დაღლა და შეცდომები

AutoSharing Option
ისრაელთან წაგებული მატჩის მერე პირველი რა გრძნობაც დაეუფლებოდა ქართველ გულშემატკივარს, რაღა თქმა უნდა, იმედგაცრუება იქნებოდა! გასაგებია, რომ ყველა შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით არ დამთავრდება, ის, მართლაც შთამბეჭდავი ათმატჩიანი წაუგებელი სერიაც, როცა იქნებოდა, სადმე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იმედგაცრუების განცდა დღემდე არ გვტოვებს და, ალბათ, კვლავაც დიდხანს გაგრძელდება...

ფეხბურთში, ისე როგორც, საერთოდ, ბუნებაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად შედარებითია და ქართველი გულშემატკივრის გულისტკივილიც, აქედან გამომდინარე, ადვილად ასახსნელ-გასაგები უნდა იყოს: ჩვენი შესარჩევი ჯგუფის უპირობო ფავორიტისა და მსოფლიოს რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფი ხორვატიის დამარცხების შემდეგ
ისრაელის მართლაც არაფრით გამორჩეულ ნაკრებთან წაგება როგორ შეიძლება არ გვწყენოდა.

ჰო, მართლაც არაფრით გამორჩეულ გუნდთან დავმარცხდით: ორჯერ „სტანდარტული“ შეასრულეს მეტ-ნაკლებად სახიფათოდ, ერთხელ თავური დარტყმით შექმნეს მართლაც ხელსაყრელი მომენტი და, ფაქტობრივად, ერთადერთი გააზრებული კომბინაცია... გოლად აქციეს! „სხვა“, რაიმე განსაკუთრებული მასპინძლების თამაშში არაფერი დაგვინახავს: საქართველოს ნაკრების იდენტური ტაქტიკური სქემით (4-2-3-1) მოასპარეზე ისრაელის ნაკრები ნამდვილად არ იყო უძლეველი გუნდი; თანაც, ყველაზე საწყენი ის იყო, რომ იმ შეხვედრის ერთადერთი გოლი მაშინ გავუშვით, როცა... აშკარად უკეთ ავთამაშდით.

თუმცა, ერთროულად რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელის პოზიციურმა შეცდომამ მასპინძელთა თავკაცი ლუის ფერნანდესი ლამის იყო ჟოზე მოურინიოს „დაატოლა“, - საქართველოს ნაკრების კარში გოლის ავტორი ტალ ბენ ჰაიმი II მოედანზე ხომ წუთების შემოსული იყო; ანუ, რაც უნდა სკეპტიკურად შევაფასოთ ისრაელის ნაკრების ფრანგი დამრიგებლის (წარსულში, მართლაც ჩინებული ფეხბურთელის) სამწვრთნელო შესაძლებლობები, რეალობას ვერსად გავექცევით: მის მიერ გაკეთებულმა შეცვლამ მატჩის საბოლოო შედეგი განაპირობა.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, სამდღიან ინტერვალში მოპოვებული ორი გამარჯვებით ისრაელი ჯგუფის ფავორიტებში გაერია და მეორე ადგილზე მყოფ ხორვატიას მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

ისე, სამდღიანი ინტერვალი შემთხვევით არ გვიხსენებია: დროის ასეთ მოკლე შუალედში ორი ოფიციალური მატჩის ჩატარება (მით უფრო, სანაკრებო დონეზე) ნამდვილად არ არის იოლი საქმე. თუმცა, ამ შემთხვევაში მეტოქები აშკარად არათანაბარ სიტუაციაში იმყოფებოდნენ: მასპინძელმა ორივე მატჩი (ლატვიასთან და საქართველოსთან) შინ ჩაატარა, მაშინ როცა ჩვენ ნაკრებს, ხორვატიასთან თბილისური შეხვედრის მერე ისრაელში გადაფრენა მოუწია; საერთოდაც, თემურ ქეცბაიას, ფაქტობრივად, ერთი „სრულფასოვანი“ დღე რჩებოდა ისრაელთან მატჩის წინ გუნდი რომ მოემზადებინა.

სამწუხაროდ, იმის ვარაუდი, რომ ხორვატიასთან უმძიმესი შეხვედრის მერე ჩვენი ფეხბურთელები ძალების სრულად აღდგენას ვერ მოასწრებდნენ, ისრაელთან შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. ჰოდა, სწორედ გადაღლილობის ბრალიც იყო ის უამრავი შეცდომა, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ რომ დაუშვა; აი, ასეა: გადაღლამ შეცდომები გამოიწვია, შეცდომამ - ჩვენ კარში გატანილი გოლი, ამ გოლმა - ჩვენი მარცხი, ამ მარცხმა - სატურნირო მდგომარეობის გაუარესება და ასე შემდეგ. მოკლედ, ხორვატიასთან 3 ქულა კი მოვიპოვეთ, მაგრამ, ამავდროულად, მთელი ძალა და ენერგიაც თურმე ამ მატჩისთვის გაგვიტანებია...


ქართული დიდსულოვნება და... მარჩიელობა
ამ წერილს თან ერთვის ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა და დარჩენილი მატჩების კალენდარი; დაკვირვებული მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ ხუთი სანაკრებო დღეა დარჩენილი: 4 ივნისი, 2 სექტემბერი, 6 სექტემბერი, 7 ოქტომბერი და 11 ოქტომბერი. აქედან, ერთის გარდა, ყოველ სანაკრებო დღეს ჩვენი ჯგუფის სამ-სამი თამაში უნდა ჩატარდეს. წესითა და რიგით, 7 ოქტომბერსაც სამი შეხვედრა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის კალენდრის შედგენისას ისრაელის მხარის თხოვნა დიდსულოვნად გავითვალისწინეთ და ისრაელი-საქართველოს მატჩის თარიღმაც 29 მარტისათვის „გადმოინაცვლა“. თხოვნა კი, ცოტა არ იყოს, დელიკატური იყო: 7 ოქტომბერს ისრაელში რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ და უხერხულ მდგომარეობაში მყოფმა ქართულმა მხარემაც ალბათ, უარი ვეღარ განაცხადა.

კი ბატონო, ჩვენ ხომ ყველას და ყველანაირი ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ როცა 29 მარტზე ვთანხმდებოდით, ნუთუ გვავიწყდებოდა, რომ სამი დღით ადრე ხორვატიასთან უმძიმესი შეხვედრა გველოდა? თანაც, ზემოთ ნათქვამს დავუბრუნდებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ისრაელის უპირატესობას: ლუის ფერნანდესის გუნდს სამდღიან ინტერვალში ორივე მატჩის ჩატარება საკუთარ მოედანზე უწევდა, აი, ჩვენ კი ჯერ თბილისში უნდა გვეთამაშა და ამის მერე უნდა ვწვეულიყავით აღთქმულ მიწას.

მოკლედ, შესაძლოა გვიანია, მაგრამ, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ კალენდრის ასეთი ფორმით შედგენას არ უნდა დავთანხმებულიყავით! მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს, უეფა „ბრმა“ კალენდარს დაგვიდგენდა და ვინ იცის, იქნებ ავცდენოდით კიდეც სამდღიან ინტერვალში ორი ურთულესი მატჩის ჩატარებას. არადა, 7 ოქტომბერს თუ ვითამაშებდით ისრაელთან სტუმრად, მომდევნო მატჩი უკვე თბილისში გველოდა საბერძნეთთან (თანაც, ოთხი დღის შემდეგ). საბერძნეთთან მატჩით ეს შესარჩევი ციკლი მთავრდება და მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ დიდი ალბათობით, შესაძლოა, ეს შეხვედრაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ჰო, ისრაელთან წაგებით მეოთხე ადგილზეც გადმოვინაცვლეთ, მეტოქეც წინ გავუშვით, მაგრამ არავინ თქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი საბოლოოდ გადაგვეწურაო; ჯერ ერთი, დარჩენილი ოთხი მატჩიდან სამი (ლატვიასთან, მალტასთან, საბერძნეთთან) ჩვენ სასარგებლოდ რომ დავასრულოთ და ხორვატიიდან ქულის წამოღება-არწამოღებაზეც რომ არ ვიმარჩიელოთ, დიდი შანსია, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად 18 ქულაც გვეყოს; ოღონდ, ამას „აუცილებელი პირობაც“ თან უნდა ახლდეს: მეტოქეებმა ერთმანეთში ქულები უნდა დაკარგონ! ისე, რახან სურვილია, ბარემ ისიც ვინატროთ, რომ ჯგუფში ჩვენი მეტოქეთა ურთიერთშეხვედრათა უმრავლესობა ფრედ დამთავრებულიყოს, - მოკლედ, მთლად საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებული; მაგრამ, აქვე, აუცილებელი „წინაპირობაც“ არ დაგვავიწყდეს: უკვე „წინასწარ დაგეგმილ სამ გამარჯვებას“ როგორ უნდა მივაღწიოთ, თუ შეტევაში აგრესიულები არ ვიქნებით? რაღა თქმა უნდა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, ჩვენმა ნაკრებმა დაცვაში თამაში რომ გამოასწორა (ამ შემთხვევაში მხოლოდ მეკარისა და მცველების გააზრებულ და უშეცდომო ასპარეზობას არ ვგულისხმობთ); მაგრამ, ისიც ფაქტია და ყველა ამჩნევს, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის შეტევითი პოტენციალი აშკარად უკეთესის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს.

თუმცა, ვატყობთ, ერთობ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს მივადექით, რაზეც ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში (ანუ, თემურ ქეცბაიას ნაკრებში დანიშვნისას) განგაშს ვტეხდით და რაშიც, პირველ ყოვლისა, ადამიანური რესურსის დეფიციტს ვგულისხმობდით. სამწუხაროდ, დღესღეობითაც ამ მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ: ქართულ ფეხბურთში ნამდვილად არა გვყავს იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელი, საერთაშორისო (ანუ, სანაკრებო) დონეს რომ აკმაყოფილებდეს...


ამბიცია, მოთხოვნა, და კანონზომიერება
და აი, მთავარ სათქმელსაც მივადექით, თუმცა, რა, თვითონ თემურ ქეცბაიამ არ იცის ჩვენზე უკეთ, თუ რა რესურსია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში? აკი განაცხადა კიდეც ისრაელთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე: შანსი ყველა კანდიდატს მივეცით და ყველამ ნახა, ვის რა შეუძლია. დიდი რესურსი ნამდვილად არა გვაქვს, მაგრამ ძიებას გავაგრძელებთო.

ჰო, მართლაც მწარე რეალობაა: საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრების ბირთვს ხომ ყველაზე ბევრი, 14-15 ფეხბურთელი შეადგენს. ჰოდა, სხვადასხვა მიზეზით სამი წამყვანი მოთამაშე (მალხაზ ასათიანი, გოგიტა გოგუა, ჯანო ანანიძე) რომ გამოგაკლდება, მართლაც ძნელზე-ძნელია სამდღიან ინტერვალში (თანაც, სხვა ქვეყანაში გადაფრენით ) ზედიზედ ორი მატჩის მოგება. არადა, ქეცბაიას რომ იმის ფუფუნება ჰქონოდა (ვთქვათ, როგორც ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს), რაღა თქმა უნდა, ხორვატიასთან და ისრაელთან შეხვედრებში ფეხბურთელების გონივრულ როტაციასაც მოახდენდა (ზოგს ერთ მატჩში დაასვენებდა, ზოგს მეორეში) და ამ შემთხვევაში კი, თელ-აივივიდან, სულ მცირე, ქულით მაინც დავბრუნდებოდით.

ისე, მართლაც ბევრი უცნაურობა გვახასიათებს ქართველებს: წინა ციკლში ექვსი ტურის შემდეგ 2 ქულა გვქონდა (ბურთების სხვაობა 4-9) და ის შესარჩევი ტურნირიც, იმ დროისათვის ფაქტობრივად, ჩვენთვის დამთავრებული იყო. ნაკრების სათავეში მოსვლისას თემურ ქეცბაიასაც არ უთქვამს ხმამაღლა, რომ გინდა თუ არა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურს მოვიპოვებთო. მაგრამ ახალმა ციკლმა და, საერთოდაც, იმ ათმატჩიანმა წაუგებელმა სერიამ ქართველ გულშემატკივარს სხვა ამბიცია გაუჩინა; თანაც, ისეთი, აქამდე არასდროს რომ გვქონია და ჯგუფის ფავორიტის, ხორვატიის დამარცხების შემდეგ ხომ ეს „ამბიცია“, ლამის იყო, მოთხოვნაში გადაიქცა!

ჰოდა, სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ ასე მტკივნეულად ისრაელის არაფრით გამორჩეულ ნაკრებთან მარცხი - რასაც გააზრებული და მრავალსვლიანი კომბინაცია ჰქვია, მეტოქემ ერთაერთხელ გვიჩვენა და ისიც ჩვენ კარში მიღებულ გოლად დაგვიჯდა. გაშვებული ბურთი, რაღა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო, მაგრამ უფრო იმაზე გვწყდება გული, ანგარიშის გათანაბრების, სულ მცირე, ორი შანსი ხელიდან რომ გავუშვით (ოთარ მარცვალაძისა და ლადო დვალიშვილის გაცუდებულ მომენტებს ვგულისხმობთ); არანაკლებ გვწყდება გული იმაზეც, შეტევის გასაძლიერებლად, თითქმის ერთსა და იმავე ტაქტიკურ ცვლილებებს რომ მივმართავთ და ამ შემთხვევაშიც, ერთი და იმავე ფეხბურთელების გამოჩენას, ფაქტობრივად, ყველა შეგუებული ვართ. ანუ, ისევ და ისევ ადამიანური რესურსის დეფიციტზე ვსაუბრობთ, თუმცა თავს უფლებას მივცემთ და საკუთარ მოსაზრებასაც ვიტყვით, თუნდაც ისრაელთან მატჩთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ, როცა მატჩის დასრულებამდე 20 წუთია დარჩენილი, ხომ შეიძლებოდა უფრო თამამ ტაქტიკურ სქემაზე გადავსულიყავით? ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ორფორვარდიან ტაქტიკაზე ვსაუბრობთ, ანუ დავით სირაძე რომ ლადო დვალიშვილს შეწყვილებოდა და მეტოქეზე ზეწოლა ფლანგებიდან მაღალი ჩაწოდებებით გაგვეკეთებინა, თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული სწორედ ფლანგის ნახევარმცველებზე და როგორ ფიქრობთ მარჯვნიდან ვის უნდა ეტვირთა თამაშის გამწვავება? ან, მარჯვნიდან, გამჭოლი თუ მაღალი ჩაწოდებები ვის უნდა გაეკეთებინა? ჰო, ახალი რა უნდა ვთქვათ: ნებისმიერი მწვრთნელი თავისი გუნდის ტაქტიკას მეტოქიდან გამომდინარე ირჩევს; თუმცა, ქეცბაიას ამას გარდა, დამატებითი თავსატეხიც აქვს: კონკრეტულ მეტოქესთან საქართველოს ნაკრების ტაქტიკური განლაგება, ისევ და ისევ, ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებიდანაც არის, ალბათ, ნაკარნახევი...

წერილის დასაწყისში ბუნებაში არსებულ შედარებითობაზე ვსაუბრობდით და, ალბათ, იქვე უნდა გვეთქვა კიდევ ერთ კანონზომიერებაზეც; გასაგებია, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ (ყველგან და ყველაფერში), მაგრამ ასე უცბადაც ნუ მოვითხოვთ სასწაულს. დიახ, სასწაულს - წელიწადნახევარი გამარჯვებას ვერ ვახერხებდით (ვერც ოფიციალურ და ვერ ამხანაგურ მატჩებში), ახლა კი ზედიზედ ათი წაუგებელი მატჩის მერე ერთი მარცხიც როგორმე უნდა გადავიტანოთ. მით უფრო, რომ ჩვენ შესარჩევ ჯგუფში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება, თანაც ვისურვოთ, რომ ეს ცვლილებები ჩვენთვის სასიკეთო ყოფილიყოს...



თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 5 3 2 0 5-2 11
2. ხორვატია 5 3 1 1 8-2 10
3. ისრაელი 6 3 1 2 8-6 10
4. საქართველო 6 2 3 1 4-3 9
5. ლატვია 5 1 1 3 4-7 4
6. მალტა 5 0 0 5 1-10 0


დარჩენილი მატჩების კალენდარი
4 ივნისი:
ხორვატია-საქართველო
ლატვია-ისრაელი
საბერძნეთი-მალტა

2 სექტემბერი:
საქართველო-ლატვია
ისრაელი-საბერძნეთი
მალტა-ხორვატია

6 სექტემბერი:
მალტა-საქართველო
ლატვია-საბერძნეთი
ხორვატია-ისრაელი

7 ოქტომბერი:
საბერძნეთი-ხორვატია
ლატვია-მალტა

11 ოქტომბერი:
საქართველო-საბერძნეთი
მალტა-ისრაელი
ხორვატია-ლატვია






.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ალექსანდრე გედევანიშვილი@ ეს გამოთქმა გამიგია,,არ მინახავს და დარწმუნებულიც ვერ ვიქნები სამწუხაროდ,
რაც ვნახე კი იმაზე შემიძლია ვიმსჯელო დარწმუნებით!
"ქეცოს" დიდი ხნის დაუხალავი და დაუზარებელი შრომა ჭირდება და ხელშეწყობა რომ ეს ნათქვამი მათზე აღარ გავრცელდეს
გამოსავალი არის ყველაფრისგან მთავარი მონდომებაა და დაუღალავი შრომა და ყველაზე მთავარი ხელშეწყობა

ამ ფეხბურთელებს ჩემპიონებს ქრისტე ღმერთიც ვერ გახდის

vova
12:14 01-04-2011
0
vova @ დარწმუნებული ხართ ას წელიწადში ჯოხიც რომ ისვრის?:D
ალექსანდრე გედევანიშვილი
11:47 01-04-2011
0

სიახლეები პოპულარული