უგოლო რეპეტიცია

AutoSharing Option
გუშინ კიშინიოვში საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების პროგრამით დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ეს იყო გენერალური რეპეტიცია, რამაც თამაშს მეტი მნიშვნელობა შესძინა. შეგახსენებთ, რომ ამ ამხანაგური მატჩით მოლდოვური ფეხბურთის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა. იუბილისას უმეტესად მეტოქე რჩება ხოლმე გამარჯვებული, უკიდურეს შემთხვევაში კი მატჩი ფრედ მთავრდება. გუშინაც საკმაო იყო შანსი, შეხვედრა "იუბილარებს" მოეგოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა უჩა ლობჟანიძის გაძევების გამო, ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა მოედანზე.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსაჯებს მოლდოველთა მიმართ სიმპატიები ემჩნეოდათ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ
ვიტყვით, რომ მსაჯებმა "დაგვწვეს". ისიც უნდა ითქვას, რომ არბიტრი გაფრთხილებებიც მიცემით გარკეულწილად ბოჭავდა კიდეც ჩვენს გუნდს, მაგრამ შესარჩევში მსგავსი გამორიცხული არ არის. კარგია რომ ესეც გამოვცადეთ, საამისოდაც მზად უნდა ვიყოთ. საბოლოო ჯამში, შევძელით კარის მშრალად შენახვა და მატჩი ფრედ დასრულდა. შეიძლებოდა გაგვეტანა კიდეც, მაგრამ ეს ჩვენმა ნაკრებმა გუშინ ვერ მოახერხა.

თემურ ქეცბაიამ გუშინ არაერთი ნოვაცია შემოგვთავაზა, რითაც "ორი კურდღელი დაიჭირა" - ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციაზე მოსინჯა და მოთამაშეთა საიმედოობაში დარწმუნდა და თან ბერძნების თავკაც ფერნანდო სანტუშის მსტოვარს ბევრი არაფერი აჩვენა. სანამ ნოვაციებზე გეტყოდეთ, მანამდე აღვნიშნავთ, რომ გუშინ ჩვენმა გუნდმა უკეთ ითამაშა ვიდრე, 3 მარტს ესტონეთთნ თბილისში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში. თუმცა მარტის შემდეგ, პროგრესი 25 მაისს კამერუნთან მატჩიც გამოჩნდა და შესაბამისად ბევრი უკეთეს თამაშს ელოდა კიშინიოვში. თუმცა აქ ერთიც უნდა აღინიშნოს. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობას, კლუბში ახალი სეზონი ჯერ არ დაუწყია და ალბათ ამიტომაც ვერ წარმოჩნდა ნაკრები უფრო უკეთ.

ახლა კი ნოვაციებზე ვთქვათ და სჯობს თანმიმდევრობით, პოზიციების მიხედვით მივყვეთ. კარში "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია ვიხილეთ. მეკარე, რომელიც ეროვნულში ექტორ კუპერის მწვრთნელობისას თამაშობდა. ქეცბაიას აინტერესებდა, შეეძლო თუ არა შესარჩევში ლორიაზე დაყრდნობა. ლორიას სიმაღლე არ აკლია, რეაქციაც არ აქვს ცუდი, სანაკრებო დონე მაინც სხვაა, ეროვნულში თამაში მას თავდაჯერებულობასა და საიმედოობას შემატებს.

მცველ ზურაბ ხიზანიშვილის საყრდენ ნახევარმცველად თამაში სიახლე არ ყოფილა. ქეცბაიამ ხიზანიშვილი ამ პოზიციაზე წინა მატჩებშიც გაამწესა. თვალში საცემი იყო მარცხენა მცველად კახა კალაძის თამაში. ნაკრების კაპიტანს კლუბში უთამაშებლობა თავის დაღს ასვამს, მაგრამ გუშინ კალაძემ დაცვაში საკმაო სამუშაო გასწია. მარცხინ კალაძის გადაწევით, დაცვის ცენტრში მალხაზ ასათიანისა და ალექსანდრე ამისულაშვილის ტანდემი ვიხილეთ. მარჯვივ კი უჩა ლობჟანიძე. საყრდენ ნახევარმცველებად ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი, მარჯვენა ფრთაზე გოგიტა გოგუა, მარცხნივ ალექსანდრე იაშვილი. თუმცა ისინი პერიოდუად ცვლიდნენ ხოლმე ფლანგებს. წინ კი ლადო დვალიშვილი და დავით სირაძე იყვნენ.

გუშინ ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. სანახაობრივად მეორე ტაიმი სჯობდა პირველს. კიშინიოვში ცხელოდა და თამაში ნელ ტემპში დაიწყო. პირველად, მეტოქის კარისკენ, მე-10 წუთზე, სირაძემ გაისროლა, მაგრამ ძალზე არაზუსტად. 6 წუთში ლობჟანიძე დაემუქრა მასპინძელთა მეკარეს. მე-19 წუთზე კობიაშვილმა კარგად მოძებნა იაშვილი და უპასა, მაგრამ მასპინძლებმა ხელოვნურად "თამაშგარეს" შექმნა მოასწრეს. არც მეტოქე იყო უქმად. მათ ნელ-ნელა თამაში ცენტრში გადაიტანეს, მერე კი მცირედი ტერიტორიული უპირატესობაც დააფიქსირეს. 34-ე წუთზე ჟოსანის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმისას ლორიამ იმარჯვა. ამას ჩვენებმა მალე უპასუხეს.

36-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა. ფლანგიდან ლობჟანიძის ჩაწოდებისას დვალიშვილი კარგად ვერ მისწვდა ბურთს და მცირედით გადააცილა. მერე კობიაშვილის დარტყმული ასცდა მიზანს. 39-ე წუთზე მოლდოველებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ბოლო მომენტში ბორდიანს ამისულაშვილმა დაასწრო და ვითარება განმუხტა. ტაიმის ბოლოს მეტოქეებმა თითი დარტყმა გაცვალეს. ჯერ იაშვილის გასროლისას იმარჯვა მოლდოვას მეკარე ნამაშკომ, მერე კი ბორდიანის ჯარიმა მცირედით ასცდა ჩვენს კარს.

შესვენებაზე ქეცბაიამ შეცვლებს მიმართა - ამისულაშვილის ნაცვლად დავით კვირკველია ჩართო თამაშში, რომელიცმარცხენა მცველად გაამწესა. კალაძემ კი მეორე ტაიმი ცენტრალურ მცველად ითამაშა. იაშვილის ნაცვლად "ზესტაფონის" ფორვარდი ნიკა გელაშვილი ვიხილეთ, რომელიც მარჯვენა ნახევარმცველად იყო გამწესებული. ამ პოზიციაზე მოთამაშე გოგუას კი საყრდენობა დაევალა.

ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმი უკეთესად დაიწყო. შეტევებსაც უფრო ორგანიზებული და მწვავე ხასიათი მიეცა. 48-ე წუთზე დვალიშვილის წაქცევისთვის უდავოდ იყო დასანიშნი ჯარიმა, თანაც ხელსაყრელი პოზიციიდან(ასეთი კიდევ ორი ეპიზოდი იყო თუმცა...), მაგრამ არბიტრ ვიქტორ შვეცოვს რეაქცია არ ჰქონია. ორ წუთში დვალიშვილი მაინც დაემუქრა მეტოქეს, მაგრამ მცირედით ააცილა. 53-ე წუთზე სირაძის პასით კობიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.

მეორე ნახევრის დასაწყისში ჩვენებმა მოწინააღმდეგე დაჯაბნეს, მაგრამ მასპინძლებიც მალე გამოცოცხდნენ... 57-ე წუთზე ანდრონიკის დარტყმულს ლორია გადაეფარა. ქეცბაიამ შეცვლებით კიდევ გააძლიერა გუნდი. სირაძის ნაცვლად მოედანზე გასულმა გიორგი მერებაშვილმა მარცხენა ფრთაზე ჩვეული პოზიცია დაიკავა, მოგვიანებით კი გოგუა თორნიკე აფციაურმა შეცვალა, ასათიანი კი ლაშა სალუქვაძემ, დვალიშვილის კი ალექსანდრე კოშკაძემ.

სამივემ ჩვეული ადგილები დაიკავეს.71-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეგვეძლო გაგვეტანა - დვალიშვილის დარტყმული მოლდოველთა მეკარემ ვერ შეიმაგრა, მაგრამ დამატებაზე კობიაშვილს მცველებმა დაასწრეს და ხიფათი განმუხტეს. მერე მეტოქეებმა თითო არაზუსტი დარტყმა გაცვალეს. ჩვენებმა ისევ ხელთ იგდეს ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ უკრანელმა არბიტრმა ლობჟანიძე დოროშთან ორთაბრძოლისას მეორედ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა. კაცნაკლულები დავრჩით და "იუბილარ მოლდოველებსაც" მადა მოეძალათ.

თუმცა ქეცბაიას ყრუ დაცვაზე სულაც არ გადაუწყვია თამაში, მაგრამ ალექანდრე კოშკაძის შეყვანით ნახევარდაცვა გააძლიერა. უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. ჟოსანის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმისას, ხარიხამ იხსნა ჩვენი კარი. ამას მერებაშვილმა უპასუხა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. 82-ე წუთზე კი ჟოსანის კარგი შანსი ჰქონა, მაგრამ... ორი რიკოშეტის წყალობით მოლდოველებმა კუთხური მოიპოვეს. 3 წუთში კი ბოროშის ჯარიმა მცირედით გადაცდა ჩვენს კარს. 88-ე წუთზე კი ჟოსანმა ახლოდან სახიფათოდ დაარტყა და ლორიამ ნაღდი გოლისგან გვიხსნა. ბოლოს "ზესტაფონური" დუეტი ამოქმედდა აფციაურმა კარგად უპასა გელაშვილს, მაგრამ ამ უკანასკნელს მეტოქის მცველებმა არ დაარტყმევინეს და მატჩიც ამით დასრულდა.

საბოლოო ჯამში რა შეიძლება ითქვას. გენერალური რეპეტიცია უგოლოდ ჩავატარეთ. კარგია, რომ კაცნაკლულმა გუნდმა კარი ბოლომდე მშრალად შენახა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ნაკრების თამაში, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი რომ არის ნაკრებში, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. შესარჩევ ციკლში უკეთ თამაში გვმართებს. სექტემბერში სეზონი ყველგან დაწყებული იქნება და იმედია ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში უკეთ წარმოჩნდებიან.

11.08.10. კიშინიოვი. ზიმბრუ. 6 000 მაყურებელი
მოლდოვა-საქართველო 0:0
მოლდოვა: ნამაშკო, ბორდიანი, ბულგარუ, რაკუ, ბორეცი, ტიგირლასი, ჩამოტარუ, ზმეი (67. კოჟოკარი), ჟოსანი (73. დოროში), ანდრონიკი (სუვოროვი), ბუგაიოვი (46. ფრუნზა).
სათადარიგოები: კალანჩა, სავინოვი, ბოლოხანი.
საქართველო: ლორია - ლობჟანიძე, ასათიანი (69. სალუქვაძე), ამისულაშვილი (46. კვირკველია), კალაძე - გოგუა (64. აფციაური), ხიზანიშვილი, კობიაშვილი, იაშვილი (46. გელაშვილი) - სირაძე (56. მერებაშვილი), დვალიშვილი (77. კოშკაძე).
სათადარიგო: რევიშვილი.
გაფრთხილება: რაკუ (57), ლობჟანიძე (59), ლობჟანიძე (75), ხიზანიშვილი (83)
გაძევება: ლობჟანიძე (75)
არბიტრი: ვ. შვეცოვი (უკრაინა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული