იაშვილი და პავლიაშვილი "ოლიმპში"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის "ოლიმპმა" განაცხადში ორი თავდამსხმელი დაიმატა - სანდრო იაშვილი და "სამტრედიას" ყოფილი წევრი ილია პავლიაშვილი.

21 წლის პავლიაშვილი ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "სამტრედიაში" თამაშობდა, მაგრამ მისი ტრანსფერი პირველი ლიგის "გაგრას" ეკუთვნოდა. სწორედ ამ უკანასკნელის ხელშეწყობით გაემგზავრა იანვარში იალტის "ჟემჩუჟინაში" გასასინჯად, მაგრამ საბოლოოდ ისევ საქართველოში დაბრუნდა. "ოლიმპის" ახალ მთავარ მწვრთნელს თორნიკე მაისურაძეს კი ახალგაზრდა ფორვარდი მოსწონდა და კონტრაქტი შესთავაზა.

25 წლის სანდრო იაშვილის ფეხბურთში დაბრუნება მნიშვნელოვანი ამბავია. უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი ფეხბურთში ხმაურიანად შეაბიჯა, "რომას" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, 2001
წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 4 გოლით ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა. 18 წლის სანდრო საქართველოს ნაკრებშიც ათამაშეს, მაგრამ ვერა და ვერ აეწყო მისი კარიერა ისე, როგორც მის პოტენციალს შეეფერებოდა.

სანდრო ბოლოს სწორედ რუსთავის "ოლიმპში" თამაშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპზე გუნდში აღარ გამოჩნდა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. მხოლოდ ზამთარში გამოჩნდა, ორჯერ ცხინვალის "სპარტაკში" ივარჯიშა და შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის "გაზ-მეთანში" მიიწვიეს. ეს ტრანსფერიც რომ ჩაიშალა, სანდრომ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

დასანანია, ნიჭიერი ფეხბურთელი დღემდე რომ ვერ გაიხსნა. იმედია, რუსთავის "ოლიმპის" ახალ ხელმძღვანელთა ნდობა მაინც გახდება ის გასაღები, რაც სანდრო იაშვილს სჭირდება. ის ხომ ჯერ 25 წლის არის და კიდევ აქვს დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული