ბრაზილია 2014 - საქართველოს ნაკრების იღბალი და იმედი

AutoSharing Option
მომავალი წლის შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებისთვის "საიუბილეო", მეათე შესარჩევი ციკლი დაიწყება. სამწუხაროდ, კენჭისყრისას აშკარად არ გაგვიმართლა და მართლაც "საშინელ" ჯგუფში მოვხვდით: ესპანეთთან, საფრანგეთთან, ბელარუსთან, ფინეთთან!.. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ მართლაც სასწაული არ მოხდა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც უჩვენოდ ჩაივლის.

თუმცა ფეხბურთში (მით უფრო, ამ ბოლო დროს) სასწაულები არცთუ იშვიათად ხდება და ხომ შეიძლება, ფორტუნამ ერთხელ ჩვენც გაგვიღიმოს? მაგრამ მხოლოდ იღბლის იმედად ყოფნაც არ შეიძლება: ქართველი ქომაგის სანუკვარი ოცნების ასახდენად "სხვაც" ბევრი რამ არის საჭირო თუ აუცილებელი; უპირველეს ყოვლისა,
მაღალი კლასის ფეხბურთელებით (საერთაშორისო დონეს რომ აკმაყოფილებენ) დაკომპლექტებული ბრძოლისუნარიანი ნაკრები - ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური შედეგისთვის რომ იბრძოლებს.

ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა ბევრმა ფაქტორმაც ხელი უნდა შეგვიწყოს, თუმცა ამ "წყეულ" ჯგუფში წინასწარვე აუტსაიდერობას თუ შევეგუებით, მაშინ ჯობს, საერთოდ აღარაფერზე გვქონდეს პრეტენზია.

ისე, იღბალი შემთხვევით არ გვიხსენებია: პირველი კალათიდან იქნებოდა, მეორიდან, მესამიდან თუ მეხუთედან, ნამდვილად შეიძლებოდა, ჩვენთვის სასურველზე სასურველი თუ არა, მეტ-ნაკლებად "მისაღები" მეტოქეები შეგვხვედროდნენ. თანაც, ნუ დაგვავიწყდება ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორიც: თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ბოლო ორი წელიწადია, ისე ასპარეზობს, რომ ქართველ ქომაგს იმედიც დაუბრუნა და... უფრო მეტზეც გაუჩინა პრეტენზია. ეს "უფრო მეტი" კი, რაღა თქმა უნდა, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლა უნდა ყოფილიყო; ჰოდა, მიმდინარე ციკლს (ანუ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს) მთლიანობაში წარმატებულად რომ ვატარებთ, ამიტომაც გვქონდა მომდევნოში უფრო უკეთ ასპარეზობის იმედიც. მაგრამ, როცა ხუთგუნდიან ჯგუფში მსოფლიოს ფეხბურთის ორი გრანდი და ორიც საშუალო დონის მეტოქე გეყოლება, ცოტა არ იყოს, ძნელია ჩვენს გუნდს უპირობო მოთხოვნა წავუყენოთ: გინდა თუ არა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური უნდა მოიპოვოთო...


საფეხბურთო მათემატიკა
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, ამ ბოლო დროს არნახული აღმავლობით მოასპარეზე ბელარუსის ნაკრები, მეხუთე კალათის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინეთის ნაკრები - აი, ასეთ მეტოქეებთან მოგვიწევს მომავალი წლის შემოდგომიდან პაექრობა.

თუმცა შესარჩევ ციკლში მოწინააღმდეგედ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონი ადრეც არაერთხელ გვყოლია: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წინა ცხრა შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ოთხჯერ იტალიასთან ერთად მოვხვდით! იტალიელთა გარდა, სხვა გრანდებთანაც გვითამაშია: გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან.
აი, ესპანეთთან კი პირველად გვიწევს დაპირისპირება, ისე, როგორც ფინეთთან და ბელარუსთან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღესდღეობით ევროპაში 14 ქვეყნის ნაკრებია დარჩენილი, რომლებთანაც 1990 წლიდან მოყოლებული, არც ერთი მატჩი არ ჩაგვიტარებია - არც ოფიციალური, არც ამხანაგური. ესპანეთი, ბელარუსი და ფინეთი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნებიან და ვინღა რჩება: ჰოლანდია, ჩეხეთი, სერბეთი, შვედეთი, ბელგია, ავსტრია, ბოსნია, მაკედონია, ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

ისე, ბოლო სამზე ჩვენში რატომღაც ყოველთვის გული წყდებათ ხოლმე: ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც მოხდეს და შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქედ ანდორის, სან-მარინოსა და ლიხტენშტაინის (გნებავთ, ამ სიას ლუქსემბურგიც დავუმატოთ) ნაკრებები იყვნენ? ანუ, ალბათ, იმას ფიქრობენ, რომ კონკრეტულ შესარჩევ ციკლში ამ "ჯუჯა" ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებთან 6 ქულა გარანტირებული გვექნებოდა, მაგრამ ჯგუფის სხვა მეტოქეებიც ანალოგიურად არ დაითვლიან თავიანთ "მონაგარს"? თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ, როცა საუკეთესო მეორეადგილოსნების გამოვლენა ხდება (9 მეორეადგილოსნიდან 8 პლეი ოფში აგრძელებს ასპარეზობას, ყველაზე უარესი მაჩვენებელის მქონე კი გათამაშებას ეთიშება), ბოლოადგილოსანთან მატჩები მხედველობაში არ მიიღება. ეს, რაღა თქმა უნდა, ექვსგუნდიან ჯგუფებს ეხება, რათა ყველა ნაკრები ერთნაირ პირობებში იყოს - მეორეადგილოსნებს ქულები დაეთვლებათ პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთეადგილოსნებთან. თუმცა ვატყობთ, მოვლენებს გავუსწარით, საუკეთესო მეორეადგილოსნების გამოვლენაზე რომ ვფანტაზიორობთ. თუმცა ვინ იცის, იქნებ, მართლა დაგვჭირდეს მსგავსი საფეხბურთო მათემატიკური გამოთვლები...


სანაკრებო გეოგრაფია
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში ჩვენ გარდა ევროპის 52 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ზემოთ ვთქვით, რომ დღემდე 14 ქვეყნის ნაკრებთან არც ერთი მატჩი არ ჩაგვიტარებია. ამ 14-ის გარდა ევროპაში სხვა ნაკრებებიცაა, შესარჩევ ციკლში რომ არ შევხვედრივართ, სამაგიეროდ, ამხანაგურ მატჩებში გვითამაშია: პორტუგალია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ესტონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი (სხვათა შორის, ჩვენს "კარის მეზობლებთან" ხუთ-ხუთჯერ გვითამაშია).

ისე, რადგან საქართველოს ნაკრების მეტოქები ვახსენეთ, ბარემ ის გუნდებიც ჩამოვთვალოთ, ვისთანაც ყველაზე ხშირად გვიწევდა დაპირისპირება. იტალიაზე უკვე ვთქვით - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები ოთხჯერ იყვნენ ჩვენი თანაჯგუფელები; ამავეს თქმა შეიძლება ალბანელებზეც - საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტჯერ სწორედ მათთან ითამაშა. თავად განსაჯეთ: ალბანელები ოთხჯერ იყვნენ ჩვენი მეტოქეები შესარჩევ ციკლში (ანუ რვა მატჩი ოფიციალურ დონეზე) და ამას გარდა სამჯერ ამხანაგური შეხვედრაც ჩავატარეთ!

შესარჩევ ტურნირებსა თუ ამხანაგურ მატჩებში ასევე ხშირად ვხვდებოდით მოლდოვას (ცხრაჯერ), უკრაინას (რვაჯერ), ლიტვას (შვიდჯერ), ისრაელს, მალტას, რუმინეთს, ლატვიას, საბერძნეთს (ექვს-ექვსჯერ), ბულგარეთს, კვიპროსს (ხუთ-ხუთჯერ), თურქეთს, ირლანდიას, ესტონეთს, სლოვენიას (ოთხ-ოთხჯერ) და ასე შემდეგ.

ისე, მხოლოდ ევროპელ მეტოქეებს ვახსენებთ და ნუ დაგვავიწყდება, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრებს სხვა კონტინენტების წარმომადგენლებთანაც უთამაშია ამხანაგური მატჩები: ტუნისთან, ნიგერიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, კამერუნთან, ლიბანთან, ირანთან, იორდანიასთან, ყატართან, ურუგვაისთან, პარაგვაისთან, ახალ ზელანდიასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედი მაქვს საქართველო გავა ამ ჯგუფიდან და მერე ამ სტატიას შეგაჩმევენ.... უშანსო მკვდარი ბებიაჩემია... ბრძოლამდე ფეხებს ნუ აიშვერთ...
state
21:05 02-08-2011
0
სტატე გენაცვალე შავ კვერცხებში. ოპრიმისტ ვიშევა კლასა!
gaga
23:09 02-08-2011
0

სიახლეები პოპულარული