თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა და გუშინ "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრო. 60 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა გადაწყვეტილი არ არის. ერთი შეხედვით, გროზნი მთავარ კითხვაზე - მართავდა თუ არა მოლაპარაკებებს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან, პასუხს თავს არიდებდა და საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობდა.

მაგრამ მისი პასუხებიდან აშკარად ჩანს, რა მოეწონა და რა - დაგვიწუნა:

- თბილისში მეგობრებთან ჩამოვედი და მსურდა, რომ "დინამოს" ინფრასტრუქტურა მენახა. მოკლედ ვიტყვი -
აღტაცებული ვარ! ჩემი კომპლიმენტები კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. "დინამოს" ბაზა ისეთი დონისაა, ფეხბურთელებს ისღა დარჩენიათ, მაღალ დონეზე ითამაშონ. ახალგაზრდებს ასეთი საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები რომ გააჩნიათ, უნდა პროგრესირებდნენ.

საფეხბურთო აკადემიაზეც იმავეს ვიტყვი - კიევის "დინამოს" და ბევრი ცნობილი გუნდის საფეხბურთო სკოლა მინახავს და ვიტყვი, რომ მათ ფონზეც კი თბილისში ძალიან სოლიდური აკადემია დამხვდა.

- ცხადია, თბილისში ინფრასტრუქტურის სანახავად არ ჩამოსულხართ...
- კიევში თუ ჩამოხვალთ, სიამოვნებით გაჩვენებთ ოლიმპიურ სტადიონსა და სხვა სპორტულ ობიექტებს... იცით, რამ გამაოგნა? ეროვნული თასის მეოთხედფინალია, თბილისური დერბი და მაყურებელი არ იყო?! ნუთუ, ხალხს ფეხბურთი არ აინტერესებს?! არადა, აქ ისეთი ტალანტები არიან, დროა საჭირო, რომ გაიზარდონ და შედეგი აჩვენონ.

- და მაინც, "დინამოს" მწვრთნელად ინიშნებით?
- ჩვენ ბატონ ფიფიასთან ურთიერთობა დავიწყეთ, მაგრამ - სხვადასხვა თემაზე. მეტის თქმა არ შემიძლია და კარგად გამიგეთ. გუნდის ნახვა და დასკვნის გამოტანა მსურდა. აქ ბევრი კეთილმოსურნე ადამიანი დამხვდა, მშვენიერი საფეხბურთო ატმოსფეროა. მაგრამ სტადიონზე ხალხის დაბრუნებაა საჭირო.

არ ვიცი, მაყურებელი რატომ არ დადის. შესაძლოა, მიზეზი მძიმე ცხოვრებაა, ან ისიც, რომ ქართველები ტოპ-დონის ფეხბურთს იყავით შეჩვეულები და ნაკლები არ მოგწონთ? მაგრამ თბილისის "დინამო" დიდი ტრადიციების კლუბია. ალბათ, ხალხს უფრო ტემპიანი თამაშის ხილვა სურს.

- "დინამოს" თამაშს როგორ შეაფასებთ?
- საჯაროდ კოლეგების შეფასება არ მიყვარს. მაგრამ პირადად მე დაცვიდან შეტევაზე უფრო სწრაფი გადასვლა მიყვარს. ქართველებს ტექნიკა ამის საშუალებას გაძლევთ. თქვენ ყოველთვის ელეგანტური თავდამსხმელები გყავდათ, რომელთაც ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მოტყუება და ბევრის გატანა შეეძლოთ.

აგერ, აქ არის ჩემი მეგობარი რეზო ჩელებაძე, მშვენიერი თავდამსხმელი იყო... ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. მაგრამ ისინი უნდა გაიზარდონ და მაღალი კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. ასეთი რესურსით "დინამო" და სხვა ქართული კლუბები ევროთასებზე წარმატებით უნდა გამოდიოდნენ.

საქართველოს ნაკრებსაც ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე უნდა ხვდებოდეს. სხვათა შორის, უელსთან ბოლო შეხვედრა ვნახე და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს.

- თქვენი პასუხი როდის გვეცოდინება?
- მადლობა მედიას, თქვენს შრომას ვაფასებ. მაგრამ მეტის თქმის უფლება არ მაქვს. რაც შემეძლო, უკვე ვთქვი.

- ამჟამინდელ "დინამოში" ხედავთ იმ პოტენციალს, გუნდი ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს?
- დღევანდელი თამაშით ვერაფერს ვიტყვი. გუნდი ერთხელაც არ მივარჯიშებია და ასე დასკვნის გამოტანა გამიძნელდება. თანაც, დღეს რამდენიმე დისკვალიფიცირებულმა დინამოელმა არ ითამაშა. ამიტომ ახლა ჩემი შეფასება არაკორექტული იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ ინფრასტრუქტურა(ბაზები, სტადიონები, სკოლები) არ მოწესრიგდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს არაფერი ეშველება და შესაბამისად გულშემატკივარსაც ვერ მოიზიდავს.
Georgian
02:30 21-10-2016
0
ყურმან ბერდიევი მაშინ ამასთან შედარებით თავისი კრიალოსანით ვიტო ჯენოვეზე ყოფილა
Mandela
18:39 20-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული