ზესტაფონელებმა "სპარტაკს" თბილისურ მატჩში აჯობეს

AutoSharing Option
მატჩის მასპინძელი "ზესტაფონი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმერეთში დიდთოვლობისა და გუნდების ურთიერთშეთანხმების გამო, სპორტკომპლექს "შატილი-ნორჩი დინამოში" ცხინვალელები მასპინძლობდნენ.

დედაქალაქშიც გვარიანად ციოდა, მაგრამ მატჩი ლამაზი და სანახაობრივი გამოდგა. ეს არის ხარხისხიანი საფარის დამსახურება, რომელიც თამაშის სტილს და ხარისხს განაპირობებს.

შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო: სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო კახა ალადაშვილმა, მაგრამ "სპარტაკის" მეკარე სოსო გრიშიკაშვილმა, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს, ამ ეპიზოდშიც და დარჩენილ დროშიც ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა.

ცხინვალელბი არ იყვნენ მაყურებლის როლში. ბადრი კვარაცხელიას ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი არც "ზესტაფონს" შეეპუა.

მიხეილ ბარაბაძე როინ
კვასხვაძესთან პირისპირ დარჩა და ბურთის თავზე გადაგდება სცადა, თუმცა ზესტაფონელთა მეკარემ აუღო. "სპარტაკის" შეტევების სული და გული ვალერი ბოლქვაძე იყო, რომელიც თამაშის მიმართულებას დროულად ცვლიდა. მე-15 წუთზე მისი შორეული დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. მალე "ზესტაფონის" კარს მახვილი კუთხიდან ნიკა მგელაძე დაემუქრა, მაგრამ სიზუსტე მასაც არ ეყო.

პირველი ნახევარი მაგიდის ჩოგბურთს დაემსგავსა, ხან ერთი უტევდა, ხან მეორე და ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა - 26-ე წუთზე ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ჰქონდა ნიკოლოზ გელაშვილს, მაგრამ ახლო მანძილიდან თავური დარტყმა "სპარტაკის" კარს მცირე მანძილით ააცილა.

"სპარტაკის" კარის აღება 32-ე წუთზე ჯაბა დვალსაც შეეძლო, მაგრამ ახლოა მანძილიდან გრიშიკაშვილს ვერ აჯობა.

36-ე წუთი: ბოლქვაძე ცენტრიდან დაიძრა, რამდენიმე მოწინააღმდეგეს სწრაფად და ეფექტურად გასცდა და რომ არა როინ კვასხვაძის მშვენიერი თამაში, ბურთი "ზესტაფონის" კარის ბადეს შეარხევდა. ეპიზოდი ამით არ დასრულებულა: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ ახლო მანძილიდან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბოიომო ფრიდოლინმა გაისროლა - კვასხვაძემ კვლავ საოცარი რეაქცია გამოავლინა.

"ზესტაფონმა" მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა: სახიფათო მომენტები ჰქონდა გელაშვილს, მეკარესთან პირისპირ დარჩა დვალი, მაგრამ გრიშიკაშვილმა კვლავ საოცარი რეაქცია გამოავლინა - გამოცდილი მეკარე ასეთ ფორმაში მაშინაც არ ყოფილა, როდესაც ნაკრებში იწვევდნენ.

"სპარტაკს" აშკარად დააკლდა აქტიური მიხეილ ბარაბაძე, რომელიც პირველ ტაიმში კახა ალადაშვილმა მოცელა. ეს სათამაშო ეპიზოდი იყო და არა წინასწარგანზრახული უხეშობა, თუმცა ბარაბაძეს ეს ვერ უშველის - მძიმედ დაშავებულმა მოედანი დატოვა.

სპარტაკელთა შეტვებიდან გიორგი მამუჩიშვილის შორეული დარტყმაა აღსანიშნავი, როდესაც კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ანგარიში 70-ე წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფლანგიდან ალადაშვილმა საჯარიმო შეასრულა, მცველთა უყურადღებობით ბუბა დაუშვილმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ბადე შეარხია - 0:1.

მალე შეცვლაძე შემოსულმა რატი წინამძღვრიშვილმა ივარგა, საჯარიმოში შექმნილ არეულობაში დროულად გაერკვა, რამდენიმე მცველს დაასწრო და 0:2.

"სპარტაკი" 88-ე წუთზე ილია ბუზალაძემანგარიში შეამცირა, თუმცა მასპინძლებმა მეტი ვერ შეძლეს, ისევე როგორც სტუმრებმა - საფინალო სასტვენამდე წინამძღვრიშვილმა ახლო მანძილიდან ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა.

როგორც გაირკვა,"სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა:" ვფიქრობ, თამაში ყველას მოეწონა. დისკვალიფიკაციის გამო კახა კაკაშვილი და ზვიად მეტრეველი გვაკლდნენ. ტრავმის გამო ბესიკ დეკანოიძეც ვერ გევხმარებოდა, გამოჯანმრთელებული არაა თემურ შონიაც და ამიტომაც არ იყო შემადგენლობაში. მოკლედ, დანაკლისი გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და სწორი მსაჯობა რომ ყოფილიყო, არ წავაგებდით. მსაჯებზე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ გიორგი ვადაჭკორიას ზედმეტი მოუვიდა. "ზესტაფონმა" პირველი გოლი საეჭვო ჯარიმის გათამაშებით გაგვიტანა. მიხეილ ბარაბაძე უკნიდან წააქციეს. ასეთ შემთხვევაში წესის დამრღვევს წითელ ბარათს აძლევენ, ვადაჭკორიამ კი მხოლოდ ყვითელი ბარათი ამოიღო და გასაძევებელი ფეხბურთელი დაინდო... უკვე სამი მატჩია, ვადაჭკორიას გამო ვისჯებით. ასე იყო რუსთავის "ოლიმპთან", აგრეთვე "ვიტ ჯორჯიასთან" თასის განმეორებით მატჩში. ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ, დამტკიცება ფაქტებით და დასახელებული მატჩების ჩანაწერებით შემიძლია. თუ დაინტერესდებიან, ფაქტებს დეტალურად წარმოვადგენ".


23.02. თბილისი. სპორტკომპლექსი "შატილი-ნორჩი დინამო". 500 მაყურებელი
სპარტაკი-ზესტაფონი 1:2
გოლები: 0:1 დაუშვილი (72. ალადაშვილის პასით), 0:2 წინამძღვრიშვილი (75), 1:2 ბუზალაძე (88).

გრიშიკაშვილი (კაპ) რ. კვასხვაძე (კაპ)
სეფიაშვილი კობახიძე
ბოიომო ალადაშვილი
ტეტუნაშვილი ხიდეშელი
ჭაფოძე ელიავა
კლოვისი დაუშვილი
მგელაძე ბაბუნაშვილი
მამუჩიშვილი შ. გრიგალაშვილი
ვ. ბოლქვაძე ბენაშვილი
უგრეხელიძე დვალი
მ. ბარაბაძე გელაშვილი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
ბ. კვარაცხელია გ. გეგუჩაძე

სპარტაკი
40. ბარაბაძე - ბუზალაძე
68. უგრეხელიძე - ოთარიშვილი
77. მგელაძე - შონია
სათადარიგოები: ხომერიკი, ალავიძე, კილასონია, მ. ჯიშკარიანი,

ზესტაფონი
64. ბაბუნაშვილი - ძარია
70. წინამძღვრიშვილი - გელაშვილი
77. დვალი - ჭანკოტაძე
სათადარიგოები: მეშველიანი, ს. ლომია, ჩიხლაძე, გაგოშიძე
გაფრთხილება: მგელაძე (6), ალადაშვილი (40), ბარაბაძე (40), ბაბუნაშვილი (41), ჭანკოტაძე (83).

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინამწღვრიშვილი გაესინჯა ერთი ქეცბაიას სანაკრებოდ რა იქნებოდა?
tolika
17:07 24-02-2011
0

სიახლეები პოპულარული