"საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, რომელსაც მშობლიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მანამდეც უმუშავია.

ჭიაბრიშვილი, რომელიც ამავდროულად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა, სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, "საბურთალოს" ნოემბრის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

კახა კაშია ("საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი):
"მინდა მადლობა გადავუხადო პაბლო მარტინსა და ალექსანდრო დელა კრუზს გაწეული სამუშაოსთვის და ორივე მათგანს მომავალში წარმატებები ვუსურვო. ამიერიდან, კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. ფეხბურთელების უმეტესობისთვის ნაცნობი ადამიანია, თუმცა ამჟამად კლუბში ირიცხებიან ისეთებიც, რომლებიც დღეს პირველად ხვდებიან ერთმანეთს".

მანოლო იერო (საბურთალოს" სპორტული დირექტორი):
"პაბლო
მარტინი და ალექსანდრო დელა კრუზი ყოველდღიურად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდნენ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. "საბურთალო" პროგრესირებადი კლუბია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებების მიღწევა. გიორგი ჭიაბრიშვილი ჩვენი დიდი ოჯახის წევრია. მიხარია, რომ სწორედ იგი უხელმძღვანელებს "საბურთალოს".

გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი):
"დავბრუნდი სახლში, ნაცნობ გარემოში. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. იცით, რომ ამ კლუბთან ბევრი კარგი მოგონებები მაკავშირებს, "საბურთალო" ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

ვისარგებლებ შემთხვევით და პაბლო მარტინს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადავუხდი.

"საბურთალოში" ნოემბრის ბოლომდე ვიმუშავებ. ამავდროულად, ვრჩები საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. ნაკრების გრაფიკიდან გამომდინარე, მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავთანხმებოდი შემოთავაზებას "საბურთალოს" მხრიდან".

პაბლო ფრანკო მარტინი ("საბურთალოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
"კლუბის ხელმძღვანელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - წლევანდელ სეზონში არ გვქონდა სასურველი შედეგი, გაცილებით უკეთესის მოლოდინში ვიყავით, ამის რესურსი "საბურთალოს" ნამდვილად გააჩნია. მახარებს ის, რომ უკვე ჩემს ყოფილ კლუბში ნაცნობი ადამიანი ბრუნდება - გიორგი ჭიაბრიშვილი. მასთან გაცნობის დღიდან საქმიანი და მეგობრული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. გიორგის წარმატებებს ვუსურვებ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდში დგომისთვის. "საბურთალო" ჩემს გულში რჩება, ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას. გპირდებით, რომ ყოველთვის მემახსოვრებით".

ალექსანდრო დელა კრუზი (ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელი):
"საბურთალოში" ისე მიმიღეს, როგორც საკუთარ სახლში. აქ განვლილი პერიოდი კარგად დამამახსოვრდება. 7-8 თვე "საბურთალოში" ვმუშაობდი, ყველას გვერდში დგომას ვგრძნობდი - მწვრთნელების, ფეხბურთელების, ხელმძღვანელების. დარწმუნებული ვარ, "საბურთალო" მალე დიდ მიზნებს მიაღწევს და თავის სიტყვას იტყვის ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ევროსარბიელზე".

ბოლოს, "საბურთალოს" კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა ფეხბურთელების სახელით პაბლო მარტინსა და ალექსანდრო დელა კრუზს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული