გუგა ფალავანდიშვილი: ვეცდები, ვლადიმირ ვაისის მოწონებაც დავიმსახურო

AutoSharing Option
სეზონის სტარტზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, ქუთაისის "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა და უმაღლეს ლიგაში გასავარდნ ზონასაც დააღწია თავი. "ტორპედოს" ამ წარმატებაში დიდი წვლილი გუნდის ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს მიუძღვის, რომელიც ქუთაისურ გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გორის "დილადან" გადაბარგდა.

Sportall.ge ფალავანდიშვილს "ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

- "ტორპედოში" ადაპტაციის გავლა საერთოდ არ გაგჭირვებია. რის ხარჯზე მოხდა ეს?
- გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ქართული კლუბიდან მეორეში გადავედი და გარემო, ფეხბურთელები, კოლექტივი ნაცნობი იყო, ადაპტაციის პრობლემა არც უნდა მქონოდა.

- "ტორპედომ"
კობა ჟორჟიკაშვილის მწვრთნელობით სეზონი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა...
- მიუხედავად ჩემი ჟორჟიკაშვილისადმი დიდი პატივისცემისა, უნდა ითქვას, რომ მისი მწვრთნელობის დროს "ტორპედოში" გუნდურობის პრობლემა იდგა. ვფიქრობ, ესაა ის უმნიშვნელოვანესი ნაკლი, რომელმაც გუნდს საჭირო ქულები დააკარგვინა.

კახა ჩხეტიანმა კი მოსვლისთანავე ერთიანობა დაგვიბრუნა - ერთი ოჯახი, ერთი მთლიანობა გავხდით და შედეგიც სახეზეა.

- ფეხბურთი, რომელსაც "ტორპედო" დღეს თამაშობს, ამ გუნდის მაქსიმუმია?
- არა. 1-2 თვეში გუნდი უკეთ შეთამაშდება და თავის მაქსიმუმს მიაღწევს.

- კლუბთან მოქმედი კონტრაქტი დეკემბრამდე გაქვს. ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტი ხომ არ შემოუთავაზებია?
- კლუბის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. კი, კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და ის მოგვიანებით გადაიხედება. იანვარში გადაწყდება, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით ჯერ.

- შესაძლოა, შენს გადაწყვეტილებაზე თასის ფინალმაც იქონის გავლენა? თუ "ტორპედომ" იმარჯვა, ევროტურნირებზე გავა...
- ჩემთვის მთავარია, კარიერა სწორად წარიმართოს და თუ საამისოდ ევროტურნირების დათმობა გახდა საჭირო, დავთმობ.

- საქართველოს ნაკრებში პირველად კახა ცხადაძემ გიხმო. შენი დებიუტიც სწორედ მაშინ შედგა...
- 2015 ჩემთვის ყველაზე წარმატებული და ბედნიერი წელი იყო - "დილასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გავხდი და ეროვნულ ნაკრებში თამაშით ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე.

ძალიან გახარებული და ემოციით აღსავსე ვიყავი, როცა ჯერ გამოძახების შესახებ შევიტყვე, შემდეგ კი უკვე - თამაშის. ამის გამო კახა ცხადაძის ძალიან მადლიერი ვარ.

- თუმცა მწვრთნელი შეიცვალა და მას მერე ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოჩენილხარ...
- მწვრთნელის გემოვნებაში ყველა ფეხბურთელი ვერ ჩაჯდება. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ნაკრებში არ მიძახებენ. გავაგრძელებ ჩემს თავზე მუშაობას და ვეცდები, ვლადიმირ ვაისის მოწონება დავიმსახურო.

- ვაისის თქმით, ნაკრებში ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ შენს პოზიციაზეა...
- კი, ასეა, მაგრამ ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. კონკურენციის არასდროს შემშინებია და ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული