გადაწყდა - აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

AutoSharing Option
აკაკი გოგია
დაიბადა 1992 წლის 18 იანვარს რუსთავში

სიმაღლე 178 სმ
გერმანიის მოქალაქე
პოზიცია - ნახევარმცველი
სატრანსფერო ფასი - 400 000 ათასი ევრო
კლუბი: "აუგსბურგი" (ბუნდესლიგა)
საკლუბო კარიერა
ახალგაზრდული შემადგენლობები:
1998-2004 "ჰანოვერ 96"
2004-2011 "ვოლფსბურგი"
მთავარი გუნდები:
2009-2011 - "ვოლფსბურგი" - 9 (0)
2011 - "აუგსბურგი" - 7 (0)

სანაკრებო კარიერა:
თ. გ.
გერმანია U 20 0 0
გერმანია U19 3 1
გერმანია U18 4 0

მარტის დასაწყისში ვწერდით, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გუნდის გაძლიერებას სხვა ქვეყნების მოქალაქე ქართველების დამატებით აპირებდა.

ლაპარაკი
იყო ბუნდესლიგელი "ვოლფსბურგის" შემტევ ნახევარმცველ აკაკი გოგიასა და რუსული პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველ გია გრიგალავაზე.

გრიგალავას ამბავი დრომ დაადასტურა, თემურ ქეცბაიამ იგი ნაკრებში მიიწვია და სპლიტში ხორვატიასთან სადებიუტო შეხვედაც ჩაატარა. როგორც ამბობენ, რუსეთის მოქალაქეს, ამ ქვეყნის 17-19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილ წევრს ნიჟნინოვგოროდულ კლუბში პრობლემები ამის გამოც შეექმნა.

19 წლის გოგიას საქმე უფრო რთულად იყო. რუსთავში დაბადებული და გაზრდილი აკაკი 11 წლისა იყო, როდესაც მისი ოჯახი გერმანიაში წავიდა. გერმანელებმა გაზარდეს, "მგლებში" 2006 წლიდან თამაშობდა და ჯერ "ვოლფსბურგის" 17-წლამდელთა გუნდში აიყვანეს, შემდეგ კი 19-წლამდელებში, სადაც გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა - 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

აკაკი გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, სხვათა შორის, 19-წლამდელების ფორმა პირველად 16 წლისამ მოირგო.

სწორედ ამ დროს დაინტერესდნენ მისით საქართველოს 19-წლამდელთა და ახალაზრდული ნაკრებების ხელმძღვანელები, თუმცა აკაკი გერმანიის ნაკრებში მიიწვიეს და ითამაშა კიდეც.

გოგიას სატრანსფერო უფლებები "ვოლფსბურგს" ეკუთვნის. გასულ სეზონში ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფებოდა და გერმანიის თასიდან გავარდა.

24 დეკემბერს "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელებმა (მენეჯერი დიტერ ჰიონესი იყო) ახალგაზრდების დაწინაურება გადაწყვიტეს და სხვებთან ერთად საბუნდესლიგო განაცხადში 19 წლის აკაკიც შეიყვანეს, გაზაფხულზე კი კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივეს.

"მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, უყოყმანოდ მივიწვევდი სათადარიგოთა შორის", - ეს სიტყვები "ვოლფსბურგის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისელმა სტივ მაკლარენმა  გოგიას შესახებ თქვა.

მაგრამ აპრილის დასაწყისში, პირველი ბუნდესლიგის საგზურის განაღდებიდან რამდენიმე დღეში, "აუგსბურგმა" "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი ორწლიანი იჯარით გადაიბირა.

"აკაკი გოგია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მიხარია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ითამაშებს." - ეს "აუგსბურგის" მთავარი მწვრთნელის, იოს ლუჰუკაის სიტყვებია.

გუნდის მენეჯერმა ანდრეას რეტიგმა კი თქვა, გოგიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ძალიან მოგვწონს, ჩვენთან სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც ზრდაში უფრო შეუწყობს ხელსო.

ჩვენი ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა გოგიას გადმობირების მცირე იმედს მაინც იტოვებდა, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის მიუხედავად, მას საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლისა და მეორე ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება მაინც ჰქონდა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ მარტში, ავსტრიის საერთაშორისო ტურნირამდე ოთარ გაბელიამ აკაკი ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა, მაგრამ გოგიამ ტაქტიანად თქვა უარი.

" ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ ოთარ გაბელიამ ნაკრებში ოფიციალურად მიიწვია გერმანული "ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი აკაკი გოგია. საპასუხოდ სფფ-ში მოვიდა გოგიას წერილი, სადაც ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს" - იუწყებოდა სფფ-ის პრესსამსახური.

"ქალბატონებო და ბატონებო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაში არ შემიძლია, რადგან ამჟამად გერმანიის ნაკრების წევრი ვარ. იმედია, გამიგებთ. მეგობრული მოკითხვით, აკაკი გოგია" - ასეთი გახლდათ წერილი.

თუმცა ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეიძემ განაცხადა, რომ ფედერაცია გააგრძელებს მუშაობას, გოგიამ საქართველოს ნაკრებში სამომავლოდ მაინც რომ ითამაშოსო. საამისო ერთადერთ შანსად მისი ქეცბაიას ნაკრებში გამოძახება რჩებოდა.

აგვისტოში "აუგსბურგის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრებში 10 აგვისტოს ლუქსემბურგის გუნდის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მიიწვიეს, მაგრამ გოგიას არ უთამაშია. ამასობაში კი აკაკის ბუნდესლიგური დებიუტი შედგა, სულ მიმდინარე სეზონში "აუგსბურგში" შვიდჯერ ითამაშა. გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი კი საბოლოოდ გადაიწურა.

ამ ყველაფრის შემდეგ ერთობ მოულოდნელი იყო ინფორმაცია, რომელიც გერმანელმა პარტნიორმა, ვებგვერდ "ცისოკერის" რედაქტორმა მირონ გოიხმანმა მოგვაწოდა:

"ვფიქრობ, ქართველ მკითხველს დააინტერესებს ეს სიახლე: ორიოდე დღის წინ აუგსბურგულ გაზეთში გამოქვეყნდა აკაკი გოგიას ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს" - გვაცნობა გოიხმანმა.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გოიხმანის სიტყვები დაგვიდასტურეს - მართალია, გოგიას 11 ოქტომბრის საბერძნეთთან მატჩისთვის არ მიიწვევენ, რადგან ჯერ საქართველოს მოქალაქობა უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ეს ამბავი გადაწყვეტილიაო. თემურ ქეცბაია თურმე თავად დაელაპარაკა აკაკისა და მისი ოჯახის წევრებს და საქართველოს ნაკრებში თამაშზე დაითანხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
2019
koba
15:49 10-04-2019
0
ხაილ!! ხაილ!! ხაილ!!.
Mentalitet
20:10 28-09-2011
0

სიახლეები პოპულარული