რასიმ რამალდანოვი: მინდა, თბილისის "დინამოში" ვითამაშო და არა მგონია, ეს რთული იყოს

AutoSharing Option
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში აზერბაიჯანის ნაკრები წარმატებით გამოდის და 4 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა. რობერტ პროსინეჩკის გაწვრთნილები მხოლოდ გერმანიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას ჩამორჩებიან, ხოლო ჩეხეთსა და ნორვეგიას, შესაბამისად, 2 და 4 ქულით უსწრებენ...

მსგავსი დამაიმედებელი გამოსვლა გუნდს არასოდეს ჰქონია და აზერბაიჯანელები თავიანთი ნაკრებისგან წარმატებებს ელიან. იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამ თურქეთის მოქალაქის, "ბურსასფორის" ფორვარდის, დენიზ ილმაზის ნატურალიზაცია მოახერხა და მედიას საღერღელი აეშალა - კიდევ ვინ შეიძლება გააძლიეროს აზერბაიჯანის ნაკრები?

"აზერისპორტის" ჟურნალისტის აზრით, ნაკრების ხორვატი დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ფოთის "კოლხეთში" გადასული
ცენტრალური მცველი რასიმ რამალდანოვი დასაკარგავი არ არის. საინტერესოა, რომ მას საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელთა შორის მოიხსენიებს.

"ყველას უკვირს, რომ თურქეთის სუპერლიგის დონის მოთამაშეზე, "ქაისერის" მცველ უფუკ ბუდაკზე პროსინეჩკი თვალებს ხუჭავს. "იგნორის" სფეროში რჩება "დუისბურგში" მოთამაშე თურგულ ერატიც. შეიძლებოდა რასიმ რამალდანოვის მოწვევაც, რათა მას თუნდაც შეკრებაზე დააკვირდნენ", - წერს გამოცემა.

ამასობაში, რამალდანოვმა "აზერისპორტს" განუცხადა, რომ ფოთის "კოლხეთი" დატოვა და კარიერის გაგრძელება აზერბაიჯანში სურს:

"ქართულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ბაქოში დავბრუნდი. "კოლხეთში" ხელშეკრულების გახანგრძლივებას მთავაზობენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მითქვამს. მინდა, რომ აზერბაიჯანში ვითამაშო. საქართველოში თამაში სასიამოვნო იყო, რადგან მათ საინტერესო ჩემპიონატი აქვთ".

აზერბაიჯანული პასპორტის მქონე დაღესტნელმა ფეხბურთელმა არ დამალა, რომ მისით სხვა ქართული გუნდები დაინტერესდნენ:

"გავიგე, რომ ბათუმის "დინამომ" და ქუთაისის "ტორპედომ" ჩემი მიწვევის სურვილი გამოთქვეს და მათგან წინადადებებს ველოდები. ისე, მინდა, რომ თბილისის "დინამოში" ვითამაშო და არა მგონია, ეს რთული იყოს".

რამალდანოვმა საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც ილაპარაკა და ის აზერბაიჯანის პრემიერლიგას შეადარა:

"ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვნახე, რომელთაც ახლო წარსულში აზერბაიჯანის კლუბებში უთამაშიათ - ბოლქვაძე, სალუქვაძე, ლომაია, გელაშვილი, ღონღაძე... მე ვერ შევადარებ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ "ყარაბაღი" და "გაბალა" ქართულ კლუბებზე ძლიერები არიან".

ჩვენი ინფორმაციით, რამალდანოვი მოლაპარაკებას აზერბაიჯანის ყველაზე პოპულარულ კლუბთან, ბაქოს "ნეფთჩისთან" აწარმოებს. მან ეს ფოთიდან წასვლისას თქვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული