სანტუშმა ტაქტიკა დაფქვა

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრებში ოტო რეჰაგელის შემდგომი ეპოქა იწყება. მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნა და სახელგანთქმული გერმანელის წასვლა ერთი იყო. მისი მემკვიდრე მალევე დასახელდა - პორტუგალიელი ფერნანდო სანტუში, რომელიც ელადაზე მანამდეც მუშაობდა (აეკ, "პანათინაიკოსი", პაოკ).

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები ჩვენი მეტოქეა. 3 სექტემბერს შესარჩევ ციკლს სწორედ ამ გუნდთან გასვლითი მატჩით ვიწყებთ. შესაბამისად, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა ხდება მეტოქის ბანაკში, რა ცვლილებებსა და სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ბერძნების ახალი მწვრთნელისგან. სანტუშმა პრესკონფერენცია გამართა და გეგმები გამოამზეურა. პირველ რიგში მას ტაქტიკაზე ჰკითხეს.
სეუ ფერნანდოს არაფერი დაუმალავს.

"ჩემი სურვილია, საბერძნეთის ნაკრები ძლიერ გუნდად ჩამოვაყალიბო და თანამედროვე, გამართული ფეხბურთი ვათამაშო. ნაკრების ძირითადი სათამაშო ტაქტიკა 4-4-2 იქნება. სათადარიგო სქემა კი 4-3-3. ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია. უნდა დავივიწყოთ მოძველებული პერსონალური თამაში და 4-4-2 ან 4-3-3 სქემით ზონალურად უნდა ვითამაშოთ. მთელი თამაშის განმავლობაში 80 პროცენტით შეტევაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, დანარჩენი 20 პროცენტი კი დაცვას უნდა მოვახმაროთ", - აღნიშნა საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შემდეგი საკითხი საკადრო ცვლილებებს შეეხო: "ნაკრებში საკადრო ცვლილების აუცილებლობას რომ ვერ ვხედავდე, მაშინ ამ პროცესზე უარს ვიტყოდი. ფაქტია ეროვნულ გუნდს "ახალი სისხლი" სჭირდება და ამიტომაც მოვიწვიე ნაკრებში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. იმ შემადგენლობიდან, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში კვლავ დარჩება. ეროვნული გუნდის კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა, მთავარია, კარგი თამაშით მათ ნაკრების კარზე დააკაკუნონ და გარწმუნებთ, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ".

საბერძნეთის ნაკრებს 11 აგვისტოს სერბეთთან გასვლითი ამხანაგური მატჩი აქვს: "ეს მატჩი ჩემთვის სადებიუტოა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სერბეთთან თამაში შესარჩევი ციკლის სტარტისთვის , საქართველოსთან და ლატვიასთან მატჩებისთვის უნდა გამოვიყენოთ. სერბეთში გამოჩნდება თუ რამდენად შეასრულებენ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს. შანსი ყველას მიეცემა, თანაც არაერთი", - განაცხადა
სანტოსმა.

სანტუშმა ნოვაციაც გაახმაურა: "ჩემი სურვილია, B ნაკრები შევქმნათ, რომელშიც 25 წლამდე ფეხბურთელები გვეყოლება - ისინი, რომელთაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში აღარ უწევთ. გვინდა, ეს ფეხბურთელები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავდეს. მათი პროგრესი ვიგრძნოთ და გამორჩეულები ეროვნულ ნაკრებში გამოვცადოთ. B ნაკრები ჩამოყალიბებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მალე ორი ნაკრები გვეყოლება".

დაბოლოს, შემადგენლობა, რომელიც ფერნანდო სანტუშმა სერბეთთან 11 აგვისტოს მატჩისთვის შეარჩია:
მეკარეები - მიხაელ სიფაკისი (არისი), ალექსანდროს ცორვასი (პანათინაიკოსი);
მცველები - სოტირის კირიაკოსი (ლივერპული, ინგლისი), სტელიოს მალეზასი (პაოკ), გიანის მანიატისი (პანიონიოსი), ნიკოს სპიროპულოსი, ლუკას ვინტრა (ორივე პანათინაიკოსი), აბრაამ პაპადაპულოსი, ვასილის ცაველასი (ორივე ოლიმპიაკოსი), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი, იტალია);
ნახევარმცველები - კოსტას კაცურანისი, გიორგოს კარაგუნისი, სოტირის ნინისი, სტერიოს მარინოსი (ყველა პანათინაიკოსი), გიორგოს ცაველასი (პანიონიოსი), სავას გენცოღლუ, პანტელის კაფესი (ორივე აეკ), გიანის პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი);
თავდამსხმელები - დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), ფანის გეკასი (აინტრახტი, გერმანია), გიორგოს სამარასი (სელტიკი, შოტლანდია), კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული