ამას გარდა, სტატისტიკაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო გუნდების სატურნირო მდგომარეობა: "ოლიმპმა" ამ მოგებით ცხრილის პირველი ადგილიც, სულ მცირე, მომავალ ტურამდე შეინარჩუნა და, რაც მთავარია, თავისი ერთ-ერთი კონკურენტი "დინამო" უკვე შვიდი ქულით ჩამოიტოვა!
რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მატჩები ჯერ წინ
ასეთ შედეგს, რაღა თქმა უნდა, გარკვეული მიზეზ(ებ)იც ექნება და ყველაზე უკეთ "დინამოს" მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას ეცოდინება თავისი გუნდის ასეთი არადამაჯერებელი ასპარეზობის "რეცეპტი". თუმცა, "დინამოს" პრობლემები მართლაც ცალკე საუბრის თემაა და ამით სულაც არ გვინდა გასაოცარი მონდომებითა და შემართებით მოთამაშე "ოლიმპის" გამარჯვების დაკნინება; პირიქით: გუშინ მასპინძლებმა აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვეს და, იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად, ერთი საათი რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიეს და შეხვედრაც ლოგიკურ დაასრულამდე მიიყვანეს.
"ოლიმპის" გამარჯვებაში გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა ლომის წილი შეიტანა, მაგრამ ნურც მწვრთნელის ღვაწლი დაგვავიწყდება: ახალგაზრდა სპეციალისტმა თორნიკე მაისურაძემ სწორი და, რაც მთავარია, სასურველ შედეგზე ორიენტირებული ტაქტიკა დაუპირისპირა ტიტულოვან მეტოქეს და, როგორც ხედავთ, არჩევანმა გაუმართლა კიდეც!
ეფექტიანი გადაადგილებები
ტაქტიკა ვახსენეთ და ვიდრე ტურის ცენტრალური მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, ორივე გუნდის შემადგენლობაში წინა მატჩებთან შედარებით განხორციელებულ ცვლილებებზე უნდა ვთქვათ. "დინამომ" ტრავმირებული გულვერდ თომაშვილი მოისაკლისა (ასევე, ავადმყოფობის მიზნით ტოვებდა მატჩს სტუმართა ახალწვეული დიმიტრი ტატანაშვილი) და დაცვის ცენტრში უნივერსალი ლევან კაკუბავა გამოჩნდა; სამაგიეროდ, სიახლე იყო დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც გარკვეული პაუზის მერე "დინამოში" მობრუნებული შოთა კაშია ვიხილეთ.
ისიც ცხადი იყო, რომ წინა მატჩში დაშავებული ჰაჯიბულიჩი "ოლიმპის" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებდა და სტუმართა მოედნის შუახაზს ალექსანდრე კოშკაძე და ედნილსონი ამაგრებდნენ, მათზე წინ კი ზურაბ არზიანი თამაშობდა.
სიახლეები იყო "ოლიმპის" შემადგენლობაშიც და წინდაწინ უნდა ითქვას, რომ ყველა ის გადაადგილება ეფექტიანი გამოდგა! ყოველ შემთხვევაში, გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი გმირი მასპინძელთა მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილი გახლდათ, ვინც უმაღლეს ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. დისკვალიფიცირებული რევაზ ქემოკლიძის ნაცვლად დაცვის ცენტრში გიორგი რეხვიაშვილი რომ გამოჩნდებოდა, ადვილად პროგნოზირებადი იყო (ეს უკანასკნელი პირველ ეტაპზე "ოლიმპის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მეორე ეტაპის საწყისი მატჩები დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა).
თორნიკე მაისურაძემ გარკვეული გადაადგილებები შუახაზშიც მოახდინა: წინა მატჩისგან განსხვავებით ამჯერად ძირითადში დაიწყო თამაში ვალიკო ტყემალაძემ, ვინც ლუკა რაზმაძეს შეუწყვილდა მოედნის ცენტრში; მარჯვენა გარემარბად გიორგი ქავთარაძე იყო გამწესებული, მარცხნივ - ირაკლი მაისურაძე, ხოლო გამთამაშებლად დავით ბოლქვაძე. აქვე, კიდევ ერთხელ გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ოლიმპში" ჩარიცხვის მერე ბოლქვაძემ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა; უფრო ზუსტად, ვიდრე მოედანს ორი ყვითელი ბარათის გამო დატოვებდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში, უდავოდ, გამორჩეული სწორედ ეს გამოცდილი ნახევარმცველი გახლდათ.
დებიუტანტების დღე
მატჩის დღეს რუსთავში სიცივე იყოო, რბილად ნათქვამი გამოგვივა; ჰოდა, ამიტომაც არ ველოდით "ფოლადის" სტადიონზე 1000 ქომაგის მოსვლას, რომლებთაც ნამდვილად არ უნანიათ: სანახაობრივი თვალსაზრისით ურიგო მატჩიც (განსაკუთრებით, პირველი ტაიმი) არ უნახავთ და, რაც მთავარია, "ოლიმპის" დამსახურებული და კანონზომიერი გამარჯვებითაც გაიხარეს.
მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო და მაშინათვე ნათელი გახდა, რომ უშეღავათო ბრძოლის მოწმენი უნდა გავმხდარიყავთ. ამასთან, მეტოქეებმა ზომაზე მეტად ხისტი ფეხბურთიც გააჩაღეს და, ალბათ, ამის გამოც იყო, მატჩის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ პირველ ტაიმში 6 ყვითელი ბარათი რომ უჩვენა ორივე გუნდის მოთამაშეებს. სხვათა შორის, "ოლიმპმა" შეხვედრის დასაწყისიდანვე უმკაცრეს პრესინგს მიმართა: მასპინძელთა ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზევე იწყებდნენ მჭიდრო მეურვეობთს და ამის "პარალელურად", სახიფათო იერიშების წამოწყებაც არ ავიწყდებოდათ.
პირველი სახიფათო მომენტი დავით ბოლქვაძემ შექმნა: მასპინძელთა გამთამაშებელმა 25 მეტრიდან ოსტატურად დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით გადაცდა "დინამოს" კარის ხარიხას. ამის მერე უკვე გიორგი ლორიას ჯერი დადგა: "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ ჯერ ალექსანდრე კვახაძის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი მახვილი კუთხიდან ირაკლი მოდებაძეს არ დაანება გოლის გატანა. ამ ორივე ეპიზოდში ბოლქვაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა და აი, მაშინ, როცა "ოლიმპის" უპირატესობა თვალშისაცემზე მეტი გახდა, მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ! ყველაფერი კი "დინამოს" საჯარიმოში მომხდარ ეპიზოდს მოჰყვა: ბურთისათვის ბოლქვაძე და გივი კვარაცხელია იბრძოდნენ, რის შემდეგაც მასპინძელთა გამთამაშებელი მოედანზე წაქცეული აღმოჩნდა. არბიტრმა, ალბათ, სიმულაცია დაინახა და, როგორც წესია, ყვითელი ბარათით დასაჯა, რომელიც, ბოლქვაძისთვის ამ შეხვედრაში მეორე აღმოჩნდა. ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია ექნებოდათ მასპინძელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებსა თუ ქომაგებს - შეხვედრის დამთავრებამდე ხომ საათზე მეტი დრო იყო დარჩენილი...
თუმცა, "დინამოს" თამაშს საერთოდ არ დასტყობია ეს ფაქტორი: სტუმართა შესრულებით კვლავაც უშინაარსო თამაშს და, რაც ყველაზე თვალიშისაცემი იყო, კვლავაც უამრავ შეცდომას ვადევნებიდთ თვალს. საპირისპირო "განწყობა" იყო მასპინძელთა შორის და ასეთი მონდომება დაუფასდათ კიდეც: მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად მოასპარეზე გიორგი მურველაშვილმა მარჯვენა ფლაგზე ლამის 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა, ძალისმიერ ორთაბრძოლებშიც დაჯაბნა მეტოქეები და სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა, პარტნიორს ზუსტი პასიც გადააწოდა. "დინამოს" მცველებმა, თითქოსდა, განმუხტეს სიტუაცია, მაგრამ პირველი ბურთთან მასპინძელთა დებიუტანტი, ირაკლი მაისურაძე გაჩნდა და ახალგაზრდა ნახევარმცველმაც უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
სტუმართა თავკაცმა კახა კაჭარავამ პირველ ტაიმშივე მოახდინა ერთი ცვლილება, რასაც გარკვეული ტაქტიკური გადაადგილება მოჰყვა: ნიკა კვეკვესკირმა "საყრდენის" პოზიცია დაიკავა, გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ (ლორიასთან ერთად, ალბათ მხოლოდ მის მიმართ არ უნდა ჰქონოდა არავის პრეტენზია) კი გამთამაშებლის ამპლუა მოირგო. თუმცა, "დინამოს" თამაშს პირველ ტაიმში მხოლოდ და მხოლოდ კატასტროფული თუ ეთქმოდა: 45 წუთის განმავლობაში სტუმრებმა ერთადერთხელ დაარტყეს "ოლიმპის" კარისკენ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა პოზიცია სწორად შეარჩია და ის ვითომ-მომენტიც გააუვნებლყო.
მეორე ტაიმში თამაშის ტემპი საგრძნობლად დაეცა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო: მასპინძლები თავს საკმაოდ ორგანიზებულად იცავდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მეტოქისათვის თავისუფალი სივრცეების შეზღუდვას. "დინამოს" თამაშზე მცირეოდენი ზეგავლენა შეცვლებმა მოახდინა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობაზე საუბარიც ზედმეტი იყო; აქვე, ლუკა რაზმაძის გამორჩეულად სასარგებლო თამაშიც უნდა ვახსენოთ: მასპინძელთა შუახაზელმა უაღრესად შრომატევადი სამუშაო გასწია და მისი დიდი დამსახურებაც იყო, მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით რომ ვერ ისარგებლა.
ერთი-ორჯერ კოშკაძემ სცადა სიტუაციის გამწვავება, აქტიურად ჩაერთო თამაშში თემურ ღონღაძეც, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო. თუმცა, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "დინამოს" ქულის გადარჩენის, ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი შანსი მიეცა: ღონღაძე-კვეკვესკირის კომბინაციის შემდეგ გიორგი კახელიშვილი მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. სხვისი რა მოგახსენოთ, და ეს გოლი რომ გასულიყო, ცოტა არ იყოს, უსამართლობაც იქნებოდა: გუშინ "დინამო" ერთ ქულასაც არ იმსახურებდა...
23.02. რუსთავი. ფოლადი. 1000 მაყურებელი
ოლიმპი-დინამო 1:0
1:0 მაისურაძე (30)
ოლიმპი 4-2-3-1 დინამო 4-2-3-1
ბედიაშვილი ლორია
მურველაშვილი შ. კაშია
კვახაძე კაკუბავა
რეხვიაშვილი გ. კვარაცხელია
დობროვოლსკი მაროვიჩი
რაზმაძე ედნილსონი
ტყემალაძე კოშკაძე
ქავთარაძე რობერტინიო
დ. ბოლქვაძე არზიანი
ი. მაისურაძე ჯუისი
მოდებაძე ელიჩი
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. მაისურაძე კ. კაჭარავა
ოლიმპი
77. გეწაძე-მაისურაძე
86. გ. ჭელიძე-ტყემალაძე
86. ჯაფარიძე-ქავთარაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ლ. სეთურიძე, გორდეზიანი, უგულავა
დინამო
37. კვეკვესკირი-არზიანი
46. კახელიშვილი-რობერტინიო
69. ღონღაძე-კაშია
სათადარიგოები: ზარქუა, ხმალაძე, თექთურმანიძე, სიხარულიძე
გაფრთხილება: ბოლქვაძე (5), რაზმაძე (18), არზიანი (20), ბოლქვაძე (26), ედნილსონი (30), კოშკაძე (34), ღონღაძე (81)
გაძევება: ბოლქვაძე (26).
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი);