მალტა-საქართველო - დროა, მოგებები გავიხსენოთ

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:25-ზე, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები სტუმრად მალტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შესარჩევი ციკლის F ჯგუფში დღესვე ხორვატიის ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს, ლატვიის ეროვნული გუნდი კი ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს მიიღებს.

F ჯგუფში ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა:

გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი     7 5 2  0  9-3    17
2. ხორვატია         7 5 1 1 13-4   16
3. ისრაელი          8 4 1 3 10-8   13
4. საქართველო    8 2 3 3 
5-6     9
5. ლატვია            7 2 1 4  6:9     7
6. მალტა              7 0 0 7  3:16   0

მალტა-საქართველოს მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი პირდაპირ ეთერში წარმოადგენს.

* * *
ორი მატჩიც და საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ციკლიც დამთავრდება; რაღა შეიძლება მოხდეს? ანუ, რა იქნება ჩვენი ნაკრებისათვის მაქსიმუმი?

სამწუხაროდ, ზედიზედ სამმა წაგებამ (ისრაელთან, ხორვატიასთან, ლატვიასთან) აშკარად მოკრძალებული მიზნებიღა დაგვიტოვა: მეორე ადგილზე უკვე ვეღარანაირად ვერ გავდივართ, მესამე ადგილის დაკავების ბევრად უკეთესი შანსი ისრაელს აქვს და ეგ კი არა, შესაძლოა... ლატვიამაც გაგვასწროს! თუმცა, ამ ბოლო ვარიანტისა ნაკლებად გვჯერა: მართალია, ლატვიელებს ჩვენზე ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩასატარებელი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექსანდრ სტარკოვსის გუნდს მალტასთან შეხვედრის გარდა ხორვატებთან და ბერძნებთან დარჩათ თამაშები.

მოკლედ, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, საქართველოს ნაკრები, ამ შესარჩევ ციკლს, სავარაუდოდ, მეოთხე ადგილზე დაამთავრებს. არადა, ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ 29 მარტს ისრაელში 0:1 წავაგეთ, 3 ივნისს სტუმრად ხორვატებთან ასევე მინიმალური ანგარიშით (1:2) დავმარცხდით, რამდენიმე დღის წინათ კი თბილისში მეტად და მეტად მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ ლატვიელებისაგან.

ამ წაგებით კი, ყველანაირი შანსი გადაგვეწურა და დარჩენილი ორი მატჩიც, ფაქტობრივად, პრესტიჟის საქმე ექნება. ანუ, ლამის არის, წინა შესარჩევი ტურნირების დასკვნითი ეტაპი განმეორდეს, - აი, "კარის გაჯახუნება" რომ ვიცოდით და ხანდახან, ჯგუფის ზოგიერთ ფავორიტს გავამწარებდით ხოლმე; დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა ახლაც: იმედია, მალტასთან დღევანდელ მატჩში ამ მოუგებელ სერიასაც შევწყვეტთ და ნურც ის გამოვრიცხოთ, რომ, შესაძლოა, შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საბერძნეთს ძვირფასზე-ძვირფასი ქულები დავაკარგვინოთ. თანაც, ბერძნები (ხორვატებთან ერთად) ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის იბრძვიან და ვეჭვობთ, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდს ბოლო ტურისათვის პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდეს.

თუმცა, ნებისმიერი ქართველი ქომაგისათვის, დღესდღეობით, ალბათ, სულ ერთია, რომელი გუნდი დაიკავებს ჩვენს ქვეჯგუფში პირველ ადგილს და რომელი მოხვდება პლეი ოფში; ჩვენთვის ახლა მთავარი ხომ იმ "დავიწყებული" მოუგებელი სერიის შეწყვეტაა: 26 მარტს, თბილისში ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო! ასეთ დროს კი, ალბათ, არც იმას აქვს არსებითი მნიშვნელობა, ამ ოთხი მატჩიდან სამი რომ ოფიციალური შეხვედრა იყო და ერთიც - ამხანაგური (პოლონეთთან); ისე, მართლაც პარადოქსია: 2010 წელს საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი უჩვენა და წელიწადი წაუგებლად ჩაამთავრა, წლეულს კი მარტის ბოლო რიცხვებიდან მოყოლებული თამაშს-თამაშზე ვაგებთ...

უსიამოვნო სერიები
საქართველოს ნაკრებს ვიდრე თემურ ქეცბაია ჩაიბარებდა, ჩვენს უპირველეს გუნდს თავის ისტორიაში უცუდესი შედეგი ჰქონდა - ზედიზედ 15 მოუგებელი მატჩი, ვეჭვობთ, როდისმე კიდევ განმეორდეს; ეგაც რომ არ იყოს, ქეცბაიას წინამორბედი, ექტორ რაულ კუპერი სხვა ანტირეკორდზეც "მიდიოდა". არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული (მალტასთან, იტალიასთან, ისლანდიასთან, ჩერნოგორიასთან, ბულგარეთთან).

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი ნაკრების ისტორიაში: 1996 წელს ასევე ზედიზედ 5 წაგება გვქონდა: რუმინეთთან, კვიპროსთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან, ინგლისთან; ჩვენი უპირველესი გუნდისათვის ზედიზედ ოთხი მარცხიც არ ყოფილა "უცხო" თუ "უჩვეულო": პირველად მსგავსი რამ 1992-94 წლებში მოხდა, როცა კვიპროსთან და აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩებში ერთნაირი ანგარიშით (0:1) დავმარცხდით, რასაც სადებიუტო ციკლში მოლდოვასთან და ლატვიასთან წაგებები მოჰყვა; ამის შემდეგ ხუთი წელი გავიდა, ვიდრე მსგავსი სერია გვექნებოდა: 1999 წელს ნორვეგიასთან ზედიზედ ორ მარცხს (1:4, 0:1) საბერძნეთთან და სლოვენიასთან წაგებები (ორივეჯერ - 1:2) "მივაყოლეთ"; სულ ბოლოს კი ზედიზედ ოთხი წაგება 2006 წელს გვქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ოთხივე მარცხი, მეტოქეებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად "გამართლებულიც" იყო: საფრანგეთის, უკრაინის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებმა მოგვიგეს!..

აი, რაც შეეხება ანტირეკორდს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ერთადერთხელ იყო, ზედიზედ 7 მატჩი რომ წავაგეთ; ყველაფერი კი 2003 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ალბანეთთან და რუსეთთან ოფიციალურ მატჩებში დავმარცხდით. რასაც მომავალი წლის ზამთარში კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე სამი წაგება მოჰყვა (რუმინეთთან, კვიპროსთან, სომხეთთან) და გაგრძელდა იმავე, 2004 წლის გაზაფხულზე, როცა კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა (ისრაელთან, მოლდოვასთან) დავთმეთ.

იმედია, მსგავსი უსიამოვნო სერია აღარასოდეს განმეორდება და დღეის შემდეგ ახალი, ამჯერად უკვე წაუგებელი სერიაც უნდა დავიწყოთ; ბოლოს და ბოლოს, მეტოქის "სიძლიერის" ფაქტორსაც თავი რომ დავანებოთ, ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთი ნავსი ხომ უნდა გატეხოს? შეგახსენებთ, რომ უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში სტუმრად არ გაუმარჯვია - 2006 წლის 16 აგვისტოს, ფარერების ნაკრებს 5:0 რომ მოვუგეთ, იმის მერე საგარეო გამარჯვების მოლოდინში ვართ...

ყველასათვის სასურველი მეტოქე
შვიდი მატჩი და შვიდივე წაგება, - აი ასეთია მალტის ნაკრების "მონაგარი" ამ შესარჩევ ციკლში; თუმცა, ამაში მოულოდნელი არც არაფერია: ნებისმიერი შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ მალტის ნაკრებს ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერობა ხომ გარანტირებული აქვს! ანუ, მოულოდნელობა კი არა, ხმაურიანი სენსაცია არის ის ფაქტი, როცა მალტელები ამა თუ იმ შესარჩევ ციკლში თუნდაც ერთ ქულას რომ დააგროვებენ-ხოლმე.

თავად განსაჯეთ: მალტის ნაკრები მეთერთმეტედ მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და შესარჩევ ციკლს მუდამ ბოლო ადგილზე ამთავრებდა. აღარაფერს ვამბობთ ქულათა მარაგსა თუ მართლაც დანატრებულ გამარჯვებებზე - რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა მალტელებს შესარჩევი ციკლი ერთი კინკილა გამარჯვების გარეშე დაუსრულებიათ. მეტსაც ვიტყვით: მალტელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 1970 წლიდან ასპარეზობენ და დღემდე მხოლოდ სამჯერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება: 1975 წლის 23 თებერვალს საბერძნეთთან (2:0), 1982 წლის 5 ივნისს ისლანდიასთან (2:1) და 2006 წლის 11 ოქტომბერს უნგრეთთან (2:1).

ბევრად ურესი შედეგი აქვთ მალტელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე: 1973 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება რომ აქვთ მოპოვებული! ეს მართლაც "ისტორიული" მატჩი კი 1993 წლის 12 მაისს ჩატარდა, როცა მალტელებმა სტუმრად ესტონელებს აჯობეს (1:0).

მოკლედ, მართლაც საინტერესო სიტუაციაა დღევანდელი მატჩის წინ: მასპინძლებმა ოფიციალური მატჩი უკანასკნელად 5 წლის წინათ მოიგეს. ჩვენებმაც სტუმრად ოფიციალურ შეხვედრებში ბოლოს 5 წლის წინათ გაიმარჯვეს; იმედი დავიტოვოთ, რომ მალტელების უსიამოვნო სერია კვლავაც გაგრძელდება - მით უფრო, რომ ამ ქვეყნის ნაკრებთან (სხვა გუნდებისგან განსხვავებით) დადებითი ბალანსით თავს მოვიწონებთ.

ჰო, საბედნიეროდ, თანამედროვე ფეხბურთში ჯერ კიდევ "არსებობენ" ისეთი ნაკრებები, რომლებთანაც უარყოფითი ბალანსი არ გაგვაჩნია და ერთ-ერთი ასეთთაგანი მალტაა: დღემდე ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ოთხი მატჩი ჩვენ მოვიგეთ, ერთი ფრედ დავამთავრეთ და ერთხელაც წავაგეთ.

საერთოდაც, მალტელებისათვის უდიდესი მიღწევაა, როცა წელიწადის განმავლობაში ერთ ამხანაგურ შეხვედრას მაინც მოიგებენ და ასე მოხდა 2009 წლის 12 აგვისტოსაც, როცა საქართველოს ნაკრებთან 2:0 გაიმარჯვეს!

სხვათა შორის, იმის შემდეგ ორი წელიწადი გავიდა და მალტელებმა ჩვიდმეტ ჩატარებულ მატჩში ერთხელ უკვე გაიმარჯვეს (წლეულს, 8 აგვისტოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრები 2:1 დაამარცხეს). აი, ასეთი მეტოქე ჰყავს დღეს საქართველოს ნაკრებს და, ალბათ, მართლაც, დროა, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის ოთხმატჩიანი წარუმატებელი სერიაც შეწყდეს...

ყველა ქართულ-მალტური დაპირისპირება
სანაკრებო მატჩები

საერთაშორისო ტურნირი
10.02.94. ლა ვალეტა. ტა ქალი. 12 000 მაყურებელი
მალტა-საქართველო 0:1
0:1 ქეცბაია (16. პენალტით)
მალტა: კლუეტი, ბუჰაჯარი (31. სალიბა), კამილერი, გუჩი (46. გალეა), ბრინკატი, ბუტიგეგი, გრეგორი, ველა, სპიტერი (74. კარდონა), ლაფერლა, სკერი.
საქართველო: ზოიძე - ზ. რევიშვილი, ცხადაძე, შელია (75. ბერაძე), კუდინოვი (75. სიდამონიძე) - ყაველაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია - ქინქლაძე - ყიზილაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: სპიტერი, ცხადაძე, შელია ყაველაშვილი
არბიტრი: დ. იამსეკი (სლოვენია)

ამხანაგური მატჩი
19.07.94. თბილისი. ეროვნული. 35 000 მაყურებელი
საქართველო-მალტა 1:1
0:1 სპიტერი (33), 1:1 შ. არველაძე (37-პენ)
საქართველო: ზოიძე - ზ. რევიშვილი, ნემსაძე, შელია, გ. ჯიშკარიანი - რ. არველაძე, ინალიშვილი (46. ყაველაშვილი), ჯამარაული, ტუღუში (46. ა. არველაძე) - ქინქლაძე - შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: გოჩა ჯამარაული
მალტა: კლუეტი, ბუჰაჯარი (85. ე. კამილერი), ჯ. კამილერი, სალიბა, გალეა, ველა, ბუტიგეგი, კარაბოტი, კ. ბუზუტილი, ლაფერლა, სპიტერი (55. ა. ბუზუტილი, 76. სუდა).
გაფრთხილება: ნემსაძე, ჯ. კამილერი, ჯამარაული
არბიტრი: უ. მაიერი (შვეიცარია)

საერთაშორისო ტურნირი
08.02.98. ლა ვალეტა. ტა ქალი. 2 500 მაყურებელი
მალტა-საქართველო 1:3
0:1 ყაველაშვილი (13), 1:1 ოვერენდი (58), 1:2 ჯამარაული (71), 1:3 ყაველაშვილი (74)
მალტა: მუსკატი, ოვერენდი, ჩეტკუტი, სიქსმისი, სანტი (46. სუდრა, 76. კარაბოტი), ზაჰრა, ბრინკატი, ტერნერი, სალიბა (64. გიგლიო), აგიუსი (83. სულთანა), ნვოკო.
საქართველო: გვარამაძე - ჩიხრაძე (46. იაშვილი), შელია, სილაგაძე (79. ცქიტიშვილი), კალაძე (79. ხვადაგიანი) - შეყილაძე, ჯამარაული (77. გახოკიძე), ნემსაძე, ქეცბაია - ქინქლაძე - ყაველაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: ბრინკატი, ჩეტკუტი, გიგლიო; ჩიხრაძე, შელია, ქეცბაია, სილაგაძე, გახოკიძე
არბიტრი: რ. ზედლაჩეკი (ავსტრია)

ამხანაგური მატჩი
01.03.06. ლა ვალეტა. ტა ქალი. 2 000 მაყურებელი
მალტა-საქართველო 0:2
0:1 მარცვალაძე (9), 0:2 კანკავა (18)
მალტა: ჰარეი, ბრიფა, დიმეჩი, ველმანი, აზოპარდი, კამენზული (46. ბარბარა), მატოქსი (46. კოენი), სიანტარი, მალი, მიფსუდი, აგიუსი.
საქართველო: ნ. რევიშვილი - მჭედლიშვილი (55. ბჟალავა), ღვინიანიძე, გ. ფოფხაძე, ცქიტიშვილი - კანკავა, განუგრავა, დ. მუჯირი (61. კ. მახარაძე ), კობიაშვილი - მარცვალაძე, რ. გოცირიძე (82. გ. ნუგზარის ძე ჭელიძე).
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
გაფრთხილება: აგიუსი, ფოფხაძე, კანკავა, კობიაშვილი, მახარაძე, რევიშვილი
გაძევება: კანკავა
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

ამხანაგური მატჩი
12.08.2009. ლა ვალეტა. ტა ქალი
მალტა-საქართველო 2:0
1:0 მიფსუდი (64), 2:0 მიფსუდი (74)
მალტა: მ. მუსკატი (46. ჰოგი) - ა. მუსკატი, საიდი, ა. აგიუსი, აზოპარდი (60. ფაილა) - პეისი, ჯ. აგიუსი (90. ფენეჩი), კოჰენი (83. ბაჟადა), შემბრი (46. ვუდსი) - ამუტი (60. ბრაფა), მიფსუდი.
საქართველო: ლომაია - ღვინიანიძე (82. თ. ღონღაძე), გ. კაშია, ხიზანიშვილი, ფოფხაძე (85. სანაია) - ხმალაძე, ცქიტიშვილი (64. დევდარიანი), კობიაშვილი - სეთურიძე (68. მერებაშვილი), ყენია - დვალიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
გაფრთხილება: სამუტი - ხიზანიშვილი, დევდარიანი
არბიტრი: პ. კოლისი (კვიპროსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
დაატრიალებენ დღეს ქარბორბალას მალტაზე ჩვენი არწივები, იქ ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, აღარც ბურთი გამოჩნდება და აღარც მოედანი; განსაკუთრებით აი ეს ვეფხვი იაქტიურებს, გერდ მიულერის პოზაში რომ წამოჭიმეს ზემოთ, სურათზე.
levani kaxeti
11:55 06-09-2011
0
რომელი მოგებები გავიხსენოთ? დამატებით დროში რომ შეაგდო სირაძემ? არ ვარგხართ ჟურნალისტები თორემ ფედერაციას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდით.
რასაც გვიბედავენ 80 პროცენტი თქვენი ბრალია. უცხოელ ჟურნალისტებს მიბაძეთ და ისწავლეთ მათგან.
zviadi
12:05 06-09-2011
0

სიახლეები პოპულარული