პოლონეთი-საქართველოს მატჩის გამოძახილი

AutoSharing Option
თარსი 13
მოდი და, ამის მერე ნუ იტყვი, 13 თარსი რიცხვი არ არისო! მართალია, ყველაფრის ცრურწმენაზე დაბრალებაც არ შეიძლება, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეცამეტე მატჩს ატარებდა და დამარცხდა; თანაც, დამარცხდა არწასაგებ შეხვედრაში: ვერავინ იტყვის, მასპინძლებს 90 წუთის განმავლობაში აშკარა უპირატესობა ჰქონდათო.

საქართველოს ნაკრების თავკაცის მიერ არჩეულ ტაქტიკასაც (თანაც, უამრავი საკადრო პრობლემის გათვალისწინებით) ვერავინ უწოდებს ზედმეტად ფრთხილსა თუ მხოლოდ და მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებულს, - უფრო პირიქით იყო და რომ არა ქართული ფეხბურთის ძველი და დღემდე
"მოურჩენელი სენი" (საგოლე მომენტების რეალიზებას ვგულისხმობთ), ლუბინის "დიალოგ არენიდან", სულ მცირე, ქულა მაინც უნდა წამოგვეღო. რა თქმა უნდა, წაგება არასდროს არის სასიამოვნო, მაგრამ ისიც გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ პოლონელებთან ჩატარებულმა ამ შეხვედრამ დადებითი ემოციები უფრო მეტი დაგვიტოვა, ვიდრე - უარყოფითი!

არაოპტიმალური და "გადასხვაფერებული" შემადგენლობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ტაქტიკურ სიახლეებსა თუ ცალკეულ ფეხბურთელთა გარჯაზე ქვემოთ ვისაუბრებთ; მანამდე კი ისევ ციფრები "მოვიშველიოთ". როგორც უკვე აღვნიშნეთ, თემურ ქეცბაიასათვის ეს მატჩი მეცამეტე იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე; პოლონელებთან შეხვედრამდე ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა უპირველესმა გუნდმა 7 ოფიციალური და 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ასეთი შედეგი ჰქონდა: ოფიციალურებიდან ორში გავიმარჯვეთ, სამი ფრედ დავასრულეთ და ორიც წავაგეთ (ბურთების სხვაობა - 5:5), ხოლო ამხანაგურებში 3 მოგებით და 2 ფრეთი ვიწონებდით თავს (ბურთების სხვაობა - 6:3).

ანუ, რაც ქეცბაია დაინიშნა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, 10 აგვისტომდე ამხანაგური მატჩი არ გვქონდა წაგებული. თუმცა, არცთუ შორეული წარსულიც ნუ დაგვავიწყდება, როცა წელიწადნახევრის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ვახერხებდით და, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან ვინ ჩივის, ჩრდილო ირლანდიასთან, მოლდოვასთან, მალტასთან თუ ისლანდიასთან ვაგებდით ხოლმე.

ამას კი იმიტომ ვიხსენებთ, ვინმე "ახალი და უსიამოვნო სერიის" დასაწყისზე რომ არ ალაპარაკდეს: რა თქმა უნდა, არცთუ სასიამოვნოა ზედიზედ სამი მატჩის (ისრაელთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან) წაგება, მაგრამ გადამწყვეტი მატჩები ხომ წინ არის. თანაც, იმავე პოლონეთთან ჩვენი ნაკრების თამაშში არაერთი პოზიტივიც გამოჩნდა.

მეკარე(ებ)ი გვყავს, დაცვას არა უშავს...
მატჩამდეც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს პოლონელებთან შეხვედრის წინ სერიოზული საკადრო პრობლემა შეექმნა: სხვადასხვა მიზეზით ამ ამხანაგურ შეხვედრას ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ჯანო ანანიძე ტოვებდნენ. რაც შეეხებათ ლაშა სალუქვაძესა და დავით სირაძეს, ჩვენი ნაკრების ეს "სტაჟიანი" წევრები ქეცბაიას ამჯერად არ გამოუძახია.

კარში რომ გიორგი ლორია იქნებოდა, ეს ყველასათვის ცხადი იყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავად მოასპარეზე მეკარეს იმ გაშვებულ გოლში ვერავინ დაადანაშაულებს. ისე კი, მართლაც სასიამოვნოზე სასიამოვნო მოულოდნელობასთან გვაქვს საქმე: საქართველოს ნაკრებს ორი მართლაც ჩინებული მეკარე ჰყავს და ისე როგორც ხორვატიასთან საშინაო შეხვედრის წინ, თემურ ქეცბაიას მოახლობული ოფიციალური მატჩების წინაც სერიოზული საფიქრალი ექნება: ლატვიასთან და მალტასთან შეხვედრებში კარში ადგილი რევიშვილს ანდოს თუ ლორიას.

დაცვის ხაზში ბოლო მატჩთან შედარებით გარკვეული ცვლილებები ვიხილეთ: გარკვეული პაუზის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე უჩა ლობჟანიძე დაბრუნდა, თუმცა ეს ადგილი ჩვენს ნაკრებში მაინც მეტ-ნაკლებად პრობლემატურად მიგვაჩნია; რასაც ვერ ვიტყვით საპირისპირო ფლანგზე: კახა კალაძემ ისე ითამაშა, როგორც კაპიტანსა და საერთოდ, მისი დონის ფეხბურთელს ეკადრება!

არ დაგვავიწყდეს, რომ იტალიაში სეზონი ჯერ არ დაწყებულა და, აქედან გამომდინარე, მართლაც სასიამოვნო იყო ჩვენი კაპიტნის შესაშური ფიზიკური კონდიციების ხილვა. იმავეს ვიტყოდით ალექსანდრე ამისულაშვილზეც - რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი დაჰყო, თუმცა ეს დროც საკმარისი იყო საკუთარი კლასის დასამტკიცებლად.

სამწუხაროდ, არცთუ წარმატებული მატჩი ჰქონდა დაცვის ცენტრში ამისულაშვილის მეწყვილეს, აკაკი ხუბუტიას - თანაც, მხოლოდ იმ პოზიციურ შეცდომას არ ვგულისხმობთ, ჩვენს კარში გოლი რასაც მოჰყვა; თუმცა, ამ პოზიციაზეც და, საერთოდ, დაცვის რგოლში მეტ-ნაკლები რესურსი გაგვაჩნია: მეორე ტაიმში შემოსულმა გია გრიგალავამ დაცვის მარცხენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, ხუბუტიას კი დაცვის ცენტრში კალაძე შეუწყვილდა. ეგაც რომ არ იყოს, გრიგალავას რუსეთის პრემიერლიგაში დაცვის ცენტრშიც უთამაშია და თუ არ ვცდებით, არც მარჯვენაფლანგელობაა მისთვის უცხო.

შეტევაც გავიხსენეთ
საქართველოს ნაკრებში მოსვლის დღიდან თემურ ქეცბაია თითქმის ყველა მატჩს ერთი და იგივე ტაქტიკური განლაგებით იწყებს: ოთხი მცველის წინ ორი საყრდენი ნახევარმცველი მოქმედებს, შემდეგ სამი შემტევი და ერთიც გამოკვეთილი ცენტრფორვარდი. არც ადრე და არც ახლა მოედნის ცენტრში პრობლემები არ გვქონია, მით უფრო, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ნაკრებს ჯაბა კანკავა რაც დაუბრუნდა; ფაქტია, რომ უკრაინული "არსენალში" მოასპარეზე კანკავა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი კი არა, ფაქტობრივად, შეუცვლელი ფეხბურთელიცაა და თემურ ქეცბაიაც ამ უაღრესად სასარგებლო მოთამაშეს უდიდეს ნდობას უცხადებს.

მეორე საყრდენ ნახევარმცველზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ: საქართველოში კი არა, საერთოდ, მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია ისეთი მოთამაშეები, 15 წლის (!) განმავლობაში სტაბილურად და ჩვეულ დონეზე რომ ასპარეზობენ; ხვდებით, ალბათ, რომ ლევან კობიაშვილზე ვსაუბრობთ, საქართველოს ნაკრებში სარეკორდო, მეასე მატჩამდე რომ აღარაფერი უკლია.

პოლონეთამდე ჩატარებულ წინა თორმეტ შეხვედრაში თემურ ქეცბაია ვარირებას ყველაზე ხშირად შემტევთა "ტრიოში" ახდენდა; აი, მაგალითად, ხორვატიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩში ცენტრფორვარდად გამწესებული დავით სირაძის უკან თუ იაშვილი-კანკავა-კვირკველიას სამეული მოქმედებდა, პოლონელების წინააღმდეგ ჩვენი ნაკრების ძირითადში სხვები გამოჩნდნენ. თანაც, შეტევის წინა ხაზზე ლადო დვალიშვილის გამოჩენა მეტ-ნაკლებად მაინც პროგნოზირებადი თუ იყო, ამას ვერ ვიტყვით დანარჩენ სამ შემტევზე. მარცხენა გარემარბად ოთარ მარცვალაძე იყო გამწესებული, ცენტრში - შოთა გრიგალაშვილი, ხოლო მარჯვნივ - დავით თარგამაძე, - სწორედ ამათი აქტიურობით შეიქმნა კიდეც სახიფათო მომენტები სტუმართა კართან და საერთოდაც, ამ მობილურმა "ტრიომ" მეტოქის დაცვას უამრავი თავსატეხი გაუჩინა.

მარცვალაძე ნაკრებისათვის უაღრესად საჭირო ფეხბურთელი რომ არის, ამ შეხვედრამაც დაგვარწმუნა, - თანაც, ან უკვე "კრასნოდარის" შემტევს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. არადა, მეორე ტაიმის დასაწყისიდან ვიდრე შეცვლიდნენ, ცენტრფორვარდად მოგვევლინა და ერთი ჩინებული შანსიც ხელიდან გაუშვა, როცა დავით თარგამაძის მართლაც ზღაპრული პასის მერე მასპინძელთა მეკარეს ვოიცეხ შჩესნის ვერ აჯობა;

შოთა გრიგალაშვილი ნაკრებს სამწლინახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ვფიქრობთ, ეს შანსი ჩინებულად გამოიყენა. "ზესტაფონის" ნახევარმცველი ამ ზაფხულს ჩატარებულ ევროტურნირების მატჩებში მართლაც შთამბეჭდავად ასპარეზობდა და სასიამოვნოა, რომ მისი ასეთი მონდომებული თამაში ქეცბაიას არ გამორჩა. პოლონელებთან მატჩში გრიგალაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში - ერთხელ შორიდან "გაისროლა", მეორეჯერ თარგამაძეს გაუწია ჩინებული ასისტენტობა და საერთოდაც, აქტიური თამაშით ნაკრებში დამკვიდრებაზე სერიოზული პრეტენზია განაცხადა.

იმავეს ვიტყოდით ახალგაზრდა დავით თარგამაძეზეც - ნაკრების დებიუტანტმა 90 წუთი მოუღლელად ითამაშა და ქეცბაიას ნდობაც გაამართლა. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თარგამაძის ეროვნულში გამოძახება ბევრს გაუკვირდა; თუმცა პოლონელებთან მატჩის შემდეგ უკვე ვეღარავინ იტყვის: "ამ ბიჭს ნაკრებში რა უნდაო", - თარგამაძეს სულაც არ ეტყობოდა, სადებიუტო შეხვედრას რომ ატარებდა და მონდომებული თამაშის გარდა არასტანდარტული აზროვნებითაც თავი მოგვაწონა.
მარცვალაძის მსგავსად, თარგამაძესაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ეს გუშინწინდელ მატჩშიც გამოჩნდა: დებიუტანტმა პირველი ტაიმი მარჯვენა გარემარბად ჩაატარა, მეორე ტაიმში ჯერ საპირისპირო ფლანგზე თამაშობდა, შემდეგ კი ცენტრში.

ისე, შესვენების შემდეგ თემურ ქეცბაიამ რამდენიმე ტაქტიკური მოდელი მოსინჯა და ერთი პერიოდი სულაც 4-1-4-1 სქემით ვთამაშობდით: საყრდენად კანკავა იყო, წინ კი - (მარჯვნიდან მარცხნივ) გურული-გრიგალაშვილი-კობიაშვილი-თარგამაძის ოთხეული; მერე და მერე, ფეხბურთელებსაც ხშირად უცვლიდა ადგილებს და იგივე თარგამაძეზე რომ ვლაპარაკობდით, დებიუტანტი მანამდე იყო მარცხენა ფლანგზე, ვიდრე მოედანზე დავით კვირკველია გამოჩნდებოდა.

ისე, შეცვლაზე შემოსულებსაც არ დაუტოვებიათ ურიგო შთაბეჭდილება, თუმცა კვლავაც გაკვირვებას იწვევს ჰოლანდიურ "ვიტესის" წამყვანი მცველის, გურამ კაშიას ისევ და ისევ სხვა ამპლუაში გამწესება; თუმცა, ეს უკვე მწვრთნელის პრეროგატივაა და ქეცბაიამაც ყველაზე უკეთ იცის კონკრეტულ მატჩში კონკრეტულ ფეხბურთელს რა ამპლუა მოუძებნოს.

ხორვატებთან წაგებული მატჩის მერე გულდაწყვეტილები არა მხოლოდ დაკარგული სამი ქულის გამო, არამედ უფრო მეტად ჩვენი ნაკრების მეტისმეტად "ფრთხილი" და "ჩაკეტილი" თამაშის გამო ვიყავით; საბედნიეროდ, პოლონელებთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მეტოქის ნახევარზე აქტიური თამაში უნდა იყოს ქართული ფეხბურთის საფირმო ნიშანი; სხვანაირად ვერც იქნება: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი კიდევ არსებობს და ამისათვის დარჩენილი სამივე მატჩის მოგებაა საჭირო.

ჰოდა, თუ არ შეუტიე და მეტოქე აგერსიული თამაშით თუ არ შეზღუდე, მაშინ მოგებაზე არც უნდა იფიქრო, - პოლონელებთან ამხანაგურ მატჩში კი ჩვენი ნაკრების შეტევითი პოტენციალი კი წინა შეხვედრებთან შედარებით აშკარად მეტიც იყო და, რაც მთავარია, დამაიმედებელიც.

P.S. ძალიან კი გვინდოდა წერილი ოპტიმისტურ "ფონზე" დაგვემთავრებინა, მაგრამ მწარე რეალობასაც ვერ გავექცევით: სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში, სულ მცირე, სამი-ოთხი ისეთი პოზიციაა, სადაც მოასპარეზე ფეხბურთელები სანაკრებო დონეს არ (გნებავთ, ვერ) აკმაყოფილებენ. თუმცა, ვინ იცის, - იქნებ, ეს პრობლემაც გამოსწორდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კობი მართლაც ლეგენდაა, სათანადოთ უნდა დავაფასოთ. კარგი იქნება მისი ნაკრებში მე-100 მატჩის დროს დიდ ზეიმს თუ მოვუწყობთ და მადლობას გადავუხდით
guga
12:47 12-08-2011
0
კობიაშვილი მართლა იმსახურებს ბენეფისის მოწყობას, ყველაზე სტაბილური მოთამაშეა.
dito
18:18 12-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული