საბურთალო-დინამო (ბთ) 0:0 - ფრთხილი ლიდერი ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გარდამავალი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორივე ჯგუფში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. შაბათ-კვირას პირველი წრის მატჩები დასრულდა და რადგან ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდები სტრატეგიული მიზნებიდან გამოდიოდნენ.

ასე იყო ეს შეხვედრაც, სადაც "წითელი ჯგუფის" ორი მოწინავე გუნდი ხვდებოდა. ბათუმელებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და აშკარა იყო, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გასვლაზე ქულაზე უარს არ იტყოდნენ.

თავის მხრივ, "საბურთალოს" აქტიური თამაში ბათუმელებს შეტევების განვითარების საშუალებას არ აძლევდა. მათ შორის არ ჩანდა მოთამაშე, რომელიც ყოჩობას იკისრებდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ლიდერებისგან გაცილებით თამამ და აგრესიულ
ფეხბურთს ველოდით. მაგრამ ახალგაზრდული "საბურთალო" უფრო აგრესიული და შემტევი იყო.

პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა. ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა, მაგრამ მეტოქეებს მოსაგებად რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. საბურთალოელებს საჯარიმოში შესვლა უჭირდათ. თუმცა ტაიმის შუაში ესპანელმა ლეგიონერმა გონსალეს ვაგნერმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და კარში ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბათუმელთა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ბათუმელთა საპასუხო შეტევას კი ლევან გეგეჭკორი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული ბექა ქურდაძემ მოიგერია.

მასპინძელთა ლამის ყველა შეტევას გიორგი ხარაიშვილი იწყებდა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ნოდარ იაშვილს გაუთამაშა ბურთი და კარში დაარტყა, მაგრამ უკრაინელმა მეკარემ, რომელიც ამ დღეს შეუდარებელი იყო, ისევ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ნახევარში მეტოქეებმა ოდნავ მეტი მონდომება გამოავლინეს, ტემპსაც მოუმატეს და შეტევებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. 53-ე წუთზე ბათუმელებს ანგარიშის გახსნის ურეალურესი მომენტი ჰქონდათ. არჩილ ტვლდიანის ფლანგური გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა თემურ შონია, რომელსაც დარტყმის მომენტში ცენტრალური მცველი კარასკო გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

67-ე წუთზე კი გოლს უკვე სტუმრები გადაურჩნენ - "საბურთალომ" სწრაფი კონტრშეტევის წამოწყება მოახერხა, გარსია პენამ შეტევა იაშვილს გაუგრძელა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა და ახლო მანძილიდან თავური ხარაიშვილმა დასცხო, მაგრამ ტიმოფეევი ისეთ "ტალღაზე" იყო, ამ ეპიზოდშიც გასაოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდს ისევ მხსნელად მოევლინა.

ხელსაყრელი მომენტი მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შექმნეს, როცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა გიორგი ფანცულაიას მიეცა, მაგრამ ბურთის "მოჭრა" ვერ მოახერხა, მიზანს ააცილა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური. წითელი ჯგუფი
24.09. თბილისი. მიხეილ მესხი
საბურთალო-დინამო (ბთ) 0:0
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი (76. მამუჩაშვილი), ელვინ ტერა, სანტიაგო ხარა (69. ფანცულაია), ხარაიშვილი, გონსალეს ვაგნერი (87. ბუხაიძე), პენა.
სათადარიგოები: გოშაძე, სოფრომაძე, რუხაძე, ნადარაია
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, დ. კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, თ. შონია, მარიანოვიჩი (62. კვანტალიანი), ფონიავა (87. თევდორაძე), გეგეჭკორი (80. ჭკუასელი), ე. ლობჯანიძე.
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ვარშანიძე, ქავთარაძე, ქორიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (23), მარიანოვიჩი (25), ხარაიშვილი (69), კარასკო (90), თევდორაძე (90+2)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

VIII ტური. თეთრი ჯგუფი
1 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ჩიხურა
შუქურა-ტორპედო
ცხინვალი-გურია
ლოკომოტივი ისვენებს.

წითელი ჯგუფი
2 ოქტომბერი
საბურთალო-სიონი
სამტრედია-დინამო (ბთ)
კოლხეთი-ზუგდიდი
დილა ისვენებს

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული