეს ახოვანი ფორვარდი (სიმაღლე - 1,87 მ) "დინამოს" ღირსებას დაიცავს და ამ გუნდის შეტევის ხაზში წარმოქმნილ პრობლემებსაც, შეძლებისდაგვარად, მოაგვარებს.

პეტარ ელიჩი 1986 წლის 18 ოქტომბერს არის დაბადებული; 2004-06 წლებში ბოსნიური "მოდრიჩას" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 79 ჩატარებული მატჩში 29 გოლი გაიტანა. პერსპექტიული ფორვარდით "ნიურნბერგი" დაინტერესდა და კონტრაქტიც გაუფორმა, მაგრამ ელიჩს ბუნდესლიგაში არ უასპარეზია - ერთი სეზონით მეორე ბუნდესლიგის "კარლ ცაისში" იყო განათხოვრებული. ამის შემდეგ ორწელიწადნახევარი სერბეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა: ბელგრადის ოფკ-ს ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ; 2010 წელს კი რუსეთის პირველ ლიგაში აღმოჩნდა და თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ტრიუმფში - ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა რუსული პრემიერლიგის საგზური.

თავის დროზე ელიჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის 21-წლამდელთა ნაკრების წამყვან ფეხბურთელად მოიაზრებოდა, 2006 წელს კი ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, დღევანდელ ბოსნიის ნაკრებში ელიჩს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ერთობ გაუჭირდება: ამ გუნდის თავდასხმის ხაზში ხომ ერთი-მეორეზე უკეთესი ფორვარდები (ედინ ჯეკო, ვედად იბიშევიჩი, ზლატან მუსლიმოვიჩი) თამაშობენ.

"დინამოს" უახლოესი ორი მატჩი უშუალო კონკურენტებთან აქვს: 19 თებერვალს "ზესტაფონს" მიიღებს, 23 თებერვალს კი სტუმრად "ოლიმპს" შეხვდება. სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქეებთან პაექრობებში მოუწევს პეტარ ელიჩს იმის დამტკიცება, რომ მისი გადაბირებით "დინამოს" ხელმძღვანელობამ სწორი არჩევანი გააკეთა.








.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რადგან იჯარის წესითაა სეზონის ბოლომდე ეს ნიშნავს რომ ევროთასებზე არ ითამაშებ?
Tregu
20:02 16-02-2011
0

სიახლეები პოპულარული