საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შარშან, 29 მარტს საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით...  ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა უპირველესმა გუნდმა 11 შეხვედრა გამართა, 1 მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. ბურთების სხვაობა - 10:20.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ამაზე უარესი შედეგიც ჰქონია ამა თუ იმ მწვრთნელს, მაგრამ საერთო ჯამში, ჩვენთვის მაინც არაფერი იცვლება. ნაცნობი სურათია - შესარჩევი ციკლის ზუსტად ნახევარია გასული და საქართველოს ნაკრებისთვის დარჩენილ თამაშებს, ფაქტობრივად, არანაირი სატურნირო მნიშვნელობა აღარ ექნება!

ქართველ გულშემატკივართა შორის ყველაზე
გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც კი აღარ სჯერა იმ სასწაულის, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვება შეუძლია...

არადა, თეორიული შანსი კიდევ არსებობს - ჩვენმა ნაკრებმა დარჩენილი ხუთივე მატჩი უნდა მოიგოს, სხვებმა კი (მოლდოვის გარდა) ერთმანეთში სულ... ფრეები უნდა ითამაშონ. აი, მაშინ კი, ეს "ოცნება", შესაძლოა, რეალობად იქცეს...

ხუმრობა იქით იყოს და, უკვე ძალიან გადავეჩვიეთ ოფიციალურ მატჩებში გამარჯვებებს.

ვაისის მინიშნებები...
...მოკლედ, ჩვენი საშველი არ ჩანს და უკვე აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ - უცხოელი.

აღარც იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება თითქმის ყველა ოფიციალური მატჩის წინ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, მით უმეტეს, რომ აშკარად არა ვართ განებივრებულნი მაღალი კლასის შემსრულებლების კი არა, იმ ფეხბურთელების სიმრავლით, მეტ-ნაკლებად "ნორმალურ" კლუბებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას რომ არ უჩივიან...

თქვა კიდევაც სერბეთთან მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა: აბა, გადახედეთ, როგორ გუნდებში თამაშობენ სერბი ფეხბურთელები და სად - ქართველებიო?! თუმცა, სლოვაკი სპეციალისტის ეს გულახდილი ფრაზა ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა და, ერთი შეხედვით, წაგებული მატჩის მერე თავის მართლებას უფრო ჰგავდა...

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

რა თქმა უნდა, შედეგზე მთავარი პასუხისმგებელი მთავარი მწვრთნელია და ვაისის ეს სიტყვებიც, წესით, არც უნდა გაჰკვირვებოდა არავის. თუმცა, უფრო გასაკვირი სხვა რამ იყო - რაც საქართველოში ჩამოვიდა, ვაისს მოუგებელი მატჩების შემდეგ ფეხბურთელებისკენ არ გაუშვერია ხელი, ახლა კი იყო ერთგვარი გადაბრალების მომენტიც.

აღარაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ ვაისმა უკვე ღიად ახსენა - "წასვლა". თუ მეტყვიან, რომ დამნაშავე ვარ, წავალო, - ეს პირველად მოვისმინეთ მისგან.

და რომც უთხრან და რომც წავიდეს, რამე შეიცვლება? და როგორ ფიქრობთ, იმ წუთიდანვე გაჩნდება არანორმალური ტაციაობა ქართველ ფეხბურთელებზე? ან სათამაშო პრაქტიკა მოემატებათ და თავიანთ კლუბებში ლიდერებად მოგვევლინებიან? ან სხვა მწვრთნელის პირობებში გვეყოლება ყოველი მატჩის წინ ოპტიმალური შემადგენლობა?..

ადამიანური რესურსის დეფიციტი
რა თქმა უნდა, მწვრთნელთან გარკვეული კითხვები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ერთ უმთავრეს პრობლემასაც ვერსად გავექცევით - უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ჩვენთან კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტია! კი ბატონო, გვყავს 5-6 ისეთი მოთამაშე, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს, მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია.

თანაც, ამ ხუთი-ექვსიდან ორი რომ არ გეყოლება დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმის გამო, მაშინ აღარც უნდა გვიკვირდეს, თუ რატომ უნდა წავაგოთ ისეთ გუნდთან, ოთხჯერ რომ დაგვირტყამს და აქედან სამს გაგვიტანს!

ამა თუ იმ ოფიციალური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის გამოცნობაც არ არის რთული საქმე; არც იმის, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა შევიდნენ შეცვლაზე.

ანუ რესურსის თემას მივადექით, ასე აშკარად თვალში საცემი რომ იყო სერბეთთან მატჩში. როცა მეტოქეს, ფაქტობრივად, ყველა რგოლში ერთიმეორეზე უკეთესი, მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავს, ასეთ გუნდთან, ცოტა არ იყოს, რთულია წარმატებაზე ფიქრი...

თუმცა, როცა მატჩი ისე დაიწყება, უკეთესს რომ ვერ ინატრებ და სწრაფი გოლით დაწინაურდები, მერე უკვე გიჩნდება საფუძვლიანი იმედი, მაგრამ რად გინდა - იმის მაგივრად, რომ ეს უპირატესობა შეგვენარჩუნებინა (ანდა, უფრო გაგვეზარდა), ტაიმის მიწურულს აქეთ გავუშვით გოლი...

თუმცა, პირველ ტაიმში (ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით) ჩვენს ნაკრებს სასაყვედურო ნამდვილად არაფერი ჰქონდა, პირიქით - ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან საკმაოდ თამამად ვთამაშობდით და ბევრ ეპიზოდში ბურთიც მშვენივრად გავაგორეთ, ერთი-ორი გააზრებული კომბინაციაც ვიხილეთ და, რაც მთავარია, ჩვენების თამაშში ქაოსი არ იგრძნობოდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბების კარში ერთი გოლი გავიტანეთ, ერთ ეპიზოდში იმათმა მეკარემ იყოჩაღა, აი, მესამე მომენტზე (ვაკო ყაზაიშვილი) კი, აღარც ვიცით, რა ვთქვათ...

სათამაშო პრაქტიკა და სხვა...
...რა თქმა უნდა, ვაკო ყაზაიშვილზე მეტად არავის უნდოდა იმ გოლის გატანა და ამ ბიჭს ბევრად უფრო რთული პოზიციიდანაც გაუტანია გოლები სანაკრებო მატჩებში, თუმცა... ამჯერად სხვანაირად მოხდა და წაგებას მხოლოდ მას ნუ დავაბრალებთ. ოღონდ ის კი ფაქტია, რომ როცა ეს ნიჭიერი შემტევი თავის ადრინდელ კლუბში ("ვიტესში") მუდმივად თამაშობდა, ნაკრებშიც ბევრად უფრო სასარგებლო გახლდათ...

ალბათ, უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ნაკრებში (მით უფრო, ოფიციალურ მატჩებში) მხოლოდ იმათ ითამაშონ, რომლებიც მუდმივად ხვდებიან თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატსაც ხომ მნიშვნელობა აქვს და, ამ მხრივ, სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს პრობლემა გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას არ აქვთ. ძალიან დიდი პოტენციალის მცველად მიგვაჩნია საბა კვირკველია, მაგრამ "რუბინში" რომ არ ათამაშებდნენ, ეს ჩვენი ნაკრებისთვის სერიოზული პრობლემა იყო...

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ორ საკვანძო კი არა, ლამის შეუცვლელ ფეხბურთელსაც ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგრამ ჯაბა კანკავასა და ჯანო ანანიძეზე აუგი ვინ უნდა თქვას?

სხვა საკითხია, თუ რამდენად ოპტიმალური იყო ანანიძის პოზიცია სერბეთთან მატჩში, სადაც 4-1-4-1 განლაგების პირობებში, სპარტაკელი მარცხენა ნახევარმცველად მოგვევლინა. არადა, ვაისს არაერთხელ უთქვამს, რომ ანანიძის ადგილს ფლანგზე ვერ ხედავდა, თუმცა... ამჯერად საპირისპირო ვიხილეთ...

როგორ გავხდით ერთი ტაიმის გუნდი...
ისე, ეს არჩეული სქემა (ერთდროულად სამი "ჩამშლელით") გამართლებულადაც მოგვეჩვენა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ არ გვყავდა თორნიკე ოქრიაშვილი. თანაც, ვაისმა ხომ ჩვენზე კარგად იცოდა, რომ სერბების ყველაზე ძლიერი რგოლი შუახაზი იყო, სადაც მეტოქეს ორი მართლაც მაღალი კლასის ოსტატი ჰყავდა და ამ შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

თუმცა, ვიდრე დუშან ტადიჩისა და ნემანია მატიჩის გამორჩეულ ოსტატობაზე ვიტყოდეთ (მნიშვნელოვნად რომ განაპირობეს კიდეც მატჩის ბედი), ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯაბა კანკავამაც და ვაკო გვილიამაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს.

აი, ნიკა კვეკვესკირისთვის ნდობის გამოცხადების გამო ვაისი უნდა შევაქოთ: აზერბაიჯანული "გაბალას" საყრდენი ნახევარმცველი პირველ ტაიმში შეუდარებელი გახლდათ! ისე, როგორც ამ მატჩის კიდევ ერთი რჩეული - ნიკა კაჭარავა, რომელმაც გოლიც ხომ მშვენიერი გაიტანა, საერთოდაც, მშვენივრად ითამაშა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნაკრებში მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

რაღა შორს მივდივართ?! - წინა ოფიციალური მატჩისთვის (მოლდოვასთან) კაჭარავა, რომელსაც იმ პერიოდში სათამაშო პრაქტიკაც არ აკლდა და გოლი გოლზეც გაჰქონდა კვიპროსის ჩემპიონატში, საერთოდ არ გამოიძახეს ნაკრებში...

...პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მშვენივრად ითამაშა. ერთადერთი, ოთარ კაკაბაძეს ეტყობოდა ნერვიულობა.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ჩვენს მარჯვენა მცველს "გაეპარა" ზურგს უკან პირველი ტაიმის მიწურულს "ჰამბურგის" შემტევი ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი და სტუმართა უპირობო ლიდერმა დუშან ტადიჩმაც ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ძნელია ზედ შესვენების წინ გოლის გაშვება. თანაც, საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ მოხდა მსგავსი ფაქტი...

სამწვრთნელო დუელშიც...
...სამწუხაროდ, მეორე ტაიმი პირწმინდად დავთმეთ და, სხვათა შორის, ეს არ იყო პირველი შემთხვევა ვაისის აქ მოღვაწეობის პერიოდში!

ჰო, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ თითქმის ყველა მატჩში ჩვენი ნაკრები, რასაც კარგი თამაში ჰქვია, მხოლოდ... ერთ ტაიმში ახერხებდა. აი, როგორც მოლდოვასთან მოხდა და როგორც ახლა ვნახეთ სერბეთთან.

ამას გარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმართა თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა ტაქტიკური დუელიც მოუგო სლოვაკ ვიზავის. ამ შემთხვევაში, ეფექტიან ცვლილებებს ვგულისხმობთ.

ასე, მაგალითად, შესვენებაზე შეცვალა ბრანისლავ ობრადოვიჩი (რომელსაც მთელი მარცხენა ფლანგი ებარა) და მის პოზიციაზე ალექსანდარ კოლაროვი გადაიყვანა, ამ უკანასკნელის ადგილზე კი ტანმაღალი (195 სმ) იაგოშ ვუკოვიჩი გაამწესა და კაჭარავას "მიამაგრა".

საყურადღებო იყო სტუმართა მეორე ცვლილებაც: მას შემდეგ, რაც სერბების ორი ვარსკვლავის, ტადიჩისა და მიტროვიჩის ჩინებულ ოსტატობას ჩვენს კარში მეორე გოლი მოჰყვა, დაახლოებით შვიდ წუთში მუსლინმა მოედნიდან მიტროვიჩი გაიყვანა და მის ნაცვლად "კლასიკური" ჩამშლელი, ჯანიანი და გამოცდილი ნემანია გუდელი გაიყვანა.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გარკვეული პერიოდი სერბები, ფაქტობრივად, ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობდნენ და ეს პოზიცია მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შეავსეს. თან ჩვენ ხომ ტრადიციად გვექცა, რომ ისტორია უნდა შევუქმნათ სხვებს - შეცვლაზე შესულმა მიიატ გაჩინოვიჩმა თავისი პირველი სანაკრებო მატჩი გოლით აღნიშნა!..

ამ დროს კი, ჩვენი ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, დაგვიანებულიც იყო და, რაც მთავარია, არაეფექტიანიც! საერთოდაც, ეს თემა წინა მატჩებშიც არანაკლებ აქტუალური იყო და ყველა იმ მატჩის მერეც ბევრი კითხვა იბადებოდა იმ დაგვიანებული თუ არაეფექტიანი შეცვლებისთვის.

აღარაფერს ვამბობთ იმ, ცოტა არ იყოს, კურიოზულ ფაქტზე, მოედანზე გიორგი არაბიძის (19 წლის ბიჭს დებიუტს ვულოცავთ!) შესვლას რომ მოჰყვა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამიდან წესიერად ვერავინ უკარნახა, თუ ვის უნდა დაეკავებინა მარჯვენა მცველის ადგილი, სამკაციან დაცვაზე უნდა გადავსულიყავით თუ ისევ ოთხკაციანზე გვეთამაშა?..

ძალიან, ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა, ერთხელ მაინც, ბოლომდე დაუტოვოს ინტრიგა შესარჩევ ციკლს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, რეალობა და ჩვენი სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა: კიდევ ერთი, რიგით მე-12 შესარჩევი ციკლიც ვადაზე ადრე დავასრულეთ...

მატჩის სტენოგრამა
5' - ალექსანდარ კოლაროვი ბურთს თავის მეკარეს უბრუნებდა, როცა გადაცემა ნიკა კაჭარავამ ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შორეული კუთხისკენ წაჰკრა ცაცია - 1:0!
19' - ნიკა კვეკვესკირის მშვენიერი პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა.
24' - სტუმრების სახიფათო შეტევა ჯერ საბა კვირკველიამ შეაჩერა, მერე - ჯაბა კანკავამ, ბოლოს - ისევ კვირკველიამ. გადავრჩით!
26' - კვეკვესკირისა და ყაზაიშვილის მშვენიერი კომბინაცია ნიკა კაჭარავამ ეფექტური დარტყმით გააგრძელა.
33' - სტუმართა ყველაზე სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში, როცა ანტონიო რუკავინას ზუსტი პასის შემდეგ დუშან ტადიჩი ბურთს თავზე უგდებდა გიორგი ლორიას, მაგრამ დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა.
35' - ალბათ, მატჩის კულმინაციური მომენტი: კომბინაცია ნიკა კვესკვესკირმა წამოიწყო და ბურთი გადააწოდა ნიკა კაჭარავას, რომელმაც დიდებული პასით ვაკო ყაზაიშვილი მეკარესთან მარტო დატოვა, მაგრამ... საბოლოო დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. არადა, შორეულ ძელთან ბურთს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჯანო ანანიძე ელოდებოდა...
45' - ჩვენი მარჯვენა ფლანგი კიდევ ერთხელ "ჩავარდა" - ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოში ფილიპ კოსტიჩი წააქცია და პენალტი უნაკლოდ შეასრულა დუშან ტადიჩმა - 1:1!
61' - სტუმართა მეკარემ, ერთწუთიან ინტერვალში, სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა ერთიმეორის მიყოლებით მოიგერია ანანიძის, კანკავასა და კაჭარავას დარტყმები.
64' - საკუთარ ნახევარზე გვილიას შეცდომა ძვირად დაგვიჯდა, სერბეთის ნაკრების ორმა ვარსკვლავმა კი ყველაფერი იდეალურად შეასრულა - ტადიჩის პასით ალექსანდრ მიტროვიჩმა სტუმრები წინ გაიყვანა - 1:2!
73' - ყაზაიშვილი მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ ურტყამდა...
86' - ტადიჩმა (მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი) მოხდენილი პასით დასარტყამ პოზიციაზე დატოვა მიიატ გაჩინოვიჩი, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3!

- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
24.03. თბილისი. "დინამო არენა". 35 000 მაყურებელი
საქართველო-სერბეთი 1:3
გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45-პენ), 1:2 მიტროვიჩი (64. ტადიჩის პასით), 1:3 გაჩინოვიჩი (ტადიჩის პასით)
საქართველო (4-1-4-1): ლორია - კაკაბაძე (70. არაბიძე), კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი - ყაზაიშვილი (83. ქვილითაია), კანკავა, გვილია (90. ჯიღაური), ანანიძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: უ. ლობჟანიძე, რეხვიაშვილი, ხოჭოლავა, ტაბიძე, კიტეიშვილი, კობახიძე, დვალიშვილი, მაკარიძე, რ. კვასხვაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სერბეთი (3-4-2-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მაკსიმოვიჩი, კოლაროვი - რუკავინა, მატიჩი, მილოევიჩი, ობრადოვიჩი (46. ვუკოვიჩი) - კოსტიჩი (81. კოსტიჩი), ტადიჩი - ა. მიტროვიჩი (71. გუდელი).
სათადარიგოები: სტოილიკოვიჩი, ლუკიჩი, ს. მიტროვიჩი, მარკოვიჩი, ტოშიჩი, ჯურჯევიჩი, სპაიჩი, რაიკოვიჩი, იოვანოვიჩი
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
გაფრთხილება: კანკავა (43), კაკაბაძე (45)
არბიტრი: ფ. ცვაიერი (გერმანია).

სხვა მატჩები
ავსტრია-მოლდოვა 2:0
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (75), 2:0 ჰარნიკი (90)
ავსტრია (3-4-2-1): ლინდნერი - დრაგოვიჩი, პრიოდლი, ჰინტერეგერი - ალაბა, იანუზოვიჩი, ილსანკერი, ლაზარო (69. იანკო) - ზაბიტცერი, არნაუტოვიჩი (90. ზიუტნერი) - ბურგშტალერი (82. ჰარნიკი).
მოლდოვა (4-4-1-1): ნამაშკო - გოლოვატენკო (80. რაკუ), პოსმაკი, ეპურეანუ, ბოლოჰანი (90. მიხალიოვი) - დედოვი, ჩებოტარუ, გაცკანი, ანტონიუკი (62. იონიცა) - გინსარი - ბუგაიოვი.
მაყურებელი: 47 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ირლანდია-უელსი 0:0
ირლანდია (4-5-1): რენდოლფი - კოულმენი (72. კრისტი), ქეო, ოში, ს. უარდი - უელანი, მეილერი (80. მაკგიდი), მაკლინი, ჰენდრიკი, უოლტერსი - ლონგი.
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, ბ. დევისი, ნ. ტეილორი - ლედლი (72. რიჩარდსი), ალენი, რემზი - ბეილი, რობსონ-კანუ (46. ვოუკსი).
გაძევება: ნ. ტეილორი (69)
მაყურებელი: 51 700
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
11 ივნისი
სერბეთი-უელსი
ირლანდია-ავსტრია
მოლდოვა-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბოიკოტი ნაკრების თამაშს არ მიხვიდეთ ლატვიაზე სულაც აქეთ რო მოგცენ ფული! უნდა იგრძნონ მაგ ვაი ფეხბურთელებმა რო ჩვენ არ ვხუმრობთ. აი მაშინ იქნებ გაიღვიძოს რაიმე გრძნობამ მათში,რაც მეეჭვება,მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები!!! უნდა მოვთხოვოთ!!! არ მიხვიდეთ!!!
luk
27 მარტი 2017 17:03
0
ვერ დავადანაშაულებთ დავდამსხმელს მაგ მომენტში.მართალია ვერ გაიტანა,მაგრამ მანდ პასი უფრო მეტი შეცდომა იყო.თავდამსხმელმა მანდედან თუ არ დაარტყა,აბა მაშ საიდან უნდა დაარტყას ხალხო?
მაგ ერთი მომენტის იმედზე იყვნენ მთელი 90 წუთის მანძილზე?
zaza
27 მარტი 2017 16:09
0
ამ მაჩანჩალა უცხოელი "მწვრთნელების" ჩამოყვანას და მათ დაუმსახურებლად გამდიდრებას, ჯობია ქართველმა "მწვრთნელმა" იშოვოს ფული - საქართველოში მაინც დაიხარჯება და ეკონომიკას წაადგება... ხოლო ყაზაიშვილი,ჭანტურია და ოქრიაშვილიც, ჯერჯერობით თამაშობენ ქუჩის ფეხბურთს...ნახეთ ყაზაიშვილის თამაში გერმანიასთან, შოტლანდიასთან,ალბანეთთან-ყველგან ღორობს ბურთზე. ეს გააკეთა ჭანტურიამც ავსტრიასთან და ის დაისაჯა მარტო. ეს გააკეთა წინა თამაშში ოქრიაშვილმა 4/1 რომ გადიოდნენ პირისპირ და თავისუფალ კაცსს პასი არ მისცა და რატომღაც არ დაისაჯა?!
roma-ს ვეთანხმები
27 მარტი 2017 14:33
0
ახალგაზრდა ახალგაზრდა და სადაა ეს ახალგაზრდა ახალგაზრდა არაა კაკაბაძე კაჭარავა არაბიძე ყაზაიშვილი გვილია კვერკველია მეტი სადამდე ახალგაზრდა U - 17 ხომ არ ათამაშებენ გაიგეთ არ გვყავს იმ დონის მოთამაშე რომელიც 90 წუთს გაუძლებს ტემპს რომელსაც მეტოქე თავაზობს და ესაა პრობლემა თორემ ასარჩევი რომ იყოს თქვენ დაასწრებდით ვაისს ხო ისე ვაისს რაც შეეხება ვერ დავმალავ და ცხადაძის ნათამაშები გუნდი მერჩივნა იქნებ დროა ბოდიში მოუხადოთ მაგ კაცს და რამენაირად დააბრუნოთ
live
27 მარტი 2017 14:15
0
1.რაც შეეხება მაგ ცნობილ ფრაზას(ჩვენი ფეხბურთელების დაბალი დონი ლიგებში თამაშს),რომლითაც თითქმის ყველა მწვრთნელი იმართლებდა თავს ცხადაძის გარდა,მე მხოლოდ ერთ შეკითხვას დავუსვამდი მათ: როცა ხელფასის კონტრაქტს ხელს აწერდით,მაშინ ჩვენი ფეხბურთელები "სერია ა"-ში თამაშობდნენ,თუ "პრიმერა დივიზიონში"?
2.რა თქმა უნდა ყაზაიშვილს ვერ დავაბრალებთ მაგ თამაშის წაგებას.მას ჩვენს კარებში გოლი არ გაუტანია.
...და რომც გაეტანა ის გოლი. სერბეთის კარში,ანგარიში ხომ 1:3 დამთავრდა?...ანუ,იქ შეიძლებოდა3:3 და 2:4-იც ყოფილიყო.ანუ,რა მინდა ვთქვა,როცა მხოლედ ერთ საგოლე მომენტს ჰქმნი 90 წუთის განმავლობაში,მაგ ერთი მომენტის იმედზე ვერ მოიგებ პრინციპულ თამაშს.
3.არაა ვაისის ბრალი ამ თამაშის წაგება.სანამ არ შეიქმნება რაღაც ძლიერი ლიგა(თუნდაც ამიერკავკასიის) და ჩვენი ფეხბურთელები ძლიერ ლიგაში არ გამოიწრთობიან,ყოველთვის ასე იქნება.
Zaza
27 მარტი 2017 14:11
0
როცა საქართველო იყო საბჭოთა კავშირში მაშინ საქართველოში ძლიერი ფეხბურთი და ძლიერი ფეხბურთელები გვყავდნენ. იმ დროინდელი თბილისის დინამო რეალს, ბაიერნს, ინტერს თანაბარ ფეხბურთს ეთამაშებოდა. ტორპედო და გურია კი საბჭოთა კავშირის უმაღლეს და პირველ ლიგებში მოწინავენი იყვნენ. ახლა აღარ არის საბჭოთა კავშირი და აღარ არის მაღალი დონის ფეხბურთი საქართველოში. არც იქნება, არასდროს!!! ჩვენ სად, როდის, როგორ შევძლებთ 12-16 გონდიანი კონკურენტუნარიანი ჩემპიონატის დაფინანსებას?! ერთ გუნდს 100 დან 500 მილიონამდე (ესეც არ არის "პატალოკი") ევრო რომ დავახარჯოთ?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! როცა დამთავრდა სამოყვარულო ფეხბურთი მაშინ დამთავრდა ფეხბურთი საქართველოში! ფეხბურთელს 10-12 წელი აქვს, რომლის განმავლობაშიც მთელი ცხოვრების სარჩო უნდა გამოიმუშაოს! შემოსავლიდან გამომდინარე ლეგიაში სკამზე ჯდომა ურჩევნია ჩიხურაში ბომბარდირობას! ამიტომ კარგი იქნება თუ ზედმეტ ფანტაზიებში არ გადავვარდებით, დავაკანონებთ საქართველოში სამოყვარულო ჩემპიონატს სამ ლიგაში ანუ შევხედავთ სიმართლეს თვალებში. ამ შემთხვევაში ფედერაციებში თუ სხვა ქვემო რგოლებში ფულის საშოვნელად მისული და მოკალათებული ადამიანები თავისით ჩამოსცილდებიან ფეხბურთს. აღარ გვაქვს ხელბურთი, ფრემბურთი და კიდევ მრავალი სხვა სახეობა, რა ვუყოთ მერე დრომ მოიტანა და დრომვე წაიღო. მიმაჩნია რომ საქართველოში უფრო პერსპექტიული იქნება თანამედროვე რიკტაფელას განვითარება! ეს ხუმრობით, ისე გოლფის! მიწაზე მუშაობა სამარცხვინოა დღევანდელი ახალგაზრდებისათვის, იქნება ამ მოუხვნელ მიწაზე გოლფი მაინც ითამაშონ?!
aburjga
27 მარტი 2017 13:46
0
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი,ამაზე საუბარიც კი უხერხულია,მაგრამ არაკვალიფიციური მწვრთნელი,როგორც ქართველი ისე უცხოელი ჩემთვის მიუღებელია,გასაგებია,რომ საქართველოში კვალიფიციური მწვრთნელი დღეს-დღეობით არ არსებობს,მაგრამ უცხოელი,არაკვალიფიციურიც მიუღებელია და ვაისი არაკვალიფიცირებული მწვრთნელია და ეს ჭეშმარიტებაა,ამაში პატარა ნიუანსიც დაგვეხმარება:კაცი კაკაბაძეს,რომ გამოიძახებ და ძირითადში დააყენებ,იმ მწვრთნელის ვარგისიანობაზე საუბარიც კი უხერხულია,ხალხო გაიგეთ ერთი რამ,ბოსკამი,ჟირესი,მიულერი,კუპერი და ვაისი არ არიან საშუალო დონის მწვრთნელები,ისინი მაჩანჩალა მწვრთნელები არიან და მათ არაფერის მოტანა გუნდებისთვის,კარგის არ შეუძლიათ,ასეთ მწვრთნელებს რა თქმა უნდა ქართველები სჯობიან,თუ ჩამოგყავს უცხოელი მწვრთნელი,უნდა ჩამოიყვანო ნორმალური მწვრთნელი და თავი უნდა დაანებო ვიღაცეების დასქმებას,თუ არადა ისევ ქართველი დანიშნეთ,მესმის,რომ კარგი მწვრთნელი,უცხოელი ძვირი სიამოვნებაა,მაგრამ სხვა გამოსავალი არაა.არა გვაქვს ამის საშუალება,დანიშნე ისევ ქართველი დალოცვილო.
roma
27 მარტი 2017 13:17
0
ნაკლებად უნდა ერეოდეს გუნდის დაკომპლექტებაში, მავანი და მავანი მათ შორის გულშემატკივარიც არ უნდა ქმნიდეს ფეხბურთელის შემადგენლობაში დაყენება არ დაყენებაზე. როდესაც ვაისმა პირველი ვარჯიშები ჩაატარა დაინახა, რა ფორმაში იყო კაკაბაძე, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელი, დიდი იმედების მომცემია, მაგრამ ფეხბურთელი არასდრო არ არის ერთ ფორმაში, მით უმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ იქნება სტაბულურად კარგ ფორმაში, გამოიძახა ლობჟანიძე, რომელიც მართალია კლასით ვერ ბრწყინავს, მაგრამ მის მიერ თავდაუზოგავად ნათამაშევი მატჩი ნაკრებში არ მახსოვს. ჰო ატეხილმა ვაკხანალიამ რა დროს ლობჟანიძეაუ და ა. შ. ვერ გაბედა მწვრთნელმა მისი დაყენება ძირითადში და შედეგიც სახეზეა. თუმცა თამაში გუნდმა წააგო, რადგან ვერც ერთზე ვერ იტყვი, რომ თავის შესაძლებლობის მაქსიმუმთან მიახლოებულად მაინც ითამაშა, რაც არ ეხება კაჭარავას. ყველაფერთან ერთად ნაკრებში თამაშ დიდი თამოყვარეობაც უნდა ერთვოდეს. მსაჯზე აპელირება და მინდორზე გორაობა სამარცხვინოა. მართლაც წაქცევის შემთხვევაშიც კი, წამიც არ უნდა დასჭირდეს საკუთარი თავის პატივისმცემელ ფეხბურთელ თამაშში ჩასართავად.
gizog
27 მარტი 2017 13:02
0
არ უნდა ამ თამაშს ამდენი გარჩევ გამორჩევა ერთი ძველი სტატიაც ეყოფოდა იგივე პრობლემები როგორც ყოველთვის. დეჯავუც ამას ქვია რა.

ძლიერი ჩემპიონატი გვჭირდება ეს არის ეთრადერთი რაც ამოიყვანს ჩვენს ფეხბურთს ამ ჭაობიდან.

ვინმემ წაიკითხა ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა? არსებობს ასეთი რამე ბუნებაში?
vato
27 მარტი 2017 12:54
0
დამნაშავეა მწვრთნელი - 1.რომ იძახის გასატანი ვერ გაიტანესო-უნდა გამოეძახა ის ვინც ფორმაში იყო,ამ შემთხვევაში ყაზაიშვილის ნაცვლად,რომელსაც არ ათამაშებენ-მერებაშვილი,რომელსაც ათამაშებენ და სტატისტიკაც ყაზაიშვილზე უკეთესი აქვს პოლონეთში. 2. ლორია ტრადიციულად(როგორც ვაკო ტრადიციულად ძუნწობს ბურთზე)კარიდან წინ დგას და უკან იტოვებს დიდ სივრცეს,ამას ისევ უთამაშებელი რევიშვილი ჯობია. 3.არ იძახებს დასავლეთ ევროპის გუნდებში მოთამაშე ჰუფნაგელს და ებრალიძეს,რომელთაც მეტი საფეხბურთო განსწავლულობა აქვთ,ვიდრე თუნდაც საქართველოს პირველობაზე მოთამაშეებს. 4.შეცვლებს აკეთებს ძალიან გვიან და არასწორეს. 5. კაჭარავას გამოძახება ადრეც შეეძლო,კვიპროსზე ერთ თამაშში ოთხი გოლი რომ გაიტანა მაშინ...მოკლედ ფეხბურთელებს ნუ აბრალებთ,უბრალოდ ვაისი იძახებს იმას ვისაც "პარლამენტში შემძვრალი" და მისი გუნდი ავალებს-ისენი კი შეიძლება უთამაშებლები იყვნენ!!!
აბა თქვენ იცით დაბლოკვა
27 მარტი 2017 12:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული