... XXII ჩემპიონატის პირველი ეტაპიც სწორედ ამ `სცენარით~ წარიმართა: `სიონმა~ ორჯერ სენსაცია შემოგვთავაზა (`დინამოსა~ და `ოლიმპის~ ძლევით) და რამდენიმე შეხვედრაში უაზრო ქულებიც დაკარგა. თუმცა, პირველი ეტაპის მიწურულს გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, ამას განახლებულ ჩემპიონატში მეოთხე მარცხიც მოჰყვა და ბოლნისელთა ამჟამინდელ მდგომარეობას კატასტროფული თუ არა, საგანგაშო ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამთვენახევარია დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში სიტუაციის გამოსწორებაც პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ათგუნდიან პირველობაში მერვე ადგილზე ყოფნა და გასავარდნ ზონასთან სიახლოვე, არა გვგონია ბოლნისური გუნდის ქომაგებისათვის მოსაწონი იყოს. აღარაფერს ვამბობთ `სიონის~ ფეხბურთელებსა თუ სამწვრთნელო შტაბზე: მოგეხსენებათ, როცა გუნდი ზედიზედ რამდენიმე მატჩის განმავლობაში წარუმატებლად ასპარეზობს, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური პრობლემებიც წარმოიქმნება-ხოლმე; თუმცა, `სიონი~ უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გუნდია და ერთი-მეორეზე გამოცდილ ფეხბურთელებსაც, წესითა და რიგით, ეს პრობლემა არ უნდა შეეხოთ. იმავეს ვიტყოდით `სიონის~ ამჟამინდელ მწვრთნელზე გიორგი ყიფშიძეზეც _ გამოცდილ სპეციალისტს მშობლიური გუნდის გაძღოლა, თუ არ ვცდებით, მეშვიდედ თუ მერვედ მიანდეს; ჰო, მართლაც უნიკალური შემთხვევაა: უმაღლეს ლიგაში `სიონის~ 16-წლიანი ასპარეზობის განმავლობაში ორი-სამი შემთხვევა თუ იყო, სეზონი ერთი და იგივე მწვრთნელს რომ ჩაემთავრებინა; აი, დანარჩენ შემთხვევებში კი, უმეტესწილად კი არა, ლამის ყოველ მეორე წელიწადს, მოწვეული სპეციალისტის ნაცვლად შუა სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი ყიფშიძეს ნიშნავდნენ. ასე მოხდა ახლაც: პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ `სიონის~ იმდროინდელმა თავკაცმა გიორგი ყიფიანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ვის უნდა ეხელმძღვანელა ბოლნისური გუნდისათვის ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე, თუ არა _ გიორგი ყიფშიძეს.
`სიონის~ ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს გუშინ შევეხმიანეთ და გუნდის არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის გარდა, სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ.
_ უპირველესად, ამას გკითხავთ: `სიონის~ მთავარ მწვრთნელად... მერამდენედ დაინიშნეთ?
_ ზუსტ პასუხს ვერც მე გაგცემთ, _ სათვალავი არეული მაქვს; მაგრამ ეს ხომ ჩემთვის მშობლიური გუნდი და შინაური გარემოა, ასე რომ არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ.
_ ეგ ყველაფერი გასაგებია და ჩვენთვის კარგად ცნობილია; ბოლო შემთხვევაშიც, ალბათ, არავისთვის იქნებოდა მოულოდნელი `სიონის~ თავკაცად თქვენი დანიშვნა.
_ ამ შემთხვევაში ყველაფერი უცბად და მოულოდნელად მოხდა: გიორგი ყიფიანმა გუნდიდან წასვლა ზედ შეკრებაზე წასვლის წინ გადაწყვიტა და როცა დამიკავშირდნენ და `სიონის~ გაძღოლა შემომთავაზეს, უარი არ მითქვამს. თანაც, იმის გარდა, რომ ჩემთვის ეს დიდი პატივია და ნდობისთვის კლუბის ხელმძღვანელებს მადლობა მინდა გადავუხადო, აქ ყველას ჩემიანად მივიჩნევ...
_ ბოლო წლებისგან განსხვავებით, `სიონმა~ საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა ურეკში. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გვეუცნაურება კიდეც თქვენი გუნდის არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა.
_ ერთი წაგების გამო პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ: ზუგდიდში `ბაიასთან~ ისეთ პირობებში მოგვიწია თამაშმა, ფეხბურთის გარდა ყველაფერი ერქვა. არც ვიცი, რა ვუწოდო იმ მოედანს _ კლიმატური პირობების გამო საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, ბურთს ვერც გააგორებდი...
_ კონკრეტულად, მხოლოდ იმ მატჩში წაგებას არ ვგულისხმობთ: `სიონს~ 5 დეკემბრის მერე არ გაუმარჯვია და ნელ-ნელა ცხრილის ფსკერისკენაც ეშვება...
_ სამწუხაროდ, ეს არ არის ის შემადგენლობა, როგორც მე წარმომიდგენია; კი, ბატონო, ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, მაგრამ სასურველი ფეხბურთელების დამატება ვერ მოვახერხეთ. უფრო ზუსტად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რომელმა ფეხბურთელებმაც დაგვტოვეს, აი, იმათი სრულფასოვანი შემცვლელების მოყვანა ვერ შევძელით.
_ კონკრეტულად, რომელი ამპლუის ფეხბურთელებზე საუბრობთ? ჩვენი აზრით, ალბათ, უფრო ფორვარდებს გულისხმობთ _ უმაღლეს ლიგაში შედეგიანობის მხრივ ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი ხომ სწორედ `სიონს~ აქვს.
_ გეთანხმებით _ საგოლე მომენტების რეალიზაციის ერთობ დაბალი ხარისხი ჩვენი გუნდის `აქილევსის ქუსლია~; სამწუხაროდ, ერთდროულად ორმა ფორვარდმა დაგვტოვა _ რევაზ გოცირიძემ და გია თოდუამ, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთი, რევაზ ჯიქია დავიმატეთ. რა თქმა უნდა, მანუჩარ ოქროპირიძისა და ვილი ისიანის იმედიც გვაქვს, მაგრამ ეს ბიჭები ჯერ ახალგაზრდები არიან. არანაკლები პრობლემა შეგვექმნა ვლადიმერ უგრეხელიძისა და მურმან ქურასბედიანის სხვა გუნდში გადასვლისას: ეს ორივე ფლანგის მოთამაშე `სიონის~ წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ და მათი სრულფასოვნად შეცვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
_ ჯიქია ახსენეთ და მის გარდა სხვა `საინტერესო~ ახალწვეულებიც არიან `სიონში~.
_ ჩირიკაშვილი, კვასხვაძე, ქუცურუა _ ყველა მათგანის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, მაგრამ სამივე გარემარბებად წარმომიდგენია, ისე როგორც რეხვიაშვილი, ვისაც დიდი ხანია მაღალ დონეზე არ უთამაშია და ნელ-ნელა იბრუნებს კონდიციებს. მოკლედ, თავდასხმის ხაზში შექმნილი საკადრო პრობლემების `განეიტრალებას~ ფლანგის მოთამაშეთა აქტიურობით ვაპირებთ.
_ ბოლნისური გუნდი უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე... ასაკოვანია: გოგობერიშვილს, ნოზაძეს, დიდავას, ორბელაძეს, საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვთ მიღებული და ეს ფაქტორი არ გეხმარებათ?
_ როცა გუნდი ზედიზედ რამდენიმე მატჩში ვერ გაიმარჯვებს, ასეთ დროს, რაღა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ანუ, გამოცდილმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდა პარტნიორები უნდა დაამშვიდონ კიდეც და თავიანთი ოსტატობის ხარჯზე გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანონ. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთობ გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, როცა, ფაქტობრივად, ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს მოგვიწევს თამაში, ასაკოვან ფეხბურთელებს, შესაძლოა, დაღლაც დაეტყოთ.
_ კალენდარი ახსენეთ და `სიონს~ ზედიზედ ოთხი მატჩი ცხრილის `მეზობლებთან~ აქვს. ეს შეხვედრები, ალბათ, ძალიან ბევრ რამე გაარკვევს.
_ ძალიან ბევრს, მაგრამ, არა _ ყველაფერს! ჯერ ერთი, ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ ახლა განახლდა სეზონი და ჩვენზე წინ მყოფი გუნდებიც ბევრით არ გვისწრებენ. საერთოდაც, ძალიან თანაბარი დონის ჩემპიონატია _ სამი გამოკვეთილი ფავორიტი და დანარჩენი კი ფაქტობრივად, ერთი და იმავე დონის გუნდი.
_ გარკვეულ საკითხში გეთანხმებით, მაგრამ უშუალო კონკურენტებთან მატჩების შემდეგ ხომ მერე უკვე ასევე ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჩემპიონატის ფავორიტებთან გაქვთ.
_ გულახდილად რომ გითხრათ, მერჩივნა, საწყის ტურებში სწორედ ფავორიტებთან მეთამაშა _ თავიდან თითქმის ყველა გუნდი ერთნაირად გამოიყურება (შეკრების შემდეგ, ჩვეულებრივი მოვლენაა), მერე კი, ბევრად მაღალი კლასის შემსრულებლებით დაკომპლექტებული ფავორიტები `ტემპს~ რომ აკრეფენ, უკვე ძნელია მათთან წარმატებაზე ფიქრი.
_ როგორ ფიქრობთ, `სიონის~ კრიზისი რამდენ ხანში დაიძლევა?
_ ახლა მთავარია, ტრავმებმა თუ დისკვალიფიკაციებმა `გვერდი აგვიაროს~, თორემ პანიკის საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ. გასაგებია, რომ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, საგანგაშო არაფერია. ბოლოს და ბოლოს, რაც უმაღლეს ლიგაში შემოვედით, მყარად დავმკვიდრდით და ამ ტრადიციას არც ახლა დავარღვევთ.
_ დაფინანსების მხრივ რა მდგომარეობაა გუნდში?
_ საბედნიეროდ, სხვა გუნდებისგან განსხვავებით, `სიონს~ ეს პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს: ურეკში შეკრებაზეც ვიყავით, ხელფასებსაც დროულად ვიღებთ და პრემიებსაც. ოღონდ, პრემიას, მოგეხსენებათ, გამარჯვების შემთხვევაში იღებენ ხოლმე და, ალბათ, უკვე დროა, რომ `სიონმა~ მოგებებიც დაიწყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"