სამართლიანობის პრინციპი

AutoSharing Option
საქართველო-ხორვატიის მატჩის მერე გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ემოციების დამალვა არც უცდია; თუმცა, განსაკუთრებულად ერთი ფრაზა გვენიშნა: „თითოეულმა ფეხბურთელმა ამ შედეგის მისაღწევად ჯიგარი ჩადო და ისიც გამოჩნდა, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერი იქნება“.

მართლაც, ძნელია არ დაეთანხმო 26 მარტის გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს შემოქმედს, - ხორვატებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი უჩვენა. რა თქმა უნდა, იმ დღეს ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მყოფ თოთხმეტივე ფეხბურთელს ერთნაირად არ უთამაშია: ზოგი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ზოგის ასპარეზობას საიმედო ეთქმოდა, ზოგი
უშეცდომო გახლდათ, ზოგიც - მეტ-ნაკლებად აქტიური და ასე შემდეგ; თუმცა, მონდომებასთან ერთად, ვერც ერთ მათგანს ბრძოლისუნარიანობასაც ვერ დავუკარგავთ: დაწყებული ახალგაზრდა ბუბა დაუშვილითა და ნაკრების სტაჟიანი წევრებით (კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი) დამთავრებული.
სწორედ ბრძოლისუნარიანობის ნათელი მაგალითიც იყო მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლიც და ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ქეცბაის ნაკრებმა მსგავსი რამ უკვე მესამედ მოახერხა.

ჰო, ასე იყო ესტონეთთან ამხანაგურ მატჩშიც, ასე მოხდა მალტელებთან ოფიციალურ შეხვედრაში და კვლავაც ასეთი გიჟმაჟური სიხარული განვიცადეთ ხორვატებთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაშიც. რა თქმა უნდა, ყველა მოგება ფასეულია, მაგრამ როცა ასეთ ძლიერ მეტოქეს ამარცხებ (მით უფრო, ჯგუფის ერთ-ერთ უპირობო ფავორიტს), ესე იგი, „რაღაც“ პრეტენზიაც უნდა გაგიჩნდეს. ჰოდა, მოვიდა დრო, რომ ეს „რაღაც პრეტენზია“ გავახმოვანოთ: საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს რეალურად ხელეწიფება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურისათვის ბრძოლა!


მეტყველი ციფრები
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა: 2 მოგება, 3 ფრე და არც ერთი წაგება! ასეთი შედეგი კი ჩვენს უპირველეს გუნდს თავისი არსებობის ისტორიაში არასდროს ჰქონია; ისე როგორც 9 ქულა არ გვქონდა არასდროს 5 მატჩის მერე და არც 2 ბურთი გვქონია გაშვებული ამ რაოდენობის შეხვედრებში! აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც სარეკორდო მაჩვენებელზე, უკვე წელიწადზე მეტია რომ გრძელდება: 10 წაუგებელი მატჩი არც არასდროს გვქონია!

ახლა კი, ალბათ, უპრიანი იქნება, ყველა შესარჩევი ციკლი გავიხსენოთ; უფრო ზუსტად, ხუთი მატჩის მერე რა მონაგარი გვქონდა და საბოლოოდ რომელ ადგილზე დავასრულეთ ის კონკრეტული ციკლი.

დღემდე საუკეთესო შედეგი სადებიუტო ციკლში გვქონდა - 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 5 მატჩის მერე 6 ქულა გვქონდა (2 მოგება და 3 წაგება, ბურთების სხვაობა 6-5), საბოლოოდ კი 15 ქულით მესამე ადგილი დავიკავეთ.

მომდევნო ციკლში შედეგი გავაუარესეთ: საწყის ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ და 4 წავაგეთ (ბურთების სხვაობა 3-9). საბოლოოდ, 10 ქულით ჯგუფიში IV ადგილი დავიკავეთ.

კიდევ უფრო უარესი შედეგით დავასრულეთ მომდევნო ციკლი: 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით (5 ქულით), საწყისი 5 ტურის შემდეგ კი 4 ქულა გვქონდა (ბურთები სხვაობა - 3-9).

მომდევნო ციკლში საბოლოო შედეგი კი გავაუმჯობესეთ (10 ქულით III ადგილზე გავედით), მაგრამ საწყის ხუთ ტურში მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა გვქონდა (ბურთების სხვაობა 6-10).

აი, ამის მერე კი საქართველოს ნაკრების შედეგები მკვეთრად უარესდებოდა და, ფაქტობრივად, ერთადერთი იმას ვნატრობდით, ჯგუფში როგორმე ბოლოსწინა ადგილი დაგვეკავებინა. ორჯერ ეს „შევძელით“ - 2006 წლის მსოფლიოსა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 10-10 ქულით დავასრულეთ (პირველ ჯერზე ყაზახეთს გავასწარით, მეორედ - ფარერის კუნძულებს); აი, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი შესარჩევი ციკლი მართლაც სამარცხვინო შედეგით დავასრულეთ და ორივეჯერ ბოლო ადგილზე გავედით (ლაპარაკია 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსა და ბოლო ციკლზე).

აქედან გამომდინარე, ალბათ ზედმეტი იქნება იმის შეხსენებაც, თუ რა მაჩვენებელი გვექნებოდა ამ ოთხ კოშმარულ ციკლში ხუთ-ხუთი ტურის შემდეგ (საუკეთესო შედეგი 4 ქულა იყო). თუმცა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის, საერთოდ, გახსენებაც არ გვინდა: პირველად მოხდა, როცა საქართველომ შესარჩევი ციკლი მოუგებლად დაამთავრა!..


დაკარგული... თაობა
2010 წლის 3 მარტი იყო, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები პირველად რომ დამოძღვრა და იქიდან მოყოლებული დღემდე, ათ შეხვედრაში ჩვენ უპირველეს გუნდში 35-მა ფეხბურთელმა ითამაშა. შესაძლოა, ვინმეს ეს რიცხვი ებევროს, მაგრამ ამ 35-დან 14 ისეთი ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ერთი ან ორი მატჩი რომ ჩაატარა. ანუ, ამ ერთი წლის განმავლობაში ქეცბაია, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ფეხბურთელებს (დაახლოებით 20-21-კაციან ბირთვს) ეყრდნობა და რაც მთავარია, ვერავინ იტყვის სხვა ქართველ მოთამაშე(ებ)ზე, ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს, მაგრამ ქეცბაია იგნორირებას უკეთებსო.

ჰო, სამართლიანობის პრინციპი რომ აღდგა ჩვენ ნაკრებში, ამას, იმედია, ყველა ხედავს და ამჩნევს; არადა, ბოლო წლებში ისეთ რამეებს „მიგვაჩვიეს“, როცა საქართველოს ნაკრები მავანთა მიერ საექსპერიმენტო პოლიგონად იყო ქცეული, აღარაფერს ვამბობთ ფეხბურთელთა მთელი ჯგუფის სრულ იგნორირებაზე! ძალიან შორს ნუ წავალთ და მხოლოდ წინა შესარჩევი ციკლი გავიხსენოთ, ჩვენი ნაკრებისათვის მართლაც სამარცხვინო შედეგით რომ დამთავრდა; რა თქმა უნდა, წელიწანახევრიანი მოუგებელი სერიაც დამთრგუნველი იყო და ის ფაქტიც, რომ შინ თუ გარეთ, ყველა გვამარცხებდა (მოლდოვაც, მალტაც...); მაგრამ არანაკლებ გულსატკენი იყო ნაკრების დაკომპლექტების პრინციპი - ვერ გეტყვით, მთავარი მიზეზი პოლიტიკური (!) ხასიათის იყო თუ სხვა „შინაარსის“, მაგრამ ფაქტია, რომ რუსულ პრემიერლიგაში წარმატებით მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებს ახლოსაც არ აკარებდნენ.

სხვათა შორის, ეს ტენდენცია კლაუს ტოპმიოლერის „ეპოქაში“ დაიწყო და უფრო დიდი მასშტაბებით ექტორ რაულ კუპერის მოღვაწეობის პერიოდში გაგრძელდა. მალხაზ ასათიანთან გახმაურებულ კონფლიქტს თავი რომ დავანებოთ, წინა შესარჩევ ციკლში რუსეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების სრულ იგნორირებაზე ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიც მოწმობს: გოგიტა გოგუას, ალექსანდრე ამისულაშვილსა და ნუკრი რევიშვილს კუპერის ხელმძღვანელობით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ.

როგორ გგონიათ, სხვები იყვნენ „ყურადღების ცენტრში“? ლაშა სალუქვაძე „რუბინის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა და „ბარსელონას“ და სხვა გრანდების წინააღმდეგ ღირსეულადაც ასპარეზობდა, მაგრამ კუპერმა მხოლოდ ხუთჯერ მისცა თავის გამოჩენის საშუალება (მის თანაგუნდელს დავით კვირკველიას - ოთხჯერ); ოთარ მარცვალაძეს პირველად 2008 წლის 19 ნოემბერს ენდო არგენტინელი მწვრთნელი - რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში; იმ მატჩში მარცვალაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ კუპერის „ეპოქის“ ბოლომდე ნაკრებში მომდევნო (და-უკანასკნელი) შეხვედრა 7 თვის მერე ჩაატარა (ისიც ამხანაგურ დაპირისპირებაში, ალბანელებთან).

ანუ, ფაქტობრივად, ორი-სამი წლის განმავლობაში რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს სრულ იგნორირებას უკეთებდნენ; არადა, ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი მოთამაშე როგორ სჭირდება საქართველოს ნაკრებს, ხორვატიასთან მატჩშიც ნათლად გამოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ქართველ ფეხბურთელს რუსულ გუნდში კაპიტნად შემთხვევით აირჩევდნენ? ხვდებით, რომ ამისულაშვილზე ვსაუბრობთ, წლების განმავლობაში რუსული პრემიერლიგის საუკეთესო მცველებს შორის რომ მოიხსენიებენ; ან, იქნებ ის ფაქტია შემთხვევითი, როცა რობერტო კარლოსითა და სხვა არანაკლებ სახელიანი ბრაზილიელებით გაძლიერებული და ზღაპრული დაფინანსების მქონე „ანჟის“ ძირითადი მეკარე ნუკრი რევიშვილი რომ იქნება?..

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კუპერმა წელიწადნახევარი იმუშავა და ამ დროის განმავლობაში 43 (!) ფეხბურთელი გამოსცადა. როგორი შედეგიც გვქონდა, უკვე აღარ ღირს გახსენება, მაგრამ იმავე გოგუას, ამისულაშვილს, მარცვალაძეს, სალუქვაძეს, კვირკველიასა და რევიშვილს რომ შანსი არ ეძლეოდათ, ყოველივე ამით ხომ მთლიანად ქართული ფეხბურთი დაზარალდა, აღარაფერს ვამბობთ მალხაზ ასათიანის ნაკრებიდან მოკვეთაზე...

საბედნიეროდ, დღესდღეობით სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და საქართველოს ნაკრებშიც ამ ეტაპისათვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. ჰოდა, სამართლიანობის პრინციპის აღდგენაც პირდაპირპროპორიცულადაა ასახული ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე - ამ გუნდს უკვე კონკრეტული მიზანი გაუჩნდა!..






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული