ჩვენ და პოლონელები

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს ლუბინში, "დიალოგ არენაზე" საინტერესო ამხანაგური მატჩი ჩატარდება: პოლონეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს გაეჯიბრება.

მოგეხსენებათ, რომ უკრაინის მსგავსად, პოლონეთიც ევრო-2012-ის თანამასპინძელი ქვეყანაა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისაგან განთავისუფლებულია. სამაგიეროდ, თვე არ გავა, ამხანაგური მატჩები რომ არ ჩაატაროს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ პოლონელებმა წლეულს უკვე 6 საერთაშორისო შეხვედრა გამართეს: მოლდოვასა და ნორვეგიას ერთნაირი ანგარიშით მოუგეს (1:0), ლიტვასთან და საბერძნეთთან ფრედ (0:0) ითამაშეს, ხოლო საფრანგეთთან მინიმალური სხვაობით (0:1) წააგეს.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ არგენტინის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებაც, თუმცა არ
დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ამერიკელები პოლონეთში, ფაქტობრივად, მეორე-მესამე შემადგენლობით ჩავიდნენ (ერთადერთი, პაბლო საბალეტა იყო ძირითადიდან). მოკლედ, პოლონელები სპარინგ-პარტნიორების ნაკლებობას არ უჩივიან, მაშინ როცა საქართველოს ნაკრებმა წლეულს მხოლოდ ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - 9 თებერვალს კვიპროსზე სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო.

ამხანაგური შეხვედრების "დანიშნულებაზე" ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებს ჯერ ამხანაგური მატჩი არ წაუგია! სომხეთის გარდა, ესტონელებსა და სლოვენიელებს ერთნაირი ანგარიშით ვაჯობეთ (2:1), ხოლო კამერუნთან (ნეიტრალურ მოედანზე) და მოლდოვასთან (სტუმრად) ასევე ერთნაირი საყაიმო ანგარიშით (0:0) დავამთავრეთ შეხვედრები.

იმედი დავიტოვოთ, რომ ამხანაგურ მატჩებში ჩვენი წაუგებელი სერია კვლავაც გაგრძელდება; თუმცა, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ მეტოქისაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით მოუწევს გამოსვლა. ჰო, ეს "სხვა" ნაკრებებისათვის არის ჩვეულებრივი მოვლენა 4 თუ 5 წამყვანი ფეხბურთელის უპრობლემოდ ჩანაცვლება; აი, საქართველოს ნაკრებს კი დღეს ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე დააკლდება...

ტიტულიანი მეტოქე
პოლონეთის ნაკრებმა ორჯერ მიაღწია ისეთ წარმატებას, ძალიან ბევრ ნაკრებს დღემდე სანატრელი რომ აქვს: 1974 და 1982 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა! ამას გარდა, არც ის უნდა მივიჩნიოთ მცირე მიღწევად, როცა პოლონეთის ნაკრებმა 1972 წელს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო 1976 და 1992 წლებში კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

საერთოდაც, პოლონური ფეხბურთის ისტორიაში "ოქროს ხანად" გასული საუკუნის 70-იანი წლები მიიჩნევა: ამ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის კაზიმეჟ გურსკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ნაკრები ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლებოდა. ვლოძიმეჟ ლუბანსკი, გჟეგოჟ ლატო, კაზიმეჟ დეინა, ანჯეი შარმახი, რობერტ გადოხა, იან ტომაშევსკი, იეჟი გორგონი, ჰენრიკ კასპერჩაკი, - ყველა ეს ფეხბურთელი საერთაშორისო დონის ვარსკვლავად მიიჩნეოდა; ამის შემდეგ პოლონელებს მართლაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელი მხოლოდ ერთადერთი ჰყავდათ: ზბიგნევ ბონეკი, ვინც კარიერის საუკეთესო წლები ტურინის "იუვენტუსში" მიშელ პლატინისთან მხარდამხარ გაატარა.

90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლონურ ფეხბურთში სხვაც არაერთი ცნობილი მოთამაშე გამოჩენილა: ანჯეი იუსკოვიაკი, ტომაშ ვალდოხი, მაცეი ჟურავსკი, ებე სმოლიარეკი, იაცეკ კრჟინოვეკი, ტომაშ ჰაიტო, მიხალ და მარჩინ ჟევლაკოვები, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რობერტ და მარიუშ ლევანდოვსკები; ცალკე უნდა აღვნიშნოთ პოლონური სამეკარეო "სკოლაც" და იან ტომაშევსკის შემდეგ ამ ქვეყნის არაერთი მეკარე წარმატებით იცავდა წამყვანი ევროპული კლუბების ღირსებას: არტურ ბორუცი, იერჟი დუდეკი, ვოიცეხ კოვალევსკი, ვოიცეხ შჩესნი, ლუკაშ ფაბიანსკი.

პოლონეთის დღევანდელ ნაკრებშიც ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ცნობილ უცხოურ კლუბებში რომ ასპარეზობენ; უკვე ნახსენები შესნის, ბლაშჩიკოვსკისა და ლევანდოვსკის გარდა უნდა აღვნიშნოთ ლუკაშ პიჟჩეკი ("დორტმუნდი"), არკადიუშ გლოვაცკი, პაველ ბროჟეკი (ორივე-"ტრაბზონსპორი"), დარიუშ დუდკა ("ოსერი"), ლუდოვიკ ობრანიაკი ("ლილი"), ეუგენ პოლანსკი ("მაინცი"), ადამ მატუშჩიკი ("კიოლნი") და სხვა. დაბოლოს, პოლონეთის ნაკრების დღევანდელ მწვრთნელზეც: 63 წლის ფრანციშეკ ჟმუდამ ეს პოსტი 2009 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა, როცა სტეფან მაევსკი შეცვალა (მანამდე პოლონეთის ნაკრებს სახელგანთქმული ჰოლანდიელი სპეციალისტი ლეო ბეენჰაკერი ავარჯიშებდა). ჟმუდა სხვადასხვა დროს თითქმის ყველა წამყვან პოლონურ კლუბს ("ვისლა", "ლეგია", "ვიძევი", "ზაგლებე", "ლეხი") წვრთნიდა და მეტ-ნაკლები წარმატებები ჰქონდა როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც.

სანაკრებოს - არა უშავს, საკლუბოზე...
საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები დღემდე მხოლოდ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს - 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. პირველი შეხვედრა, კატოვიცეში რომ ჩატარდა, ცოტა არ იყოს, სკანდალური გამოდგა; თანაც, საქმე მხოლოდ დიდი ანგარიშით წაგებაში არ არის - იმ შეხვედრის შემდეგ იმდროინდელ ქართულ მედიაში ათასი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად, ისეთი ვერსიები ვრცელდებოდა, თითქოსდა თვითმფრინავში ჩვენი დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ზომაზე მეტი ალკოჰოლი მიიღო და როგორც მაშინ ამბობდნენ, ზოგი... სტიუარდესებსაც ეტანებოდა, ზოგი კი თბილისში ძლივს გააღვიძესო!..

სამაგიეროდ, ბევრად უფრო ტკბილად გასახსენებელია ამ გუნდების განმეორებითი მატჩი, 1997 წლის 11 ოქტომბერს თბილისში რომ ჩატარდა.

სხვათა შორის ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა: ხვალინდელი შეხვედრა როგორც არ უნდა დასრულდეს, თანამდებობიდან მივდივარო. სამწუხაროდ, ყიფიანის ეს განცხადება იქ, "ზემოთ" უკვე აღარ აინტერესებდათ - ნაკრების მომავალი მწვრთნელის ვინაობა, თურმე, უკვე ცნობილი ყოფილა!

ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მეორე ტაიმში, ოცწუთიან მონაკვეთში, არჩილ არველაძემ, კახა ცხადაძემ და თემურ ქეცბაიამ პოლონელთა კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს! სხვათა შორის, იმ შეხვედრას სლოვაკი არბიტრი ლუბოშ მიხელი სჯიდა, მოგვიანებით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი რომ გახდა.

აი, რაც შეეხება საკლუბო დონეზე ქართულ და პოლონურ დაპირისპირებებს, აქ გასახსენებელი არც არაფერია: აქამდე ჩატარებული ათი შეხვედრიდან მხოლოდ ორი მატჩი მოვიგეთ და რვა წავაგეთ! აღარაფერს ვამბობთ ბურთების მართლაც კატასტროფულ სხვაობაზე (9-29); თუმცა, რატომ გვიკვირს: კრავოკის "ვისლამ" "ვიტ ჯორჯიას" თბილისში 8:2 მოუგო, ვარშავის "ლეგიამ" საკუთარ მოედანზე "თბილისთან" 6:0 გაიმარჯვა და ასე შემდეგ...

სანაკრებო დონეზე
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
14. 06. 1997. კატოვიცე. "კატოვიცე". 1000 მაყურებელი
პოლონეთი-საქართველო 4:1
0:1 შ. არველაძე (25), 1:1 ლედვონი (38), 2:1 ტჟეჩაკი (35), 3:1 ბუკალსკი (70), 4:1 კ. ნოვაკი (90)
საქართველო: ზოიძე-ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, კალაძე, კობიაშვილი (72. ყაველაშვილი)-გოგიჩაიშვილი (46. ა. არველაძე), ნემსაძე, ჯამარაული (46. კიკნაძე), ქეცბაია-ქინქლაძე-შ. არველაძე
გაფრთხილება: ლედვონი; კობიაშვილი, ლობჟანიძე, ნემსაძე
არბიტრი: გ. ბენკო (ავსტრია)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
11. 10. 1997. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 12000 მაყურებელი
საქართველო-პოლონეთი 3:0
1:0 ა. არველაძე (55), 2:0 ცხადაძე (70), 3:0 ქეცბაია (75)
საქართველო: ტოგონიძე-ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე-ა. არველაძე (82. გოგიჩაიშვილი), ნემსაძე, ქეცბაია (88. კიკნაძე), გახოკიძე (63. ჯამარაული)-ყაველაშვილი, შ. არველაძე.
გაფრთხილება: ლობჟანიძე, ყაველაშვილი, ნემსაძე, გახოკიძე; ივანი, ბჟეჩეკი, მაიაკი, ლაპინსკი
გაძევება: ყაველაშვილი; მაიაკი
არბიტრი: ლ. მიხელი (სლოვაკეთი)

საკლუბო დონეზე
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი
27.07. 2004. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 6000 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ვისლა (კრაკოვი) 2:8
0:1. 0:2 ფრანკოვსკი (4, 6), 1:2 კობიაშვილი (12), 1:3 გორავსკი (24), 1:4, 1:5 ფრანკოვსკი (26, 50), 2:5 ადამია (51), 2:6, 2:7 ჟურავსკი (57, 68), 2:8 კუჟბა (76).
ვიტ ჯორჯია: მამარდაშვილი, იმედაშვილი, თ. კობიაშვილი, ინწკირველი, პ. დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, ლ. ნოზაძე, გოჩაშვილი (65. ვ. კვარაცხელია), გველესიანი, ადამია (74. ე მერებაშვილი), ებანოიძე (32. სახოკია).
გაფრთხილება: იმედაშვილი; კანტორო
არბიტრი: ა. სტაბერგი (ნორვეგია)

04. 08. 2004. კრაკოვი. "ჯორდანს პარკი". 8000 მაყურებელი
ვისლა-ვიტ ჯორჯია 3:0
1:0 კუჟბა (23), 2:0 ომეონუ (36), 3:0 გორავსკი (63)
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ. დათუნაიშვილი. თ. კობიაშვილი, ინწკირველი, კვახაძე, იმედაშვილი (67. კუპრეიშვილი), დიღმელაშვილი, ლ. ნოზაძე (74. ებანოიძე), გველესიანი (77. მალიჩავა), გოჩაშვილი, სახოკია.
გაფრთხილება: გორავსკი, კვიეკი; იმედაშვილი, დიღმელაშვილი
არბიტრი: ნ. პანიჩი

უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
12. 08. 2004. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 15000 მაყურებელი
თბილისი-ლეგია (ვარშავა) 0:1
0:1 სოკოლოვსკი (78)
თბილისი: დევაძე, ქემოკლიძე, გ. კვარაცხელია, ორბელაძე, ოდიკაძე, სამხარაძე (36. ლოლაძე), აფციაური, ხოჯავა, გოგუა (61. ელიავა), გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, მიკუჩაძე (65. მიქაძე).
გაფრთხილება: აფციაური, მიქაძე; სურმა
არბიტრი: ი. კესლესი (გერმანია)

26. 08. 2004. ვარშავა. "ვოისკა პოლსკა".
ლეგია-თბილისი 6:0
1:0 ვოლდარჩუკი (6), 2:0 მაგიერა (24), 3:0, 4:0 ვლოდარჩუკი (45, 52), 5:0 საგანოვსკი (81), 6:0 სოკოლოვსკი (84)
თბილისი: დევაძე, ქემოკლიძე, გ. კვარაცხელია, გოგუა (74. მესხი), ოდიკაძე, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, აფციაური, ხოჯავა, გეწაძე (64. ელიავა), ფიფია, მიკუჩაძე (46. მიქაძე).
გაფრთხილება: სოკოლოვსკი; ხოჯავა, გეწაძე, აფციაური, გოგუა, მესხი
გაძევება: აფციაური
არბიტრი: ი. სერეა (რუმინეთი)

უეფას თასი. III საკვალიფიკაციო ეტაპი
16. 09. 2004. კრაკოვი. "ჯორდანს პარკი" 6000 მაყურებელი
ვისლა (კრაკოვი)-დინამო (თბილისი) 4:3
0:1 კანკავა (18), 0:2 ალადაშვილი (26), 1:2 გორავსკი (60), 2:2 ჟურავსკი (62), 3:2, 4:2 ფრანკოვსკი (64, 76), 4:3 კლოსი (84, საკუთარ კარში)
დინამო: ზოიძე (46. მამალაძე), შაშიაშვილი, სალუქვაძე, ჭიჭვეიშვილი, კანდელაკი, ალადაშვილი (69. კაკალაძე), ნემსაძე, კანკავა, კვირკველია, გონჩაროვი, ლ. მელქაძე (58. გრიგალაშვილი)
გაფრთხილება: მაიდანი; ჭიჭვეიშვილი, გონჩაროვი, მამალაძე
არბიტრი: დ. ჩეფერინი (სლოვენია)

30. 09. 2004. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 20000 მაყურებელი
დინამო-ვისლა 2:1
1:0 ნემსაძე (60), 2:0 კაკალაძე (66), 2:1 ფრანკოვსკი (76)
დინამო: მამალაძე, შაშიაშვილი, სალუქვაძე, ჭიჭვეიშვილი, კანდელაკი, ალადაშვილი (53. ახალაია), ნემსაძე, კანკავა, კვირკველია, კაკალაძე (81. გრიგალაშვილი), ლ. მელქაძე (67, რომერო).
გაფრთხილება: შაშიაშვილი, კანკავა; კლოსი, კუჟბა
გაძევება: ბაშჩინსკი
არბიტრი: კ. კლარკსი (შოტლანდია)

უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
19. 07. 2007. ბელხატოვი. გკს. 4500 მსაყურებელი
გკს (ბელხატოვი)-ამერი (თბილისი) 2:0
1:0, 2:0 პეტრასიაკი (51, 82)
ამერი: ქვაჩახია, დიდავა, ხვადაგიანი, დავითნიძე (90. კობაური) ჩიკვილაძე, გ. დოლიძე (75. შალამბერიძე), დობროვოლსკი, დ. ბოლქვაძე, გ. ჯელაძე, დავითაშვილი (61. ტატანაშვილი), რ. გოცირიძე.
გაფრთხილება: იარჟებოვსკი; ჩიკვილაძე, დავითნიძე, ხვადაგიანი
არბიტრი: ტ. შაპრო (საფრანგეთი)

02. 08. 2007. თბილისი. მიხეილ მესხი. 1000 მაყურებელი
ამერი-გკს 2:0 (პენალტებში-2:4)
1:0 ტატანაშვილი (12), 2:0 დავითაშვილი (46)
ამერი: ქვაჩახია, დიდავა, ხვადაგიანი, დავითნიძე, ელბაქიძე, გ. ჯელაძე (70. გ. დოლიძე), დ. ბოლქვაძე (101. კობაური), დობროვოლსკი, დეკანოსიძე, ტატანაშვილი, დავითაშვილი (76. რ. გოცირიძე)
გაფრთხილება: ჯელაძე; უიეკი, პოპეკი, გროძიცკი, რახვალი
არბიტრი: ი. კისტერი (ყაზახეთი)

ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
16. 07. 2009. ვარშავა. "ვოისკა პოლსკა". 3000 მაყურებელი
ლეგია (ვარშავა)-ოლიმპი (რუსთავი) 3:0
1:0 პალუხოვსკი (19), 2:0 კიელბოვიჩი (70), 3:0 შალახოვსკი (#83)
ოლიმპი: მ. ალავიძე, თ. ღონღაძე, მაჭავარიანი, ფრაგა, გილაური, სეთურიძე, დობროვოლსკი, ზ. ჭელიძე, აკინო, გ. ჩხეტიანი (61. გ. ნუგზარის ძე ჭელიძე), ჯონატასი (84. სირბილაძე)
გაფრთხილება: რადოვიჩი, რიბუსი, მუხა; ჯონატასი, დობროვოლსკი, გილაური.
არბიტრი: ა. კაკოსი (საბერძნეთი)

23. 07. 2009. რუსთავი. "ფოლადი". 3000 მაყურებელი
ოლიმპი-ლეგია 0:1
0:1 შალახოვსკი (8)
ოლიმპი: მ. ალავიძე, თ. ღონღაძე (46. ჟერონიმო), მაჭავარიანი, ფრაგა, გილაური, სეთურიძე, დობროვოლსკი, ჩოკო (60. ზ. ჭელიძე), ბაბუნაშვილი, აკინო, ჯონატასი
გაფრთხილება: გილაური, ჟერონიმო; გიზა
არიტრი: მ. ბრუგერი (ავსტრია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული