ზვიად მეტრეველის მოტივაცია

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე "სპარტაკმა" სამი ტური ჩაატარა, ცხინვალელთა თავდამსხმელმა ზვიად მეტრეველმა კი უკვე ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ორ შეხვედრაში, რადგან დისკვალიფიკაციის გამო, "ზესტაფონთან" ვერ ითამაშა. მეტრეველმა თბილისის "დინამოსაც" გაუტანა, მაგრამ მაშინ ითქვა, ყოფილი კლუბი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია და მონდომებით თამაშობსო.

"სიონთან" მეტრეველმა "ჰეთ-თრიქი" შეასრულა და ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ. მართალია, "სიონი" ლიდერთა ჯგუფს არ განეკუთვნება, მაგრამ კარგა ხანია არ გვახსენდება, საქართველოში თავდამსხმელს მცველები ასე დაეჩაგროს. მეტრეველი მცველებს მუდამ ასწრებდა და ინტუიციით გრძნობდა, სად უნდა გახსნილიყო.

ცხადია, ბოლნისელებს
მხოლოდ მეტრეველი ვერ დაამარცხებდა. ბადრი კვარაცხელიას გუნდში წლეულს ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც სხვა კლუბების შემადგენლობაში კარი დაუხურეს, "სპარტაკში" კი გასაქანი მიეცათ და ლაღად ათამაშდნენ.

მატჩში, რომელიც გორიდან დიდთოვლობის გამო თბილისში გაიმართა, "სპარტაკმა" იოლად გაიმარჯვა. თუმცა დასაწყისში "სიონის" თავდამსხმელი რევაზ ჯიქია ვალდებული იყო გაეტანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ააცილა.

ზვიად მეტრეველმა პირველი გოლი ვალერი ბოლქვაძის მშვენიერი გადაცემით გაიტანა, მცველებს დაასწრო და ლამაზი თავური დარტყმა გამოუვიდა - 1:0.

მეორე გოლი 65-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის აქტიურობის შედეგად გავიდა, მეტრეველი კვლავ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და შანსი ამჯერადაც გოლად აქცია - 2:0. თავად დეკანოიძესაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. 81-ე წუთზე ნიკა მგელაძის პასით მეტრეველი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მესამე გოლიც გაიტანა - 3:0.

"სიონი" ანგარიშის შემცირებას შეეცადა, აქტიურად ჩაერთო თამაშში საბა ადამაშვილი, რომელიც შორეული დარტყმაც სოსო გრიშიკაშვილკმა მოიგერია. დასამახსოვრებელი, მაგრამ უშედეგო გამოდგა ლაშა ნოზაძისა და ირაკლი ჩირიკაშვილის შეტევებიც.

"სიონის" კარის აღება მეოთხედ შეეძლო: მეკარესთან პირისპირ დარჩენილ სპარტაკელ გიორგი მამუჩიშვილს, მაგრამ მინდია ბობღიაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა, მალე კი მსაჯის სასტვენის ხმამ "სპარტაკის" დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა - 3:0.

გიორგი ყიფშიძე ("სიონის" მთავარი მწვრთნელი):"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. მატჩის შედეგზე დიდი გავლენა გოგობერიშვილისა და ორბელაძის არყოფნამ იქონია, მათმა შემცვლელებმა კი ვერ გაამართლეს. მაგრამ "სპარტაკის" წარმატებას არ დავაკნინებ - ცხინვალელებმა ღირსეულად მოგვიგეს".

ბადრი კვარაცხელია ("სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი):"კმაყოფილი ვარ ანგარიშითაც და თამაშის ხარისხითაც. გუნდი ისეთ განწყობაზეა, შესაძლებელია, გასავარდნთა ზონას თავი მალე დავაღწიოთ. ყველა გუნდს ვაჩვენებთ, რომ "სპარტაკთან" სამ ქულას ვერავინ დაგეგმავს და მჯერა, ჩემი ბიჭები მომდევნო შეხვედრებს კიდევ უკეთ ჩაატარებენ. მეტრეველი "ზესტაფონთან" ძალიან გვაკლდა, არადა ყვითელი ბარათი მსაჯთან კამათისთვის მიიღო. ვფიქრობ, ის დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია - ორ მატჩში ოთხი გოლი კარგი მაჩვენებელია".

ზვიად მეტრეველი:"ახალ კლუბს კარგად შევეწყვე და თამაშიც ამეწყო. მიხარია, მწვრთნელს ნდობას რომ ვუმართლებ. "დინამოსთან" საპრეტენზიო არაფერი მაქვს, პირიქით, ამ გუნდში ბევრი რამ ვისწავლე, ეს მე არ წამივიდა თამაში და ვერ შევეწყვე. "სპარტაკში" გადასულს კი მსურდა დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო. შევეცდები, ასეც გავაგრძელო, რაშიც მთელი გუნდი მეხმარება და კიდევ - ბოლქვაძის მსაგავსი პასის მიმცემი ფეხბურთელი ნებისმიერ თავდამსხმელს აათამაშებდა".


სპარტაკი 3:0 სიონი
23.02. თბილისი. სპორტკომპლექსი "შატილი-ნორჩი დინამო". 500 მაყურებელი
1:0 მეტრეველი (31. ბოლქვაძის პასით), 2:0 მეტრეველი (65. დეკანოიძის პასით), 3:0 მეტრეველი (81. მგელაძის პასით).

4-2-3-1 4-2-3-1
გრიშიკაშვილი ბობღიაშვილი
ჭაფოძე კობაური
მგელაძე სვანიძე
ბოიომო თარგამაძე
ოთარაშვილი ქორიძე
მამუჩიშვილი ნოზაძე
შონია დიდავა
მ. ჯიშკარიანი ისიანი
ვ. ბოლქვაძე ჩირიკაშვილი
დეკანოიძე ქუცურუა
მეტრეველი რ. ჯიქია
მწვრთნელი მწვრთნელი
ბ. კვარაცხელია გ. ყიფშიძე

სპარტაკი
61. ჯიშკარიანი - კლოვისი
84. შონია - კილასონია
87. დეკანოიძე - ალავიძე
სათადარიგოები: ხომერიკი, ტეტუნაშვილი, კაკაშვილი, უგრეხელიძე,

სიონი
46. ქუცურუა - ნ. კვასხვაძე
71. თარგამაძე - გ. რეხვიაშვილი
76. ისიანი - ადამაშვილი
სათადარიგოები: მერლანი, ვაშაკიძე, გ. ოქროპირიძე, მ. ოქროპირიძე.

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ ეს მეტრეველი რა ბანძია ვაა.ამას კიდევ ფეხბურთელი ჰქვია ფუუუუუუუუუუფ ჯერ რას გავს:დ
ფეხბურთის ფანი
17:54 15-06-2014
0
3 მარტი 3 საათი http://www.youtube.com/watch?v=TPomlZYXKiI
kutaisiii
11:18 02-03-2011
0

სიახლეები პოპულარული