ჭეშმარიტად "აღმოსავლური" ტური გველოდება: ხუთივე მატჩი ლიხს აქეთ არის: ორი შეხვედრა თბილისში ჩატარდება, თითო-თითო კი - რუსთავში, გორსა და ბოლნისში. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ უამინდობის, კერძოდ, დიდთოვლობის გამო ჩემპიონატის კალენდარში გარკვეული ცვლილება მოხდა: ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა "ტორპედოსა" და "ოლიმპს" შორის, ნაცვლად ქუთაისისა, რუსთავში ჩატარდება. სამაგიეროდ, IV წრის მატჩში 10 აპრილს რომ გაიმართოს, მასპინძელი ამჯერად უკვე "ტორპედო" იქნება.
მოკლედ,
მეორე ეტაპის დაწყების წინაც აღვნიშნეთ, რომ ამიერიდან ყველა ტურის მატჩები ერთსა და იმავეს დღეს ჩატარდება; ანუ, დღეიდან ჩემპიონატის ფინიშამდე (22 მაისის ჩათვლით), მხოლოდ და მხოლოდ "ერთდღიანი" ტურები გვექნება. აი, რაც შეეხება იმას, ყოვლივე ეს დადებითად აისახება ჩვენს ჩემპიონატზე თუ უარყოფითად, ამას მომავალი გვიჩვენებს.
დღევანდელი ყველა დაპირისპირება ერთსა და იმავე დროს, 14 საათზე დაიწყება და ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებსაც დღეიდან ამ სეზონის მეორე "ბოქსინგ დეი" ეწყებათ! შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე უკვე იყო ისეთი შემთხვევა, როცა უმაღლესი ლიგის გუნდებს ცხრა დღეში სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწიათ (VII, VIII და IX ტურის შეხვედრებს ვგულისხმობთ); აი, დაახლოებით ასეთივე სიტუაცია დაიწყება დღეიდანაც: 19-დან 27 თებერვალის ჩათვლით (ფაქტობრივად, ერთი კვირის განმავლობაში) ჩემპიონატის მონაწილე ათივე გუნდმა სამ-სამი შეხვედრა უნდა ჩაატაროს! თანაც, ამ დროის განმავლობაში "ინტრიგა" და "პრინციპული დაპირისპირება" რომ ერთობ აქტუალური ტერმინები იქნება, ამას წყალი არ გაუვა: თითო ტურში თითო "ბომბა-მატჩია"! კონკრეტული მაგალითები გნებავთ, სიამოვნებით მოგახსენებთ: დღეს - "დინამო"-"ზესტაფონი", ოთხშაბათს - "ოლიმპი"-"დინამო", ხოლო კვირას - "ზესტაფონი"-"ოლიმპი".
ჩემპიონატის ფავორიტების ურთიერთდაპირისპირებების გარდა, არანაკლებ ინტერესს გამოიწვევს სხვა უშუალო კონკურენტების შეხვედრებიც, - ამ სამი ტურის განმავლობაში რამდენიმე ისეთი მატჩიც გველოდება ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების მონაწილეობით, "ექვსქულიანად" რომ ვაფასებთ-ხოლმე...
დაბოლოს, XX ტურის კიდევ ერთ სიახლეზეც: თბილისში, თემქაზე მდებარე სპორტკომპლექს "შატილის" (ყოფილი "სიხარული") სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის შეხვედრა პირველად ჩატარდება!
"დინამო"-"ზესტაფონი"
თებერვლის ბოლომდე ჩასატარებელ სამივე ტურში თითო-თითო მართლაც განსაკუთრებული შეხვედრა გველოდება, - ჩემპიონატის სამივე ფავორიტი თავის სიძლიერეს ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაარკვევს. ერთ-ერთი ასეთი "ბომბა-მატჩი" დღეს ჩატარდება: წინა ტურში ქულადაკარგული "დინამო" კარგად დასვენებულ "ზესტაფონს" უმასპინძლებს.
XXII ჩემპიონატის ფავორიტების პაექრობა რომ უდიდეს ინტერესს იწვევს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება: დღევანდელი მეტოქეების ბოლო წლების თითქმის ყველა დაპირისპირება ხომ უაღრესად პრინციპულ ხასიათს ატარებს. თუმცა, სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, აღმოჩნდება, რომ "დინამოს" საგრძნობი უპირატესობა აქვს "ზესტაფონთან" შეხვედრებში: 11 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ 5 მატჩია, "ზესტაფონი" ქულის აღებასაც ვერ ახერხებს - უკანასკნელი ხუთივე დაპირისპირება "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა!
არანაკლებ შთამბეჭდავი მაჩვენებლით შეუძლია თავი მოიწონოს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც: ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით "დინამომ" ექვსი მატჩი მოუგო "ზესტაფონს" და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა!
სტატისტიკა "იქით" იყოს და დღევანდელი პაექრობა სატურნირო თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია: "ზესტაფონი" ქულით უსწრებს "დინამოს", თანაც, იმერულ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. აქვე, არც ის უმნიშვნელო ფაქტორი დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი მეტოქეები ამის შემდეგ "რიგ-რიგობით" უნდა დაუპირისპირდნენ ჩემპიონობის კიდევ ერთ რეალურ ფავორიტს "ოლიმპს".
ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში "დინამოში" მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა: პირველი ეტაპი ახალი დასრულებული იყო, ჯერ კლუბში, მერე კი გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები რომ მოხდა. თუმცა, ისიც ცხადი იყო, რომ "დინამოს" უამრავ ახალწვეულს ერთმანეთთან შესათამაშებლად გარკვეული დრო დასჭირდებოდათ და ყოველივე ეს მეორე ეტაპის საწყისმა ტურმაც დაადასტურა. ყოველ შემთხვევაში, "დინამო" რომ ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფ "სპარტაკს" ვერ დაამარცხებდა, ამას ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. იმ შეხვედრაში "დინამოს" შემადგენლობაში ერთდრულად ექვსმა ახალწვეულმა ითამაშა - ჰომოლამ, მაროვიჩმა, ჰაჯიბულიჩმა, ტატანაშვილმა, ზარქუამ და კვეკვესკირმა. დიდია იმის ალბათობა, რომ დღეს მასპინძელთა შორის კიდევ ორი დებიუტანტი ვიხილოთ: პეტარ ელიჩი და ზურაბ არზიანი და ამ ორი ახალწვეულის გამოჩენამ "დინამოს" შემტევი პოტენციალი უნდა გააძლიეროს.
არანაკლებ ინტერესს იწვევს მეორე ეტაპზე "ზესტაფონის" სასტარტო შეხვედრაც; უფრო ზუსტად, იმერული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვის ვიხილავთ, აი რა გახლავთ პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირების კიდევ ერთი ინტრიგა. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელისა (ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ხიდეშელი) და "ზესტაფონის" სამომავლო ურთიერთობასც ვგულისხმობთ და იმასაც, რომ სტუმართა გუნდში, შესაძლოა, ახალწვეული გიორგი ფოფხაძე გამოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში ფოფხაძის "დინამოში" ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავი იყო; მაგრამ არცთუ ურიგო მონაცემების მქონე მარცხენა მცველმა ცოტა არ იყოს, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის გაგრძელება რუსულ პრემიერლიგაში გადაწყვიტა. თუმცა, მოვლენები შემდგომ სხვაგვარად განვითარდა და "კრილია სოვეტოვში" დაწუნებული ფოფხაძე ამიერიდან გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.
"ოლიმპი"-"ტორპედო"
"ზესტაფონის" მსგავსად, "ტორპედომაც" დღეს უნდა განაახლოს სეზონი და ქუთათურთა გუნდის რუსთავში სტუმრობაც ისეთივე ინტრიგას გვპირდება, როგორც ტურის ცენტრალური მატჩი. თანაც, "დინამოსი" არ იყოს, მეორე ეტაპის დაწყების წინ "ტორპედოშიც" უამრავი ახალწვეული მივიდა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია გიგატაძის წინაშეც რომ იქნება ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემა, ფაქტია.
დღევანდელი მეტოქეების წინა ორივე დაპირისპირება ამ სეზონში ფრედ დასრულდა, უმაღლეს ლიგაში "ოლიმპის" სადებიუტო ჩემპიონატში კი ორივე მატჩი რუსთაველებმა მოიგეს, - აი, სულ ეს არის დღევანდელ მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირების ისტორია. თუმცა, ოთხი-ხუთი წლისწინანდელ ამბებს რომ შევეშვათ, ორივე გუნდში პირველ-მეორე წრესთან შედარებითაც საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ტორპედო" შესამჩნევად გადახალისდა და ამჟამად გუნდში ისეთი კონტინგენტია შეკრებილი, ჩემპიონატის სამივე ფავორიტს მშვიდად ყოფნის საშუალება რომ არ უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, "ტორპედოს" შემადგენლობაში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს "ოლიმპში" რომ ასპარეზობდა: გია მეგრელაძე, სევასტი თოდუა, თენგიზ ჩიკვილაძე, რევაზ გოცირიძე, ნოდარ მაჭავარიანი, ლაშა ქებაძე, დაჩი ფოფხაძე, ვახტანგ კვარაცხელია.
მასპინძლებისთვის დღევანდელ მატჩს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ყველა ღონეს იხმარს ათმატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელოს; ამას გარდა, ახალგაზრდა მწვრთნელის, თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ოლიმპს" დღევანდელი მატჩის მერე "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" დაპირისპირებები ელოდება...
"ვიტ ჯორჯია"-"ბაია"
რა ვქნათ, ვერა და ვერ შევეგუეთ იმ ფაქტს, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს "ვიტ ჯორჯიას" ამ სეზონში პირველ ხუთეულს მიღმა რომ ვხედავთ; "ვეტერინართა" სატურნირო მდგომარეობას საგანგაშო ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ მერაბ კოჭლაშვილის ერთიანად ახალგაზრდულ გუნდს უკვე სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და უშუალო კონკურენტებთან ქულები თუ არ მოაგროვა, აი, მაშინ კი, შესაძლოა, არცთუ დალხენილი ფინიში ჰქონდეს.
თუმცა, წინა ტურში "ოლიმპთან" ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, "ვიტ ჯორჯიას" შანსებს სკეპტიკურად ნამდვილად ვერ შევაფასებთ და უფრო მეტიც: ბოლო დროს მოყოჩაღებულ "ბაიასთან" შეხვედრაში ფავორიტად სწორედ მასპინძლები მიგვაჩნია. თანაც, "ვიტ ჯორჯიას" სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებზე, ალბათ, დამატებით სტიმულად უნდა იქცეს ახალი სტადიონის ფაქტორიც.
სამწუხაროდ, "ვეტერინარები" კვლავაც ვერ ახერხებენ მცხეთაში მშობლიურ სარბიელზე ასპარეზობას, მაგრამ ამჯერად ახალ სტადიონს "დააჭაშნიკებენ" - დღევანდელი მატჩი თბილისში, სპორტკომპლექს "შატილის" მოედანზე ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავჭალისა ("მერანი") და გლდანის ("ამერი") შემდეგ "დიდი ფეხბურთი" თემქაზეც იქნება-ხოლმე.
"სიონი"-"კოლხეთი"
გუშინაც აღვნიშნეთ, რომ ამ ბოლო დროს "სიონს" ერთობ წარუმატებელი პერიოდი აქვს - ბოლნისელებს 5 ნოემბრის მერე არ გაუმარჯვიათ! თუმცა, არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ "სიონის" ძველ-ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფშიძე მომავალს ოპტიმისტურად უცქერს და თავისი გუნდის მდგომარეობას კატასტროფულად ნამდვილად არ მიიჩნევს. ერთის მხრივ, მწვრთნელის ასეთი თავდაჯერებულობა საფუძველმოკლებული არ უნდა იყოს: "სიონს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება რომ არ უნდა გაუჭირდეს; თანაც, ამ სეზონში ბოლნისური გუნდის წინაშე ხომ არასდროს დამდგარა მწვავედ ფინანსური პრობლემები, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სტუმრებზე. თუმცა, "კოლხეთის" გაჭირვებაზე უკვე არაერთხელ თქმულა და დაწერილა და ამ გუნდის პრობლემებზე ამჯერად აღარ ვისაუბრებთ; რაც მთავარია, ბესიკ შეროზიას გუნდმა მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და იმასაც შეეცდება, რომ ბოლნისში სასურველი შედეგის მისაღწევად იბრძოლოს.
მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი გამოცდილი ფეხბურთელი "სიონში" ირიცხება, ერთ-ერთი მათგანი (რევაზ ჯიქია) პირველ ეტაპზე "კოლხეთის" ღირსებას იცავდა და დღევანდელ მეტოქეთა მეორე წრის შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. საერთოდაც, ის მატჩი, რბილად რომ ვთქვათ, სკანდალური გამოდგა; უფრო ზუსტად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობ არასასიამოვნო ფაქტ(ებ)ი მოხდა - მატჩის არბიტრსაც არ აკლდა მუქარა და ერთ-ერთი არხის ოპერატორსაც არ მისცეს პროფესიული საქმიანობის შესრულება. იმედი დავიტოვოთ, დღევანდელმა მატჩმა უექსცესოდ ჩაიაროს და ისიც ვისურვოთ, რომ "სიონისა" და "კოლხეთის მესამე მატჩში მაინც ვიხილოთ გოლები - წინა ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:0) დამთავრდა.
"სპარტაკი"-"სამტრედია"
სატურნირო ცხრილის ბოლო ორ საფეხურზე მყოფი გუნდების შეხვედრაში უცხოური საბუქმეიქერო კანტორებიც კი ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევენ: დღესდღეობით "სპარტაკი" მართლაც აღემატება "სამტრედიას" და ბადრი კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებაც არავის უნდა გაუკვირდეს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველი ეტაპის მიწურულს ამ ორივე გუნდს სხვადასხვა ფინიში ჰქონდა: ფინანსური პრობლემებით შეჭირვებული "სამტრედია" ქვემოთ და ქვემოთ ეშვებოდა, "სპარტაკმა" კი ქულების მოგროვება არა მხოლოდ უშუალო კონკურენტებთან, არამედ ჩემპიონატის ფავორიტებთანაც დაიწყო. ჰოდა, ერთ დროს უიმედო აუტსაიდერად შერაცხულ "სპარტაკს" ახლა მშვენიერი შანსი აქვს, სეზონში პირველად მოცილდეს ცხრილის ბოლო საფეხურს.
სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს "დინამოსთან" მატჩში თავგამოჩენილი ზვიად მეტრეველი არ ეყოლებათ (ისე როგორც, ჭაბუკი ნახევარმცველი კახაბერ კაკაშვილი). თუმცა, "სპარტაკში" მატებაც არის: გუნდში იჯარის წესით კიდევ ორი დინამოელი (გიორგი მამუჩიშვილი, გიორგი ოთარიშვილი) ითამაშებს და საერთოდაც, აუტსაიდერ გუნდში ამ ეტაპზე სერიოზული კონკურენციაა. "სამტრედიის" ბოლოდროინდელი ფინანსური გაჭირვება რომ გუნდის ასპარეზობაზეც ადეკვატურად აისახებოდა, სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ და ჯერჯერობით სასიკეთო არც არაფერია.
.