ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს

AutoSharing Option
თელავის "კახეთი" ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბია. ის 1936 წელს დაარსდა. გუნდი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც ტევადობით (12 ათასი) ქართული სტადიონების ათეულში შედიოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კლუბი ორჯერ, 1972 და 1977 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე, "კახეთი" უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, მერე გავარდა და 2005-2007 წლებში დაბრუნდა. ამ ქალაქში გაიზარდნენ ევროპის ჩემპიონი გივი ჩოხელი, ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები - სოსო გრიშიკაშვილი, ალეკო ამისულაშვილი, სანდრო იაშვილი, გოჩა ჭვრიტიძე, ნიკა გელაშვილი... უმაღლეს ლიგაში გიორგი დემეტრაძემ პირველი გოლები სწორედ
"კახეთის" ფორმით გაიტანა.

2007 წელს კვლავ პირველ ლიგაში დაქვეითდა, სადაც 2013-14 წლების სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა, მეორე ლიგაში გავარდა და არსებობა შეწყვიტა. მას შემდეგ თელავში საფეხბურთო კლუბი არ არსებობდა და კახეთის მთავარი ქალაქი უგუნდოდ დარჩა.

არადა, თელავში ფეხბურთი ძალიან უყვართ და წლეულს გუნდი აღადგინეს კიდეც. ამის შესახებ ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი გველაპარაკა:

Sportall.Ge"ორი სეზონი ისე მიილია, კახეთის მთავარ ქალაქში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა. მე თელაველი კაცი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე და თამაშიც "გივი ჩოხელის" სტადიონზე დავიწყე. ამიტომ გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, როგორ პარტახდებოდა ჩემს ქალაქში ფეხბურთი.

მერე გუნდი დაიშალა და 2 სეზონი თელავში თამაში არ ჩატარებულა. ჩემთვის და თელაველებისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. სურვილი არ მტოვებდა, რომ გუნდი აღგვედგინა ან თავიდან ჩამოგვეყალიბებინა.

სწორედ ამ დროს გამოცხადდა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების პროგრამას აამოქმედებდა და ერთიან ფონდს აფუძნებდა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო და ჩანაფიქრის განხორციელება გადავწყვიტე.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მე და ჩემმა მეგობრებმა - ალეკო ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ ახალი კლუბი, "თელავი" დავაფუძნეთ. გულშემატკივარი ორივეს მშვენივრად იცნობს, ამისულაშვილი თელაველია და აქაურობაზე გული შესტკივა, ვაშაკიძე კი თბილისელია, მაგრამ იდეა ძალიან მოსწონდა და ხედავდა, რომ ამ კლუბს პერსპექტივა ჰქონდა", - ამბობს გრიშიკაშვილი.

მან თავისი ჩანაფიქრი გაგვაცნო:

"ძალიან მცდარია შეხედულება, თითქოს, კახეთში ფეხბურთი პოპულარული არ არის. როგორ არ არის პოპულარული, როცა ხალხი სტადიონს ყოველთვის ავსებდა და პირველ ლიგაშიც კი ბევრი მაყურებელი მოდიოდა?!

ჩვენ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. ამჟამად, "თელავი" მხოლოდ რეგიონულ ლიგაში თამაშობს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. გარდამავალ ჩემპიონატში მიზნად რეგიონული ლიგის ჯგუფში გამარჯვება დავისახეთ, რომ ეროვნული ლიგა 1-ში მოვხვდეთ, შემდეგ კი საბოლოოდ გუნდის PRO ლიგა 1-ში დაწინაურებაზე ვფიქრობთ.

თელავის გუნდის ქართული ფეხბურთის ელიტაში წლების წინაც გამოდიოდა და საკმაოდ ღირსეულადაც. უმაღლეს ლიგაში თელავის გუნდის ფორმით თავადაც მითამაშია.

10 სექტემბერს, მეორე ლიგის მორიგი ტურია და ორწლიანი პაუზის შემდეგ თელავში მეტოქეს პირველად ვუმასპინძლებთ. ამას საგანგებოდ სტადიონის გახსნა დავამთხვიეთ და ბედნიერი ვარ, ჩემს ქალაქში ფეხბურთის გამოცოცხლებას რომ მოვესწარი".

ირაკლი ვაშაკიძე, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"ამ კლუბში თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახსრებს აბანდებს, რადგან ჯერ სპონსორი არ გვყავს და ერთიანი ფონდიდან ჩვენც ისევე გვაფინანსებენ, როგორც ყველა დანარჩენ კლუბს. მაგრამ გუნდის განვითარებისა და სპონსორების მოსაზიდად ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან "თელავს" გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი უზურფრუქტით გადმოსცეს.

შეთანხმება ასეთია - სტადიონი ხანგრძლივ სარგებლობაში გადმოგვეცა, სამაგიეროდ, ჩვენ მისი გარემონტება და მოწესრიგება დავივალდებულეთ. არენის რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, რომლის ფულსაც ჩვენ თავად ვდებთ.

რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, გადაიხურა და კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსი და მზად ვართ, იქ ფეხბურთელები დავაბინაოთ. "გივი ჩოხელზე" მოედნის საფარი ხელოვნურია და ფეხბურთის ფედერაციამ ტექნიკა დაგვახმარა. მერე კი გვითხრეს, რომ მარტვილის მოედნის შემდეგ, ეს საქართველოში ხარისხით მეორე ხალიჩაა. ახლა ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება მიმდინარეობს და ტევადობა 3-დან 5 ათასამდე უნდა იყოს - გააჩნია, რამდენს გავწვდებით".

ვაშაკიძის თქმით, ისინი გრძელვადიანი გეგმით მუშაობენ:

"დასახელებული გეგმების გარდა, ჩვენი მიზანია, საფეხბურთო სკოლა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც კლუბს გარკვეული დროის შემდეგ ადგილობრივი კადრებით მოამარაგებს. ახლა კი გუნდში ადგილობრივები არიან, მაგრამ რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ - საკუთარი რესურსით ეროვნული ლიგა 1-ში მოსახვედრად ვერ ვიბრძოლებდით.

ჩვენ ცნობილი ფეხბურთელები დავიმატეთ - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველები, ალეკო გოგობერიშვილი და გიორგი გაბიდაური, ბოლნისის "სიონიდან" იჯარით მეკარე სოსლან ნანიევი მოვიწვიეთ, ხოლო თბილისის "დინამოდან" 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა ბაშალეიშვილი, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაააა მაგარია რა მაგრად გამიხარდა.
Valeri
00:04 11-09-2016
0
გოჩა ჭვრიტიძე )))))))))))))))))
Goga
22:50 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული