ორი ჩემპიონის დუელი

AutoSharing Option
...არ გვეპუება ზამთარი და არც "წასვლა" უნდა; ჰოდა, ჩვენს გავერანებულ მოედნებს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ატმოსფერული ნალექი მოუხდებოდა? ასეც რომ არ იყოს, უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე არასაფეხბურთო თვე თებერვალია; მაგრამ, უმაღლესი ლიგის კალენდრის შემდგენლებსაც ნუ გავამტყუნებთ: ისედაც შემჭიდროებული გრაფიკია და, წარმოიდგინეთ, თებერვალში ჩასატარებელი ოთხი ტური სადღა უნდა "ჩაესვათ"?

მოკლედ, ისე როგორც მეორე ეტაპის დაწყებიდან თითქმის ყველა ტურის წინ, ახლაც ამინდის იმედად ვართ; თანაც, დღეს ტრადიციულ "ტურის წინათქმას" კი გთავაზობთ, მაგრამ ხვალ თუ რომელიმე მატჩი გადაიდო, ნურავის გაუკვირდება, -
დიდია იმის ალბათობა, რომ უამინდობამ გარკვეული კორექტივები კვლავაც შეიტანოს ჩვენს ჩემპიონატში.

ისე კი, მართლაც საინტერესო ტური გველოდება: ბოლოს და ბოლოს, იმ გუნდის ვინაობას შევიტყობთ, გაზაფხულის მოსვლას ცხრილის პირველ ადგილზე რომ შეხვდება! რაღა თქმა უნდა, ტურის და, ალბათ, მესამე წრის ცენტრალურ დაპირისპირებას ვგულისხმობთ, ზესტაფონში რომ უნდა ჩატარდეს, - ჩემპიონატის ორი ფავორიტის შეხვედრა მართლაც დიდ ინტერესს იწვეს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ჩემპიონი შეხვდება: სტუმრები ოფიციალური სტატუსით (მოქმედი ჩემპიონი) იასპარეზებენ, მასპინძლები კი - არაოფიციალურით ("ზამთრის ჩემპიონი"). რაც მთავარია, "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" მატჩს, სატურნიროს გარდა, ფსიქოლოგიური ფაქტორითაც დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ: ორივე ფავორიტი სწორედ ხვალინდელ შეხვედრაში ეცდება თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევას, რამეთუ ამის მერე (ფაქტობრივად, IV წრის დაწყებამდე) მეტ-ნაკლებად იოლი თამაშები ელოდებათ; ანუ, მესამე წრის ბოლომდე, ცოტა არ იყოს, ძნელად სავარაუდოა, რომ ჩემპიონატის ორივე ფავორიტმა სადმე ქულები დაკარგონ.


ზესტაფონი-ოლიმპი
"ზესტაფონმა" 2010 წლის 11 დეკემბერს "ვიტ ჯორჯია" რომ დაამარცხა, იმის მერე მშობლიურ ქალაქში აღარ უთამაშია. და აი, ორთვენახევრიანი პაუზის მერე ადგილობრივი ქომაგები უპრინციპულესი მატჩის მოლოდინში არიან: მოიგებს "ზესტაფონი" და ლიდერობასაც დაიბრუნებს, დანარჩენ შემთხვევაში კი სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავაც "ოლიმპი" დარჩება.

ისე, "ოლიმპს" უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (ოღონდ, მხოლოდ ჩემპიონატის შეხვედრებს ვგულისხმობთ) და საერთოდაც, გასული წლის 3 ოქტომბრის მერე რუსთაველები მხოლოდ ერთადერთხელ დამარცხდნენ; ახლა, მეტოქესაც აღარ იკითხავთ: საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ზესტაფონმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა "ოლიმპის" კარში და ამ შედეგით, განმეორებითი შეხვედრაც, ფაქტობრივად, ფორმალობად აქცია.

რაც შეხება ჩემპიონატის დაპირისპირებებს, ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა: ზესტაფონში მასპინძლებმა ნიკოლოზ გელაშვილის ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს, რუსთავში კი "ოლიმპს" მოგება ალექსანდრე კვახაძის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა. სხვათა შორის, მეორე წრის ამ მატჩის შემდეგ "ოლიმპი" სატურნირო ცხრილის ლიდერიც გახდა, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ პირველი ეტაპის გამარჯვებული საბოლოოდ "ზესტაფონია". მასპინძლები ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებულ შოთა ბაბუნაშვილს მოისაკლისებენ, "ოლიმპს" კი, იმავე მიზეზით წამყვანი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე დააკლდება.


დინამო-ბაია
ყველასათვის მოულოდნელად, ხვალინდელ მეტოქეებს მეორე ეტაპის სტარტი აშკარად განსხვავებული გამოუვიდათ: "დინამომ" სამ მატჩში მხოლოდ 2 ქულის მოგროვება მოახერხა, "ბაიამ" კი ორი მოგებითა და ერთი ფრით სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. რა ბევრი მტკიცება იმ ფაქტს, ხვალინდელ შეხვედრაში უპირობო ფავორიტებად მასპინძლები რომ უნდა მივიჩნიოთ: ბოლოს და ბოლოს, საჩემპიონო ამბიციების მქონე "დინამოს" უკვე ნამდვილად აღარ აქვს ქულების აქეთ-იქით დარიგების უფლება.

გარკვეულ ინტერესს იწვევს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ნიკა კვეკვესკირის ასპარეზობაც, - იმის გათვალისწინებით, რომ "საყრდენი" ედნილსონი დისკვალიფიცირებულია, "დინამოს" ახალგაზრდა ახალწვეულს ალბათ, ძირითადში ვიხილავთ. თუმცა, "დინამომ" ბოლო მატჩები, ფაქტობრივად, სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა და მართლაც ძნელია იმის თქმა, თუ ვის დაეყრდნობა მოყოჩაღებულ მეტოქესთან ხვალინდელ მატჩში კახა კაჭარავა, სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის წინა ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:0) დასრულდა; თუმცა, "დინამოს" მთავარი მწვრთნელისათვის ბევრად უსიამოვნო გასახსენებელი, რაღა თქმა უნდა, მეორე წრის მატჩი იქნებოდა, - სწორედ იმ შეხვედრის მერე იყო (5 ნოემბერს), კაჭარავამ საკუთარი პოსტი რომ დატოვა.


ვიტ ჯორჯია-სამტრედია
საკმარისი იყო "ვეტერინარებს" წინა ტურში მოეგოთ და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესეს! არადა, მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ზედიზედ ოთხმტაჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ერთ-ერთი უშუალო კონკურენტის ძლევით ახლა სატურნირო ცხრილში მეტ-ნაკლებად "მისაღებ" ადგილზე იმყოფებიან. ვიდრე "ვიტ ჯორჯიას" სარბიელი (მცხეთაში) ბოლომდე მწყობრში ჩადგება, ამ გუნდს საშინაო მატჩების ჩატარება თემქაზე, "შატილის" სტადიონზე მოუწევს. თუმცა, ვეჭვობთ, რომ ხვალინდელი მატჩიც ისეთივე სცენარით წარიმართოს, როგორც პირველ წრეში იყო; შეგახსენებთ რომ 29 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი "სამტრედიამ" მოიგო (2:0), მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია მკვეთარად შეიცვალა და "ვიტ ჯორჯიამ" მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა!

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ შეხვედრაში გოლები ვისაც გაჰქონდა, თითქმის ყველა მათგანი ამჟამად სხვა გუნდების ღირსებას იცავს (კვარაცხელია, ლიპარტია, კვერენჩხილაძე, პავლიაშვილი) და ერთადერთი მხოლოდ ბექა ზაქრაძეა, ხვალ მოედანზე რომ შეიძლება ვიხილოთ.


ტორპედო-კოლხეთი
ორივე გუნდის ურთიერთშეთანხმებით ეს მატჩი სხვა შეხვედრებთან შედარებით გვიან (17 საათზე) დაიწყება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; ჰო, "ტორპედოს" სატურნირო მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მასპინძლებისთვის ერთადერთი მისაღები შედეგი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს! "დინამოსი" არ იყოს, "ტორპედომაც" სერიოზული სატრანსფერო კამპანია აწარმოა ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, ნაყოფიერი უცხოური შეკრებაც გაიარა, მაგრამ გია გიგატაძის გუნდმა ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვა. თუმცა, უიღბლობაც უნდა ვახსენოთ: იმავე "ოლიმპთან" სტუმრად მატჩში ქუთაისელებმა გოლი ხომ მატჩის ბოლო წამებზე გაუშვეს.

სხვათა შორის, "ტორპედოსთან" მიმართებაში კვლავაც "დინამოსთან" გვინდა გარკვეული პარალელის გავლება: ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მსგავსად, ქუთათურთა საყვარელ გუნდსაც რომ რეალურად ხელეწიფება ამ დროებითი კრიზისის დაძლევა, ამაში, რატომღაც ღრმად ვართ დარწმუნებული.


სპარტაკი-სიონი
ერთი პერიოდი, ამ გუნდებს შორის დაპირისპირებებს აშკარად არასასიამოვნო აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა ხოლმე; ისეთი შემთხვევაც არაერთი ყოფილა, თითქმის ყოველი სატრანსფერო კამპანიის დროს "სიონიდან" "სპარტაკში" (ან, პირიქით) ფეხბურთელები რომ მიდი-მოდიოდნენ; თუმცა, ამ სეზონში ჩატარებულ ორივე მატჩზე საეჭვო თუ "არაჯანსაღი" არავის არაფერი შეუმჩნევია და იმედი დავიტოვოთ, ხვალინდელი მატჩიც რომ ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩატარდება.

მასპინძლებს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ, გამარჯვებაზე ფიქრი მოუწევთ (მით უფრო, რომ ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ). თუმცა, "სპარტაკს" დანაკლისი მაინც ექნება: მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია და თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვერ დამოძღვრავს. რაც შეხება "სიონს", გიორგი ყიფშიძის გუნდს მართლაც "სულზე მოუსწრო" ბოლო ორ შეხვედრაში მოპოვებულმა ოთხმა ქულამ; თანაც, "სიონის" ქომაგთათვის არც ის ფაქტი უნდა ყოფილიყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ზედიზედ ორი მატჩია გოლები გააქვს გუნდის გამოცდილ ახალწვეულს რევაზ ჯიქიას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული