ბოლნისელთა ხუთ წუთში მოთავებული საქმე

AutoSharing Option
სხვა ქალაქების მსგავსად, ბოლნისური მატჩიც ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ სტადიონის ხელმძღვანელობამ და პერსონალმა მოედნის თოვლისგან გასაწმენდად ბევრი იშრომეს და გაზონს სათანადო კონდიცია შეუნარჩუნეს.

უამინდობის კვალობაზე თამაში საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო და იმის მიუხედავად, რომ ურიგოდ არც სტუმრებს უთამაშიათ, მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ნომინალურად "სიონმა" ერთი ცენტრფორვარდით ითამაშა, "კოლხეთმა" კი ორით, მაგრამ რეალურად თავიდანვე სადავეები მასპინძლებმა იგდეს ხელთ, ფოთელებმა კი კონტრშეტევებზე თამაში ამჯობინეს. შეტევაში რევაზ ჯიქიას აქტიურად ეხმარებოდნენ ჩირიკაშვილი
და ისიანი, "კოლხთაგან" აქტიურობით გამორჩეული თავდამსხმელი მდივნიშვილი კი ხშირად იხევდა უკან და თავად ცდილობდა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თამაშის გამწვავებას. მისი მონდომებით "კოლხეთმა" ორი კარგი მომენტი შექმნა, თუმცა ორივე გაუშვა ხელიდან, მაგრამ "სიონს" გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა.

პირველ ტაიმში შეროზიას გუნდის საჯარიმოში ორი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა. ფოთელ მცველებთან ორთაბრძოლაში ორივეჯერ ლაშა ნოზაძე წაიქცა. ერთი შეხედვით, ძნელი სათქმელია, იყო თუ არა პენალტები, ფაქტი კი ისაა, რომ არბიტრმა ორივეჯერ თამაშის გაგრძელება ბრძანა, რამაც ბოლნისური პუბლიკის ხმაურიანი გაღიზინება გამოიწვია. შესვენებამდე ანგარიშის გახსნა ჯიქიას შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი პირდაპირ მას დაუმიზნა.

მეორე ტაიმში "კოლხეთის" არასაკმაო ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა თავი, რაც ნორმალურად შეკრებაგაუვლელი გუნდისგან მოულოდნელი არ ყოფილა. "სიონის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და გოლებიც გავიდა. ორივე ბურთი ყიფშიძის გუნდმა ეფექტური გაიტანა. ჩირიკაშვილმა მეტოქის საჯარომოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი "ცხრიანში" გაახვია. ხუთიოდე წუთში კი მისი დახმარებით ჯიქია "კოლხეთის" მცველებს გასცდა, მეკარეც მოატყუა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეს იყო და ეს, "სიონმა" დაგეგმილი სამი ქულა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი "კოლხეთზე" გაცილებით უკეთესი აქვს.

სიონი-კოლხეთი 2:0
19.02. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჩირიკაშვილი (54), 2:0 რ. ჯიქია (59)
4-3-2-1
სიონი კოლხეთი
4-4-2
მერლანი ძაგანია
კობაური ცხვიტარია
ორბელაძე მახვილაძე
თარგამაძე ინწკირველი
ქორიძე გელაჭეიშვილი
დიდავა მეგრელიშვილი
ლ. ნოზაძე გულუა
გოგობერიშვილი გავაშელიშვილი
ისიანი გოგონაია
ჩირიკაშვილი მდივნიშვილი
რ. ჯიქია კვერენჩხილაძე

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
გ. ყიფშიძე ბ. შეროზია


სიონი:
85. ჩირიკაშვილი – ადამაშვილი
87. ისიანი – ნ. კვასხვაძე
87. რ. ჯიქია – მ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ვაშაკიძე, გ. რეხვიაშვილი, ქუცურუა

კოლხეთი:
68. გელაჭეიშვილი – წიქარიშვილი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ქორჩილავა, ბარამიძე, საცერაძე

გაფრთხილება: გელაჭეიშვილი (21), გავაშელიშვილი (82)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

კოკა ვაშაკიძე
ბოლნისი – თბილისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული