დღეს უკვე 2 მარტია, ანუ 9 დეკემბრის შემდეგ თითქმის სამი თვეა გასული, მაგრამ კლუბი ახალ მეპატრონეს დღემდე არ გა
როგორც ცნობილია, ფიფიას თბილისის "დინამოს" საკალათბურთო გუნდიც უნდა აეყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კალათბურთელთა ბაზა სპორტსაზოგადოება "დინამომ" "საქართველოს ბანკში" დააგირავა და ამ გაურკვევლობას, დავასა და ლაბირინთებში გარკვევას, ფიფიამ საკალათბურთო "დინამოს" შეძენაზე უარის თქმა ამჯობინა.
ვერც გაამტყუნებ, დამატებითი და მეტად გაურკვეველი ხარჯების ზურგზე აკიდება არც ერთ ბიზნესმენს სურს - კალათბურთი, ფეხბურთის არ იყოს, საქართველოში ისედაც ხარჯია.
საფეხბურთო "დინამო" მსგავს ლაბირინთებში გახლართული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ გასხვისების პროცესი გაიწელა, გუშინ კლუბში გვითხრეს, რომ რომან ფიფია მალე ოფიციალურად გახდება "დინამოს" მეპატრონე.
"კლუბის გასხვისების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია და ის ფაქტი, რომ ეს საკითხი დღემდე არ დასრულებულა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან რთული პროცესია და დიდი დრო სჭირდება", - გვითხრეს "დინამოში".
წესითა და რიგით, ასეც უნდა იყოს, რადგან ფიფიამ უკვე შეიძინა ფეხბურთელები, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე რემონტი კი არა, არამედ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: შეიცვლება ორივე მოედნის საფარი, ადმინისტრაციულ-საცხოვრებელი კორპუსი და ტრენაჟორების დარბაზი სრულად განახლდება, ანუ, ფაქტობრივად, ანდრო ჟორდანიას სახელობის საფეხბურთო ბაზა თავიდან შენდება. ასეთ სამუშაოებს კი გონებადამჯდარი ბიზნესმენი არ დაიწყებდა, კლუბის გადაცემაში დარწმუნებული რომ არ იყოს. არადა, ჭორები გავრცელდა, თითქოს პატარკაციშვილის ოჯახი "დინამოს" ფიფიას აღარ უთმობდა.
ამასობაში "დინამოს" ხელმძღვანელობა და მოთამაშეები დროებით საკალათბურთო ბაზას შეეხიზნენ, გუშინ კი გუნდმა "ავაზა-ვისოლის" საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშა. სავრაუდოდ, "დინამოს" ბაზის რეაბილიტაციის დიდი ნაწილი ზაფხულში უნდა დასრულდეს.
.