სალუქვაძე მოდის, პლუს კოშკაძეც

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები დასკვნით ამხანაგურ მატჩს 11 კიშინიოვში გამართავს. მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა ნაკრებში 18 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი იყო, გროზნოს "ტერეკის" ნახევარმცველი ლევან გვაზავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ გვაზავამ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტის აღებაზე (დაბრუნებაზე) თანხმობა განაცხადა და ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში თავად გვაზავამ დროებით უარი თქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე. "ტერეკის" ნახევარმცველმა ეს გადაწყვეტილება "ლელოსთან" საუბარშიც ახსნა - "ტერეკთან" ან რუსული პრემიერლიგის სხვა
კლუბთან კონტრაქტი უნდა გავაფორმო. საქართველოს მოქალაქის პასპორტი რომ ავიღო და ეროვნულში ვითამაშო რუსულ პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩავითვლები. ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი საკლუბო კარიერის აწყობაში ხელს შემიშლის და ნაკრებსაც ვეღარ გამოვადგებიო...

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში ლევან გვაზავას თამაში გამორიცხულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაზავას გარდა, სანაკრებო 18-კაციანი სიიდან ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძეც დაშავდა, მაშინ თემურ ქეცბაიას სანაკრებო შემადგენლობისთვის ორი ფეხბურთელი უნდა დაემატებინა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულის თავკაცი და მისი ასისტენტები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში "დინამოსა" და "ზესტაფონის" თამაშებს დაესწრნენ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და ქეცბაიამ გუშინ გადაწყვეტილება მიიღო - ეროვნულის თავკაცმა ნაკრებს ერთი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" კაპიტანი, ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე დაამატა. რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, გუშინ გაცხადდა, რომ ნაკრებს ლაშა სალუქვაძე არ გამოაკლდება. ყაზანის "რუბინის" მცველს ფედერაცის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და თემურ ქეცბაია პირადად ესაუბრნენ. საბედნიეროდ, სალუქვაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ლაშა კიშინიოვში თამაშს შეძლებს.

ორშაბათს, 9 აგვისტოს, ნაშუადღევის 12 საათზე საქართველოს ნაკრები თბილისიდან ჩარტერული ავიარეისით კიშინიოვში ჩაფრინდება და მზადებას იქ გააგრძელებს. 11 აგვისტოს მოლდოვასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე, ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული