XXI ტურის წინათქმა - სრული მოლოდინი

AutoSharing Option
აი, ახლა კი ნამდვილად "სრული ტურის" მოლოდინი გვაქვს: XXI ტურის ხუთივე მატჩი დღეს უნდა ჩატარდეს; ოღონდ, იმის იმედადაც უნდა ვიყოთ, მაინცდამაინც დღეს რომ არ დაათოვოს ჩვენს სტადიონებს. ყოველ შემთხვევაში, წინა ორი ტურისაგან განსხვავებით, კონკრეტულ შეხვედრებს ჯერჯერობით გადადება არ ემუქრება და სასურველია ასეც მოხდეს; აბა, ისედაც შემჭიდროვებულ კალენდარში სარეზერვო დღეების ჩასმა რომ არცთუ იოლი საქმე იქნება, ამაში, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება.

თუმცა უამინდობამ დღევანდელ ტურში გარკვეული კორექტივები მაინც შეიტანა: "ზესტაფონისა" და "სპარტაკის" შეხვედრა თბილისში, სპორტკომპლექსს "ყაზბეგის" სტადიონზე ჩატარდება. თანაც, მასპინძელი "სპარტაკი" იქნება,
სამაგიეროდ ამავე გუნდების XXX ტურის შეხვედრა, 15 აპრილს რომ არის დანიშნული, ამჯერად უკვე ზესტაფონში გაიმართება.

მოკლედ, თემქაზე მდებარე "სიხარულის" ყოფილი სტადიონის რეკონსტრუქცია ეროვნულ ჩემპიონატს მართლაც წაადგა: წინა ტურში "ვიტ ჯორჯიამ" და "ბაიამ" ჩაატარეს ამ სარბიელზე პირველი ოფიციალრი მატჩი, დღეს კი "სპარტაკი" და "ზესტაფონი" იპაექრებენ. ამ წყვილის გუნდებს ჩემპიონატში დიამეტრალურად განსხვავებული მიზნები აქვთ, აი, ტურის დანარჩენ შეხვედრებში კი ერთმანეთს სატურნირო ცხრილის "მეზობლები" ხვდებიან და ყველა ეს დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. თუნდაც, XXI ტურის ცენტრალური მატჩი რად ღირს: ქვეყნის ჩემპიონი და ამჟამინდელი ლიდერი "ოლიმპი" მშობლიურ "ფოლადის" სტადიონზე "დინამოს" უმასპინძლებს!


"ოლიმპი"-"დინამო"
ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირების ისტორია მეექვსე წელიწადს ითვლის და მცირე უპირატესობა "დინამოს" მხარესაა: 5 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა - 14-9). "ოლიმპისა" და "დინამოს" წინა ცამეტივე დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორჯერ სულაც ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ "ოლიმპს" ორივეჯერ "ოქროს ქულა" სჭირდებოდა ჩემპიონობისათვის და ასეც მოხდა: 2007 და 2010 წლებში რუსთაველებმა სწორედ "დინამოსთან" ნათამაშები ფრეს წყალობით მოიპოვეს ტიტული. თანაც, ორივე შემთხვევაში 5 მაისი იყო და ჩემპიონატის დასრულებამდე ორივეჯერ 4 ტური რჩებოდა...

დღევანდელი მეტოქეების ურთიერთდაპირისპირებას ვიხსენებთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ "ოლიმპისა" და "დინამოს" თითქმის ყველა მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდაო; თუმცა, ერთი გამონაკლისი მაინც იყო: წინა სეზონის დასაწყისში, კერძოდ, 13 სექტემბერს კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" პრინციპული მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა. ისე, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ სეზონის პირველი წრის შეხვედრაში კაჭარავას ოპონენტი თემურ მახარაძე გახლდათ, მეორე წრის მატჩში რუსთავულ გუნდს რამაზ მუმლაძე მოძღვრავდა, აი, დღეს კი თორნიკე მაისურაძე პირველად დაუპირისპირდება ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს.

... პირველი წრის მატჩი, რუსთავში რომ ჩატარდა, ბევრი რამით დაგვამახსოვრდა: "ოლიმპის" ცენტრალური მცველის, გიორგი რეხვიაშვილის ზუსტი დარტყმითაც და "დინამოს" ფეხბურთელთა გაცუდებული მომენტებითაც, სამსაჯო ლაფსუსებითაც და მეტოქეთა შორის კინკლაობითაც; აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე ოფიციალური მატჩი... პროჟექტორების შუქზე ჩატარდა. ოღონდ პროჟექტორებს სიმძლავრე აშკარად აკლდა და ცოტაც რომ გაგრძელებულიყო მატჩი, ფეხბურთელებს სტადიონზე დაუღამდებოდათ...

სამწუხაროდ, დღევანდელი მეტოქეების მეორე წრის შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით დიდი ვერაფერი გამოდგა. თუმცა, აქაც შეგვიძლია ორივე გუნდის ფეხბურთელები "გავამართლოთ" და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ ფაქტორს ვგულისხმობთ. შეგახსენებთ, რომ ვიდრე "დინამო"-"ოლიმპის" მატჩი დაიწყებოდა, "ზესტაფონმა" აუტსაიდერი "სპარტაკის" ძლევა ვერ მოახერხა; ანუ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "დინამო"-"ოლიმპს" შორის გამარჯვებული გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდა. ყველაფერი იქითკენაც მიდიოდა, რომ ლიდერი "დინამო" უნდა გამხდარიყო: მათე ვაწაძის მოხდენილი პასის მერე მასპინძელთა ახალგაზრდა გარემარბი ირაკლი ლეკვთაძე ასაკთან შეუფერებელი ოსტატობით ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და ზუსტადაც დაარტყა. მეტოქეებმა რამდენიმე სახიფათო დარტყმა "გაცვალეს", მატჩიც დასასრულს უახლოვდებოდა და სწორედ მსაჯის მიერ დამატებულ დროში, შეცვლაზე შემოსულმა რევაზ გეწაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებიდან "სტანდარტული" მართლაც ეფექტურად შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა!

დღევანდელ მატჩს დიდი სატურნირო მნიშვნელობაც რომ აქვს, ბევრი მტკიცება არ სჭირდება: "ოლიმპი" უკვე 4 ქულით უსწრებს "დინამოს" და გამარჯვების შემთხვევაში თორნიკე მაისურაძის გუნდი თავის ერთ-ერთ კონკურენტს გვარიანად ჩამოიშორებს. მოკლედ, "დინამომ" მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქროს, თანაც, ალბათ, უკვე დროა, რომ "საყაიმო სინდრომისგანაც" გათავისუფლდეს: მეორე ეტაპის სტარტზე "დინამომ" ორივე შეხვედრა ფრედ დაამთავრა. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ათეულობით ახალწვეულს ერთმანეთთან შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, მაგრამ თუ კონკურენტები წინ გაიჭრებიან, მერე იმათი დაწევა ადვილი ნამდვილად არ იქნება...


"სპარტაკი"-"ზესტაფონი"
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ გუნდებს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ: "სპარტაკი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვის, "ზესტაფონი" კი საჩემპიონო რბოლაშია ჩართული. ორივე გუნდის შემადგენლობებიც რომ შევადაროთ, რაღა თქმა უნდა, უპირატესობა იმერული გუნდის მხარეს იქნება; თუმცა გადაჭრით იმის მტკიცება, ამ წყვილში "ზესტაფონი" უპირობო ფავორიტიაო, ალბათ, გადაჭარბებული იქნება. ამის მიზეზი კი "სპარტაკის" ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობაა: ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გუნდი აღარ ითვლება განწირულ აუტსაიდერად და უშუალო კონკურენტების გარდა, უკვე ლიდერებსაც აკარგვინებს ქულებს.

აბა, ვინ იფიქრებდა, მეორე ეტაპის საწყის ტურში "სპარტაკი" თუ "დინამოსთან" ფრედ ითამაშებდა. სხვათა შორის, "სპარტაკმა" დღევანდელი მეტოქის "გამწარებაც" მოახერხა, როცა მეორე წრის შეხვედრაში ფრედ ეთამაშა იმ დროისათვის ერთპიროვნულ ლიდერს. ისე, "სპარტაკს" მართლაც "კოშმარული" კალენდარი აქვს: "დინამოს" უკვე ეთამაშა, დღეს "ზესტაფონს" ხვდება, ერთი ტურის შემდეგ კი ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტს, "ოლიმპს" უნდა დაუპირისპირდეს.


"კოლხეთი"-"ვიტ ჯორჯია"
აი, ამას ჰქვია "ექვსქულიანი" თამაში - სატურნირო ცხრილში სიახლოვეში მყოფი გუნდების დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს. "კოლხეთმა" მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო, როცა საშინაო შეხვედრაში თავის ერთ-ერთ კონკურენტს, "სამტრედიას" მოუგო. საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბესიკ შეროზიას გუნდმა სწორედ საშინაო მატჩებში უნდა შეძლოს "აუცილებელი და საკმარისი" ქულების მოგროვება.

თუმცა, დღევანდელ მეტოქესაც არანაკლებ სჭირდება სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება: მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოგროვება მოახერხა და ყოველივე ეს ცხრილშიც აისახა. მართალია, "ვიტ ჯორჯია" ამჟამად VI ადგილზეა, მაგრამ სახიფათო ზონაც ძალიან ახლოს არის და არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ ზოგ კონკურენტს ("სამტრედიასა" და "სპარტაკს") "ვეტერინარებთან" შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რას ვიზამთ: გვიჭირს იმასთან შეგუება, რომ ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებული მიზნები ექნება; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა სწორედ "ვიტ ჯორჯიას" ჰყავს.

დღევანდელმა მეტოქეებმა ამ სეზონში სამ-სამი ქულა "გაცვალეს": პირველ წრეში "კოლხეთმა" 2:0 მოიგო, აი, მეორე წრის შეხვედრა კი უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა; თანაც, არანაკლებ საინტერესო გამოდგა 31 ოქტომბერს ჩატარებული მატჩის სცენარიც: "ვიტ ჯორჯიასა" და "კოლხეთის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, აი, მეორე ტაიმში ერთდროულად ექვსი გოლი ვიხილეთ ("ვეტერინარებმა" მეტოქეს 5:1 მოუგეს). თუმცა, იმ პერიოდში "კოლხეთს" სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თითქმის ყველა მეტოქესთან მარცხსაც, ფაქტობრივად, წინასწარ შეგუებული იყო.


"ბაია"-"ტორპედო"
რამდენიმე წამიც და ქუთაისის "ტორპედო" მეორე ეტაპის სტარტზე ერთ-ერთ ხმაურიან სენსაციასაც შემოგვთავაზებდა: ჩემპიონ "ოლიმპთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გია გიგატაძის გუნდი იგებდა, მაგრამ საკუთარ კარში, ცოტა არ იყოს, კურიოზული გოლი მიიღო და საბოლოოდ, ქულასღა დასჯერდა. ერთი შეხედვით, ფრეც არ უნდა იყოს ურიგო შედეგი (მით უფრო, ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან), მაგრამ ამბიციურ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საგრძნობლად გაძლიერებულ "ტორპედოს" სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებაზე ფიქრიც მოუწევს.

არადა, ქუთათურთა საყვარელ გუნდს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, სულ მცირე, საპრიზო სამეულში მოხვედრისათვის უნდა ებრძოლათ; თუმცა, გუნდს სეზონის სტარტი ჩაუვარდა და "ტორპედოსაც" ამჟამად არცთუ "სასიამოვნო" ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში. ზამთრის სატრანსფერო კამპანია ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ტორპედოს" ორმა ახალწვეულმა სეზონი სწორედ "ბაიაში" დაიწყო - გია მეგრელაძემ და გრიგოლ დოლიძემ.

აი, ზუგდიდურ გუნდს რაც შეეხება, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ბევრს არ ეგონა, "ბაია" მეორე ეტაპს ასე რიხიანად თუ დაიწყებდა. არადა ასე მოხდა და ელგუჯა ქომეთიანის გუნდისთვის ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულა, უდავოდ, წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. თანაც, გამოცდილი ფეხბურთელების (როინ ონიანი, გიორგი სომხიშვილი) გარდა მშვენივრად ასპარეზობენ ახალგაზრდებიც და კონკრეტული მოთამაშეც გვინდა ვახსენოთ: 18 წლის ირაკლი ქობალია ზედიზედ ორი მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს!


"სამტრედია"-"სიონი"
წინა ტურში მოპოვებულმა სამმა ქულამ "სიონის" სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა, - გიორგი ყიფშიძის გუნდი ამჟამად V ადგილზე იმყოფება და შემადგენლობიდან გამომდინარე, უშანსოდ არც დღეს უნდა იყოს. კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელების ფაქტორი ჩვენს ჩემპიონატში გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ და ამ მხრივ "სიონს" თავის დღევანდელ მეტოქესთან უპირატესობა აქვს.

აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ და ალბათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფაქტორზე: "სიონისგან" განსხვავებით, "სამტრედია" სეზონის დასაწყისიდანვე სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს "ებრძვის", მაგრამ ჯერჯერობით დამაიმედებელი არაფერი ჩანს. ასეთ შემთხვევაში კი, გუნდში კვალიფიციურ ფეხბურთელებსაც ვეღარავინ დააკავებს და პირველ ეტაპთან შედარებით, "სამტრედიას" შემადგენლობა უფრო დასუსტებულია. თუმცა ამ გუნდს ხომ არაერთი სიურპრიზი შემოუთავაზებია და, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე მოთამაშე "სამტრედიის" ძალა ამ სეზონში რამდენიმე ფავორიტმა საკუთარ თავზე იწვნია.







.



მკითხველის კომენტარები / 3 /
თასი და 4 ადგილი ტორპედოსიამაინც. 1 სეზონში შესანიშნაი იქნება. წინნ ტორპედოოოოოოო!!!!!!!!!
vaxo
20:05 23-02-2011
0
ფოთი ტორპედოსთან შედარებიტ სუსტია დამხოლოდ დამხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება. დინამოს სიცხვილი კიდე კაცნაკლულ ოლიმპთან როგორ წააგო. ტორპედმკიდე ოლიმპს კინაღამმოუგოდა ეხა ბაიასთან წააგო. ძან საინერესო ჩემპიონატია რამოხდება წინასწარ ვერავინ იტყვის
vaxo
19:04 23-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული