ევრო-2012-ზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს

AutoSharing Option
თვეზე ცოტა მეტიც და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდება; რაც მთავარია, თითოეულ ქართველ გულშემატკივარს აქამდე არარსებული მოლოდინი აქვს - საქართველოს ეროვნული ნაკრები ხომ კვლავაც ინარჩუნებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს!

ჰო, მსგავსი არც არასდროს მომხდარა, ის კი არა, 1994 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ნაკრებისათვის შესარჩევი ციკლი, ლამის იყო, სამი-ოთხი მატჩის მერე მთავრდებოდა! ანუ, შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები წარმატებულ სტარტს რომ აიღებდნენ, საქართველოს ნაკრები ამ დროს თამაშს-თამაშზე აგებდა; ახლა კი (უფრო ზუსტად, შარშანდლიდან მოყოლებული) მართლაც "უჩვეულო" სიტუაციაა: გნებავთ თეორიული
დაარქვით, გნებავთ პრაქტიკული, პლეი ოფში მოხვედრის შანსი კვლავაც გვაქვს! თანაც, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი ოფიციალური მატჩი (სტუმრად ისრაელთან და ხორვატიასთან) წააგო...

საქართველოს ნაკრების შანსებზე ვსაუბრობთ და არ დაგვავიწყდეს, რომ პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმიცა და მინიმუმიც დარჩენილი სამივე მატჩის მოგებაა. სხვანაირად მეორე ადგილზე გასვლის შანსი პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზე; ჰო, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელად გვეჩვენება მოვლენების ისეთი განვითარება, რომ ჩვენი ჯგუფი უპირობო ხორვატია პირველობა სხვას დაუთმოს.
ბოლოს და ბოლოს, ხორვატებს მალტასთან (სტუმრად) და ლატვიასთან (შინ) 6 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ; თუმცა, სლავენ ბილიჩის გუნდმა "უფრო მეტიც უნდა მოინდომოს" და შემდეგ კვირაში შინ ისრაელიც უნდა დაამარცხოს, ხოლო ერთი თვის მერე კი სტუმრად, ბერძნებთან არ უნდა წააგოს!

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ის "მოგვიტანა", რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვეღარ ვიქნებით; ანუ, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად დარჩენილ სამ შეხვედრაში აღებული 9 ქულაც არ გვეყოს. სწორედ ამის გამო ვართ დამოკიდებული "სხვებზე" და ხორვატების პირველ ადგილზე გასვლაც ამიტომ გვაწყობს.

ისე, რახან ნატვრაა, ბარემ ისიც ვისურვოთ, რომ ისრაელისა და საბერძნეთის დღევანდელი უპრინციპულესი დაპირისპირება ფრედ დამთავრდეს! მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ისრაელს 14 ქულა ექნება და ორ დარჩენილ შეხვედრაში (ხორვატებთან და მალტასთან) მხოლოდ 3 ქულა უნდა აიღოს; რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ელადელებმა მომდევნო ორ მატჩში (ლატვიასთან და ხორვატიასთან), ყველაზე ბევრი, მაქსიმუმი 3 ქულა უნდა აიღონ; თუ ყველაფერი "ჩვენი გათვლებით" წარიმართა, ბოლო ტურში სწორედ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი გაარკვევს ამ ჯგუფში პლეი ოფის საგზურის მფლობელს...

ნავსი დღეს უნდა გატყდეს
საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით ჩვენს დღევანდელ მეტოქეს მოკრძალებული მიზნები აქვს - თუ რაიმე "გაუთვალისწინებელი" არ მოხდა, ალექსანდრ სტარკოვსის გუნდი შესარჩევ ციკლს მეხუთე, ანუ, ბოლოსწინა ადგილზე დაამთავრებს. ლატვიელებს დღეისათვის 4 ქულა აქვთ: ჯგუფის უპირობო აუტსაიდერს მალტას სტუმრად 2:0 მოუგეს, კიდევ ერთი ქულა კი შარშან შემოდგომაზე საქართველოსთან მოიპოვეს.

არადა, რა მწარედ გვახსენდება 2011 წლის 12 ოქტომბრის მატჩის ბოლო წუთები; უფრო ზუსტად, პორტაგალიელი არბიტრის მიერ დამატებული დრო, როცა ლატვიელთა ბოლო იერიში ჩვენს კარში გატანილი გოლით დასრულდა: ოსკარს კლავამ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩვენ საჯარიმოში ჩაჰკიდა, ტანმაღალმა კრისტაპს გრებისმა საჰაერო ორთაბრძოლაში ერთდოულად... სამ ქართველ ფეხბურთელს აჯობა და ყველაფერი კი იმ შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის, ახალგაზრდა ნახევარმცველის ალექსანდრ ცაუნას მართლაც ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა! აი, ასე - დაცვაში მცირე მოდუნება (გნებავთ, კონცენტრაციის დაკარგვა) ორ დაკარგულ ქულად დაგვიჯდა; არადა, 12 ოქტომბრის იმ წვიმიან საღამოს რიგიდან 3 ქულა რომ წამოგვეღო, 11 ქულით დღესაც მაინც მეოთხე ადგილზე ვიქნებოდით, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსი ოდნავ მეტი გვექნებოდა.

სამწუხაროდ, ლატვიელთა დამარცხება ვერ შევძელით და ამ ქვეყნის ნაკრებთან კვლავაც აბსოლუტური თანაფარდობა დაგვრჩა! თავად განსაჯეთ: დღემდე ჩატარებული 6 მატჩიდან 2 ჩვენ მოვიგეთ, 2 ლატვიელებმა, 2 შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა; ის კი არა, ბურთების სხვაობაც ნათლად ასახავს თანაფარდობას: 8-8! სამწუხარო ის არის, რომ ლატვიელებთან არასდროს გაგვიმარჯვია ოფიციალურ მატჩში: 1 წაგება და 2 ფრე გვაქვს და იმედია, ნავსი სწორედ დღეს გატყდება.

არადა, ვერავინ იტყვის, მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ-გაკოხტავებულ სტადიონზე დღეს რომელიმე ევროპულ გრანდს უნდა ვუმასპინძლოთ; თუმცა, წავიდა ის დრო, ლატვიურ ფეხბურთს სათვალავში არავინ რომ აგდებდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს იქაური ერთადერთი "გრანდი", რიგის "დაუგავა" თუ თბილისის "დინამოსთან" "შორიახლოსაც" ვერ მივიდოდა, XXI საუკუნის დასაწყისში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ლატვიელებმა შეძლეს ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ველოდებით: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს! ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდრს კოლინკო, მარიან პახარსი, ანდრეის შტოლცერსი, ანდრეის რუბინსი, იურის ლაიზანსი, იგორს სტეპანოვსი, მარის ვერპაკოვსკისი, - აი, ამ თაობამ შეძლო და ლატვიურ ფეხბურთს უდიდესი წარმატება მოუტანა.

იმის შეხსენება კი, ალბათ, ზედმეტია, რომ ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაშინაც ალექსანდრ სტარკოვსი გახლდათ, დღესდღეობითაც რომ მოძღვრავს თავისი ქვეყნის უპირველეს გუნდს და ამას გარდა, აზერბაიჯანული "ბაქის" თავკაციც არის; ლატვიის ნაკრების ახლანდელი თაობიდან კი, რაღა თქმა უნდა, ორი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა ვახსენოთ: ზემოთნახსენები ალექსანდრ ცაუნა (ამა წლის იანვრიდან მოსკოვის სცსკა-ში რომ გადავიდა) და პოლონური "ლეხის" შემტევი არტიომს რუდნევსი.

დიდი შემობრუნება, ნდობა და... აღიარება!
ლატვია-საქართველოს შარშანდელი მატჩი სხვა მხრივაც განსაკუთრებული იყო: ჩვენი ნაკრები იმ შეხვედრაში თუ არ დამარცხდებოდა, არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს უჩვენებდა! როგორც იცით, ის მატჩი ფრედ (1:1) დამთავრდა და, პირველად თავის ისტორიაში, საქართველოს ნაკრებმა წელიწადი წაუგებლად ჩაამთავრა! ჰო, აი ეს კი, მართლაც სასიამოვნო, გნებავთ უჩვეულო მოულოდნელობა იყო - მით უფრო, რამდენიმემატჩიან წაუგებელ სერიას კი არა, კინკილა გამარჯვების (მეტოქეს მნიშვნელობა რომ არ ჰქონდა) მოპოვება გვენატრებოდა.

თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2009 წლის მიწურულს დაინიშნა; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს ფეხბურთელის რანგში აღიარება არასდროს მოკლებია; თბილისის "დინამო", კვიპროსის "ანორთოსისი", ათენის აეკ-ი, ინგლისური "ნიუკასლი" და "ვულვერჰემპტონი", შოტლანდიური "დანდი" და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები, - სადაც კი უთამაშია, ლამის ორი ათეული წლის განმავლობაში, ყველგან გამორჩეული გახლდათ და ასევე ყველგან ლიდერობაზე ჰქონდა პრეტენზია. მერე, სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და აქაც შთამბეჭდავი შედეგი უჩვენა: პირველად კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში, ამ ქვეყნის კლუბი "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა! მერე იყო ბევრად უფრო მაღალი დონე - ბერძნული "ოლიმპიაკოსი", სადაც კვლავაც განაგრძო წარმატებული სვლა: პირეოსული გრანდიც გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო იქიდან წამოსვლამ მოუწია. სხვათა შორის, ვიდრე ქეცბაია იყო მთავარი მწვრთნელი, "ოლიმპიაკოსს" თამაში ხომ არ ჰქონდა წაგებული, უფრო მეტიც - საკუთარ კარში გოლი არ ჰქონდა გაშვებული!

მშობლიური ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე უარს ნამდვილად ვერ იტყოდა, თანაც, იმის მიუხედავად, რომ ქეცბაიას ფსიქოლოგიურად დემორალიზებული გუნდი უნდა ჩაებარებინა; აბა, როგორი საქმეა, როცა საქართველოს ნაკრებს 15-მატჩიანი (!) მოუგებელი სერია ჰქონდა და იმის გარდა, რომ ჩვენს ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას დამარცხებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა, თვითონ ფეხბურთელებისათვისაც ნაკრებში მოხვედრა-არმოხვედრა იყო სულ ერთი, თუ - გაუფასურებული...

ამის მერე რა და როგორ მოხდა, ბევრს აღარ ვისაუბრებთ: თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2011 წელი წაუგებლად დაასრულა და დღესდღეობით კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოიხვედრის შანს კვლავაც ვინარჩუნებთ. თანაც, წაუგებელ სერიასა თუ შანსებზეც რომ არ ვილაპარაკოთ, ქეცბაიასა და მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე ფეხბურთელებს (დაწყებული ვეტერანებით - კახი კალაძით, ლევან კობიაშვილით, ალექსანდრე იაშვილით, ზურაბ ხიზანიშვილით და 18 წლის ჯანო ანანიძით დამთავრებული) მადლობა მხოლოდ იმის გამოც უნდა გადავუხადოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სტადიონზე გულშემატკივარი დააბრუნა! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აი, ამის თქმა გვსურს: როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს შესარჩევი ციკლი, თემურ ქეცბაის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს!

დაბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა დავუბრუნდეთ ქეცბაიას მორიგ აღიარებას, გარკვეულ მიზეზთა გამო, ცოტა არ იყოს, რომ მიიჩქმალა. საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები" (ჩვენი კოლეგები, ნანა აკობიძე და გია ჩადუნელი რომ ხელმძღვანელობენ) ყოველწლიურად მასშტაბურ პრეზენტაციას აწყობს და სხვადასხვა ნომინაციაში "წლის ადამიანებს" აჯილდოებს. და აი, წელს პირველად მოხდა, ლაურეატთა შორის მწვრთნელი რომ დასახელდა და რა მიხვედრა სჭირდება იმ ფაქტს, "საქართველოს 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელი" თემურ ქეცბაია იქნებოდა! "სახე(ლ)ების" მიერ ჩატარებულ "წლის ადამიანების" პრეზენტაციაზე თემურ ქეცბაია კვიპროსიდან საგანგებოდ ჩამოფრინდა და სასიამოვნოდ გაოცებულ-გახარებული ვერაფრით ცდილობდა დაემალა მოზღვავებული ემოციები; მით უფრო, რომ იმ დღეს, 26 ივლისს, ისეთი სახელოვან ხელოვანთა ერთად წარმოჩნდა, ლიანა ისაკაძე, კახი კავსაძე, თენგიზ არჩვაძე, გურამ დოჩანაშვილი რომ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"არადა, რა მწარედ გვახსენდება 2011 წლის 12 ოქტომბრის მატჩის ბოლო წუთები ..... "

:)

დროის მანქანის განვადება ხომ არ იცით სად გავაკეთო? :)))
Tregu
18:23 02-09-2011
0
საბერძნეთმა მოუგო და სამწუხაროდ მემგონი დასრულდა ჩვენი ოცნება...
dato
19:46 02-09-2011
0

სიახლეები პოპულარული