"ოლიმპის" არსებობის ისტორიაში ხშირ-ხშირი სამწვრთნელო ცვლილებები, ერთი შეხედვით, არავის უნდა გაკვირვებოდა; თუმცა, არც იმას დავმალავთ, რომ ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა პირველ ეტაპზე (სამთვენახევრის განმავლობაში) "ოლიმპში" განხორციელებული სამი სამწვრთნელო გადაადგილება, ისე როგორც დებიუტანტი მწვრთნელისთვის ასეთი ნდობის გამოცხადება - თორნიკე მაისურაძეს ხომ "ოლიმპში" მისვლამდე ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა.
თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, ეს
თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით "ოლიმპმა" 4 ოფიციალური და 7 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და არც ერთში დამარცხებულა; ეგ კი არა, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან ორიოდ კვირაში მაისურაძემ პირველი ტიტულიც მოიპოვა - საქართველოს სუპერთასი!
მოქმედი ჩემპიონის ახალგაზრდა თავკაცს პირველად მაშინ ვესაუბრეთ, მისი ხელმძღვანელობით "ოლიმპს" მხოლოდ ორი ოფიციალური შეხვედრა რომ ჰქონდა ჩატარებული; მაშინვე გვენიშნა დებიუტანტი სპეციალისტის ოპტიმიზმი და მიზანდასახულობა, - ბევრმა, შესაძლოა, საფუძველმოკლებულ (გნებავთ, ზედმეტ) ამბიციადაც რომ შეაფასა. თუმცა, დრო საპირისპიროს ამტკიცებს: "ოლიმპი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ამ გუნდის ახალგაზრდა თავკაცის აზრით, ტიტულის შენარჩუნებისათვის ყველა წინაპირობაც არსებობს.
XXII ჩემპიონატის მწვრთნელებს შორის ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტს გუშინ შევხვდით: "ოლიმპმა" ვარჯიში დაამთავრა და თორნიკე მაისურაძეც "ლელოს" კითხვებს პასუხობს...
- სატურნირო ცხრილს რომ უცქერთ, როგორი განწყობა გაქვთ? ანუ, ლიდერობა გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხში ხომ არ გაქცევთ?
- პირიქით, ერთობ კომფორტულად და, რაც მთავარია, ამაყად ვგრძნობ თავს. თუმცა, ყოველივე ეს კანონზომიერ მოვლენად მიმაჩნია: "ოლიმპში" წესიერი ხალხია შეკრებილი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთელები, ყველა ცდილობს თავისი საქმე პირნათლად შეასრულოს. ამას გარდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ კლუბში ერთსულოვნება იგრძნობა, - ეს კი, საბოლოო წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
- გულახდილად გვითხარით: სულ რაღაც სამი-ოთხი თვის წინ იფიქრებდით, თქვენი ცხოვრება ასე უცბად თუ შეიცვლებოდა?
- გეთანხმებით, - ამ დროის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა. მით უფრო, ვიდრე "ოლიმპში" მოვიდოდი, სხვა საქმიანობით ვიყავი დამოკიდებული; მაგრამ, როცა ასეთი შემოთავაზება მივიღე, მივიჩნიე, რომ თანხმობა უნდა მეთქვა: ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ის საქმეა, ყველაზე კარგად რაც ვიცი და მესმის; ვფიქრობ, ასეთ ნდობას ჯერჯერობით ვამართლებ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
- ახალგაზრდა და დებიუტანტი მწვრთნელისგან ზედმეტად ოპტიმისტური განცხადება ხომ არ არის?
- საერთოდ, ბუნებით ოპტიმისტი ვარ; შესაძლოა, "გარედან" სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ მუდამ იმას ვცდილობ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოვძებნო. თანაც, რატომ არ უნდა მქონდეს ოპტიმისტური განწყობა, როცა ჩემპიონ გუნდში ვმუშაობ, ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და იმედი მაქვს, სეზონს საქართველოს ჩემპიონის რანგში დავასრულებთ.
- თქვენი თანამდებობ(ებ)ის დაზუსტებაც გვინდა: ბოლოს და ბოლოს, გაგვარკვიეთ, მთავარი მწვრთნელი ხართ, გენერალური დირექტორი თუ მწვრთნელ-სელექციონერი?
- სამწუხაროდ, უმაღლეს ლიგაში მუშაობისათვის აუცილებელი A ლიცენზია ჯერჯერობით არა მაქვს და ოფიციალურად "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად არმაზ ჯელაძე ითვლება; თუმცა, თქვენც და, ალბათ, ყველამ იცის, რომ ფაქტობრივად, მე ვხელმძღვანელობ გუნდს.
- გენერალურ დირექტორობაზე არაფერი გითქვამთ; ევროპაში მსგავსი პრეცედენტები უამრავია, მაგრამ საქართველოში მთავარ მწვრთნელს კლუბის გენერალური დირექტორობაც შეეთავსებინოს, ვერაფრით გაგვიხსენებია.
- პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "ოლიმპის" საკლუბო სტრუქტურაში ბევრი რამ შეიცვალა: ახალი ფინანსისტი გვყავს, ახალი - იურისტი, ახალი - პრესატაშე, ჩამოყალიბდა გულშემატკივრებთან ურთიერთობის კომიტეტიც. აი, რაც შეეხება გენერალურ დირექტორობას, ამ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ჩემზე შეაჩერა და, სამწვრთნელო საქმიანობის გარდა, ფაქტობრივად, დანარჩენი ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაც მევალება.
- არცთუ შორეულ წარსულში კი არა, საერთოდაც "ოლიმპის" ერთ-ერთი "საფირმო" ნიშანი ყოველ ექვს თვეში გუნდის, თითქმის 100 პროცენტით შეცვლა იყო ხოლმე. ამჯერად ასე არ მომხდარა, თუმცა, იმავე თემურ ღონღაძის "ოლიმპიდან" წასვლა, ცოტა არ იყოს, უცნაურად მიგვაჩნია.
- "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის რანგში "ლელოსთან" პირველ ინტერვიუშიც გითხარით, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში გუნდში ადრინდელივით 15-16 ფეხბურთელის წასვლა-მოსვლა აღარ იქნებოდა. ასეც მოხდა: პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სინჯები მოვაწყეთ და ვინც თავი მოგვაწონა, "ოლიმპში" ავიყვანეთ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო უცხოელი ფეხბურთელები მოგვეწვია, მაგრამ კლუბის პრეზიდენტისა და ჩემი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირია: გვირჩევნია, ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს გზა გავუხსნათ. აი, თუნდაც მურველაშვილის მაგალითზე გეტყვით: ყველასათვის უცნობ თელაველ ბიჭს, უკვე ისე განვიხილავთ, როგორც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს.
- ღონღაძეზე არაფერი გითქვამთ...
- პირველ ეტაპზე ღონღაძე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო; თუმცა, მურველაშვილის დამატებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ლაშა ჯაფარიძეს სწორედ მარჯვენა მცველად მოვიაზრებ, ღონღაძეს ვუთხარი, რომ მზად უნდა ყოფილიყო იმისათვისაც, მის პოზიციაზე ხანდახან სხვას ეთამაშა. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ფეხბურთელის სურვილი, მუდამ ძირითადში თამაშზე რომ ჰქონდეს პრეტენზია; მოკლედ, ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გავწყვიტეთ და ახლა მინდა, ღონღაძეს წარმატება ვუსურვო თავის ახალ გუნდში.
- კონტრაქტები ახსენეთ და ამ მხრივ რა სიახლეა "ოლიმპში"?
- ყველა ახალწვეულთან გრძელვადიანი კონტრაქები გავაფორმეთ, ძველი შემადგენლობის ფეხბურთელებთან კი მაისის ბოლოს ხელშეკრულებები გადაიხედება. ყოველ შემთხვევაში, სეზონის ბოლომდე არავინ დაგვტოვებს. პირიქით, ახალი სახეების გამოჩენასაც ნუ გამორიცხავთ.
- სხვათა შორის, დღევანდელ ვარჯიშზე ილია პავლიაშვილიც ვიხილეთ - ეს ახალგაზრდა ფორვარდი, როგორც ჩქვენთვის ცნობილია, თურქულ შეკრებაზე არ გყოლიათ.
- პავლიაშვილი ჩვენთან სინჯებზეა და ხუთიოდ დღეში ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვევა.
- ახალს არავისთვის ვიტყვით: ამ სეზონში ჩემპიონობისათვის "ზესტაფონმა", "დინამომ" და "ოლიმპმა" უნდა იბრძოლონ. როგორ ფიქრობთ, აქვს კი თქვენს გუნდს ის საკმარისი რესურსი, საკმაოდ გაძლიერებულ კონკურენტებს რომ აჯობოთ?
- არც მე ვიტყვი ახალს - ფეხბურთში... სახელი და გვარი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი; კი, შესაძლოა, ცოტა გაგვიჭირდეს ჩემპიონობის შენარჩუნება, მაგრამ წეღანაც აღვნიშნე, რომ იმედიანად ვუცქერ მომავალს. თანაც, ჩემი აზრით, დღევანდელ "ოლიმპში" საკმარისზე მეტი ისეთი ფეხბურთელია, თავიანთ ამპლუებში საქართველოში საუკეთესოებად რომ მიმაჩნია.
- უკანასკნელ მატჩში ჯაფარიძე მარჯვენა მცველად ვიხილეთ, დობროვოლსკი - მარცხენა მცველად; ამპლუაშეცვლილი ამ ფეხბურთელების გარდა ისიც გვეუცნაურა, პირველ ეტაპზე "ოლიმპის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქავთარაძე ძირითადში რომ არ იყო...
- ჯაფარიძეზე უკვე მოგახსენეთ: "მემარჯვენეა" და ადრე საპირისპირო ფლანგზე იმიტომ თამაშობდა, "ცაცია" მცველი რომ არ გვყავდა; მიმაჩნია, რომ დობროვოლსკიც კარგად ასრულებს ჩვენს დავალებებს; აი, რაც შეეხება ქავთარაძეს, შეფასებაში გეთანხმებით, თუმცა დღევანდელ "ოლიმპში" არც ერთმა ფეხბურთელმა არ უნდა იგრძნოს თავი შეუცვლელად. სხვათა შორის, ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ქავთარაძემ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებაში.
- "ოლიმპის" კიდევ ერთ რგოლზე გვინდა გკითხოთ: ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ გუნდს მხოლოდ ერთი კვალიფიციური ფორვარდი ჰყავს ირაკლი მოდებაძის სახით.
- რატომ? "ოლიმპში" არიან ახალგაზრდა თავდამსხმელები - უგულავა და ბახტაძე, პავლიაშვილსაც ვაკვირდებით; არ დაგავიწყდეთ რევაზ ბარაბაძეც, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.
- ბარბარაძე რომ "ოლიმპს" გააძლიერებს, ფაქტია და ამ ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ახალგაზრდა ფორვარდის დაბრუნებას როდის უნდა ველოდოთ?
- ერთ კვირაში ვარჯიშს დაიწყებს, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს კი, ალბათ, თამაშსაც შეძლებს. არავის დაკნინებას არ ვაპირებ, მაგრამ ბარაბაძის დონის ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატში ბევრი არ უნდა იყოს...
- უახლოეს ცხრა დღეში "ოლიმპს" სამი ურთულესი მატჩი ელოდება: "ტორპედოსთან", "დინამოსთან", "ზესტაფონთან"...
- სხვათა შორის, ჩვენ კონკურენტებსაც ანალოგიური გრაფიკი აქვთ, ანუ არც ერთ ფავორიტზე არ ითქმის, რაიმე უპირატესობა ექნებაო. თუმცა, არც იმას დავმალავ, რომ თებერვალში წარმატებული სტარტი ნებისმიერი ფავორიტისათვის სერიოზული სტიმულიც უნდა იყოს და ჰანდიკაპიც.
- საუბრის დასაწყისში A ლიცენზიის არქონა ახსენეთ, როდის აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას და საერთოდაც, ცოდნის გაღრმავებისთვის დრო თუ გრჩებათ?
- სამწუხაროდ, ჯერ შეკრებაზე ვიყავით, ახლა ჩემპიონატი დაიწყო და A ლიცენზიის აღება სამომავლოდ უნდა გადავდო. ისე როგორც სხვადასხვა სამწვრთნელო სემინარებზე დასწრება, - კლუბის ხელმძღვანელებისგან ამ მხრივ სრული მხარდაჭერა მაქვს. მთავარ მწვრთნელობასთან ერთად გენერალური დირექტორობა რაც შევითავსე, აი, ამის მერე თავისუფალი დრო საერთოდ აღარ მრჩება - სამ დღეში 2-3 საათი თუ "გამოჩნდა", იდეალურ ვარიანტად მივიჩნევ.
- დაბოლოს, მამათქვენზეც გვინდა გკითხოთ: ზურაბ მაისურაძე თავისი რჩევებით ახალგაზრდა სპეციალისტს არ ეხმარება? თანაც, "ოლიმპის" საშინაო მატჩებზეც თვალი ვერსად მოგვიკრავს...
- როგორც ყველა მამა უნდა აძლევდეს შვილს რჩევებს, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც; მით უფრო, რომ მამაჩემი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია. ოღონდ, "ოლიმპის" საწვრთნელ პროცესშიც არასდროს ჩარეულა და ჩვენს საშინაო შეხვედრებზეც, ცდილობს, სადღაც, მოფარებულ ადგილას დაჯდეს. თუმცა, ვიცი, რომ მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ჩემზე მეტად განიცდის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"