საჩემპიონო სერიალი
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში 37 ქულით "ზესტაფონი" იმყოფებოდა; ამდენივე ქულა ჰქონდა "ოლიმპსაც", მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი ჩვენი ქვეყნის
და აი, XXII ტურის ცენტრალური მატჩის შემდეგ "სტატუს-კვო" აღდგა: "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" კვლავაც ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვთ და იმერული კლუბი ისევ მოგებათა მეტი რაოდენობით უსწრებს თავის უშუალო კონკურენტს. ოღონდ, დიდია იმის ალბათობაც, რომ ჯერ კიდევ მომავალ ტურამდე ლიდერთა შორის ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს: ხვალ "ზესტაფონი" გადადებულ მატჩში "ტორპედოს" უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში არცთუ ურიგო ჰანდიკაპსაც შექმნის.
სხვათა შორის, "ზესტაფონმა" ამ სეზონში ბოლოს სწორედ "ოლიმპთან" წააგო და აი, სრულყოფილი რევანშიც შედგა. ამჯერად "ზესტაფონს" აქვს რვამატჩიანი წაუგებელი სერია, სამაგიეროდ "ოლიმპის" ბევრად უფრო წარმატებული და ხანგრძლივი სერია შეწყდა - რუსთაველებს ჩემპიონატში ბოლოს 3 ოქტომბერს ჰქონდათ წაგებული.
იმის გარდა, რომ თავისი გუნდი უშუალო კონკურენტთან დამარცხდა, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელს თორნიკე მაისურაძეს "პირადი" უკმაყოფილების საბაბიც ექნებოდა: ახალგაზრდა სპეციალისტი რუსთავულ გუნდში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა და მას მერე არც ერთ შეხვედრაში (ოფიციალურშიც და საკონტროლოშიც) წაგება არ ჰქონდა...
საფეხბურთო არითმეტიკა
იმის გარდა, რომ ამ ტურში ჩემპიონატის ლიდერი შეიცვალა, სატურნირო ცხრილში სხვა "საინტერესო" გადაადგილებებიც მოხდა. უპირველეს ყოვლისა, "ვიტ ჯორჯიას" წარმატებული ასპარეზობა უნდა აღვნიშნოთ: მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვებით თავისთვის აშკარად "შესაფერის", მეოთხე ადგილზე (დღევანდელი რესურსის გათვალისწინებით) გადაინაცვლა.
არადა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ გასავარდნ ზონაში ამ გუნდის ხილვა, ცოტა არ იყოს, თვალს ეხამუშებოდა. იმავეს ვიტყოდით ქუთაისის "ტორპედოზეც": გია გიგატაძის გუნდმა მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამ სეზონში, ალბათ, საბოლოოდ დაშორდა სახიფათო ზონას.
შესაძლოა, ქუთათური ქომაგები თავითანთი საყვარელი გუნდის თამაშის ხარისხით აღფრთოვანებული არ დარჩენილან, მაგრამ "ტორპედოს" რეალური ძალა მაშინ გამოჩნდება, როცა კლუბის უამრავი ახალწვეული ერთმანეთში შეთამაშდება.
აი, "სპარტაკი" კი უკვე ძალიან ახლოს არის "საშუალედო მიღწევამდე" - ბადრი კვარაცხელიას გუნდი ქულებით უკვე გაუთანაბრდა "სამტრედიას" და ჩემპიონატის დაწყებიდან პირველად იმიტომ ვერ დააღწია ბოლო ადგილს, რადგან იმერულ გუნდთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს. თუმცა, ხვალინდელ კიდევ ერთ გადადებულ მატჩში ხომ სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს და აბა, ამაზე მეტი ინტრიგა რაღა უნდა იყოს.
"სტუმართმოყვარეობა" და "კარგი კუში"
სეზონის დაწყებიდან ერთადერთი შემთხვევა იყო, კონკრეტული ტურის ხუთივე შეხვედრაში მასპინძლებმა რომ გაიმარჯვეს; ასეთი "შესაშური მასპინძლობა" ქართულმა გუნდებს პირველი ეტაპის დასკვნით ტურში (11 დეკემბერს რომ ჩატარდა) ჰქონდათ და აი, თითქმის იგივე განმეორდა! "თითქმის", იმიტომ, რომ ერთი მატჩი ("დინამო"-"ბაია") გადაიდო, დანარჩენი ოთხი შეხვედრა კი მასპინძელთა დომინირებით აღინიშნა.
ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი განვითარება, მეტ-ნაკლებად სავარაუდოც იყო; ყოველ შემთხვევაში, წამყვანი უცხოური საბუქმეიქერო კანტორები საქართველოს ჩემპიონატის ამ ტურის მატჩებზე ფსონებს რომ ადგენდნენ, ხუთივე წყვილში ფავორიტად მასპინძელ გუნდს მიიჩნევდნენ. როგორც ხედავთ, ბუქმეიქერთა (როგორც უცხოელი, ასევე - ქართველი) პროგნოზებიც გამართლდა და შედეგად, უსენსაციო ტურიც მივიღეთ.
ისე, საბუქმეიქერო კანტორები შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ ბოლო დროს ქართულ ტოტალიზატორებშიც შესაძლებელია საქართველოს ჩემპიონატზე ფსონების მიღება და, ჩვენი ინფორმაციით, ამ უქმეებზე ბევრმა ქართველმა მეფსონემაც გაამდიდრა საკუთარი კაპიტალი; რაღა თქმა უნდა, იმათ ვგულისხმობთ, ვინც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე დადო ფსონი.
ბომბადირული ისტორიები
ჩემპიონატს მართლაც დამსახურებული ლიდერი ჰყავს "ზესტაფონის" სახით და არც ის ფაქტია მოულოდნელი, ყველაზე მეტი გოლი სწორედ ამ გუნდის ფეხბურთელებს რომ აქვთ გატანილი. თუმცა, "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზი მაინც განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ: ნიკოლოზ გელაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი თერთმეტ-თერთმეტი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ლიდერობენ, ჯაბა დვალმა კი შვიდი გოლი გაიტანა. ანუ, "ზესტაფონის" ფორვარდების ანგარიშზე ამჟამად 29 გოლია და ეს მაჩვენებელი უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის შედეგიანობას აღემატება და მხოლოდ "ოლიმპმა" მოახერხა "ზესტაფონის" თავდამსხმელებზე მეტი გოლის გატანა.
სხვათა შორის, გელაშვილის მიერ "ოლიმპის" კარში გატანილი ბურთი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო: 49 გოლით "ზესტაფონის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ცნობილი გოლიადორის, ზურაბ იონანიძის მიღწევა გააუმჯობესა.
ისე, "იონას" სხვა ბევრი რეკორდითაც შეუძლია იამაყოს და ამათგან ერთ-ერთი "ტორპედოს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობაა; თანაც, ამ სეზონში ქუთაისელებს ერთობ უჭირთ მეტოქის კარში გოლის გატანა და ახლაც მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს. თუმცა, ხანდახან ერთი გოლი ხომ ათსაც "უდრის" ხოლმე - მშობლიური ქალაქის გუნდში ექვსწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა გიორგი მეგრელაძემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით ბურთი "კოლხეთის" კარის "ცხრიანში" გაგზავნა. შეგახსენებთ, რომ მეგრელაძემ სეზონი "ბაიაში" დაიწყო და ერთობ წარმატებულადაც: ჩემპიონატის სტარტზე გატანილი 6 გოლით, ერთი პერიოდი, საუკეთესო ბომბარდირთა სიასაც ლიდერობდა. თუმცა, მერე "ბაიაში" ფინანსურმა პრობლემებმა თავი იჩინა და ვიდრე "ტორპედოში" მოვიდოდა, ვეტერანი ფორვარდი რამდენიმე თვის განმავლობაში უსაქმოდ იყო.
მეგრელაძეს საქართველოს ჩემპიონატში არაერთ გუნდში უთამაშია და ყველგან ("ტორპედო", "სამგურალი", "დინამო", "ბორჯომი", "ოლიმპი", "ბაია") ავლენდა თავის გოლიადორულ თვისებებს; ანუ, მისგან (თუნდაც, ზემოთ ნახსენები ნიკოლოზ გელაშვილისგან) მსგავსი შედეგიანობა ჩვეულებრივ ამბად უნდა შეფასდეს. აი, ზვიად მეტრეველის წარმატებული ასპარეზობა კი, უდავოდ, ერთ-ერთ სიურპრიზად უნდა მივიჩნიოთ: ამ თავდამსხმელმა მეორე ეტაპზე თავის ახალ გუნდში, ცხინვალის "სპარტაკში" სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე ოთხი გოლის გატანა მოახერხა. რაც მთავარია, კარიერაში პირველი "ჰეთ-თრიქიც" შეასრულა და სწორედ მისმა სამმა გოლმა მოუტანა კიდეც "სპარტაკს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ბოლნისის "სიონთან".
აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, სეზონის დასაწყისიდან ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი "ჰეთ-თრიქი" ვნახეთ: VIII ტურში "ოლიმპის" ფორვარდმა ირაკლი მოდლებაძემ გაიტანა მეტოქის კარში 3 გოლი, XVI და XVIII ტურებში იგივე ნიკოლოზ გელაშვილმა მოახერხა და აი, გასულ ტურში თავი ამჯერად ზვიად მეტრეველმა გამოიჩინა.
ისე, რახან სეზონის სტარტიც ვსაუბრობთ, უპრიანი იქნებოდა ის ფეხბურთელებიც გვეხსენებინა, სხვადასხვა გუნდის მაისურით რომ შეძლეს მეტოქეთა კარის აღება.
ერთ-ერთზე უკვე ვთქვით და გიორგი მეგრელაძის გარდა ეს კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა მოახერხა: ვახტანგ კვარაცხელიამ ("ვიტ ჯორჯია"/"ტორპედო"), ლაშა ქებაძემ ("სამტრედია"/"ტორპედო"), გიგა კვერენჩხილაძემ ("სამტრედია"/"კოლხეთი"), რევაზ ჯიქიამ ("კოლხეთი"/"სიონი"). თანაც, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ სეზონის ბოლომდე ეს სია გაიზრდება; ისიც ვიმედოვნოთ, რომ "ჰეთ-თრიქოსანთა" რიცხვიც გაზრდილიყოს, - რაც უნდა საინტერესო მატჩი იყოს, უგოლოდ ხომ ყველაფერი უფასურდება-ხოლმე...
განსაკუთრებული დებიუტანტები
მეორე ეტაპის დაწყებიდან უკვე ოთხი ტურის მატჩები ჩატარდა და თითქმის ყოველ ტურში "სხვადასხვა" დებიუტის მომსწრენი ვხდებით; ასე, მგალითად, "ზესტაფონთან" შეხვედრაში "ოლიმპის" შემადგენლობაში სამი ახალწვეული გამოჩნდა: სანდრო იაშვილი, ილია პავლიაშვილი და ზურაბ ქურდობაძე. ამ უკანასკნელმა უმაღლეს ლიგაში სულაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. პავლიაშვილის შესაძლებლობები სხვა გუნდებიდანაც ("ბორჯომი", "გაგრა", "სამტრედია") გვახსოვდა, რაც შეეხება იაშვილს, ეს მართლაც ნიჭიერი ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატს გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა. "იაშკა" ამჟამად 26 წლის არის და პატარა ბიჭიაო, ამას ვერავინ იტყვის, არადა მისგან მუდამ განსაკუთრებულს ვითხოვთ; იმიტომ, რომ მართლაც განსაკუთრებული შესაძლებლობების პატრონია, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო საკუთარი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა.
ეროვნულ ჩემპიონატში შარშანაც დაახლოებით ამ პერიოდში დაბრუნდა და მაშინაც "ოლიმპში" ჩაირიცხა. უფრო ზუსტად, რუსთავულ გუნდში მეორე ეტაპის დაწყების წინ მივიდა და "ოლიმპის" ჩემპიონობაში არცთუ მოკრძალებული წვლილიც შეიტანა - 13 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ კვლავაც უცხოეთში სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ ისე როგორც წინა რამდენიმე ცდაზე, ამ საქმიდან ამჯერადაც არაფერი გამოვიდა და ისევ საქართველოში დაბრუნდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მალე შეძლებს ოპტიმალური ფორმის "აკრეფას" და ასევე მალე მოახერხებს გულშემატკივრებისათვის თავის შეხსენებას.
ამ სამეულის გარდა თავიანთთვის ახალ გუნდებში სადებიუტო მატჩები სხვებმაც ჩაატარეს: ეროვნულ ჩემპიონატს გარკვეული პაუზის მერე გრიგოლ იმედაძე და გიორგი ალავერდაშვილი დაუბრუნდნენ; აი, 32 წლის დავით სვანიძეს კი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდში, ბოლნისის "სიონში" უთამაშია და სწორედ იგი გახლავთ კიდეც უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით ამ კლუბის რეკორდსმენი. სვანიძე ბოლოს აზერბაიჯანში ასპარეზობდა, მაგრამ ისევ საქართველოში დაბრუნდა და, რაღა თქმა უნდა, მშობლიურ "სიონს" მიაშურა.
დაბოლოს, ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც: 20 წლის მიხეილ როსტიაშვილმა ("ვიტ ჯორჯია") უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, 18 წლის ვალერი კილასონიამ ("სპარტაკი") კი პირველი მატჩი ჩაატარა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი კილასონიების საფეხბურთო გვარის ღირსეული გამგრძელებელია: მამასაც (გიორგი კილასონიას) და ბიძასაც (ვარლამ კილასონიას) ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდებათ...